პოლიტიკა

სარფიანი გარიგება

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 11.03

ამბები 2
დაკოპირებულია

ანუ უქონელთა ბედნიერება

უკრაინაში ომი გრძელდება, ოღონდ იქით აშშ-ის პრეზიდენტი გვპირდება მშვიდობას ძალიან მალე (ხოლო, თუ ის ძალიან მალე არ დამყარდება, შეიძლება, საერთოდაც, არ დამყარდესო), აქეთ კი ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის პირველი პირები გამოთქვამენ მზადყოფნას, დაეხმარონ უკრაინას (თუმცა, მათი სამხედრო პოტენციალის გათვალისწინებით, ეს არც თუ რეალურია, თუ, რა თქმა უნდა, ევროპისა და რფ-ის მოსახლეობა დედაწულიანად არ დაუპირისპირდება ერთმანეთს, რაც, ბუნებრივია, გულისხმობს, რომ ევროპული კეთილდღეობა და უსაფრთხო ცხოვრება, უბრალოდ, გაქრება), ამასობაში კი, აშშ და უკრაინა, უფრო ზუსტად, მისი პირველი პირები უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ განაგრძობენ მოლაპარაკებას.

თავდაპირველად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანახმაა, უკრაინის მიწისქვეშა სიმდიდრე აშშ-სთან ერთად მართოს, შემდეგ (მიუნჰენის კონფერენციაზე ამერიკელი ვენსის ხისტი გამოსვლის შემდეგ) გადაიფიქრა (ანუ გადააფიქრებინეს), მსგავსს არაფერს ვაპირებთო. აი, ბოლოს კი, სახელდობრ, გასული კვირის მიწურულს შევიტყვეთ, რომ აშშ-უკრაინის შეთანხმება მზად არის გასაფორმებლად და ის შეეხება უკრაინის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მინერალურ რესურსებს, ნავთობსა და გაზს, ასევე, ინფრასტრუქტურულ აქტივებს. ეს ამბავი თვით აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა (სკოტ ბესენტმა) გვაუწყა. ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად უკრაინის პრეზიდენტი თავად უნდა ეწვიოს ვაშინგტონს (და როდესაც ეს ჩემი ნაწერი და თქვენი თვალები ერთმანეთს შეხვდებიან, ის უკვე ხელმოწერილი იქნება).

ბ-ნი სკოტ ბესენტი დარწმუნებულია, რომ ეს ორივე მხარისთვისაა მომგებიანი. ბუნებრივია, მე, როგორც აშშ-ისა და უკრაინის ეკონომიკის ნაკლებად მცოდნემ, დაზუსტებით არ ვიცი, რა მოგებას ნახავს უკრაინა, მაგრამ, პოლიტიკურად, ყველაფერი ნათელია: ზემონახსენები სიმდიდრე უკრაინის მიწაშია, რომელიც ახლა იბომბება, შესაბამისად, აშშ-ს უკვე შეეძლება, რუსეთისგან თავისი სიმდიდრე დაიცვას. ხოლო ისინი აუცილებლად გამონახავენ საერთო ენას, იმიტომ რომ დღევანდელი გეოპოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია, არა ადამიანების სიცოცხლე, არამედ ის, თუ ვინ მეტად გამდიდრდება. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, იმ მხრივ მაინც გაგვიმართლა, რომ არაფერი გვაბადია...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა