რით დასრულდება ევროპის დექრისტიანიზაცია და რატომ გახდა ევროპული და ქართული ღირებულებები ანტაგონისტური
ავტორი: ნინო ხაჩიძე 56 წუთის წინ
თავის დროზე და არც თუ დიდი ხნის წინ ევროპა და ცხოვრების ევროპული დონე და სტილი, მართლაც, მომხიბვლელი იყო და, ალბათ, ყველაზე კომფორტული და მეტ-ნაკლებად სამართლიანი პირობები არსებობდა ევროპულ ქვეყნებში, სადაც საშუალო სტატისტიკური ევროპელი თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობდა. რატომ წავიდა მოვლენები გაურკვეველი მიმართულებით, რატომ დაიკარგა ის კომფორტული გარემო, რომელიც მიზიდულობის ცენტრს ქმნიდა? – ამ თემაზე სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.
ვალერიან გორგილაძე: მგონი, ხანდახან ჩვენ გვერევა ხოლმე ცხოვრების სტანდარტი და რაღაც ღირებულებები. ცხოვრების სტანდარტი ევროპაში ყოველთვის, მართლაც, მაღალი იყო, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განხორციელდა მარშალის გეგმა, რომელიც მოიცავდა ეკონომიკურ ბუმს, ამერიკულ ინვესტიციებს, ამერიკულ ინსტიტუციებს, სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს, ლიბერალური ეკონომიკის ამერიკულ მოდელს, მაგრამ ამას ღირებულებებთან კავშირი არ აქვს.
– იმიტომ ვახსენე კომფორტი.
– დიახ, კომფორტი და ჩვენც ნუ მოვიტყუებთ თავს: საბჭოთა კავშირში ევროპისა და შტატების მოდას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა: ჯერ ერთი, ის ობიექტური მოცემულობა, რომ შეზღუდული იყო გასვლა დასავლეთში; მეორე მხრივ, მიუხედავად „რკინის ფარდისა“, ხანდახან ეს ძალიან გამჭვირვალე ფარდა იყო. ვუყურებდით „ჰოლივუდის“ ფილმებს, ევროპულ ფილმებს და ასე შემდეგ და ვხედავდით კონტრასტს სტანდარტებს შორის, ანუ კომფორტს შორის. ამან ნელ-ნელა შეავსო ჩვენი უკმარისობა და შექმნა გარკვეული ილუზიაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ღირებულებითი თვალსაზრისით, ჩვენ ანტაგონიზმი გვაქვს. მამარდაშვილი ამბობდა, რომ ქართული სუფრა არის ევქარისტია. ქართული სუფრა, მათ შორის, არის ღირებულებითი იერარქია. პირველად შეისმება უფლის სადღეგრძელო; აბა, სად არის ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში უფალი?! სად არის ოჯახი? სად არის ქალის სიყვარული?! ქალის სადღეგრძელო ცალკე რომ დალიო ევროპაში, არ ვიცი, რა მოხდება; მეტიც, ასზე მეტი გენდერია და ვხვდებით, რომ აქ სერიოზული აცდენაა ჩვენ შორის, რბილად რომ ვთქვათ.
რაც შეეხება კეთილდღეობას: ვინც ისტორიას იცნობს, ვინც კითხულობს, მან იცის, რომ მარშალის გეგმა, ფაქტობრივად, არის ევროპის იმ ნაწილის, რომელიც არ მოხვდა საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილიზაციის ამერიკული სტაბილიზაციის გეგმა. ანუ ცენტრალური ევროპის სტაბილიზაცია საჭირო იყო, რადგან კომუნისტური მოძრაობა და გავლენები იყო ძლიერი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი რეალურად იყო ძალიან პოპულარული და რომ შეეჩერებინათ მძლავრი კომუნისტური მოძრაობები ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში, საჭირო იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტეკონომიკური ინფილტრაცია ევროპაში და ამიტომ ევროკავშირის რეკონსტრუქციის გეგმა მათი სრული კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდა.
– იმიტომ, რომ არსებობდა საბჭოთა კავშირი, უნდა შექმნილიყო ამის ალტერნატივა, ანუ ევროპა, როგორც ოაზისი?
– რა თქმა უნდა. ამ თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირი კარგი პარტნიორი იყო და თანამედროვე ეკონომიკური კვლევები ამას ადასტურებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეგრეთ წოდებული, საშუალო კლასის, მუშათა კლასის სოციალური მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. დიახ, ამ თვალსაზრისით, საბჭოთა კავშირი არ აძლევდა საშუალებას კაპიტალისტურ სისტემას, ესე იგი მსხვილ კაპიტალს, სრულად ეკარნახა საკუთარი ინტერესები და არ ეზრუნა იმავე საშუალო კლასის შექმნაზე, სოციალურ გარანტიებზე, ჯანდაცვაზე, განათლების სისტემაზე, რომლითაც ევროპა სამართლიანად ამაყობდა. და რაც, მათ შორის, იწვევდა ამ ჩვენს დამოკიდებულებას ევროპის მიმართ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი იყო პირველი ქვეყანა, სადაც უფასო იყო განათლება და ჯანდაცვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუმცა შტატებმა მოახდინეს თავიანთი დომინაცია ევროპაში, ევროპული ქვეყნები ტრადიციულად ინარჩუნებდნენ თავიანთ გავლენებს ყოფილ კოლონიებში, უფრო აფრიკაში, ნაკლებად – აზიაში და გარკვეული გავლენები ჰქონდათ სამხრეთ ამერიკაშიც. ამდენად, ნადლეულისა და რესურსების ექსპლუატაცია, ასევე, ქმნიდა საწინდარს იმისთვის, რომ შექმნილიყო სტაბილური ფინანსური სისტემები. მას შემდეგ, რაც ევროპის გაერთიანება დაიწყო, ევროკავშირი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საპირწონე, ანუ კონკურენტი, ფაქტობრივად, ამერიკელების ქოლგის ქვეშ. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდ თანხას ხარჯავდა თავდაცვისთვის, უსაფრთხოების სისტემებისთვის, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის და ამერიკელებმა აღმოაჩინეს, რომ ევროპელები ამით სარგებლობდნენ, ვინაიდან ევროპის კონტრიბუცია ევროპელების უსაფრთხოების სისტემაში იყო ნომინალური. სამაგიეროდ, ევროპელებმა შექმნეს კეთილდღეობის მოდელი, მძლავრი სოციალური სისტემებით, ჯანდაცვა, განათლება, ბევრ ქვეყანაში ის იყო ან უფასო, ან ხელმისაწყდომი ხალხისთვის, რაც დღემდე არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამიტომაც არსებობს იქ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამები, იმიტომ რომ 30-დან 50 მილიონამდე ადამიანი ვერ სარგებლობს სამედიცინო მომსახურებით იმ დოზით, რაც სჭირდება, რადგან დაზღვევა ძალიან ძვირია.
მოკლედ, ევროპაში შეიქმნა განსხვავებული მოდელი და ბევრად უფრო სოციალური, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში და შტატებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ცხოვრების დონე ჩამორჩება ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონეს. სწორედ აქედან დაიწყო რღვევა მათ შორის. მაგალითად, „ნატოს“ ეგიდით სამხედრო ოპერაცია იუგოსლავიაში, რომელსაც, ფაქტობრივად, ამერიკელები აწარმოებდნენ, იყო პირველი დარტყმა ევროკავშირზე, ევროზე, რომელიც მეორე სარეზერვო ვალუტად იქცა მსოფლიოში. ევროპა აღემატებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსახლეობის რაოდენობით, ეკონომიკის პოტენციალით და პირველი პრობლემა ევროპელებს შეექმნათ სწორედ გასული საუკუნის 90-ანებში, ხოლო ბოლოს უკვე ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობისას მოსთხოვეს მათ, დახარჯეთ, რაც დასახარჯი გაქვთ, ნუ გვახარჯვინებთ ამდენს თქვენს უსაფრთხოებაზე, მით უფრო, რომ თქვენ სარგებლობთ რუსეთის წიაღისეულით, ენერგომატარებლებს ყიდულობთ კაპიკებში და ჩვენ გვარწმუნებთ, რომ უნდა დაგიცვათ ამ რუსეთის სამხედრო საფრთხეებისგან. აი, აქ უკვე დაიწყო რღვევა. ამის შემდეგ პარალელურად მიმდინარეობდა აღვირახსნილი „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდა, აბორტების პროპაგანდა და სხვა და სხვა... მოკლედ, პროპაგანდა იმ სოციალური ინიციატივებისა, რაც არღვევდა მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებს. მათ შორის, ევროპაში მიმდინარეობს დექრისტიანიზაცია, რაც, ფაქტობრივად, ბოლო 200 წელს მოიცავს, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა. ამიტომაც ვხედავთ იქ დაცარიელებულ ტაძრებს, ეკლესიებს... მეტიც, ვხედავთ, რომ იქ ხსნიან რესტორნებს, კაფეებს...
– ჰგავს საბჭოეთის მოდელს, ეკლესიებში ბოსლებიც ყოფილა.
– მაგრამ ევროპაში უარესია, ვინაიდან საბჭოთა კავშირი ოფიციალურად კრძალავდა რწმენას. იქ კი ნებაყოფლობით ამბობენ უარს. არის ფსიქოლოგიური საინფორმაციო წნეხი მოსახლეობაზე, რომ თავისუფლება ნიშნავს, მათ შორის, თავისუფლებას ეკლესიისაგან. ასევე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას დასჭირდა სამუშაო რესურსი და ამან წაახალისა მიგრაცია, ხოლო მიგრაციის წახალისებამ გამოიწვია დემოგრაფიული ჩანაცვლება. ყველა კვლევითი ცენტრის ბოლო პროგნოზით, 2050 წლისთვის ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში მიგრანტების რაოდენობა მოსახლეობის 50 პროცენტს გადააჭარბებს.
– როგორც ვიცი, ბრიტანეთში უფრო მალე.
– დიახ. ამას ემატება სოციალური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი... ამასთან, ირკვევა, რომ ადამიანის უფლებები – ეს არის მხოლოდ ლიბერალური დემოკრატიის მიერ გაგებული ადამიანის უფლებები. ევროპული ტრადიცია უკვე აბსოლუტურად უარყოფს ღმერთს, უარყოფს უმრავლესობის მოსაზრებას, პირიქით, გადაიქცა უმცირესობების აპოლოგეტად და ადვოკატად. საინტერესოა ის, რომ ქრისტიანობა აკრძალულია, მაგრამ მუსლიმებს ვერ აუკრძალავ ვერც ლოცვას და ჰიჯაბის ტარებასაც კი. ზოგი ევროპული ქვეყანა ცდილობს, დააწესოს აკრძალვები, მაგრამ პრობლემები შეექმნება მიგრანტების ქვეყნებიდან და უკვე აცნობიერებ, რომ ის საფრანგეთი, რომელიც გიყვარდა, ალენ დელონისა თუ ლელუშის, უბრალოდ, აღარ არის. ეს უკვე რაღაც ფანტომია, რომელიც ოდესღაც იყო და ისიც საკითხავია, მაშინაც თუ შეესაბამებოდა სინამდვილეს. იმ იდეალს შენ დაშორდი და ამას ხელს უწყობს ციფრული ეპოქაც: ამას ხედავ სოციალურ ქსელებში, მასობრივ ლოცვებს მეჩეთის წინ პარიზის ცენტრში. იმავეს ხედავ ბრიუსელში. ხედავ, რომ ინგლისის რომელიღაც საგრაფოში უკვე განცალკევებული რიგებია სუპერმარკეტებში, ცალკე – მამაკაცებისთვის, ცალკე – ქალებისთვის. აბა, რა უფლებებზეა საუბარი, როდესაც იჩაგრება ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ქრისტიანულ რწმენას?! რატომ არის ბრიტანეთის ხუთივე დიდი ქალაქის მერი პაკისტანური ან აღმოსავლური წარმოშობის?! მეორე მხრივ, უკვე კომფორტიც აღარ არის და ცხოვრების კომფორტულობის დონის გაგება ერთკვირიანი ტურისტული მოგზაურობით, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უნდა იცხოვრო რამდენიმე თვის განმავლობაში და შეეცადო, მიიღო სამედიცინო მომსახურება ან საბანკო და ასე შემდეგ და შეიძლება, უცებ მიხვდე, რომ შენი ქვეყანა ბევრად უფრო უსაფრთხოა…
თან, დღეს მსოფლიო გლობალური ტრანსფორმაციის პროცესშია და ეს ტრანსფორმაცია ბევრი რამით არის განპირობებული: გარდა ტექნოლოგიური გარღვევისა, ფსიქოლოგიაც და ფილოსოფიაც უკვე განიცდის რაღაც გარკვეულ ევოლუციას. ისმის კითხვები, თუ რისთვის არის ადამიანი, რა ჩაანაცვლებს ადამიანს… მასკი და სხვა ეს ტექნოოლიგარქები ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ, სულ რაღაც 10 წელიწადში რობოტი ან ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადამიანების უმრავლესობას, ვინაიდან მათზე უკეთესად შეასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, მათზე კომპეტენტურად და კვალიფიციურად. გარდა ამისა, რობოტს არ სჭირდება კვება, არ სჭირდება ენერგია, დასვენება, კომპენსაცია, ხოლო ადამიანი მიიღებს ბაზისურ შემოსავალს და მოიცლის საკუთარი თავისთვის. აი, ასეთი დილემის წინაშე დგას დღეს კაცობრიობა და ამიტომაც ბუნებრივია, ვინც ძლიერია, ის თავის სუვერენიტეტს ავრცელებს იქ, სადაც შეუძლია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





