როცა მეგობარი მტერზე უარესია
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 14.04

ანუ ისევ „ფული, ბაბაია, ფული“
მართალია, წინასწარვე იცოდნენ, მაგრამ მაინც არცთუ სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა, როდესაც გასული კვირის მიწურულს აშშ-ის პრეზიდენტმა, ბოლოს და ბოლოს, გამოაცხადა ახალი საბაჟო ტარიფების ამოქმედების შესახებ და, როგორც დააანონსა, ზუსტად ისე მოიქცა. სახელდობრ, დიდ ბრიტანეთს 10-პროცენტიანი, ხოლო ევროკავშირს - 20-პროცენტიანი ტარიფი გამოუცხო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, დასძინა, რომ 25-პროცენტიანი ტარიფი ამოქმედდა უცხოური წარმოების ავტომობილებზეც. რატომ? იმიტომ რომ, როდესაც საქმე ვაჭრობას ეხება, ხანდახან მეგობარი მტერზე უარესიაო (მე არ მითქვამს, ტარიფების დამწესებელმა ბრძანა).
ჰოდა, რაკი მტერია და დონალდ ტრამპმა იქვე დასძინა, რომ სამხრეთ კორეაშივე იყიდება სამხრეთ კორეის მიერ წარმოებული ავტოების 80 პროცენტი, ისევე, როგორც იაპონიაში 90 პროცენტი იაპონური წარმოების მანქანაა, ხოლო ამერიკელები კი ღობე-ყორეს ედებიან (რეფრენი ჩემია, ანუ მხოლოდ მცირე ნაწილი დადის აშშ-ის მიერ წარმოებული ავტომობილებითო), ამიერიდან აშშ-ში უცხოური წარმოების ავტომობილები, უბრალოდ, გაძვირდება. დასავლურმა მედიამ ამ ამბავს უკვე უწოდა სატარიფო ომი, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა კი, რომელმაც პოლიტიკური ოპონენტი ძალიან მოხერხებულად ჩამოიშორა გზიდან (მარინ ლე პენს პატიმრობაც ემუქრება და არჩევნებში მონაწილეობა, ხომ, ეკრძალება და ეკრძალება), ევროკავშირს მოუწოდა, არ განახორციელონ ინვესტიციები აშშ-ში (მაშასადამე, შეზღუდვები შეზღუდვების წილო).
მე არ ვიცი, დააფრთხობს თუ არა აშშ-ს ბ-ნი მაკრონის საპასუხო ღონისძიება (მეტიც, იქცევა თუ არა მისი სიტყვა საქმედ), მაგრამ ვიცით, რომ თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, დონალდ ტრამპმა რომ „გათავისუფლების დღე“ უწოდა (რაკი თავის პოლიტიკურ პარტნიორებს ტარიფები გაუზარდა), გვაუწყა, რომ ამერიკისთვის იწყება ოქროს ხანა!
ბუნებრივია, დასავლეთი, კოლექტიური თუ ცალ-ცალკე, თავად მიხედავს თავის თავს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთისა და ბელარუსისთვის ტარიფები იგივე დარჩა (მოტივით, მაინც არ ვვაჭრობთ მათთანო, თუმცა ბოროტი ენების ცნობით, საკმაოდ მოხერხებულად ვაჭრობენ აშშ და რფ), მეტად საინტერესო კონფიგურაცია იკვეთება. რატომ? იმიტომ რომ, ერთი მხრივ, გამოცხადებულ მტრებს შორის ქვემეხები ქუხან, აი, გამოცხადებულ მეგობრებს შორის კი მეტად მერკანტილური პრინციპი მოქმედებს: „ფული, ბაბაია, ფული“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან