პოლიტიკა

რატომ დამკვიდრდა ქართულ რეალობაში აზრი, რომ დამოკიდებული უნდა ვიყოთ სხვების მოსაზრებებზე

№31

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ძალიან შფოთავენ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატებიც გამჭვირვალობის ქართული კანონის გამო, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მათ ქვეყნებში მსგავსი კანონები დემოკრატიის გამოვლინებაა, ხოლო საქართველოში დიქტატურის ნიშნების შემცველი; ანალოგიური დამოკიდებულებაა იმ კანონის მიმართ, რომელიც აწ უკვე ითვალისწინებს სასჯელს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის. ეს კანონიც, რომელიც დასავლური სამყაროსთვის სავსებით ბუნებრივია, საქართველოში ანტიდასავლურ გამოვლინებადაა მიჩნეული დასავლელების მიერ. როგორ უნდა გავიგოთ მსგავსი შეფასებები – პირველყოფილ ველურებად მიგვიჩნევენ და ასეთებად უნდა დავრჩეთ, თუ რატომ არ გვაძლევენ უფლებას, ვემსგავსოთ მათ და მაინცდამაინც ერთმანეთს უნდა ვაგინოთ უშვერი სიტყვებით, რომ დასავლეთისთვის სათნონი ვიყოთ?! - ამ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ: ქართულ სინამდვილეში უკვე დიდი ხანია, მწიფდება პრობლემა, რომ სულ სხვების მოსაზრებაზე ვართ დამოკიდებული, აბა, რას იტყვის სხვა, მაგალითად, ამერიკა, თავისი ტრამპით. მანამდე გლობალისტები, ულტრალიბერალები არ იყვნენ დაინტერესებული იმით, რას იტყვიან სხვები; მათთვის ხელსაყრელ დღის წესრიგს დებდნენ და შემდეგ ცდილობდნენ, რომ ის დღის წესრიგი, რაც შეიძლება, „გაეპრავებინათ“ და იქნებ ჩვენც ისე მოვიქცეთ, როგორც დიდი ქვეყანა?!

– თუ ჩვენი ორიენტირია ევროკავშირი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, დასავლეთის თანამეგობრობის წევრობა, ეს ხომ თავისთავად ნიშნავს, რომ შენ აღიარებ მათ უპირატესობას?

– ჩვენ ვიბადებით და ვიზრდებით ოჯახში, მაგრამ შემდეგ მივდივართ და საკუთარ ოჯახს ვქმნით. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საკუთარ ოჯახებზე უფრო ძვირფასი, ხომ, არავინ გვყავს?! მაგრამ, დამოუკიდებლობა თუ გინდა, საკუთარი ოჯახიდანაც კი უნდა იყო დამოუკიდებელი. ამდენად, ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდა თუ ევროპის წევრობა, აი, ეს გვაქვს გადასაწყვეტი; დამოუკიდებლობა გვინდა თუ ამერიკის მოფერება?! საბედნიეროდ, ამერიკის შტატობას არ ვცდილობთ, თუმცა, ასეთი პრეცედენტი რომ იყოს შესაძლებელი, ამასაც დავთანხმდებოდით.

– შეიძლება, ჩვენი პრობლემა ისიცაა, რომ დამოუკიდებლობა გაიგივდა დასავლური თანამეგობრობის წევრობასთან?

– დამოუკიდებლობა რომ დასავლური თანამეგობრობის წევრობასთან გაიგივდა, ეს ხერხია, რომელიც დრომ მოიტანა, თორემ ადრე არც ვიფიქრებდით ამას. ნუ დაგვავიწყდება, რომ 35 წლის წინ დაშლილი საბჭოთა კავშირის ნაწილები ვართ და მთელი 70 წლის განმავლობაში ჩვენთვის დამოუკიდებლობა გაიგივებული იყო დასავლეთთან, იმიტომ რომ იმ დასავლეთს ვუსმენდით რადიოში, ვუყურებდით კინოში და ისინი გვეუბნებოდნენ, რომ უნდა იყოთ დამოუკიდებლები, ოღონდ დამოუკიდებლები რუსეთისგანო. ჩვენ, მგონი, სწორედ ეს ვერ გავიაზრეთ. ახლა რუსეთისგან დამოუკიდებლობა მიღებული გვაქვს და შინაგანად რუსეთის მიუღებლობაც აქვს ბევრს, თუმცა ყველას არა და ამაში რუსეთს დიდი წვლილი მიუძღვის: ტერიტორიები წაგართვა, ტერორისტული აქტები მოგიწყო და ასე შემდეგ... ანუ გექცეოდა, როგორც მის შემადგენლობაში მყოფ ქვეყანას და ევროკავშირიც ხომ ისე გვექცევა, თითქოს მის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა ვართ?!

– და საბჭოეთის ასოციაცია არის ის, რაც, ჩემი აზრით, დისკრედიტაციას უწევს ევროპულ ორიენტაციას.

– დიახ. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს კავშირი; რომ კავშირი არ ნიშნავს თანასწორების კავშირს. გამოცდილი გვაქვს 70 წლის განმავლობაში, რომ არსებობს დიდი ძმა და ახლა უცბად აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დიდი ძმა არსებობს: გერმანია, საფრანგეთი, სხვები... ისინი გვეუბნებიან, თქვენ ჯერ პატარები ხართ და წევრობის უფლებით მიგიღებთ, მაგრამ სხვა არაფრის უფლება არ გექნებათო. ამ ტიპის შეზღუდვები და ტენდენციები მარტო ჩვენ მიმართ არ აქვს ევროკავშირს. ახლახან გერმანიიდან სტუმარი მყავდა და მიამბო იმ განწყობის შესახებ, რაც გერმანიაშია. ევროკავშირი მათ უზღუდავს, თუ რა სახეობის და რამდენი პროდუქცია უნდა გამოუშვან; რამდენი ლტოლვილი უნდა მიიღონ – რადგან გერმანია მდიდარია, უფრო მეტი უნდა მიიღოს, ვიდრე, მაგალითად, პორტუგალიამ. ანუ დამოუკიდებელი მოქმედების ხარისხი ძალიან დაბალია და მით უმეტეს, მიგრანტების ქცევის ფონზე, რომლებიც არ ერიდებიან გაუპატიურებებსა და ძარცვებს. ამის საფუძველია ევროკავშირის რეკომენდაციები და ყველამ იცის, რა მოხდება, თუ ამ რეკომენდაციებს წინააღმდეგობას გაუწევენ... იგივე, რაც ორბანის შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირი მას დაუპირისპირდა, ზეიმობდნენ ორბანის დამარცხებას. არადა, რატომ ზეიმობ, რა შენი საქმეა, ვინ არის ამა თუ იმ ქვეყნის ხელმძღვანელი?! ესე იგი, გეგმა აქვთ და იმიტომ აინტერესებთ. ევროკავშირის ბიუროკრატია – ეს არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომლებიც უზარმაზარ სახსრებს განაგებენ, მთელ ევროპას, მსოფლიოს განაგებენ ისე, რომ ისინი არავის აურჩევია. არავის წინაშე ანგარიშვალდებულები არ არიან და ამ მოცემულობაში იმ ფორმულის გამეორება, რომ ევროკავშირი გვინდა, რაც ჩაგვაწერინეს კონსტიტუციაში, ჩვენი ოპოზიციის საშუალებით, მძიმე მდგომარეობაა. მით უმეტეს, რომ ამ ფორმულას ევროპა იყენებს ზეწოლისათვის. თუ ევროპა გინდა, მაშინ ესა და ეს გააკეთე.

სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლებების შეცვალაზეა აგებული ამერიკელებისა და ევროპელების მიერ შექმნილი დოქტრინები, რომლებშიც ხაზგასმულია, რომ კულტივირება გაუკეთო ამ ცივილიზაციას, ევროპულს ან ამერიკულს, რომელსაც უნდა, რომ რაღაც მოიგოს. ამის მიღწევას ცდილობენ არა ჯარის შემოყვანით, არამედ ქვეყანაში უხმოდ დამორჩილების წესის შემოტანით. და ვხედავთ კიდეც ასე უხმოდ დამორჩილებულ ევროპულ ქვეყნებს. აი, ასეთი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, სადაც მიგვიყვანა საბჭოთა კავშირისგან, ანუ რუსეთისგან დამოუკიდებლობის სურვილმა, როდესაც გვეგონა, რომ დამოუკიდებლობას დასავლეთის ქვეყნები მოგვიტანდნენ.

– როდესაც იმავე თავისი მოსახლეობის ან სხვების გასაგონად ამბობენ, დაუშვებელია ის, რაც მათ ქვეყანაშია დამკვიდრებული, ეს არ ქმნის უხერხულობას?

– ამის საფუძველში დევს ის, რომ, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. და ეს ჩვენი მდგომარეობა ისევ ქართული რომანტიზმის გამოძახილია, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ისტორიული გამოცდილება გვაქვს: ირანელების, თურქ-სელჯუკების, არაბების, მონღოლების, ბიზანტიელების, რუსების... და ყველა მათგანი არა მარტო იარაღის ფლობით, არამედ პოლიტიკური თამაშებითაც იყო ძლიერი, დავაგროვეთ იარაღის ქნევის გამოცდილება, მაგრამ პოლიტიკური თამაშების გამოცდილება, ეტყობა, ვერ დავაგროვეთ.

– დავით აღმაშენებლის შვილი, დემეტრე პირველი, ძალიან კარგი დიპლომატი იყო და ძალიან საინტერესოდ მართავდა მამამისის დანატოვარ იმპერიას, არანაკლებ საინტერესოა გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკური ალღო და მანევრებიც, მაგრამ ჩვენში ეს რატომღაც პოპულარული არ არის.

– სამწუხაროდ, მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების შემდგომმა ეპოქებმა გამოგვშიგნა და დაიწყო დიდი ქაოსი. არადა, ის გამოცდილება რომ აგვეღო, დავინახავდით ჭეშმარიტებას. ამ მხრივ, ყველაზე საჩვენებელი გაკვეთილი ბიზანტიამ ჩაგვიტარა, რომელიც შემდეგ უკვე ხმლით გვებრძოდა და ჩვენც ხმლით ვებრძოდით. გიორგი პირველის ეპოქას ვგულისხმობ. მაშინ, როდესაც მისი კულტურა გადმოსული იყო შენთან, მაინც მოგიწია ბრძოლა, რადგან გიყურებდა, როგორც მეათეხარისხოვან ქვეყანას და რაც მას ეპატიებოდა, შენ არ გეპატიებოდა, თუმცა გაძლევდა ტიტულებს. მეორე მხრივ, როდესაც გაკვეთილს არ სწავლობს მოწაფე, შედეგი სავალალოა. მაგრამ გასახარი ის არის, რომ უცბად ამოვქაჩეთ ეს გამოტოვებული მასალა და ახლა ვიქცევით, როგორც მოწიფული ერი. ასეთი მოწიფულები რომ ვყოფილიყავით, ვთქვათ, გიორგი პირველის პერიოდში, სხვაგვარი ვითარება იქნებოდა დღეს... ინტელექტუალური მენტალიტეტი გაგვიფუჭა იმ პერიოდმა, თან, საუკუნეებზეა ლაპარაკი. ყველაზე ადვილი მეხსიერების გაქრობაა და ყველაფერი გაგვიქრა.

– თქვით, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა, ვიყოთ ჩვენ. ამისთვის მხოლოდ სურვილია საკმარისი?

– ჩვენი სპეციალობა ფსიქოლოგიაა და ვიცით, რომ ამ საკითხზე ექსპერიმენტებია ჩატარებული. კლასში, როგორც წესი, დაბალი აკადემიური მოსწრების ზარმაცები უკან სხედან, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები – წინ. ექსპერიმენტის რეჟიმში მასწავლებელმა მათ ადგილები შეუცვალა: ვინც ცუდად სწავლობდა, წინ გადასვა და პირიქით, ვინც კარგად სწავლობდა – უკან. 10 დღის განმავლობაში ასე ისხდნენ გაკვეთილებზე და აღმოჩნდა, ზარმაცებმა, რომლებიც წინ გადმოსვეს, უკეთ დაწერეს დავალება. წინ დამჯდარს აქვს განცდა, რომ მაგარია და ამიტომაც მართლაც უკეთესად დაწერეს. ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ ყველაფერი ჩვენი რწმენიდან იწყება. თუ დავიჯერებთ, რომ შეგვიძლია, ქვასაც გავხეთქავთ. მით უმეტეს, რომ დღეს მწიფდება ისეთი სიტუაცია, როდესაც ერის რაოდენობას არ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორც სხვა ფაქტორებს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ადგილი და თუ ამ ადგილს შევინარჩუნებთ, ეს დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯია, სახელმწიფომ რომ თავის თავზე აიღო ანაკლიის პორტის მშენებლობა და არ აპირებს, ვინმეს მიმართოს დასახმარებლად.

– საბჭოური ათეისტური მიდგომა, რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას, ამოყირავდა, იმიტომ რომ სწორედ ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას.

– ეს უნივერსალურია და ამიტომ რუსების მიერ ნათქვამი ეს ფრაზა გადავიდა ევროპელებზე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ათეისტური ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პირიქითაა. ცნობიერებით იწყება ყველაფერი; ადამიანი ცნობიერების მატარებელია. მე ხომ განწყობის ფსიქოლოგიაში ვიქექები და უზნაძის ანალიზის შედეგად აღმოვაჩინე, რომ მან კომუნისტების გამო დაიწყო თავისი თამაში: სიტუაციამ მოითხოვა ასე. რეალურად უზნაძე არის იდეალისტი. ამბობს, რომ განწყობა, ანუ იდეა არის მთავარი და ის მაკეთებინებს ყველაფერს.

– ისევ იქ მივდივართ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაა საკმარისი, რომ მთები დაძრათო.

– დიახ, დადებითი რწმენაა, რომ შემიძლია, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ უარყოფითი რწმენა გაქვს, არაფერი გამოგივა. შესაბამისად, გამოიკვეთა კონტურები, რომ ჩვენს ამ მიმართულებით სვლას აქვს შედეგი: თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ორ ფეხზე ვიდგებით და არავინ გვჭირდება, ყველას დავჭირდებით და ასეც იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი