სახენაცვალნი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 30.07
ანუ უკან გილიოტინისკენ
მას შემდეგ, რაც უნგრეთის პირველკაცი ევროკავშირის საბჭოს პირველკაციც გახდა, მეტად გააქტიურდა: სი ძინ პინსაც ეწვია, ტრამპიც მოინახულა და ვლადიმირ პუტინიც და წერილიც კი მისწერა შარლ მიშელს (სამშვიდობო გზავნილი). შესაძლოა, მას, მართლაც, აწუხებს ევროპისა და მსოფლიოს მყიფე ბედი (შეიძლება კი არადა, აწუხებს, უდიდესი ალბათობით), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პოსტის მაქსიმალურად გამოყენებაც სურს (პოლიტბიოგრაფიის გასანოყიერებლად).
ხოლო, სანამ ბ-ნ ორბანს სურს და თავის სურვილებს ხორცს ასხამს, ევროპარლამენტარებმა (კერძოდ, ევროპარლამენტის პარტიების სიდიდით მეორე ჯგუფმა) მისი დასჯა მოითხოვეს. რატომ? იმიტომ რომ მოსკოვში ჩავიდა და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებებს ვეტო დაადოო.
ევროპარლამენტის 63 დეპუტატი კოლექტიურად მიმართავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას და მოითხოვს, რომ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას (დარბაზში საჯარო გაროზგვაც არ იქნებოდა ურიგო) და ისიც შევიტყვეთ, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს რამდენიმე ევროპული სახელმწიფო. ერთი სიტყვით, დიდი არეულობაა ამ ჩვენს ნანინანატრ ევროპაში: განსხვავებულებს ისე ვერ იტანენ, როგორც კეთროვნებს შუა საუკუნეებში და, თუ ასეთი ტემპითა და შემართებით გააგრძელეს, ვეჭვობ, მალე გილიოტინასაც აღადგენენ, ვინც არ ეპიტნავებათ, მათთვის თავების ეგრევე წასაგდებად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან