კაცობრიობა = „თამროს“?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 58 წუთის წინ
ანუ უშაბათო კვირა
ის დრო, როდესაც გვარწმუნებდნენ, რომ ბევრი „ნატო“ საქართველოში და ბევრი საქართველო „ნატოში“ წარსულს ჩაჰბარდა ან კი როგორ არ ჩაჰბარდებოდა, როდესაც 2022 წელს გარდამტეხ წერტილამდე მივიდა კაცობრიობა და, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვაი რომ, ის თამრო აღარ არის: არც საერთაშორისო შეთანხმებები მოქმედებს და მხოლოდ ძალის სამართალი ჭრის და კერავს. ამის მიუხედავადაც, აქეთ ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ საქართველოს სახელმწიფოს განვითარების სვლა-გეზი მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენაა (და მერე რა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ერთმანეთს ტერიტორიებსაც ედავებიან – დანია და საბოტაჟსაც უწყობენ – ესპანეთი?!), იქით – უკრაინა ღვრის სისხლს, მათ შორის, იმისთვის, რომ „ნატოსთვის“ სათნო შეიქნას და უახლოეს მომავალში მის რიგებში ამოყოს თავი (გავიხსენოთ 2008 წლის აპრილის „ნატოს“ სამიტი ბუქარესტში, საქართველოსა და უკრაინის მიღება რომ გადაწყდა, ადრე თუ გვიან ან, სულაც, უშაბათო კვირას, მაშასადამე, არასდროს).
და თუმცა არ მგონია, ქართული ზღაპრებისთვის ჩვეული ეს ფრაზა (უშაბათო კვირა) ცნობილი იყოს ერთ დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლისა და აწ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩ ბ-ნი ზალუჟნისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ სულ ახლახან ამ უკანასკნელმა შემდეგი განაცხადა (მომყავს ციტატა): „ნატოს“ ძალიან კარგად ვიცნობ. 12 წელს ვმუშაობდი, რომ „ნატოს“ სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ სულ მალე „ნატოში“ შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით“. ოღონდ უკრაინელი დიპლომატი ხელისშემშლელ ფაქტორად უკრაინის შეიარაღებული ძალების არსებულ დონეს ასახელებს. სახელდობრ, ის ამბობს: „შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების არსებული დონით შეუერთდე იმ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“. რაც მთავარია, ბ-ნი ზალუჟნი, რატომღაც, აღიარებს, რომ კიდევ 12 წელი სჭირდება იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ფედერაციის დონის ნახევარს მაინც გაუთანაბრდეს.
ცხადია, მე არ ვიცი, რა გახდა უკრაინელი ელჩის ამ გულახდილობის მიზეზი ან რა მიზანს ისახავს მისი ეს განცხადება, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება „ნატოს“ წევრი, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ სწორედ ეს არის რფ-ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უკრაინისადმი, ვითომ გზავნილია დაპირისპირების მოლაპარაკებებისკენ გადაზრდისთვის?! ოღონდ ეს კიდევ უფრო საბედისწერო ელფერს სძენს კითხვას: მხოლოდ ამდენი მსხვერპლისა და ნგრევის შემდეგ რატომ გახდა შესაძლებელი იმის ხმამაღლა თქმა, რომ უკრაინა „ნატოსთვის“ სათნო არც არასდროს შეიქნებოდა?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





