როგორ აღმოჩნდა ისტორიული ჰერეთი აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემადგენლობაში
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:15 13.10
მართალია, თანამედროვე სამართალი არ ითვალისწინებს ტერიტორიისა თუ კულტურის ძეგლის ისტორიულ კუთვნილებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისტორია არ არსებობს. შესაბამისად, არ იქნება ურიგო, თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, თუ როგორ მოხვდა ისტორიული ჰერეთი აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემადგენლობაში, რაშიც დიპლომატიის მკვლევარი სიმონ კილაძე დაგვეხმარება.
– რას ამბობს ქართული და არაქართული წყაროები ამ ტერიტორიის შესახებ?
– თუ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებსა და წინა საუკუნეებში რუსეთსა და უცხოეთში გამოცემულ სხვადასხვა ენციკლოპედიურ–საცნობარო ლიტერატურას მოვიშველიებთ, საინგილოს შესახებ ასეთ სურათს დავინახავთ: დღევანდელი ბელაქან-ზაქათალა-კახის რაიონების მიწა-წყალი მე-19 საუკუნემდე კახეთის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში, ჰერეთში, შედიოდა და, შესაბამისად, იქ ქრისტიანი მართლმადიდებლები ცხოვრობდნენ. საქართველოდან მისი ჩამოშორების პროცესი კი 1605 წლიდან დაწყებულა, როდესაც კახის მოურავმა, თავადმა ვახვახიშვილმა კახეთის მეფეს უღალატა, შაჰ-აბას პირველთან გამოცხადდა, გამაჰმადიანდა და სულთნის ტიტული მიიღო. 1616 წელს, ყიზილბაშთა შემოსევების შედეგად, ადგილობრივი ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი ბრძოლებში დაიხოცა, ზოგიც შაჰმა სპარსეთში გადაასახლა, მათ ადგილას კი მაჰმადიანი მთიელები დაასახლა. გადარჩენილი ქართული მოსახლეობა სულს ღაფავდა და სიცოცხლე რომ შეენარჩუნებინა, იძულებული იყო, მაჰმადიანობა მიეღო. მკვლევრების აზრით, სწორედ ამ პერიოდში უწოდეს ადგილობრივ ქართველებს ინგილოები, ანუ ახლად მოქცეულები (ახლად გამაჰმადიანებულნი), მხარეს კი – საინგილო. მე-19 საუკუნეში აქ უკვე არსებობდა სასულთნო, თუმცა მხარის დასავლეთ ნაწილს, ბელაქანს, პერიოდულად ქართველი მეფეები აკონტროლებდნენ. კავკასიაში რუსეთის შემოსვლა და რუსული მმართველობის შემოღება საინგილოსაც შეეხო. შეიქმნა ბელაქნის მაზრა, რომელიც საქართველო-იმერეთის გუბერნიაში შევიდა. კავკასიის ომების პერიოდში საინგილოში ადმინისტრაციული დაყოფა შეიცვალა, ჩამოყალიბდა ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი (ადგილობრივი ლეკები მხარს შამილს უჭერდნენ და ამიტომ რუსეთმა საომარი სამხედრო მმართველობა შემოიღო), იმავდროულად, დღევანდელი კახის რაიონის ტერიტორიაზე არსებობას განაგრძობდა სასულთნო, რომლის სულთანი დანიელ-ბეგი თავდაპირველად რუსებისადმი ლოიალურად იყო განწყობილი, შემდეგ კი რუსეთს უღალატა და შამილს მიემხრო. მსგავსი რამ რომ აღარ განმეორებულიყო, რუსებმა სასულთნო გააუქმეს და მაჰმადიანებისადმი დამოკიდებულება გაამკაცრეს.
– ქართველების ყოფა როგორი იყო?
– სასულთნოს გაუქმების პარალელურად, ქართველ ყმაგლეხებს, ქრისტიანული რწმენის დაბრუნების შემთხვევაში მნიშვნელოვან შეღავათებს დაჰპირდნენ და ათასობით ინგილო მამაპაპათა სარწმუნოებას დაუბრუნდა. შეიქმნა ზაქათალის ოლქი (ოკრუგი), რომელიც უშუალოდ კავკასიის მეფისნაცვალს დაექვემდებარა. ამ პერიოდიდან ოლქის ადმინისტრაციული სტატუსისა და მისი მართვის პრინციპის ირგვლივ ერთგვარი გაურკვევლობა შეინიშნება. მეფისნაცვლის კანცელარიაში შეიქმნა აზრი, რომ ზაქათალის მმართველობის უფლება ან თბილისის, ან, უარეს შემთხვევაში, განჯის გუბერნატორს უნდა გადასცემოდა. შედიოდა თუ არა ზაქათალის ოლქი ადმინისტრაციულად თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში? თითქოს ამ საკითხს გარკვევა არ სჭირდება, იმდენი რამ თქმულა და დაწერილა, თუმცა, თუ საკითხს უფრო ღრმად, დოკუმენტების დონეზე შევისწავლით, დავინახავთ, რომ ზაქათალის ოკრუგი თბილისის გუბერნიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდა. თვით ქართულ ენციკლოპედიაშიც კი ოკრუგის სტატუსი სხვადასხვაგვარადაა მითითებული. ქართველ მეცნიერთა ბოლო გამოკვლევებიდან ჩანს, რომ დასმულა ზაქათალის თბილისის გუბერნიისთვის მიერთების საკითხი და თუმცა რუსები ზაქათალის ოლქს გეოგრაფიული, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და ნაწილობრივ ეთნოგრაფიული თვალსაზრისით თბილისის გუბერნიის შემადგენელ ნაწილად განიხილავდნენ და მის მიერთებას მოითხოვდნენ, საკითხი ღიად დარჩა და მას პრაქტიკული განხორციელება არ ღირსებია: საინგილო თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში არ შესულა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ არსებობს რამე სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ზაქათალის ოლქის თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში არსებობას დაადასტურებს. ასეთია მოკლედ საინგილოს ისტორია 1918 წლამდე. იმ დროისათვის ოლქის მოსახლეობა შეადგენდა 69 216 ადამიანს; მათ შორის, ქართველები –10 392, სომხები – 581, რუსები – 204, თათრები –12 233, ლეკთა ტომები – 32 203, წახურები –12 633.
– როდის გახდა სადავო ამ ტერიტორიის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის?
– პრობლემა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაჩნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთმა კავკასიიდან უკან დაიხია და, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ტერიტორიის გაკონტროლება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეადგინა და გამოაქვეყნა რუკა, რომლის თანახმად, აზერბაიჯანის საზღვრებში მტკიცედაა მოქცეული ზაქათალის ოლქი, ხოლო სადავო ტერიტორიად, პუნქტირით, მონიშნულია საქართველოს ბორჩალოს მაზრის ტერიტორია აგრეთვე, თბილისისა და სიღნაღის მაზრების სამხრეთი ნაწილი. თავის მხრივ, რუკა საქართველომაც გამოაქვეყნა, რომელზეც ასევე მონიშნული იყო სადავო ტერიტორიები. მართალია, ამ რუკაზე ზაქათალა საქართველოს საზღვრებშია მოქცეული, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ოლქს ჩვენ კი არა, აზერბაიჯანი აკონტროლებდა. ოფიციალური თბილისი ზაქათალასთან მიმართებით პრაქტიკულად თითქმის შეურიგდა არსებულ სტატუსკვოს – აზერბაიჯანი ნებით არ დათმობდა მის მიერვე საკმაოდ მტკიცედ კონტროლირებულ მხარეს, თბილისი კი ამის გამო მეზობელთან სისხლისმღვრელ ომს არ დაიწყებდა, რაღაც უნდა მომხდარიყო ისეთი, რაც პრობლემას გაააქტიურებდა და გამოაცოცხლებდა, რაც საქართველოს საშუალებას მისცემდა, შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, მეტი კატეგორიულობით დაეყენებინა საკითხი. ეს დროც მალე დადგა. საბჭოთა რუსეთი თავს დაესხა აზერბაიჯანის რესპუბლიკას და რამდენიმე საათში ბაქო დაიკავა. გამოცხადდა აზერბაიჯანის სსრ. საქართველოსთვის მეზობელი სახელმწიფოს გასაბჭოება მის მტრად ქცევას უდრიდა. აი, ამ დროს ქართული საზოგადოებრივი აზრი და ოფიციოზი ზაქათალის ოლქის საკითხში რადიკალურ პოზიციაზე დადგა. მუსავატური აზერბაიჯანის დაპყრობა-გასაბჭოება იმდენად სწრაფად მოხდა, რომ რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროსა და პირადად სერგო ორჯონიკიძეს საქართველოს ხელში ჩაგდებაც მოასურვა. მაისის დასაწყისში წითელი არმიის ნაწილები საქართველოს მიჯნებთან გამოჩნდნენ. ცხარე შეტაკება მომხდურთა მარცხით დასრულდა, უფრო მეტიც, საქართველოს შეიარაღებული ძალები მზად იყვნენ, მტერს ბაქომდე დასდევნებოდნენ, თუ მუსავატური მთავრობა სთხოვდა. ამ დროს კი მოსკოვში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. ვლადიმერ ულიანოვის (ლენინის) თანხმობით, მოლაპარაკება ორმხრივი დოკუმენტით დაგვირგვინდა. საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 8 მაისს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ერთობ მნიშვნელოვან, წარმატებულ ნაბიჯად მიიჩნევა. მათ შორის იმიტომაც, რომ ხელშეკრულების მე-8 მუხლით რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღიარა ჩვენ მიერ მოთხოვნილ საზღვრებში (ართვინისა და არტაანის ოლქებით, ზაქათალით, ლორის რაიონით). თუმცა, აზერბაიჯანის სსრ-ის მთავრობის დავალებით, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა სასწრაფო ნოტა აფრინა ლენინთან და ზაქათალის ოლქის საქართველოს ტერიტორიად აღიარების გამო პროტესტი განაცხადა. საქართველოს დელეგაციის მეთაური გრიგოლ ურატაძე იძულებული გახდა, დათანხმებოდა რსფსრ-ის საგარეო საქმეთა სახკომის წინადადებას უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის კორექტირების შესახებ და 1920 წლის 12 მაისს მხარეებს შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმად, საკითხი ზაქათალის ოლქის შესახებ მოსაგვარებლად უნდა გადასცემოდა შერეულ კომისიას, საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობითა და რუსეთის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით. კომისიის გადაწყვეტილება კი ორივე მხარისათვის სავალდებულო იქნებოდა. გარდა ამისა, დამატებით შეთანხმებაში აღნიშნული იყო, რომ საკითხის გადაწყვეტამდე არც ერთ მხარეს ოლქში დამატებითი სამხედრო ძალები არ უნდა შეეყვანა. საქართველომ ვერ გამოიყენა დამატებით შეთანხმებაში ჩადებული დებულების რეალიზების შესაძლებლობა და თავიდანვე კატეგორიულად არ მოითხოვა 3 მაისს ოლქში შესული რუსული ჯარების გამოყვანა. როდესაც ქართულ პრესაში საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების ტექსტი გამოქვეყნდა, ის ოპოზიციამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.
როდესაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ორმა მეზობელმა საბჭოთა რესპუბლიკამ გადაწყვიტა, ეს სადავო სასაზღვრო საკითხი მოეგვარებინა და საქართველომ, მოლაპარაკების საფუძველზე, აზერბაიჯანს დაუთმო ზაქათალის ოლქი და მაშინდელმა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, ბუდუ მდივანის ხელმძღვანელობით, განაცხადა, რომ საქართველო უარს ამბობს ზაქათალის ოლქზე. მას შემდეგ არის ეს დიდი ტერიტორიული ერთეული აზერბაიჯანის შემადგენლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





