პოლიტიკა

როგორია სამხრეთ კავკასიაში მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი სცენარები

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ზარდია
დაკოპირებულია

გეოპოლიტიკური დაპირისპირება, გადანაწილების იმედით, ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოვემზადოთ იმ სცენარებისთვის, რომლებიც შეიძლება, განვითარდეს. სამხრეთ კავკასიის შესახებ მოლაპარაკების ან გარიგების რა გეგმები და ვარიანტები შეიძლება, არსებობდეს დიდ მოთამაშეებს შორის და არის თუ არა რომელიმე სცენარი თუ ვარიანტი ჩვენთვის ხელსაყრელი? – ამ თემას ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– როგორია ძალის ცენტრებს შორის შეთანხმებისა თუ შეუთანხმებლობის ყველაზე ცუდი და კარგი სცენარები?

– ჯერჯერობით რთული სათქმელია. ისეთი ვითარებაა, რომ დიდ მოთამაშეებს შორის შეთანხმების პერსპექტივა მაინცდამაინც არ ჩანს. ჩვენთვის, რასაკვირველია, კარგი იქნებოდა ისეთი შეთანხმება, რომ საქართველო და მთლიანად კავკასიის რეგიონი აღმოჩნდეს მშვიდობისა და განვითარების პლაცდარმი; უსაფრთხოების კუნძული, სადაც შესაძლებელი იქნებოდა საერთაშორისო თანამშრომლობა, უპირველესად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური. შეიძლება, დიდი ჰაბი გაკეთდეს მთლიანად კავკასიის რეგიონში და ეს ყველასთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის, ისე სამხრეთისა თუ ჩრდილოეთისთვის. ყველაზე კარგი სცენარი ეს იქნებოდა. ცუდი სცენარი – რომ რეგიონი არ გახდეს ისეთი, როგორც მოხერხდა ეს სააკაშვილის რეჟიმის დროს; რომ კავკასია არ იყოს ცივილიზაციური კონფლიქტის პოლიგონი, ომის პოლიგონი.

კავკასიაში იმდენი პრობლემაა სხვადასხვა გარეშე ძალის მიერ შეკერილი, რომ საკმაოდ ჭრელი სურათია. ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი, მაგრამ კონკრეტულად რთულია საუბარი არსებულ ტურბულენტობაში. ბევრი მოთამაშეა, აქ არის რუსეთი, ირანი, თურქეთი, ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ჩინეთი. ამდენად, როგორი კონფიგურაცია იქნება, რთული წარმოსადგენია, თუმცა ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მრავალვექტორული; ყველა მიმართულებით აქტიურობა და რისკების თავიდან აცილება და იმაზე ზრუნვა, რომ ეს ჩვენი ქვეყანაც და მთლიანად კავკასია იქცეს არა დაპირისპირების ზონად, არამედ, პირიქით, თანამშრომლობისა და პოზიტივის რეგიონად.

– ყველას რაღაც ინტერესი აქვს, ზოგს მეტი, ზოგს – ნაკლები, მაგრამ ვის აქვს უფრო მეტი ძალა და გავლენა, რომ თავისი ინტერესები გაატაროს?

– სამხრეთ კავკასიაში, კავკასიის სახელმწიფოების გარდა, მთავარი მოთამაშეები რეგიონულ დონეზე არიან სამს პლუს სამის ფორმატის ქვეყნები. ეს ფორმატი არ მუშაობს გასაგებ მიზეზთა გამო: ირანთან ომი, უკრაინასთან ომი. ამდენად, შეუძლებელია, რომ ეფექტიანად ამუშავდეს, მაგრამ თურქეთს, რუსეთსა და ირანს ყველაზე მეტი რეგიონული გავლენა აქვთ კავკასიის სახელმწიფოებზე და, რა თქმა უნდა, აქ მონაწილეობს შეერთებული შტატებიც, ევროკავშირიც და ჩინეთიც. ამიტომ ეს სამს პლუს სამი შეიძლება, გაფართოვდეს და გახდეს სამს პლუს ყველა, ვისი ინტერესებიც აქ რაღაც ფორმით მონაწილეობს, რაც სტაბილურობას შექმნის მომავალში, ვგულისხმობ შეთანხმებას თამაშის წესებზე. ეს, რასაკვირველია, რთული პროცესია და ბევრი ეცდება მის ჩაშლას.

– ჩაშლის მსურველ ბევრში ვის გულისხმობთ?

– თუ ძალთა ბალანსი მისთვის არასასურველი მიმართულებით განვითარდა, ყველა ეცდება, არ განხორციელდეს კავკასიის სტაბილურობა. მაგალითად, თუ რუსეთის ინტერესები არ დაკმაყოფილდა – ვგულისხმობ, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს, რაც მისი სტრატეგიული ინტერესია – მაშინ ის შეეცდება, რომ დაბლოკოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი. თუ, მაგალითად, ირანმა დაინახა, რომ არ მუშაობს მისი ინტერესი – ჩრდილოეთისკენ გაიხსნას საკომუნიკაციო არხი, ის შეეცდება, დაბლოკოს ტრამპის დერეფანი. მარტივი მაგალითები მომყავს. და ასეთ შემთხვევაში კონფლიქტების განვითარების რისკი მატულობს. ამდენად, ეს მრავალმხრივი, მრავალვექტორული პროცესია და საქართველოს საგარეო პოლიტიკაა, რომ რამენაირად დაბალანსდეს სხვადასხვა ძალას შორის და რისკები შემცირდეს, ხოლო თანამშრომლობის შესაძლებლობა გაიზარდოს როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით და მათ შორის კონფლიქტი არ მოხდეს. ეს ძალიან რთული ამბავია, მაგრამ საქართველო მუდმივად ასეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იყო და როდესაც ახერხებდა ამ დაბალანსებას, მაშინ იყო მნიშვნელოვანი ქვეყანა. მთავარია, რომ აი, ეს სტრატეგია შევინარჩუნოთ. ესე იგი, ვიყოთ ყველასთვის მნიშვნელოვანი და საჭირო და პოზიტიური ნიშნით ვთანამშრომლობდეთ ყველასთან, რომ ჩვენც ვნახოთ სარგებელი.

– მარტო საქართველოს ძალისხმევა არის საკმარისი?

– შეუძლებელია, აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე ამ დერეფნებს ჰქონდეთ სერიოზული პერსპექტივა. აქ თურქეთიც უნდა მონაწილეობდეს და, ასევე, მნიშვნელოვანია, მაგალითად, სომხეთის პრობლემა. ის, ერთი მხრივ, „ოდეკაბეს“ წევრად რჩება, იქ ისევ არის გიუმრის რუსული ბაზა და, მეორე მხრივ, ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობის ინტენსიფიკაციას. მაგალითად, ფრანგებისგან იარაღს ყიდულობს, ამერიკელებთან ერთად რაღაც სამხედრო ღონისძიებებს ატარებს, ანუ ერთდროულად ორ სკამზე ზის და ირყევა.

– მგონი, სომხეთი ერთდროულად უფრო მეტ სკამზე ზის.

– ეს მდგომარეობა სომხეთისთვის შეიძლება, რაღაც პერიოდის განმავლობაში მომგებიანი იყოს, იმიტომ რომ ამით რისკებს აზღვევს და აბალანსებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს შეიძლება, გახდეს სერიოზული კონფლიქტის საფუძველიც. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე და მანამდე – უკრაინა-რუსეთის კონფლიქტზე.

– ჩვენ, ფაქტობრივად, ომების ალყაში ვართ.

– ჩვენ ვართ ამ დიდი ახლო აღმოსავლეთის ნაწილი. სხვათა შორის, ასე განიხილავენ ბრიტანელები ამ რეგიონს. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში საქართველო სწორედ ამ მიმართულებას იყო მიბმული. რუსეთი, მაგალითად, განიხილავს საკუთარ სამხრეთ ფლანგად; თურქეთი კიდევ სხვა ინტერესებით განიხილავს – როგორც გზას პანთურქული ინტეგრაციისთვის და ასე შემდეგ. ასე რომ, ყველას თავისი ინტერესი აქვს და თვალი უჭირავს ჩვენზე, როგორც მიმინოს მწყერზე. მაგრამ ჩვენ ეს ნეგატიური საფრთხე უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად, რაც არის კიდეც პოლიტიკის ხელოვნება. ძალიან რთულია, მტრები გადააქციო მეგობრებად. თუმცა ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში პოტენციური მეგობრები ვაქციოთ მტრებად და რა შედეგიც მოგვიტანა, გასაგებია.

– 2008 წელს საქართველო კი იქცა პოლიგონად და რუსეთმაც და დასავლეთმაც მიიღო თავისი გაკვეთილები და 2022 წელს კიდეც უფრო მასშტაბურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამას არ უმოქმედია სომხეთსა და აზერბაიჯანზე. დღეს, თუ სომხეთი ან აზერბაიჯანი წამოეგება ანკესზე და პოლიგონად იქცევა, ეს მხოლოდ სომხეთის ან აზერბაიჯანის პრობლემა იქნება, თუ ამჯერად მთელ რეგიონზე გავრცელდება?

– ღმერთმა გვაშოროს, იმის გამეორებაა, რაც მოხდა. სხვადასხვა ალიანსების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების სცენარები იკვეთება და თუ ეს კონფრონტაციული გახდა, რა თქმა უნდა, არის უდიდესი რისკი, რომ მთელი კავკასია გაეხვეს ომის ქარცეცხლში. მაგალითად, თუ გადაწყვიტეს სომხეთის კარტის გათამაშება, ეს არც თუ რთული იქნება, იმიტომ რომ, თუმცა ყარაბაღის კონფლიქტი დამთავრდა, ის ახალი საბაბით შეიძლება, განახლდეს. საქართველოს რა ურთიერთობა აქვს რუსეთთან, გასაგებია: ჩვენ ვიმყოფებით კაზუს ბელის მდგომარეობაში. რუსეთთან საზავო ხელშეკრულება არ გვაქვს და რეალურად ომის მდგომარეობაში ვართ. მუდმივად არსებობს საომარი მიზეზი, სანამ ტერიტორია ოკუპირებული და ანექსირებულია. ხელისუფლებას რომ მტკიცე ნება არ გამოეჩინა, ძალიან პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ აქ ცეცხლი ხელახლა დანთებულიყო. ამჯერად უკვე ეს შეიძლება, გახდეს კონფლიქტი, რომელიც გაფართოვდება. იმიტომ რომ, თუ, ვთქვათ, საქართველოს პროვოცირება მოხერხდა, აქ შეიძლება, გამოიყენონ სხვა ძალებიც საქართველოს გარედან, რომლებიც რუსეთთან მეორე ფრონტს გაამაგრებენ და ეს დაღუპვაა.

– ვის გულისხმობთ გარე ძალებში?

– შეიძლება, გამოიყენონ სირიის ჯარები. თუ რუსეთი აქ შემოიყვანს თავის სამხედრო კონტინგენტს, ყარსის ხელშეკრულების მიხედვით. შესაძლოა, თურქეთმა დაიკავოს აჭარა, რასაც ძალიან ბევრი სერიოზული გართულება შეიძლება, მოჰყვეს. არც მინდა ვიფიქრო ასეთი სცენარის განხორციელებაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიცოდეთ, რა შეიძლება, მოხდეს.

– ამიტომ, სულ მცირე, თავი არ უნდა მოვიგიჟიანოთ.

– დიახ. არსებული გეოპოლიტიკური განხეთქილების პირობებში, როდესაც მსოფლიო წესრიგი შეიცვალა და ერთპოლარული სისტემა აღარ არის, ჩვენ ვეღარ ვიქნებით დასავლეთის კლიენტი ქვეყანა. ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ მსიფლიოს სხვა ძალები უკვე სერიოზულ პოზიციებს იკავებენ. ამდენად, ჩვენთვის არ არის ხელსაყრელი პოლიტიკური განხეთქილების პროცესში ყოფნა, ჩვენ, პირიქით, გვინდა, რომ ეს იყოს დამაკავშირებელი ჰაბი; გზაჯვარედინი როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის და ყველა მონაწილის თანამშრომლობის ადგილი. ესე იგი, საომარი ლელოდან გადავიქცეთ სამშვიდობო ლელოდ. ჩვენ არ გვინდა, რომ მსოფლიო საომარი ლელოს ფუნქციით გვიყურებდეს, ისე, როგორც გვიყურებდა და იმიტომაც უნდოდათ ჩვენი ჩართვა მეორე ფრონტით ამ დიდ ომში, რადგან ასე გვიცნობდნენ, რომ, თუ აქ იომებს ვინმე, უპირველესად, ქართველები იომებენ.

– მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ გავუცრუეთ იმედები მსოფლიოს.

– რა თქმა უნდა. ჩვენ ვიომებთ მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი