როგორი ექსპერიმენტი ჩატარდა კოვიდპანდემიით და რა ეკონომიკური და ფსიქოსოციალური ზარალი მიაყენეს ამით დედამიწის მოსახლეობას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00
მას შემდეგ, რაც კოვიდპანდემიის, აწ უკვე დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, აფერა ჩამთავრდა და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, დოქტორ ფაუჩის თემა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე, იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ მან ააბურთავა კაცობრიობა და არა მხოლოდ ააბურთავა, არამედ ამ პროცესმა უამრავი ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა და, სავარაუდოდ, კიდევ იმსხვერპლებს. ცოტა ხნის წინ ზემოხსენებული ფაუჩის დღიურები გამოქვეყნდა, რომელშიც ნათლად წერია, რომ სწორედ ამ ბატონმა დაარწმუნა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ჩაეკეტათ ადამიანები. მეტიც, მაგალითად, ჯეფრი საქსის აზრით, უფრო ბევრი არგუმენტი ადასტურებს, რომ კოვიდის ვირუსი ხელოვნურად იყო შექმნილი და გაშვებული აშშ-ჩინეთის ერთობლივი ექსპერიმენტის შედეგად, ვიდრე ბუნებრივადაა წარმოშობილი და, თუ არ გამჟღავნდება იმ პანდემიის გაჩენის საფუძველი, საფრთხე ისევ დღის წესრიგშია. სტატისტიკის სპეციალისტთან, ნოდარ კაპანაძესთან ერთად ვიმსჯელებთ კოვიდთემის გაჩხრეკის გააქტიურებისა და მინავლების საკითხზე.
– რა ასეთი ძალაუფლება ჰქონდა დოქროტ ფაუჩის, რომ მთელი დედამიწა მისი ახირებების ტყვედ იქცა და რამდენჯერ უნდა დაუსვან მას კითხვები ამერიკელმა კანონმდებლებმა?
– არ მოგატყუებთ, რომ მის დაკითხვას დეტალურად ვუყურე, იმიტომ რომ საკუთარ ფსიქიკას ვუფრთხილდები. აღარ ვარ იმ ასაკის, რომ მსგავსი იდიოტობები გადავიტანო. ეს ძალიან მაგონებს გაბრიელ გარსია მარკესის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას“, როდესაც ყველასთვის ყველაფერი ცნობილია. ამ შემთხვევაშიც საუბრობენ იმაზე, რაც ციფრებით იქვე მტკიცდებოდა. თუ გახსოვთ, მაშინ, ანუ კოვიდშიზოფრენიისას თქვენთან მქონდა ინტერვიუ მაჩვენებლების შესახებ. შექმნეს რაღაც საიტი, რომელზეც აფიქსირებდნენ ახალ შემთხვევებს, სიკვდილიანობას და ასე შემდეგ. ყოველდღიურად შევდიოდი იმ საიტზე და იქ გამოქვეყნებული მონაცემები არათუ პანდემიის, ეპიდემიის კრიტერიუმებსაც კი არ აკმაყოფილებდა. თუმცა იმ წელს, მაგალითად, საქართველოში სიკვდილიანობის დონე მკვეთრად ავარდა ზევით, რაზეც ჯანდაცვის ექსმინისტრმა ტიკარაძემ თქვა, რომ ეს გამოწვეული იყო ჰოსპიტლების გადატვირთვით სხვადასხვა დაავადების გამომწვევი, ეგრეთ წოდებული, ჰოსპიტალური შტამებით. ჰოსპიტალებში რომ გადარჩება, ის ვირუსები გამოცდილი ამხანაგები არიან, ანტიბიოტიკებთან და რაღაცებთან ბრძოლაში გამოწრთობილები, რომელთა დამაზიანებელი მოქმედება გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივ, ბუნებრივ მდგომარეობაში მუტაციებგავლილი ვირუსების. სწორედ ამ ჰოსპიტალურმა შტამებმა და ადამიანების დაზაფვრამ გამოიწვია სიკვდილიანობის დონის ის ავარდნა აი, იმ „ლოქდაუნის“ დროს. რაც შეეხება ფაუჩის: რა თქმა უნდა, არ არის ის, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, მაგრამ მისი სახელით ბევრი რამ განხორციელდა, ამიტომაც მას რაღაცებს ეკითხებიან, მაგრამ თავად ამერიკელმა კანონმდებლებმაც, ალბათ, ძალიან კარგად იციან, რომ ფაუჩის წინასწარ გამოუწერა შეწყალების თამასუქი ჯო ბაიდენმა.
– არა მხოლოდ მას, საკუთარი ოჯახის წევრებსაც.
– დიახ და ეს, თავისთავად ნონსენსია, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოხდა. ანუ მას აქვს ინდულგენცია ადრე ჩადენილი და აწი ჩასადენი ცოდვებისთვის. მოკლედ, ეს ფანტასტიკური რამაა, თუმცა „ლოქდაუნის“ თემა ძალიან მწვავეა, ვინაიდან ის ჩაკეტვა, როდესაც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო დაკეტეს, იყო ძალიან მასშტაბური სპეცოპერაცია. ალბათ, აკვირდებოდნენ, როგორ იქცეოდა საზოგადოება ასეთი პროცესების დროს. დიდი ექსპერიმენტი ჩაატარეს და ამ ექსპერიმენტს, რასაკვირველია, მოჰყვა უამრავი მსხვერპლი, უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი და ისეთი შეუქცევადი პროცესები, რომ მსოფლიო ეკონომიკა „ლოქდაუნამდე“ და „ლოქდაუნის“ შემდეგ უკვე ორი სხვადასხვა რამაა.
– ერთია, რომ ვაქცინების მწარმოებლებმა იხეირეს, მაგრამ ვინ იხეირა მათ გარდა?
– იხეირა „ბიგ ფარმამ“. კლაუს შვაბი იყო დავოსის ფორუმის ფასილიტატორი, პანდემიისას მისი სახელით გამოვიდა წიგნი „დიდი გადატვირთვა“, რომელშიც მოცემულია, ფაქტობრივად, გეგმა, რის განხორციელებაც უნდათ დავოსის ფორუმის მონაწილეებს; ასე ვთქვათ, გლობალისტურ ცენტრებს: ცხოვრების ყველა ასპექტის რეგულირება, მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების წესის. ეს არის იმის თეზისები, რასაც გლობალურ მმართველობას უწოდებენ. საყურადღებოა, რომ სწორედ დავოსის ფორუმის ვარსკვლავების ლოცვა-კურთხევით მოხდა ეს „ლოქდაუნიც“, რომელმაც მოიტანა უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი. სხვათა შორის, მე და მერაბ კაკულიამ დავითვალეთ და ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და რონდელის ფონდის სახელით, გამოვიდა ეს ნაშრომი, რომელიც ეხება ეკონომიკურ ზარალს, რომელიც მიიღო საქართველომ. თუ სწორად მახსოვს, 6-პროცენტიანი ვარდნა იყო. დავთვალე, როგორც საერთო ვარდნა, თუ რომელ სექტორებს დაარტყა „ლოქდაუნმა“ და, აგრეთვე, ზარალში შევიყვანე მიუღწეველი ზრდა. ანუ რამდენი იქნებოდა ეკონომიკური ზრდა, რომ არა ჩაკეტვა და ორ ნაწილად გავყავი: მიუღწეველი ზრდა და ეკონომიკური ვარდნა. ზარალი, დაახლოებით, 4 მილიარდამდე 2015 წლის ამერიკული დოლარი გამოვიდა. შეიძლება, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მასშტაბით ეს ძალიან დიდი ზარალი არ არის, მაგრამ საქართველოს მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი ზარალია, რაც მივიღეთ ამ აბსოლუტურად გაუაზრებელი ან გააზრებული, მაგრამ მავნებლური გადაწყვეტილებისგან.
ეს არის პირდაპირი ეკონომიკური ზარალი, რაც დოლარებში შეიძლება, გაზომო, მაგრამ უპირველესად რაც დაიკლა, იმ კრიზისის დროს, ეს იყო ტურისტული სექტორი, ანუ სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და კომუნიკაციების სექტორი. ამ მოვლენამ აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ტურიზმზე დაფუძნება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი. ტურიზმი დიდებული რამაა, მაგრამ ძალიან მოწყვლადი სექტორია, რომელიც პირველი დაიკვლება ნებისმიერი კრიზისის დროს. მაგრამ გაცილებით უფრო დიდი და მნიშვნელოვანი იყო ეგზისტენციური ზარალი: სოციოფსიქოლოგიური ზარალი, რაც მიიღო საზოგადოებამ. გემახსოვრებათ, ანტივაქსერები და ვაქსერები, დარჩი სახლში, მე დავიბუსტე და რაღაც მსგავსები.
– ჩემთვის კლასიკად რჩება: აიცერი ჩემთვის, იმიტომ რომ არ მესმის, სხვისთვის რატომ უნდა ავიცრა.
– მაგალითად, მე არ ავცრილვარ.
– არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები.
– და კოვიდი რომ შემეყარა, გახარებულმა ვაცნობე, კოვიდი მაქვს და კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი. სულ რაღაც ერთი აბი „პარაცეტამოლი“ მეყო ამ ზოგადსაკაცობრიო საფრთხისგან თავის დასაღწევად. მე იმ პერიოდს ვუწოდებ კოვიდშიზოფრენიას, ვინაიდან ის პროცესი სრულად იყო აცილებული ყველა ნორმას. მეორეა წმინდა სამედიცინო ხასიათის ზარალი. მე არ ვიცი დეტალები, მაგრამ ფაქტია სახელდახელოდ მოთუხთუხებული ვაქცინების შედეგები ჯერ კიდევ ბოლომდე არ დამდგარა.
– ასევე, საინტერესოა იმ სტატისტიკის ნახვა, თუ რა ტიპის დაავადებები გაიზარდა იმ პანდემიის შემდეგ აცრილებში, როგორია ასაკობრივი ჯგუფები...
– ეს ისეთი რამაა, რაც ნელ-ნელა ჩანს. მკვეთრად მზარდი დინამიკა შეიმჩნევა სისხლის მიმოქცევის დაავადებების, თუმცა ამას დეტალური ანალიზი სჭირდება, რომელიც ვერც უცებ კეთდება და არც უცებ დგება ასეთი შედეგი. თუმცა, ვეჭვობ, რომ შეიძლება, ეს შედეგები დადგეს მოგვიანებით. ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ამ ხმების დადასტურება გამიჭირდება, სანამ კონკრეტულ სტატისტიკას არ ვნახავ. არის შემთხვევები, რომ აცრის შემდეგ ვიღაცას რაღაც დაემართა, მაგრამ ერთეულ შემთხვევებზე დაფუძნებით დიდი და შორსმიმავალი დასკვნის გაკეთება არ არის სწორი. აქედან გამომდინარე, იგივე პრობლემა აწუხებს ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებასაც. იქაც ისმება ეს კითხვები და პირველი, ვისაც ამ კითხვებს უსვამენ, არის ამ ამბის უშუალო მონაწილე, ვისი სახელითაც ეს ყველაფერი კეთდებოდა. „ბიგ ფარმასა“ და „ფაიზერს“ ამ კითხვებს ვერ დაუსვამ, იმიტომ რომ ბიზნესებია, მისგან ვაქცინა იყიდეს და მანაც გაყიდა, მაგრამ კითხვები შეიძლება, დაესვას, მაგალითად, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომლის წინააღმდეგაც, დადის ხმები, აღძრულია საქმე კორუფციული სქემის შესახებ „ფაიზერით“ და ასე შემდეგ. ანუ ეს საკითხი დახურული არ არის, ოღონდ მის ბოლომდე გარკვევასა და გახსნას ბევრი ერიდება, იმიტომ რომ ამაში ძალიან ბევრი წონიანი ფიგურაა ჩარეული. რეალურად, არანაირი პანდემია და ეპიდემია არ ყოფილა. ეპიდემიის კრიტერიუმი შეგიძლიათ, ნახოთ, გადაამოწმოთ, რა შემთხვევაში ითვლება ეპიდემიად დაავადებები. მაგალითად, ეპიდემია არის, როდესაც სახელმწიფოს ან სახელმწიფოს რომელიმე ნაწილის კომპაქტურად დასახლებული მოსახლეობის 10 პროცენტი ერთდროულად ხდება ავად რაღაც დაავადებით. მინიმუმია 10 პროცენტი, ხოლო, თუ უფრო მეტია, უფრო ძლიერი ეპიდემიაა. პანდემიად კი ითვლება, როდესაც მთელი კონტინენტის რაღაც ნაწილის ან ერთი კონტინენტის, ან სახელმწიფოების გაერთიანების მოსახლეობის, მინიმუმ, 10 პროცენტი ხდება ერთდროულად ავად. რეალურად კი, სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობაში ეს დაავადება არათუ ერთდროული დაავადების რაოდენობით, არამედ კუმულაციური დაავადების შემთხვევების რაოდენობითაც კი: განკურნებულებს დამატებული ავადმყოფები და ახალი შემთხვევები, ასევე, დაავადება უკვეგადატანილების რაოდენობითაც კი ახლოსაც ვერ მიდიოდა ეს მაჩვენებელი არათუ პანდემიის, ეპიდემიის კრიტერიუმთანაც კი. ბევრგან დაავადებების რაოდენობა 3 პროცენტამდეც ვერ ადიოდა.
– და არავინ იმჩნევს იმ ქვეყნებს, რომლებმაც არ ჩაკეტეს მოსახლეობა.
– დიახ, ორი ქვეყანა იყო, რომელმაც პრინციპულად თქვა უარი ამ „ლოქდაუნზე“. ეს იყო ბელარუსი და შვედეთი. შვედეთი, ალბათ, საექსპერიმენტოდ დატოვეს. ხოლო ბელარუსი იმიტომ, რომ ლუკაშენკო ჭკვიანი კაცია და თქვა, მოუსვით აქედანო. მართალია, აქ ჩვენი კლავიატურის ლომები და სამზარეულოს შეიარაღებული ძალებისა და დივნის ექსპერტები ამბობდნენ, რომ, თურმე, ბელარუსში შტაბელებად ეწყო მიცვალებულები ქუჩებში და ასე შემდეგო, აღმოჩნდა, რომ ბელარუსში არც სიკვდილიანობის დონე აწეულა და არც მსგავსი არაფერი მომხდარა.
მოკლედ, ეს ყველაფერი, რაც მაშინ ჩატარდა, იყო ძალიან დიდი მასშტაბის სპეცოპერაცია და ვიღაცებს ახლა აინტერესებთ, სინამდვილეში რა მოხდა და რადგან აინტერესებთ, ამიტომაც მიდის ასეთი დაკითხვები. თუმცა, მე ძალიან მეეჭვება, რომ ამ ეპოქაში, მინიმუმ, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც რამე კონკრეტული გაირკვეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





