ილუზიებით დაბანგული
ავტორი: ნინო ხაჩიძე 54 წუთის წინ
ანუ დემოკრატიით გათანგულები
მართალია, კაია კალასი ისევ ბრწყინავს ევროკავშირის ბიუროკრატიის ცის კაბადონზე, როგორც ერთ-ერთი პოლიტვარსკვლავი, თუმცა მისი შეფასებები კვლავაც, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.
სახელდობრ, სულ ახლახან ზემოხსენებულმა ქალბატონმა განაცხადა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია, უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ.
და იქვე დასძინა, რომ უკრაინა იმიტომაც არ დანებდა პუტინის პირობებს, რომ მას ევროპა უჭერს მხარს. მეორე მხრივ, თუ აშშ-ის ფინანსთა მინისტრს ვერწმუნებით, ევროპამ პუტინს იმაზე მეტი ფული გადაუხადა, ვიდრე უკრაინას გადასცა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და უფრო მეტიც, თურმე, ევროპაში რუსული პროდუქციის იმპორტი ათჯერ აღემატება, ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსული პროდუქციის იმპორტს.
და თუმცა ქ-ნი კალასი ევროპელ კოლეგებს მოუწოდებს, რომ ევროპამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, იმიტომ რომ მას სხვა არჩევანი არ აქვს, თუ ისევ და ისევ ზემოთ ნახსენები ბ-ნი ბესეტის ნათქვამს გავიხსენებთ, გამოდის, რომ ევროპამ უნდა გააგრძელოს რფ-ის დაფინანსებაც.
გააგრძელებს თუ დაამოკლებს, ფაქტია, რომ ტრამპის წარმომადგენელი ჯერ ზელენსკის შეხვდა, შემდეგ – პუტინს და ცდილობს, სამმხრივი სამიტი უზრუნველყოს (ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის მონაწილეობით). საგულისხმოა ისიც, რომ, როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მანათობელი ვარსკვლავი ქ-ნი კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთს მოლაპარაკების მაგიდაზე (ერთი უხერხულობა ისაა, რომ ევროკავშირს მოლაპარაკებების მაგიდასთან არავინ იწვევს) მაქსიმალისტური მოთხოვნები უნდა დაუდოს.
რატომ? იმიტომ რომ დავაბალანსოთ ეს მოლაპარაკებებიო. ხოლო, თუ არა მხოლოდ ბესეტის განცხადებებსა და უიტკოფის მოგზაურობის ტრაექტორიებს გავიხსენებთ, ანუ დავამატებთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში პოლიციელი მომიტინგეს არ აიყვანს ხელში, სავარუდოა, რომ ქ-ნი კალასი არა მხოლოდ თავადაა დემოკრტიული ილუზიით გათანგული, არამედ დარწმუნებულია, რომ მისი აუდიტორიაც, თუკი ვინმე უსმენ-უჯერებს, კაი გვარიანადაა დაბანგული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





