პოლიტიკა

რატომ აარჩიეს არაბებმა საქართველო მსოფლიოს კოსმოპოლიტური თავშესაფრის შესაქმნელად

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 48 წუთის წინ

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

რამდენიმე თვის წინ „ნაციონალური“ ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დავით საყვარელიძემ საზოგადოებას შესთავაზა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა დავუთმოთ საქართველოს ტერიტორია პლაცდარმად ირანის წინააღმდეგ და ამ ომით ბევრ ფულს იშოვის ქვეყანაო; შემდეგ, ასევე, „ნაციონალური“ ხელისუფლების არაერთგზის ყოფილმა ჩინოვნიკმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთში ომის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ, პირდაპირ ხვრეტდნენო, ხოლო სულ ახლახან ელენე ხოშტარიამ, აგრეთვე, „ნაციონალური“ ხელისუფლებისდროინდელმა მაღალჩინოსანმა, შემოგვთავაზა, მივბაძოთ ზელენსკის. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ 2008 წელს და იმაზე მეტი იციან, რაც რეალურად მოხდა, ვიდრე ჩვენ, სრულიად გაუგებარია მათი ამგვარი ჟინით სწრაფვა ომისკენ. სწორედ ამ მოტივებსა და მიზნებზე ვიმსჯელებთ დემურ გიორხელიძესთან ერთად.

– შეუძლებელია, ვერ ხვდებოდნენ, რას მოუტანს ქვეყანას ის, რასაც გვთავაზობენ, სხვა გზა არ აქვთ და იმიტომ ამბობენ, თუ მაინც გონებრივი პრობლემებია?

– ძალიან პირდაპირ უნდა გიპასუხოთ, იმიტომ რომ ამ კითხვაზე სხვა პასუხი გამართლებული არ იქნება. რა ტიპის ხალხიც არის, იმ ტიპის გეოპოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ეს არის აბსურდული განცხადებები, იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს დასასრული, როგორც არა უბრალოდ სახელმწიფოსი, არამედ მას უბრალოდ დაშლიან, ყოველ მიზეზგარეშე. რაც შეეხება იმას, რომ აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე შენ ვინმეს პლაცდარმი უნდა გახდე მთელი სამეზობლოს საწინააღმდეგოდ, ეს იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანებს არა მარტო პოლიტიკური აზროვნება არ გააჩნიათ, არამედ იმისიც, რომ ისინი ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ სხვის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, სხვების მიერ მართული ხალხი იყო. საქართველო მათთვის ღირებული არ იყო, ღირებული რომ ყოფილიყო, ისინი იმ ცხრა წელიწადში, რომლის განმავლობაშიც ხელისუფლებაში იყვნენ, იმ უბედურებებს არ აჰკიდებდნენ ქვეყანას, რაც შემდეგ წარმატებით გააგრძელა ოცნების ხელისუფლებამ. თქვენ ნახავთ, დაძაბულობის როგორი ესკალაცია მოხდება, იმიტომ რომ ყველაფერი დასკვნით ფაზაში შედის. წლების განმავლობაში გაძლევთ ინტერვიუებს და ძნელი დასაჯერებელი იყო, რასაც ვამბობდი, როდესაც რუსეთის „ნატოსთან“ და ევროპასთან ომზე გესაუბრებოდით. დღეს უკვე ევროპაში არავინ მალავს, რომ ომისთვის ემზადებიან. ევროკავშირს სხვა გზა არ დარჩენია, ვინაიდან ის დაუბრუნდება შუასაუკუნეების ყოფას, შეერთებულ შტატებს კი ევროპისთვის ნამდვილად არ სცხელა. მას სჭირდება პრინციპული შეთანხმება რუსებთან და ჩინელებთან და ეს აუცილებლად მოხდება. ახლა ამის ბოლო საფეხურია. თქვენ ხედავთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ტრამპი დაიმუქრა, რომ ესკალაციას უნდა ელოდოთო და, ალბათ, ასეც იქნება. რაც შეეხება საქართველოს: დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკით საქმე სრული კატასტროფისკენ წავა, რადგან ვხედავთ, რა მდგომარეობაშია უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ არ აკლებენ ფულსა და იარაღს, თუმცა, თვითონ რაც არ აქვთ, იმას ვერ მისცემენ და თვითონ ვერ დარჩებიან იარაღის გარეშე. ამერიკელებს, საბოლოო ჯამში, 1 300-მდე რაკეტა დარჩათ, ალბათ, აძლევენ უკრაინელებს, მაგრამ აღარ დარჩებათ არაფერი. მოსკოვის ბოლოდროინდელი დაბომბვის შემდეგ უკვე გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რაც მე არა მარტო ვივარაუდე, არამედ დავასაბუთე ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში, რომ უკრაინის სახელმწიფოს მომავალი შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. დღეს შემიძლია, უფრო დარწმუნებით გითხრათ, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ალბათ, აღარ იარსებებს და ილუზიები, რომ უკრაინა იმარჯვებს მხოლოდ უკრაინასა და საქართველოშია.

მსოფლიოს ყველა წამყვანი ანალიტიკოსი, ყველა წამყვანი სერიოზული მედია და ასე შემდეგ საუბრობენ იმ კატასტროფაზე, რომლის წინაშე უკვე ვდგავართ. საკმარისია, კიდევ ერთი შეცდომა დაუშვას საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველო, როგორც ქვეყანა, დაიშლება. ამას ვამბობ ყოველგვარი ემოციის გარეშე, იმიტომ რომ ქართველებს კარგად არ ესმით, რა ხდება მსოფლიოში და არ უნდათ, გამოვიდნენ 700-წლიანი გეოპოლიტიკური უმეცრებიდან, რამაც მათ, დღეის მდგომარეობით, ტერიტორიის 55 პროცენტი დააკარგვინა.

– თავდასხმები მოსკოვზე და ზოგადადაც, თავდასხმები რუსეთის სიღრმეში არ ცვლის მდგომარეობას უშუალოდ ფრონტის ხაზზე. რისკენ უბიძგებენ პუტინს, რუსეთის ხელმძღვანელობას?

– ეს პროცესი მიდის უკრაინის, როგორც სახელმწიფოს, ლიკვიდაციისკენ და თქვენ ნახავთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მოსკოვში ელიტებს შორის სერიოზული დაპირისპირება იქნება. ეროვნულად განწყობილი, ასე ვთქვათ, ნაციონალურად განწყობილი რუსი სამხედროები და არა მარტო ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ ის რბილად იქცევა და არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს. უკვე აღარ არის საუბარი უკრაინაზე, ის განწირულია. უკრაინას არაფერი უშველის, ევროპაზეა საუბარი. მე ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ რუსებმა რამდენადაც არ უნდა შეიკავონ თავი, მათ მაინც მოუწევთ ევროპელებთან ბრძოლა. უკრაინა თემა აღარ არის, დახურულია და ეს უზარმაზარი ერი, უზარმაზარი ევროპული სახელმწიფო, ფაქტობრივად, განადგურების პირასაა და ზელენსკი და მისი ხროვა წარმატებით დაასრულებენ უკრაინის ლიკვიდაციას.

– სულ ბოლო ინფორმაციით, ბალტიისპირეთის შესაბამისმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ვერ ხედავენ რუსეთიდან თავდასხმის საშიშროებას, არადა ადრე საპირისპიროს აცხადებდნენ. რატომ შეიცვალა რიტორიკა?

– შეიცვალა იმიტომ რომ, თუ ადრე საფრთხეები ანალიზის დონეზე იყო მოსალოდნელი, ახლა გარდაუვალი ხდება. ამის შესახებ გესაუბრებოდით წლების განმავლობაში, თქვენს გადაცემებშიც და ინტერვიუებშიც. ეს საფრთხე რეალურია, მაგრამ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პოლონეთშია, პალტიისპირეთშია, ეს ყველაფერი სჭირდებათ შიდა მოხმარებისათვის, რომ გაამართლონ ის ქცევა, რომელიც არაფრით ეთანხმება ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, ხალხების და, თუ გნებავთ, პოლონელების ინტერესებს. ნახეთ, რომ ამ ბოლო დღეებში სიკორსკიმ ბოდვა დაიწყო და უნდა გენახათ, რა დღეში ჩააგდეს ის პოლონეთში და როგორი შეფასებები გაკეთდა. იმიტომ რომ, ერთია რიტორიკა და მეორე – რეალური საფრთხე. ამერიკულმა ანალიტიკოსებმა შესანიშნავად გააანალიზეს ყველაფერი და თქვეს, რომ რამდენიმე კვირა დასჭირდება პოლონეთის, როგორც სახელმწიფოს, ლიკვიდაციას. და ეს პირველი შემთხვევა არ იქნება პოლონეთის ისტორიაში. გერმანელები, ალბათ, მილიტარიზაციის გზას დაადგებიან და ეს საფრთხე არის არა რუსეთისთვის, არამედ, უპირველესად, პოლონეთისთვის. პოლონელებმა კარგად იციან, რომ ორ უზარმაზარ საფრთხეს შორის არიან მოქცეული და პოლონეთი, ფაქტობრივად, არშემდგარი რუსეთია, არშემდგარი სუპერსახელმწიფო და ამ ბოღმას პოლონელები, მისი ელიტები არასდროს მოეშვებიან. მაგრამ ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია. ჩვენ საქართველოში ვხედავთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც უკვე თითქმის 34 წელია, ემსახურებიან ქვეყნის ნგრევას. საქართველო უკიდურეს მდგომარეობამდეა მისული: მისი დემოგრაფია ნადგურდება, მისი მიწები იყიდება და ვერანაირი მიტინგი ამას ვერ უშველის, მით უმეტეს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული. ამდენად, საუბარი იმის შესახებ, რომ პლაცდარმი უნდა ვიყოთ, არის სრული იდიოტიზმი. წარმოიდგინეთ, ამერიკული სამხედრო ბაზები რომ ყოფილიყო საქართველოში?! ამერიკის შეერთებული შტატების 250 ბაზა დაბომბეს ირანელებმა ახლო აღმოსავლეთში, აქედან კი 750 კილომეტრია ირანის საზღვრამდე და საქართველოს ტერიტორიაზე რომ ამერიკის ან „ნატოს“ ბაზები ყოფილიყო, დღეს რამე იქნებოდა მათგან დარჩენილი?! ამდენად, ეს შეიძლება, თქვას მხოლოდ იდეოლოგიურად მოწამლული ფსიქიკის მქონე ხალხმა, რომლებიც აბსოლუტური მსახურები არიან. ასე რომ, ეს განცხადებები არ გამკვირვებია და როგორ ფიქრობთ, რატომ აძლევს ხელისუფლება იმის ნებას, რომ მსგავსი იდიოტური განცხადებები გააკეთონ?! იმიტომ რომ მისთვის სასარგებლოა ეს ყველაფერი.

– რუსეთს აქვს ევროკავშირთან ომის პოტენციალი? ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ცენტრის, განადგურების პოტენციალი?

– წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, ეკონომიკური ინტერესებიდან, უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე, რუსებს ევროპასთან საუკეთესო ურთიერთობა აძლევთ ხელს, სადაც ის, როდესაც დიდ ფულს გააკეთებს, თავისუფლად გაცვლის-გამოცვლის და მიიღებს ტექნოლოგიებსაც. ევროპაშიც ისმის საღი ხმები, რომ ევროპული უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ერთად, ერთობლივი ევრაზიული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებით. და ვინ უშლის ამას ხელს?! ცხადია, ბრიტანელები და ამერიკელები. თუ ევრაზიის კონტინენტზე ჩამოყალიბდება მშვიდობა, ეს ამ უზარმაზარი კონტინენტის აყვავების უმთავრესი ფაქტორია, მაშინ ამერიკელებისა და ბრიტანელების ადგილი ევრაზიის კონტინენტზე იქნება?! მაშინ სად წავიდნენ?

– ალბათ, უნდა დაეტიონ იქ, სადაც არიან.

– ხომ ხედავთ, ბრიტანეთი იშლება და მალე დაიშლება.

– ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს გაერთიანებულ სამეფოში.

– დიდი ბრიტანეთის დაცემა და ამ დონემდე მისვლა არის საუკეთესო მაგალითი საქართველოსთვის: უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანა კაცობრიობის ისტორიაში დაშლისა და გადაგვარების პირას არის და საქართველოც ზუსტად ამ გზაზეა, საქართველოც დაშლის პირას არის დემოგრაფიული პრობლემების გამო. იმიგრაციისა და მიგრაციის ტოტალური სხვაობის გამო სრული განადგურების წინაშე დგას, ქვეყნის დაკარგვის წინაშე დგას, თორემ ამ საოცარ ქვეყანას ზღაპრად აქცევს ჭკვიანი და ძალიან დიდი ფულის პატრონი ხალხი. ისინი აქაურობას ყიდულობენ სამომავლოდ, მაგრამ ქართველს არ უნდა ამის გაგება. არადა, მეტი რა გითხრას პატიოსნად იმ არაბმა მილიარდერმა?! ხომ განაცხადა, აქ ჩვენ გვინდა, ავაგოთ კოსმოპოლიტური მსოფლიო თავშესაფარი, ანუ ადგილი ყველაზე მდიდარი არაბებისთვის. რატომ?! ჩავიხედოთ სიღრმეში: კლიმატის ცვლილების გამო სამხრეთ ნახევარსფერო მალე უვარგისი იქნება საცხოვრებლად. ეს გარდაუვალია. თქვენ წარმოიდგინეთ, აბუდაბიში უკვე 50 გრადუსზე ადის ტემპერატურა და ახლა ირანზეა დამოკიდებული, იარსებებენ თუ არა ეს ხელოვნურად წარმოქმნილი სახელმწიფოები. 2 მილიარდამდე მიგრანტს ელის ევროპა სამხრეთ ნახევარსფეროდან. თუ თქვენ ნახავთ პერსპექტიულ რუკებს, საქართველო იდეალურ კლიმატურ პირობებშია გამოსახული, როგორც მწვანე ზონა. დღეს ადამიანები ყიდულობენ იმას, რაც ადრე ომით მოიპოვებოდა. ქვეყანა იყიდება, ისინი კი ყიდულობენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ ახლა ძალიან სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ისინი პრობლემების გარეშე დათმობენ საქართველოში ნაყიდ 100 000-ობით ჰექტარს?! რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვართ ყოფნა-არყოფნის დილემის წინაშე. დაახლოებით, ოთხი-ხუთი წელი დაგვრჩა, თორემ შემდეგ გინდა მე, გინდა თქვენ და გინდა მთელმა საქართველომ იარაღი ავისხათ ხელში, ყველაფერი დასრულებული იქნება, უმცირესობაში მყოფ ადამიანებს ხმას არავინ ამოაღებინებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი