რა შესაძლებლობებს აძლევს სახელმწიფო და ციფრული ტექნოლოგიები მოქალაქეს, რომ სამართალი ადვოკატის გარეშე იპოვოს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00
ცნობილია, რომ ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ისიც ვიცით, რომ მოსამართლეები აბარებენ გამოცდებს, გვარწმუნებენ, რომ მათი კვალიფიკაციის დონე მაღალია და ობიექტურებიც არიან, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სასამართლოში სამართლის ძიებას სჭირდება, ერთი მხრივ, საკუთარი უფლებების ელემენტარულ დონეზე ცოდნა მაინც, მეორე მხრივ კი, ფული, იმიტომ რომ სასამართლო ბაჟიცაა გადასახდელი და ადვოკატის მომსახურებაც არ გახლავთ იაფი სიამოვნება (რაც ბუნებრივია), იბადება კითხვა: ეს მოცემულობა იძლევა საშუალებას, რომ სამართალმა პური ჭამოს? – თემას ადვოკატთან, პოდკასტ „ადვოკატის ხმის“ წამყვანთან, ელზა ჯმუხაძესთან ერთად განვიხილავთ.
– როდესაც სამართლის საპოვნელად აუცილებელია ფულიც, არის თუ არა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, სულაც, რომ ანგელოზები იყვნენ მოსამართლეები?
– სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოში საქმის საწარმოებლად გარდა ადვოკატის გასამრჯელოსი, ბაჟიც არის გადასახდელი, რაც სამოქალაქო საქმეში დავის საგნის ღირებულებიდან გამოითვლება და ეს ოდენობები კანონით არის გაწერილი. სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველასთვის იმით არის დარეგულირებული, რომ, თუ ხარ უქონელი და არ შეგიძლია, გაიღო ეს ხარჯები, სასამართლო გათავისუფლებს ბაჟისგან, რაც უნდა მილიონიან ქონებაზე დაობდე, ასევე – გეკუთვნის ადვოკატის მომსახურეობა სახელმწიფოს ხარჯით. ამას გარდა, არის გარკვეული კატეგორიის დავები, სადაც კანონი სახელმწიფო ბაჟისგან ათავისუფლებს ადამიანს, იმის მიუხედავად, არის თუ არა ის უქონელი, ანუ – სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი. თუ არ ხარ უქონელი, იგულისხმება, რომ გაქვს შესაძლებლობა, ადვოკატიც აიყვანო და ბაჟიც გადაიხადო, ასევე სასამართლოში იშუამდგომლო ბაჟის ოდენობის შემცირების ან ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით საქმის დასრულების დროისთვის. არის შემთხვევები, სამოქალაქო წესით დავისას, რომ ადამიანი ძალიან კარგადაა ჩახედული საქმეში და საკუთარ უფლებებს ადვოკატის გარეშეც კარგად დაიცავს და ეს სასამართლოში შესაძლებელია. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულია სარჩელის, შესაგებელის და შეგებებულის ფორმები როგორც ადმინისტრაციული, ისე სამოქალაქო საქმეებისთვის და სამივე ინსტანციის სასამართლოსათვის, რაც მოიცავს მათი შევსების ინსტრუქციასაც. თუ ვინმე გიჩივლებს, აუცილებლად ჩაგბარდება სარჩელი თანდართული მასალებით, ანუ შენ წინასწარ იცი, ვინ რას გიჩივის, რომელ კანონს ან რა ფაქტობრივ გარემოებებს აფუძნებს თავის მოთხოვნებს. სასამართლოს გზავნილს ახლავს ფურცელი, სადაც განმარტებულია, თუ რა ვადაში უნდა წარადგინო შესაგებელი, სადაც შეეპასუხები მოსარჩელეს, უარყოფ მის მიერ მოხმობილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენ დოკუმენტებს, რაც ადასტურებს, რომ შენი პოზიცია არის მართებული. გარდა შესაგებელისა, რაც გულისხმობს შეპასუხებას, იქვე შეგიძლია, წარადგინო შენი სარჩელიც და იქით უჩივლო მას, ვინც გიჩივის, თუკი საამისო სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები გაგაჩნია. განათლებული და მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, თუ როდის რა უნდა გააკეთოს. იურიდიული ნორმების მითითება კარგია, მაგრამ თუ არ გყავს ადვოკატი და არც სპეციალისტი ხარ, დიდი ცოდვა არც არის, თუ ვერ შეძლებ ამ იურიდიული ნორმებზე მითითებას, მაგრამ ეს მხოლოდ პირველ ინსტანციაში. როდესაც საჭირო ხდება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება, ყოველთის სჯობს, გვერდით გყავდეს სათანადო კვალიფიკაციის ადვოკატი. საბოლოოდ, მივდივართ დასკვნამდე, რომ სჯობს, ეს ადვოკატი თავიდანვე დაიყენო გვერდში, რადგან პირველ ინსტანციაში არასწორად წარმოებული საქმის მეორე ინსტანციაში გამოსწორება, სამწუხაროდ, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
აქვე უნდა შევნიშნო, რომ არსებობს ობიექტური გარემოება, რომლებსაც ითვალისწინებს სასამართლო იმ შემთხვევაში, თუ საპატიო მიზეზებით (ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და სხვა) ვერ მოახერხა პირმა დათქმულ ვადაში შესაგებლის შეტანა: შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ, სასამართლო გაითვალისწინებს პირის მდგომარეობას და გაუხანგრძლივებს მას შესაგებლის შეტანის ვადას.
– ყველა ინსტანციის მოსავლელად მეყოფა, მაგალითად, წერა–კითხვისა და ლოგიკის ცოდნა, რომ თავი დავიცვა?
– თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში თავისუფლად შეგიძლია, ადვოკატის გარეშეც გამოხვიდე პროცესზე, შესაგებელიც დაწერო და შეგებებული სარჩელიც შეიტანო, გასაჩივრების შემთხვევაში ნამდვილად და უეჭველად დაგჭირდება ადვოკატი, თუ არადა შესაძლებელია, პირველ ინსტანციაში მოგებული საქმე მხოლოდ იმიტომ წააგო, რომ ის გაგისაჩივრა მეორე მხარემ, ის აუცილებლად ადვოკატით იქნება წარმოდგენილი და შენ აღმოჩნდები უთანასწორო ბრძოლაში. ზემდგომ ინსტანციაში უკვე აღარ მსჯელობენ ფაქტობრივ გარემოებებზე, არამედ იურიდიული მსჯელობით ასაბუთებენ, რატომ არის უკანონო ან/და კანონიერი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება: რატომ არ იხელმძღვანელა პირველი ინსტანციის სასამართლომ იმ კანონით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა და თუ ის კანონი გამოიყენა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რატომ განმარტა არასწორად… სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების იურიდიული „ექსპერტიზა“ უნდა ჩაატარო, საამისოდ სპეციალისტი აუცილებელია და, საბედნიეროდ, არც ადვოკატის მოძებნაა რთული. ზოგჯერ მხარეებს, განსაკუთრებით საოჯახო დავებისას, ერთმანეთის დანახვაც კი არ სურთ და არც შეუძლიათ და ამ დროს ადვოკატი არის მისწრება, რადგან შეგიძლია, თავად არც მიხვიდე პროცესებზე და გაუშვა ადვოკატი, რომელიც შენ მაგივრად იბრძოლებს. მეც და ბევრი ჩემი კოლეგაც, ხშირად ვცდილობთ, რომ კლიენტს გონივრული ანაზღაურება ვუთხრათ და აქ გადამწყვეტი ფაქტორია კლიენტის ფინანსური შესაძლებლობები და საქმის სირთულე. როდესაც მოდის ადამიანი, ვინც დივიდენდის სახით რამდენიმე ასეულ ათასს იღებს შემოსავალს, მას და სხვას, ვისი შემოსავალიც საგრძნობლად ნაკლებია, ბუნებრივია, განსხვავებულ ჰონორარს მოვთხოვთ. ჩვენ, კერძო ადვოკატებს ხელფასს არ გვიხდის სახელმწიფო, პირიქით – ჩვენი შემოსავლიდან წინსწრებით ვიბეგრებით, ამიტომ თუ მოდის ადამიანი, რომელსაც აქვს ხელფასი ან გლეხია და აქვს მეურნეობა, ან თუნდაც პენსიონერია, საგადასახადო სამსახურთან რომ პირნათელნი ვიყოთ, კლიენტს ვთავაზობთ გონივრულ ფარგლებში წინასწარ შეთანხმებული ანაზღაურების განწილვადებას და ვაძლევთ შესაძლებლობას, ეტაპობრივად, მისთვის ხელსაყრელი გრაფიკით დაიწყოს ანაზღაურების გადახდა, რაც შესაძლოა, საქმის დასრულებამდე პერიოდსაც კი მოიცავდეს.
– ანუ სურვილიც რომ ჰქონდეს, ადვოკატს არ შეუძლია, მოემსახუროს ადამიანს უფასოდ?
– პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენ უფასოდ მხოლოდ ოჯახის წევრებს შეგვიძლია მოვემსახუროთ, სხვა შემთხვევაში წარმოიშვება ეჭვი, რომ შენ მალავ შემოსავალს, რათა არ დაიბეგრო, ეს კი დანაშაულია. საგადასახადო ფიქრობს, რომ ნებისმიერს შეუძლია მოიგონოს – ესა და ეს პიროვნება ჩემი მეგობარი ან ახლობელია და ამიტომ უფასოდ ვემსახურებიო. ჩვენ გადასახადებს კვარტალურად ვიხდით და ახლა ხომ 2026 წელია, ჩვენ ამ წლის გადასახადი გასულ წელს წინსწრებით გვაქვს გადახდილი და ახლა უკვე 2027 წლის გადასახადს ვიხდით...
– თუ 2027 წელს კლიენტი არ ეყოლა ადვოკატს, რატომ იხდის გადასახადს?
– მაგალითად, ერთ წელს ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა და შესაბამისად, გვარიანადაც დავიბეგრე. მეორე წელს ამდენი შემოსავალი აღარ მქონია და რადგან წინსწრებით მქონდა გადახდილი, თანხის ნაწილი დამრჩა დეპოზიტზე და გადასახდელი აღარაფერი მქონდა. შეიძლება, დეპოზიტზე დარჩენილმა თანხამ მომდევნო რამდენიმე წლის გადასახადიც კი დაფაროს და ეს იმ შემთხვევაში, თუ დიდი შემოსავალი არ გქონდა. თუ შემოსავალმა მოიმატა, გადასახადიც მოიმატებს… ბუნებრივია, მე ვლაპარაკობ იმ შემთხვევებზე, როდესაც ადვოკატი კეთილსინდისიერია და არც ცდილობს გადასახადი დამალოს. უფასოდ მომსახურების პრაქტიკაც არსებობს და ეს შესაძლებელია, როდესაც ადვოკატი დამწყებია და გამოცდილების მისაღებად, უღირს უფასოდ ან ძალიან დაბალ ფასად მოემსახუროს კლიენტს.
– თუ არსებობს ნიხრები, რომ აი, ეს და ეს საქმე ღირს ამდენი და ამდენი, ან თუ არსებობს ადვოკატის ჰონორარის ზედა და ქვედა ზღვარი?
– არა, მსგავსი ნიხრები არ არის დაწესებული და ეს საქმის სირთულიდან გამომდინარეობს. მაგალითად, საკმაოდ შრომატევადია ოჯახური დავები – განქორწინება მარტივი საქმე არ გეგონოთ; ხანდახან მირჩევნია, რომ მკვლელობის საქმეში ჩავერთო, ღმერთმა ყველა დაიფაროს, ვიდრე ჩავდგე დაპირისპირებულ ცოლ-ქმარს შორის. ძალიან დამღლელია ემოციურად, ერთმანეთს ანადგურებენ და არც ერთს თავში აზრად არ მოსდის, რომ ამით ბავშვები ზარალდებიან. განქორწინების საქმეებს დაშორებული წყვილები ერთმანეთთან ანგარიშსწორებისთვის, ერთმანეთის გასამწარებლად იყენებენ. ასეთი საქმეები, თუ მორიგებით არ დასრულდა, რაც ძალიან რთული პროცედურაა, როგორც წესი, სამ ინსტანციაში გრძელდება და არც ერთ მხარეს არ მოსწონს ხოლმე გადაწყვეტილება. მე რომ ხელშეკრულებაში ჰონორარი არაგონივრულად მცირე ოდენობით გავწერო, ეს საგადასახადოსგან ადეკვატურად არ აღიქმება. ამდენად, ჩვენ, ადვოკატები, უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით ვარეგულირებთ ხოლმე ჩვენს ანაზღაურებას, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად შრომატევადია საქმე და, თუ ლაპარაკია კლიენტისთვის შეღავათის მიცემაზე, აქ, ვფიქრობ, განაწილვადება ძალიან კარგი საშუალებაა. მე თუ მთელი წლის განმავლობაში უნდა გემსახურო, ან საქმე, შეიძლება, 3-4 წელსაც კი გაგრძელდეს, წინასწარ ვთანხმდებით, რა თანხის გადახდა შეუძლია ყოველთვიურად ადვოკატისთვის ხელფასის სახით და როდესაც საქმე დასრულდება, ჰონორარი ადვილად გასტუმრებული ექნება. სხვათა შორის, კანონი ითვალისწინებს, რომ საქმის მოგებით დამთავრების შემთხვევაში ადვოკატს დამატებით ეკუთვნის ჯილდო, ოღონდ ამაზე წინასწარ არის აუცილებელი შეთანხმება, თან ხელშეკრულებით.
– რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითხველს, როგორც ადვოკატი?
– დღეს ყველა უკვე ყველაფერს ასაჩივრებს და მკითხველის საყურადღებოდ ვამბობ: ხალხს ჰგონია, სასამართლოს გზავნილი რომ მოუვა, რაც ჩვეულებრივისგან განსხვავებული კონვერტია, თუ არ ჩაიბარებენ, ამით პრობლემას აიცილებენ თავიდან. ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს ადამიანი, თუ სასამართლოს გზავნილს არ ჩაიბარებს, იმიტომ, რომ, თუ ერთხელ და ორჯერ არ ჩაიბარებს, ამის შემდეგ სასამართლო შეეცდება ადრესატის მოძებნას პოლიციის დახმარებით. პოლიცია კი აუცილებლად იპოვის, გამოიძახებს და ჩააბარებს ადამიანს საჩივარს და ამ დღიდან ჩაირთვება შესაგებელის შეტანის ვადა. შეიძლება, პოლიციამაც ვერ მოძებნოს მოპასუხე, რომელიც ან უცხოეთშია ან იმ მისამართზე არ ცხოვრობს, სადაც არის რეგისტრირებული. მაშინ უკვე მხარის შუამდგომლობით, სასამართლო სრულად უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც არავითარ შემთხვევაში არ მოგეწონებათ. ამდენად, გვერჩივნოს, რომ ჩავიბაროთ, წავიკითხოთ და შევეპასუხოთ, რომ პროცესზე ვიყოთ მხარე. ამასთან, დღეს ყველას აქვს მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი. ჩაწერეთ „საკანონმდებლო მაცნე“ ან თქვენთვის საინტერესო სიტყვა და ყველა კანონს ამოგიგდებთ. ბოლოს და ბოლოს, შეეკითხეთ ხელოვნურ ინტელექტს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





