პოლიტიკა

მკვეხარა?!

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სკამებიდან დასაგორებლები

მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებამ ჩაილურის წყალი დალია და ირანმა ახლო აღმოავლეთში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა, ხოლო აშშ-მა საპასუხოდ – ირანული ობიექტები, აშშ-ის პრეზიდენტმა დაიქადნა, რომ აქამომდე არნახულსა და არგაგონილ იერიშს მიიტანდნენ ირანზე, რათა სრულად აღეგავათ ის პირისაგან მიწისა (იმას გარდა, რომ ამ ურთიერთდაბომბვების პროცესში ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაიკეტა), დონალდ ტრამპმა გვამცნო, რომ თეირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს, ოღონდ ირანული მხარე ამ ფაქტს უარყოფს. მაგრამ ეს ხელს არ უშლის შტატების პირველ პირს, გაგვიცხადოს, რომ, თუ ირანი საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს, შეერთებული შტატები სამხედრო დარტყმებს განაახლებს და, ზედაც, გვპირდება, რომ ჰორმუზის სრუტეც ძალიან მალე გაიხსნება (ვიმედოვნებ, ირანის ხელისუფლებამაც იცის ეს სასიხარულო ამბავი).

რაც ყველაზე მთავარია, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი კვლავ იმუქრება, რომ პასუხი ურჩობაზე გაცილებით მკაცრი იქნება, ირანული მხარე უარყოფს აშშ-თან რაიმე ტიპის პირდაპირ მოლაპარაკებებს და, თავის მხრივ, გვარწმუნებს, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხს ომანთან ათანხმებს. და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც აშშ-ის პირველი პირის მუქარების ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რომ თავად დონალდ ტრამპი თავის პირველ ჩვენებას „აწვება“ – ჯერ არნახული და არსმენილი შეტევისას.

მეორე მხრივ, ამერიკელი ანალიტიკოსები (ტრამპისადმი კრიტიკულად განწყობილები) გვიმტკიცებენ, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთზე გავლენას კარგავს, ვინაიდან არაბული სახელმწიფოები, აშშ-ის სატელიტები რეგიონში, კატეგორიულ უარს ამბობენ ირანზე ფართომასშტაბიან თავდასხმაზე და, სავარაუდო სცენარად, რაკი ტრამპი ირანთან დაპირისპირებას აგებს, თავდაცვის მდივნის (ანუ ომის მინისტრისა) და სხვა ჩინოსნების თავების (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათი სკამებიდან) დაგორებას წინასწარმეტყველებენ. ხოლო, რაკი პათოსია: პრეზიდენტს ატყუებდნენ, იბადება ეჭვი, რომ კომუნისტურსა თუ დემოკრატიულ აკვანში თანაბრად აქტუალურია „გათეთრების“ თეზა: ბელადმა არ იცოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი