რატომ დაუშვა სახელმწიფომ რამდენიმე ენა საგანმანათლებლო ენად და აღიზრდება თუ არა მენტალურად საქართველოს მოქალაქე ამ სხვადასხვა ენაზე სწავლებით
ავტორი: ნინო ხაჩიძე 43 წუთის წინ
ისე მოხდა, რომ საქართველოში მომრავლდა უცხოურენოვანი სკოლები, რომლებშიც ბავშვები სწავლა–განათლებას სრულად უცხო ენებზე ეუფლებიან და ეს ძალიან პრესტიჟულ ამბად ითვლება. მეორე მხრივ, არც სახელმწიფო ჩამორჩება კერძო სექტორის ინიციატივას უცხო ენაზე მოსაუბრეთა აღზრდის თვალსაზრისით (და არა მარტო მოსაუბრეთა, უცხო ენაზე მოაზროვნეთა აღზრდის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ენა სააზროვნო სივრცეა და რა ენაზეც აზროვნებ, იმ მენტალიტეტისკენ იხრები). კერძოდ, მომრავლდა რუსული საჯარო სკოლები, რუსული, სომხური და აზერბაიჯანული სექტორები და გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დედაბუდიანად ოთხი მილიონიც არ ვართ, სრულიად სხვადასხვა კულტურულ წიაღში ვყალიბდებით. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, ამგვარ სივრცეში გაზრდილ–აღზრდილები მენტალურად რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან? – ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– როგორ გავლენას ახდენს ენობრივი გარემო პიროვნების ჩამოყალიბებაზე? აი, ამდენი ენა რომ ტრიალებს სახელმწიფო სკოლებში და, ზოგადად, ქვეყანაშიც, როგორც საგანმანათლებლო ენა, ეს ხელს უწყობს თუ ხელს უშლის ინტეგრაციასა და საქართველოს მოქალაქის აღზრდას და, რაც მთავარია, რა როლს ასრულებს ეს საქართველოს მოქალაქის მენტალობის ჩამოყალიბებაში?
– როგორც ვიცით, ზიგადად, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც წირვა–ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებაო. ასე რომ, ენისა და ქვეყნის ჯაჭვი და კავშირი უდავოა, ოღონდ ყველა შემთხვევას თავის სპეციფიკა აქვა. საქართველო მცირე ქვეყანაა, შესაბამისად, ბილინგვიზმი, ტრილინგვიზმი და ასე შემდეგ ყოველთვის იყო, ამიტომაცაა ამდენი ნასესხები სიტყვა ქართულში არაბულიდან, სპარსულიდან თუ სხვა ენებიდან.
– თუმცა თამაზ ჩხენკელი ამბობდა, რომ ეს უცხო სიტყვები საშიში არ არის, როდესაც მათ გადაამუშავებს ქართული გრამატიკა და ქართულისთვის დამახასიათებელ ფორმას მისცემსო.
– საშიში საერთოდ არაფერია. მით უმეტეს, რომ ნასესხები სიტყვები ყველა ენაშია. მეტიც, შეიძლება, ენა არც იცოდეს ადამიანმა, მწერალმაც კი და იყოს პატრიოტი. საქართველოშიც იყვნენ ასეთები.
– ოღონდ ეს გამონაკლისია და არა წესი.
– ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ, როდესაც ქვეყანა იძულებულია, რამდენიმე ენის მატარებელი მოქალაქეები ჰყავდეს, რადგან მცირეა და თავისი ენა არ ჰყოფნის, რომ ყველა ენობრივი ფუნქცია შესრულდეს და მთელი ცოდნა ერთ ენაზე მიიღოს, ასეთ დროს გადამწყვეტი არის ხოლმე, რომელ ენას მიიჩნევს ადამიანი მშობლიურად, უფრო ზუსტად – ყველაზე ახლობელ ენად; რომელი კულტურაა მისთვის უფრო ახლოს. ერთ უკუმაგალითს მოვიტან: რუსეთის ოკუპაციის შემდეგ რუსულის ცოდნა გაქრა, ახალგაზრდებმა აღარ იციან რუსული.
– მაგრამ ეს, იმავდროულად, სააკაშვილის პოლიტიკაც იყო: თუ არ გვეცოდინება რუსული, გამოვალთ რუსული წიაღიდანო და ჩანაცვლდა ინგლისურით.
– სააკაშვილს თავისი უბედურებები ეყოფა, მაგრამ ვერ მოერეოდა სააკაშვილი, ადამიანებში შინაგანად რომ არ ყოფილიყო მზაობა ასეთი პოლიტიკისადმი. პოლიტიკა ჰაერიდან ხომ არ იქმნება?!
– უბრალოდ, ეხმარება.
– დიახ, ერთმანეთს აძლიერებენ, მაგრამ თავისთავადი მოვლენაა, რომ ადამიანები არ იღებენ იმ ენას, იმ კულტურას, რომლის მიმართაც უარყოფითად არიან განწყობილი. სამაგიეროდ იღებენ იმ ენას, რომლის მიმართაც დადებითად არიან განწყობილი და ამის მაგალითი უამრავია. ინგლისურად ლაპარაკობს მთელი ახალგაზრდობა. პატარა ქვეყნისთვის ეს საფრთხე არ არის.
– მე ვამბობ საჯარო სკოლებზე, სადაც სწავლება არასახელმწიფო ენებზეა.
– დაუდევრად სწავლებაა, ზოგადად, საშიში, მათ შორის, ენებისაც. მთელ რიგ ქვეყნებში ადრე ბავშვი ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა მშობლიურ ენაზე და ამის შემდეგ იწყებოდა უცხო ენების სწავლა. ანუ, როდესაც გამყარდებოდა მშობლიური ენის ცოდნა თავისი გრამატიკით, ლიტერატურით, შემდეგ შემოდიოდა სხვა ენა. ასე რომ, მნიშვნელოვანია, რას ასწავლი, როდის ასწავლი და როგორ ასწავლი.
– დიახ, ვერ ვიგებ ვერც რუსულენოვანი, ვერც სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისა და სექტორების არსებობას. სახელმწიფო რატომ აფინანსებს სწავლებას არასახელმწიფო ენაზე? მაშინ, როდესაც ენობრივი სივრცე განსაზღვრავს აზროვნებას, მენტალობას?
– ეს უკვე დემოკრატიის სტანდარტია, რომ ყველა ერს ჰქონდეს იმ ენაზე სწავლების საშუალება, რა ენაც მისთვის უფრო ახლობელია.
– მაშინ რა ფუნქცია აქვს სახელმწიფო ენას?
– სახელმწიფო ენის ძირითადი ფუნქციაა, ყველა სახელმწიფო ურთიერთობა მიდიოდეს სახელმწიფო ენაზე. ჩვენ, ქართველები, შევეჩვიეთ პრობლემების პუბლიკაციის დონეზე დასმას.
– მე რაზეც ხელი მიმიწვდება, იქ ვსვამ ამ საკითხს.
– დიახ და ეს არ არის ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის პირადი აზრის თემა. ამ თემაზე უნდა მუშაობდნენ ენათმეცნიერები, ფსიქოლოგები, პედაგოგები, პოლიტოლოგები და სწორედ მუშაობის შედეგად უნდა შემუშავდეს კონცეფცია. მეორე მხრივ, მრავალენიანი ქვეყანა გვქონდა. საიათნოვა ქართულადაც წერდა და სომხურადაც და შემდეგ ხმლით ხელში იცავდა საქართველოს.
– მეც ამას ვკითხულობ: როდესაც ქართველი თუ არქართველი საქართველოს მოქალაქე ისწავლის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, საქართველოს პატრიოტი გაიზრდება?
– საქართველოს პატრიოტებად არ იზრდებოდნენ ისინი, რომლებიც ნიკოლოზის დროს რუსეთში სწავლობდნენ და ქართულად თითქმის ვერ ლაპარაკობდნენ?!
– ის სხვა ეპოქა იყო და მაშინ სხვა იდეოლოგია არსებობდა.
– ესე იგი, იდეოლოგიაა საქმე და არა ის, სკოლაში რომელ ენაზე ისწავლება. ის არის საინტერესო, ქართულ ენას რა ადგილი აქვს იმ სკოლებში?!
– არ ვიცით.
– ერთ–ერთი პირველი უცხოენოვანი სკოლა საბჭოთა პერიოდში იყო გერმანული სკოლა. გურამ რამიშვილმა შექმნა ეს სისტემა, მეექვსე სკოლაზე ვლაპარაკობ, ოღონდ გურამის ამ სისტემაში პრინციპად იყო შემოტანელი ის, რაც გითხარით: გერმანული ენის სწავლება იწყებოდა მოგვიანებით და ქართულის ბრწყინვალე მასწავლებლები იყვნენ, ისევე, როგორც გერმანული ენის მასწავლებლები და გერმანულის კარგი მასწავლებლები იყვნენ საქართველოს ძალიან კარგი მოქალაქეები.
– ესე იგი, ჩვენი პრობლემა იდეოლოგიაა.
– ეს იდეოლოგია შეიძლება, სტიქიურად ჩამოყალიბდეს, ისევე, როგორც სტიქიურად ჩამოყალიბდა 60–ანელების პატრიოტული იდეოლოგია. ეს ხომ არ იყო რუსული საგანმანათლებლო სისტემის ჩანაფიქრი?! არადა რევოლუცია გააკეთეს ქართველებმა და ქართულით შეცვალეს, რათა ქართველს ჰქონოდა ქართულად აზროვნების საშუალება, ვინაიდან იმ ენით, რომელიც მანამდე იყო, ვერ იაზროვნებდა. და სწორედ ამ მიზეზით გაჩნდა შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანი.
– და რეზო თაბუკაშვილის ნათარგმნმა სონეტებმა აჯობა ორიგინალს, ისევე, როგორც „ვისრამიანმა“. არაჩვეულებრივია ჯემალ აჯიაშვილის მიერ ქართულად თარგმნილი ებრაული პოეზია.
– ეს მაშინ, როდესაც ჯემალ აჯიაშვილს ებრაელობისადმი გულგრილობას ვერ დავწამებთ, მაგრამ ის ორფესვიანი კაცი იყო, ისევე, როგორც ბევრი სხვა. ქართულენოვანი ინტელექტუალური საკვები შექმნეს ამ ადამიანებმა და მხატვრული, მეცნიერული, მაღალი დონის ინტელექტუალურ მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება მისცეს ქართველებს ქართულ ენაზე. სამოციანელებმა შექმნეს ის ენა, რომლითაც ქართველს შეეძლო ინტელექტუალური მოტივების დაკმაყოფილება, ფიქრი და ასე შემდეგ... აი, ამ ტიპის ამოცანები არის გადასაწყვეტი, როდესაც ენის თემას ეხები და გურამსაც ეს პრინციპი ჰქონდა: ქართული ენის სწავლება იმ დონეზე უნდა ყოფილიყო, რომ ბავშვებისთვის ქართული არ ჩანაცვლებულიყო სხვა ენით, მათ შორის, არც გერმანულით.
– გერმანულ ენაზე მიღებული სწავლება გამოყენებული ყოფილიყო ქართული სახელმწიფოსთვის, ქართველის აღსაზრდელად?
– დიახ, სწორედ ეს ვიგულისხმე. ამდენად, ქართველის აღზრდაა საჭირო. ეს სტიქიურად მოხდა 60-იანელების მიერ და მათ შეატრიალეს საზოგადოება, რომელსაც ყველაფერი ქართული დაკარგული ჰქონდა. გაზეთები რუსულად გამოდიოდა და იყო უზარმაზარი რუსული წნეხი, მაგრამ მაინც ქართველმა გაიმარჯვა. თუ დაიკარგება ილიას ფორმულა, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო ან, თუ ეს ფორმულა მხოლოდ რუსეთზე გავრცელდება, მაშინ ქართული ენაც აღარ დაგვჭირდება.
– სწორედ ეს ტენდენცია იკვეთება.
– ოღონდ, თუკი ქართველი ადამიანი მიხვდება, რომ მისი შესაქმნელია ეს ქვეყანა, დაწყებული თავის ენით, სოფლის მეურნეობით, წარმოებით და ასე შემდეგ, შედეგს მივიღებთ. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ უკვე აღარ ვართ იმ დროსა და ეპოქაში, სადაც სტიქიურად რამე მოხდება. მაგალითად, ამერიკაში შემუშავებულია დოქტრინები, სისტემები და რეცეპტები იმისა, თუ როგორ წაიყოლიოს სხვა ქვეყნები დავუშვათ ევროპამ, ამერიკამ, როგორ შეიცვალოს სხვა ქვეყანაში ხელისუფლება... ეს არ არის უვნებელი პროცესი, იმ მხრივ, რომ შეუძლიათ, გათელონ მთელი კულტურა. შენ თუ არ მოუვლი შენსას, მანდ იწყება ის, რასაც ამბობს ქართული ანდაზა: უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო. თან, მაშინდელი ეშმაკები არც იყვნენ ისეთები, როგორებიც დღეს არიან. დღეს ნებისმიერი დაუდევრობა კულტურის, თვითმყოფადობის, სუვერენიტეტის მიმართ და არა მარტო პოლიტიკური სუვერენიტეტისადმი გაუხსნის კარს სხვა ქვეყნების გავლენას, რომლებიც ამისთვის მზად არიან. ვიმეორებ, ტექნოლოგიები აქვთ გამზადებული.
– შესაბამისად, ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა და სახელმწიფო რატომ მოიკოჭლებს ამ მხრივ?
– სუვერენიტეტის ხაზს პოლიტიკაში ძალიან ბეჯითად ატარებს, მაგრამ მარტო სურვილი არ არის საკმარისი. თუმცა სურვილის დონეზე ითქვა, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო, მაგრამ ხელი მოჰკიდა ბანკს, მეურნეობას, თეატრს, ეკონომიკას...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





