პოლიტიკა

როგორ მოხდა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელსაც უცხოური ქართულს ურჩევნია

№8

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 05.03

სოსო მანჯავიძე
დაკოპირებულია

მოგვწონს თუ არა, ფაქტია (არადა, აბსურდია), რომ ჩვენი თანამემამულეების ნაწილმა ევროპას დაარქვა „შინ“ და ყველაფერი ევროპული ხელშეუხებლად და ერთადერთ ჭეშმარიტებად აღიარა, რის გარეშე არსებობაც კი ვერ წარმოუდგენიათ. როდის და როგორ დავუკარგეთ, განსაკუთრებით, ქართველ ახალგაზრდებს სამშობლოსა და საკუთარი იდენტობის განცდა და რატომ გარბიან ისინი ასე თავდავიწყებითა და სიშმაგით საკუთარი სახლიდან გარეთ? – ამ თემაზე სოსო მანჯავიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– სად დავუშვით საბედისწერო შეცდომა, რომ გავზარდეთ ასეთი თაობა, შეიძლება, იმიტომ რომ ბევრი ვიყვირეთ, ევროპა, ევროპაო, საბჭოეთის დაშლის შემდეგ, რომ მამადავიწყებულობამდე მივედით?

– არ მგონია, რომ შეცდომა დავუშვით და ასე უნდა დავსვათ საკითხი. ეს მენტალური და განწყობების ინერციაა, რასაც აქვს ღრმა ფესვები; ერთი მხრივ, ეთნოფსიქოლოგიაში, ისტორიაში, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, მეორე მხრივ, ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ჩამოყალიბდა გარკვეულ ისტორიულ პერიოდში ის მენტალობა, რომელიც გვაქვს, ეს კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია იმ გეოპოლიტიკურსა და იდეოლოგიურ ბრძოლასთან, რომელიც იყო ორპოლუსიან სამყაროში. კერძოდ, ორპოლუსიან სამყაროში ეს იდეოლოგიური ბრძოლა დამთავრდა იმით, რომ კომუნისტური იდეა მოკვდა. გავიხსენოთ ის პერიოდი, ხალხისთვის ის ძალადაკარგული იყო და მისი მიმდევრობა დაცინვას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ სისტემამ ბევრი სოციალური სიკეთე მოიტანა: უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო განათლება და ასე შემდეგ, ეგრეთ წოდებული კაპიტალისტური სამყარო უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა საბჭოთა მოსახლეობისთვის, თუნდაც, იმის გამო, რომ მოხმარების საგნების დეფიციტი იყო საბჭოთა კავშირში და შეიქმნა დასავლეთის ერთგვარი კულტი. გავიხსენოთ, როგორი წარმოდგენები ჰქონდათ ადამიანებს დასავლეთზე, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა. სერიოზულად ეგონათ, რომ დასავლეთში პრობლემები თითქმის არ იყო და ეს იყო პროპაგანდის შედეგიც.

– მაგრამ საბჭოური პროპაგანდაც იყო, რომ კაპიტალიზმი ყარს, რომ საბჭოთა კავშირს უჭირავს პირველი ადგილი მსოფლიოში ამა და ამ დარგში და ბევრი სხვა რამ, რაც ბუნებრივ პროტესტს იწვევდა.

– საბჭოთა პროპაგანდის საშუალებებმაც განიცადა დისკრედიტაცია, როგორც, ზოგადად, მთელი სისტემა გაკოტრდა და ესეც დასაცინი ხდებოდა. ამიტომ ადამიანები ხშირად მართალსაც არ იჯერებდნენ და ეს არა მხოლოდ ობიექტური რეალობის ასახვის შედეგი იყო, არამედ საგარეო დაზვერვის პროპაგანდისაც. ამდენად, დასავლეთის კულტი, რომელიც მაშინ შეიქმნა, ძალიან გამძლე გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, რა ხდება დასავლეთში, რა არის, ზოგადად, კაპიტალიზმი და რომ არ შეესაბამება იდეალურ სურათს ის, რაც დასავლეთში სინამდვილეში ხდება, მაგრამ ჩვენ ერთი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ: ადამიანები რეალობას უყურებენ პროპაგანდისტული სათვალეებიდან, მაშინაც კი, როდესაც მათი პირადი გამოცდილება საწინააღმდეგოს ამტკიცებს. იმავდროულად, მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის შიგნით მიმდინარეობდა დასავლეთის კულტის რელიგიური ფანატიზმის ხარისხში აყვანა. ჩვენ აღმოვჩნდით კოლონიურ მდგომარეობაში და ამის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანია იდეოლოგიური საშუალებები, რომლებიც, ასევე, გამოიყენება ამ კოლონიურობის განსამტკიცებლად. კერძოდ, პროპაგანდა იმის, რომ დასავლეთში არის დემოკრატია, ადამიანის უფლებებს იცავს მთავრობები; ომები, რომლებიც წარმოებს, წარმოებს დემოკრატიის დასამკვიდრებლად, რომ დემოკრატიის უმაღლესი მწვერვალია გენდერული და ფემინისტური იდეოლოგია, ასევე, სხვა სიგიჟეები. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამომუშავდა და რომელთათვისაც ვიბრძოდით – თუ ევროპაში ასეა, აქაც ასე უნდა იყოს, თუ შენ მათზე ჭკვიანი და უკეთესი ხარ?! თუ მათთან არ გინდა, მაშინ რუსეთი გინდა, ხოლო თუ რუსეთი გინდა, მოღალატე ხარ, იმიტომ რომ რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ტერიტორია. აი, ამ მარტივ იდეოლოგიურ ომებში იყო და არის გახლართული ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა. მათ მართლაც ასე ჰგონიათ, რადგან ასე მარტივად უყურებენ სამყაროს. თანაც, დასავლეთს აქამდე მხოლოდ ერთეულები განიხილავდნენ ისე, როგორც უნდა განიხილო: როგორც ძალიან მრავალშრიანი და წინააღმდეგობრივი სამყარო, საკმაოდ მძიმე ისტორიით, რომელიც ახლა ევროპის სახით გაერთიანებულია ევროკავშირში, სადაც გაბატონებულია ნეოტროცკისტული იდეოლოგია, ჰყავს ევრობიუროკრატია, რომელიც ახრჩობს დიდი ევროპული ცივილიზაციის ხალხებს: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს და რომელთა წინააღმდეგაც ახლა მიმდინარეობს ბრძოლა. ევროკავშირი და ევრობიუროკრატია არიან, ეგრეთ წოდებული, ლიბერალ-გლობალისტების ბატონობის ქვეშ და დღეს, როდესაც პატრიოტებმა გაიმარჯვეს შეერთებულ შტატებში, ისინი ებრძვიან სწორედ, აი, ამ ევროპელ ლიბერალ-ტროცკისტებს. ახლა ეს ბრძოლაა და ამერიკელი ტრამპისტები მხარს უჭერენ ევროპელ პატრიოტებს. ახალი მოძრაობაც შეიქმნა ევროპაში – MEGA. რაც ვენსმა უთხრა ევროპელებს, ეს იყო აბსოლუტურად მომაკვდინებელი ბრალდებები: არ სცემთ პატივს ხალხის არჩევანს, იმიტომ რომ რუმინეთში გამარჯვებულ კანდიდატს გაუუქმეს შედეგი; სადაც მათთვის არასასურველი კანდიდატი იმარჯვებს, არ მოჰყავთ ხელისუფლებაში; პარტიებს კრძალავენ, ლოცვისთვის ხალხს იჭერენ; თუ თქვი, რომ ორი გენდერია, შეიძლება, მომავალი დაგაკარგვინონ; არის საოცარი კორუფცია, ანუ მთელი თაიგულია მარგინალური ლიბერალიზმის და ვენსმა მათ უთხრა, რომ ამერიკა ამას მხარს არ დაუჭერს.

– აქვს ძალა ევროპას, უფრო ზუსტად, ევროპაში ბაზირებულ გლობალისტურ-ლიბერალურ ძალებს, რომ დაუპირისპირდნენ ამერიკას?

– მათი ბაქიბუქი, ჩვენი ევროპეისტების მსგავსად, ნასწავლია: რომ, რაც შეიძლება, უნდა დააშინო მოწინააღმდეგე რადიკალური რიტორიკით, დაამცირო, აგინო და ტელევიზიებში ილაპარაკო დარწმუნებულად. ჩვენი ტელემედიაც ამ „ენ ელ პეს“ მეთოდებითაა ნავარჯიშები. ჯერ კიდევ როდის განაცხადა ჯორჯ სოროსის შვილმა, ალექსმა, რომ ევროპაში გადაგვაქვს ჩვენი ძირითადი ძალისხმევა, რადგან იცოდა, ამერიკაში რა ტალღაც მოდიოდა და დღეს ეს ომია ევროპაში. ჯერჯერობით ცხელი სტადია არ არის, თუმცა არც ესაა გამორიცხული: ცხელი სტადია უკრაინაშია. დღეს ტრამპის ადმინისტრაცია არა მხოლოდ შტატებში ახორციელებს წმენდას, არამედ იბრძვის იმისთვის, რომ ევროპაში ხელისუფლებებიდან ჩამოაცილოს ლიბერალ-ფაშისტები, რომ დემოკრატიული არჩევნის საშუალება მიეცეთ ევროპის ხალხებს. ევროპა იმ დონემდე დაამცირეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთანაც კი არ იწვევენ. ან ვინ უნდა მიიწვიონ?! ტრამპსა და მის მომხრეებთან შეიძლება, ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ისინი ნამდვილად არ არიან გენდერული სიგიჟით შეპყრობილები, რასაც ტრამპმა უწოდა გენდერული მთვარეულობა. ამ მთვარეულებთან საუბარი მათ არ უნდათ, არადა ამ მთვარეულებს არ უნდათ თავიანთი იდეოლოგიის დათმობა, რადგან ამ ნიშნით არიან შერჩეულები. აი, ასეთი წინააღმდეგობებია მათ შორის. აქ თავი გამოიჩინა ჩვენმა მოსიარულე ლეგიტიმაციამ – ქალბატონმა სალომემ და მან ჯეიდი ვენსის გამოსვლაში რუსული ნარატივები დაინახა. ის ვერასდროს დაიკვეხნიდა გონებრივი შესაძლებლობებით, მაგრამ ამ დონეზე თუ დაკარგავდა ყნოსვას, მეორე საკითხია. ამით დასტურდება, რომ ამაოდ არ ყოფილა „ჩათენ ჰაუზში“. მოგეხსენებათ, იქ ყოფნის შემდეგ გახდა მადამ ბონაპარტე და ქართული რევოლუციის დედა, „ჩატენ ჰაუზი“ კი, მოგეხსენებათ, გლობალისტების ცენტრია ლონდონში. იქ ბრძანდებოდა ზელენსკის შემდეგ, რამაც მისი სახეცვლილება გამოიწვია. გასაკვირი არ არის მისი პოზიცია, მაგრამ გასაკვირია, რომ მიმდევრები ჰყავს, რომლებიც კვლავ ჭურში სხედან. როგორც ზაზა შათირიშვილმა თქვა, ქართველი ლიბერალი არის დებილიო, მაგრამ ასეთი სიდებილეც წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ, ვერ გაიგეს, რა არის ტრამპი, არ იციან, როგორი ინტერპრეტაცია მისცენ, ვინაიდან მათი აღქმა დიქოტომიურია: შავი და თეთრი, ბოროტი და კეთილი; ეშმაკი – რუსეთი, ღმერთი – დასავლეთი და ამას ვერ სცდებიან. ეს, ერთი მხრივ, სასაცილოა, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, მხოლოდ იდიოტს შეუძლია, არ შეაფასოს ჯოგებად გაერთიანებული იდიოტების ძალაო. ეს ადამიანები დღესაც ისეთ სიგიჟეებს ამბობენ და სჩადიან, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და შეიძლება, გადაგვჩეხონ. სრული სიგიჟეა.

– მესმის, რომ სიგიჟეა, მაგრამ მათ რა დაანახვებს, რომ ეს სიგიჟეა? როგორ გავაგებინოთ? ისინი ტრამპს ვერ მოერევიან, ვგულისხმობ ევროპოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი ეცდებიან, ჩვენთან აამღვრიონ წყალი.

– ეგრეთ წოდებული, ბალტიისპირელები, სხვათა შორის, ასევე, სერიოზულად დაავადმყოფებული არიან. ბოლოს, ლიტვაში ითქვა, ტრამპის წინააღმდეგ სანქციები შემოვიღოთო; ესტონეთმა უკრაინას დახმარება აღუთქვა თავისი 500-კაციანი ჯარით. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა სიგიჟეებით გადაგვასწრეს. ხანდახან ეჭვი მიჩნდება, განგებ ხომ არ აძლევენ რუსებს თავიანთი ქვეყნების ოკუპაციის საბაბს. ვინაიდან ბავშვსაც კი ესმის, რომ, რასაც ისინი ქადაგებენ, გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს მათთვის. როდესაც ამბობ, რომ ბალტიის ზღვა უნდა გადაუკეტო რუსეთს, ხომ გასაგებია, რომ ბალტიის ზღვის გადაკეტვას რუსეთი ვერ შეეგუება, სულაც, რომ „ცე რე უს“ აგენტი დასვა რუსეთის ხელისუფლებაში?! ეს, სულ მცირე, სამხედრო კატასტროფას გამოიწვევს და, უპირველესად, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის. მათ ხომ არ ჰყავთ უკრაინის ჯარი, სულ სხვა რეალობაა და თანამედროვე პირობებში მათი განადგურება რამდენიმე დღის საქმეა. მსოფლიოს ომის გამოწვევა უნდათ, თუ ამ სიძულვილმა რატომ დაუბნელა მათ თვალები, ცალკე საკითხია. როგორც ჩანს, იგივე პროცესი იყო იქ, რაც აქ. კაია კალასი, საერთოდაც, კომიკური პერსონაჟია და ის ფაქტი, რომ 500-მილიონიან, უდიდესი პოტენციალის მქონე ევროკავშირს მართავენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და სხვა საოცარი ხალხი, ტრაგედიაა და ჩვენთვისაც დიდი პრობლემაა. იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ევროპის ქვეყნების კრიზისი, მაგრამ ევროკავშირი, რომ დალპა, როგორც საბჭოთა კავშირი, აშკარაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა