პოლიტიკა

რუსთაველის ფსიქოთერაპია

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 16.11, 2021 წელი

რუსთაველის ფსიქოტერაპია
დაკოპირებულია

ანუ მაშასადამე, არაო?!..

თუკი აქამომდე თურქეთის რესპუბლიკა ჩვენს წინამძღოლად მიიჩნეოდა „ნატოსკენ“ სავალ გზაზე, აწ ვითარება შეიცვალა, როგორც იტყვიან, მას შემდეგ, რაც „ნატოს“ კარი გაგვეღო და მოსაცდელში გავიჭედეთ (იმას გარდა, რომ თავად „ნატო“, რფ და ჩინეთიც გაიჭედნენ, ხოლო სრულიად დედამიწა – პანდემიაში), იმდენმა წყალმა ჩაიარა, რომ რფ და თურქეთი კიდეც დაძმობილდნენ, კიდეც განძმობილდნენ და კვლავ დაძმობილდნენ, იმის პარალელურად, რომ საცაა, შესაძლოა, „ნატო“ და თურქეთის კი განძმობილდნენ, იმიტომ რომ ამ ეტაპზე პუტინი და ერდოღანი სამხრეთ კავკასიაში აბრაგუნებენ თავიანთ ჩექმებს.

მოკლედ, სანამ ქართული ოპოზიციური სპექტრი წალენჯიხის აყვავებაზეა გადართული (მანამდეც უნდა ეზრუნათ და არა მხოლოდ წალენჯიხაზე), ხოლო აშშ გენდერულ ხედვას ამუშავებს, ანუ ყირამალა ამბებია მსოფლიოში, თურქეთის მმართველი პოლიტიკური ორგანიზაციის – სამართლიანობისა და განვითარების პარტიის – გენმდივნის მოადგილემ (ვინმე მუსტაფა ჰამარატმა) ბრძანა, საქართველოსა და უკრაინას „ნატოში“ არავინ შეუშვებსო.

არგუმენტიც მოიტანა (მის ახირებად რომ არ ჩაგვეთვალა?!): „აშშ-ს ახლავე შეუძლია საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსება, მაგრამ, თუ ისინი „ნატოს“ წევრები გახდებიან, ეს ამერიკა-რუსეთის დაძაბულობის პროვოცირებას გამოიწვევს. ამერიკა ჩინეთის საფრთხესთან გამკლავებას ცდილობს და ამ დროს მას, სულაც, არ სჭირდება მოსკოვთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესება.“

ცხადია, პატივცემულ მუსტაფას (ჰამარატს) ახალი არაფერი უთქვამს, იმას გარდა, რომ სწორედ, მოყვარეს უნდა უძრახო პირში, თუმცა, ვფიქრობ, ამ განაცხადის კონტექსტი თბილისის ერდოღანის ინიციატივა „სამს პლუს სამში“ ჩართვისკენ წახალისებაა (საყველპუროდ რომ ვთქვათ – პატრონი მაინც არ გყავთ და ჩვენ გიპატრონებთ, რომ რფ-სთან პირისპირ არ დარჩეთო, ოღონდ რა მგელი და რა მგლისფერი ტურა).

მეორე მხრივ, ვითარება, მართალია, რთულია, მაგრამ მეტად საკვანძო და შესაძლებლობებით სავსე, თუმცა ამის გამომყენებელი ჯერჯერობით არავინ ჩანს ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე, ამდენად, თავი ისევ შოთას დავამშვიდებინოთ: „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი