პოლიტიკა

რა როლები აქვს შერჩეული დასავლეთს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის რუსეთის დასასუსტებლად

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 58 წუთის წინ

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომმა წლებმა, იმის მიუხედავად, უნდოდა თუ არა დასავლეთს საბჭოეთის დაშლა და ვინ დაშალა ის სინამდვილეში, აჩვენა, რომ რუსეთის დასუსტების პროცესში თითოეულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას თავისი როლი ჰქონდა მინიჭებული. გასაგებია საქართველოსა და უკრაინის როლები, მოლდოვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისაც. არის თუ არა ეს როლური განაწილება დაგეგმილი თუ მაინც სპონტანური პროცესია? – ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

– მეთანხმებით, რომ აწ დამოუკიდებელ და ოდესღაც საბჭოთა რესპუბლიკებს კონკრეტული როლი აქვთ შესასრულებელი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის დაპირისპირებაში?

– ძალიან სერიოზული კითხვაა და მცირე პოლიტიკური ისტორიული ექსკურსის გარეშე პასუხს ვერ გაგცემთ. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ნიქსონის გეგმა ერქვა ფორთოხლისა თუ მანდარინის გაფცქვნის პრინციპს, ანუ თავდაპირველად პოსტსოციალისტური ქვეყნები უნდა ჩამოეცილებათ საბჭოთა კავშირისთვის და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო ლაპარაკი რესპუბლიკებზე, მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლების კრიზისმა საბჭოთა კავშირში, რომელიც ავღანეთში შეჭრამ და სანქციებმა გამოიწვია პროცესები დააჩქარა. ჩვენ მაშინ არც ვიცოდით, რომ საბჭოთა კავშირი დასანქცირებული იყო. შემდეგ ამას დაემატა ნავთოპროდუქტების ფასის დაწევა, რამაც საბჭოთა კავშირი უმძიმეს ეკონომიურ კრიზისში ჩააგდო. ესე იგი, მას ფიზიკურად აღარ შეეძლო ამ პროცესების კონტროლი, თუნდაც, ძალით, რადგან ყველა რესპუბლიკაში ჯარს უნდა ემოქმედა, თუ, დავუშვათ, საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზე იქნებოდა საუბარი. ამისი რესურსი საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა, ავღანეთიდან ჯარი იმიტომ გამოიყვანეს, რომ ეკონომიკურად ძალიან უჭირდათ. ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ უცბად მოხდა ყველაფერი. ამდენად, პირადად მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ მაშინვე განისაზღვრა რამე, ანუ ფუნქციები მიენიჭა ყოფილ რესპუბლიკებს. მაგრამ უკვე შემდეგ, როდესაც ელცინის მთავრობამ დაშლილი საბჭოთა კავშირის ბაზაზე პარპაში დაიწყო: ცალკე სამხედროებმა, ცალკე უსაფრთხოების სამსახურმა, ცალკე ოლიგარქებმა, მათი ინტერესები უკვე რესპუბლიკებში გადავიდა. აი, მაშინ, ალბათ, რაღაც ფუნქციები გაჩნდა. ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის აღდგენა რომ არ იყო ეს ფუნქცია, ფაქტია; არც პოსტსაბჭოური სივრცის გაძლიერება თანამეგობრობის კავშირის სახელწოდების ქვეშ. შემდეგ წინა პლანზე წამოვიდა ეკონომიკა. დღეს, მაგალითად, ამ ნიშნით აქვს განსაზღვრული ყველა ქვეყანას ფუნქცია. ჩემს აზრს ვამბობ და არ ვამტკიცებ, რომ ეს აზრი ერთადერთი და დოგმაა. ეს ხდებოდა იმ მცირე პერიოდის განმავლობაში, სანამ დასავლეთი და აღმოსავლეთიც კარგად დაინახავდა პოსტსაბჭოური რესპუბლიკების მნიშვნელობას როგორც ეკონომიურად, ისე გადაადგილების მხრივ.

მანამდე რელიგია წამოიწია წინა პლანზე ამან სერიოზული საფრთხე დაანახვა როგორც დასავლეთს, ისე აღმოსავლეთს, იმიტომ რომ აგრესიული რელიგიური მიმართულებები შემოვიდა როგორც ქრისტიანობაში, ისე ისლამში. მოგეხსენებათ, ბუდიზმის განშტოებებიც შემოვიდა საბჭოთა სივრცეში ძალიან აქტიურად, მაგრამ ამან ვერ იმუშავა, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობის ნაწილი მოწამლა. ახლა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, ძირითადად, ეკონომიკური დატვირთვა აქვს. თვითონ რუსეთის ნედლეულის ბაზას, რომელსაც ამ ეტაპზე ჩინეთი ძალიან კარგად იყენებს; შუა აზიური რესპუბლიკებიც, ძირითადად, ენერგომატარებლებისა და, ასევე, ნედლეულის, ბუნებრივი რესურსების ბაზაა; სამხრეთ კავკასიური რესპუბლიკები სატრანზიტო დერეფანია, რასაც ემატება ბუნებრივი რესურსების ბაზა; აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები – ბალტიისპირეთი, ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვა – ძირითადად, სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობით არის დატვირთული. თუმცა, უკრაინას ის პლუსიც აქვს, რომ ბუნებრივი რესურსების არნახული ბაზაა. გარდა ამისა, ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მოიაზრებოდა, როგორც ბუფერული ზონა. სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, ახლა მოიაზრებიან თუ არა ბუფერულ ზონებად რუსეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის, იმ მარტივი მიზეზით, რომ ჯერ იდეოლოგიური ბრძოლა არ დაწყებულა. ეს ეტაპი გასავლელია. ჩემი აზრით, გაგრძელდება ბრძოლა ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის. ძალიან მალე გამოჩნდება, შიიტები და სუნიტები დაუწყებენ ერთმანეთს ბრძოლას თუ ქრისტიანობა და ისლამი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩვენ ამის შესახებ ბევრჯერ გვისაუბრია მესიჯების დონეზე. პროგნოზიც გავაკეთეთ 2028 წლამდე. ამჯერად მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ 2028 წლამდე ეს კონტურები აშკარად გამოიკვეთება და 2030 წლისთვის, ჟარგონით რომ ვთქვათ, უკვე „მოიხოდება“.

– და როგორ შეხვდება „მოხოდვის“ ამ ეტაპს მოლდოვა, რომელიც რუმინეთს უნდა შეუერთდესო, უკრაინა – სრულად თუ დანაწევრებული? ჩვენ ვხედავთ, რა ტიპის განცხადებებს აკეთებს ტრამპი და თვალნათელია, რომ ყველანი ვართ წასაკლავი ქათმების როლში.

– რაც ახლა მოხდა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის თამაშის სტილი და ის დროებითია, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცდილობს, რაღაც ფორმით მოუხსნას სანქციები რუსეთს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს უნდა, რომ ამოასუნთქოს რუსეთი, იმ მარტივი მიზეზით, რომ უკრაინის შეტევები ძალიან გახშირდა. ევროპელები ძალიან ეფექტიანად ეხმარებიან უკრაინას და თუმცა ორივე მართლმადიდებელი ქვეყანა ნადგურდება, სამხედრო უპირატესობა ნელ-ნელა უკრაინის მხარეს გადავიდა. როგორც ჩანს, რუსეთის დროზე ადრე დასუსტება შეერთებული შტატებისთვის არ არის ხელსაყრელი. ბუნებრივია, ჩემი ეს პასუხი არ მოეწონებათ პრორუსებს.

– როდესაც ამბობთ, ინიციატივა გადავიდა უკრაინის მხარესო, რას გულისხმობთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები გავა თავის საზღვრებამდე? ინიციატივა აფხაზეთის ომის დროსაც ბევრჯერ იყო ჩვენს მხარეს და რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, 2008 წლის 5-დღიან ომშიც კი, რაღაც მომენტში, ინიციატივა ჩვენ მხარეს გადმოვიდა, მაგრამ შედეგად ერთი რეგიონიც დავკარგეთ დ მეორეც.

– გეთანხმებით. საქმე ის არის, რომ, როგორც ჩანს, ძალებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, არ უნდათ, რომ უკრაინის ინიციატივა უკრაინის საზღვრებს ფარგლებს გარეთ გავიდეს და სწორედ ამიტომ ამოასუნთქეს. სხვანაირად დავსვამ კითხვას: ვენესუელა ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი იმპორტიორია მსოფლიოში და ყველაზე ახლოს არის შეერთებულ შტატებთან. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამერიკაში ნავთოპროდუქტების გაძვირების ეშინია, ვენესუელიდან ვერ შეიტანდა?!

– ამბობენ, რომ ძვირი ჯდება ვენესუელური ნავთობპროდუქტების გადამუშავება.

– ვერ დავიჯერებ ამ არგუმენტს, იმ მარტივი მიზეზით, რომ საბჭოთა კავშირს ჰქონდა და ახლა რუსეთს აქვს ნავთობდუქტების გადამამუშავებელი მაღალი დონის ქარხნები. ასევე, აქვს ირანს, აქვს ყაზახეთს, აზერბაიჯანს აქვს და ამერიკას არ აქვს?! უბრალოდ, ამოასუნთქეს რუსეთი მომავალი გეგმებისთვის. ღმერთმა ქნას, რომ ეს ომი დამთავრებისკენ წავიდეს; ღმერთმა ქნას, ყველაფერი მაინც იმ იდეოლოგიური საფუძვლის ჩაყრას ემსახურებოდეს, რაზეც მარკ რუბიომ უკვე ისაუბრა საბერძნეთში.

– რას გულისხმობთ?

– ყველა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ყველა რესპუბლიკის სუვერენულობას და ყველა ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ საბერძნეთიდან?! იმიტომ რომ დასავლური ცივილიზაცია ელინური კულტურის ნაწილად მიიჩნევა, თუმცა მე, მაგალითად, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ ელინურ კულტურამდე არსებობდა კავკასიური, პროქართული კულტურა. რუბიოს ამ განცხადებას შეიძლება, სხვა გაგრძელება მოჰყვეს. ყოველ შემთხვევაში, მესიჯი უკვე გაგზავნილია და ვინც გაიგებს, გაიგებს. ვინც ვერ გაიგებს, იმ ქვეყანასა და ხალხს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. რაც შეეხება მოლდოვასა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვგულისხმობ „ნატოს“ ბაზებს, ჯერჯერობით სხვა მეტი არაფერი ჩანს და არც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა განსაკუთრებული რესურსი, ბუნებრივ რესურსებს ვგულისხმობ. ხოლო მოლდოვა 1940 წელს შეიერთეს. ეს იყო რუმინეთის ნაწილი და თავის დროზე რუსეთის იმპერიამ და შემდეგ საბჭოთა კავშირმა რუმინეთს ისევე ჩამოაცილა, როგორც ჩვენ ჩამოგვაცილა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთი. მათაც ზუსტად ისევე შეუქმნეს დამწერლობა. მოლდოვა რუმინეთის პროვინცია იყო და ლაპარაკობდნენ რუმინულად, დიალექტით. ასევე, გეთანხმებით, როდესაც თქვით, რომ რაღაცას წაგვაკლეს. რომ დღეს ჯერჯერობით მიზნის მისაღწევ საშუალებას წარმოვადგენთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ამას ვადა გაუვიდა. როგორც მოგახსენეთ, დღეს პოსტსაბჭოური რესპუბლიკების დატვირთვა, ძირითადად, ეკონომიკური მნიშვნელობის არის და ისინი ბუნებრივი რესურსების ბაზაა, რომელსაც შემდეგ მიეცემა ფორმაც და შინაარსიც, იმისდა მიხედვით, როგორ დალაგდებიან ერთმანეთში რუსეთი და დასავლეთი.

– როდესაც ამბობთ, რომ შეერთებულმა შტატებმა ამოასუნთქა რუსეთი და იმავდროულად, ტრამპი ამბობს, რომ ზელენსკის შეცვლის დრო მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ მავრმა თავისი საქმე შეასრულა და ის უნდა წავიდეს? ვინ რჩება ზელენსკისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტორად?

– ზელენსკის წასვლა არის გზავნილი, ეს არ არის მოთხოვნა. გარდა ამისა, როგორც ვიცი, თავად ზელენსკი და მისი გუნდი მზად არიან, არჩევნები ჩაატარონ გარკვეული პირობებით, 60-დღიანი ზავის პირობით, რომელიც არ უნდა დაირღვეს. ესეც რომ არ იყოს, ზელენსკის შემცვლელი კარგა ხანია, ჰყავს.

– ზალუჟნი?

– რა თქმა უნდა. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის ცვლილება, ჩემი აზრით, არ ნიშნავს ომის დამთავრებას. გარდა ამისა, რუსეთის არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ არ ცნო. ასე რომ, ასევე თამამად შეუძლია დასავლეთსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასეთივე მოთხოვნა წაუყენონ რუსეთს, რომ რუსეთის არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და არც რუსეთის საკანონმდებლო ორგანო არის ლეგიტიმური. ამდენად, ეს არის კარგი და ცუდი პოლიციელის თამაში და, როგორც დათა თუთაშხია იტყოდა, ეს ყველაფერი ერთი კაცის მოფიქრებული უნდა იყოს.

– და ვინ არის ის ერთი კაცი?

– არავინ იცის…

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი