რა გავლენა აქვს თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემს საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე
ავტორი: ნინო ხაჩიძე 56 წუთის წინ
ამჟამად რუსეთის ზეგავლენა სამხრეთ კავკასიაზე შესუსტებულია, აზერბაიჯანის მეშვეობით კი გაძლიერდა თურქეთის ზეგავლენა, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება მომავალში, მით უფრო, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულებულა და არც აშშ-ირანის დაპირისპირება. ამდენად, ჩვენთვის ისაა საინტერესო, რუსეთის დასუსტება რას მოუტანს საქართველოს, იმიტომ რომ ძველი მოცემულობით რაც მოხდა, იმის შედეგს ახლაც ვიმკით. შესაბამისად, იბადება კითხვა: რუსეთის გავლენის შემცირება სამხრთ კავკასიაზე უფრო ხომ არ გაამძაფრებს მის სურვილს, რომ არც კი განიხილოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დაბრუნება, ამა თუ იმ შეთანხმების ფასად. ამ თემას უსაფრთხოების ექსპერტთან, კოტე ფორჩხიძესთან ერთად განვიხილავთ: მოდი, ჯერ ის ვთქვათ, აქვს თუ არა რუსეთს გავლენა სამხრეთ კავკასიაზე და ამის შემდეგ ვისაუბროთ გავლენის შემცირებაზე ან გაზრდაზე. რუსეთს სამხრეთ კავკასიაზე გავლენა აქვს და ექნება, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ის თავისი სამხედრო ძალებით იმყოფება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე.
– სომხეთსა და საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში.
– დიახ, სამხრეთ კავკასიაში წარმოდგენილია იმ სამხედრო ძალით, რაზეც ახლა ვსაუბრობდით. სამხედრო ძალით წარმოდგენა კი ნიშნავს მის არა მარტო პირდაპირ, არამედ ირიბ გავლენასაც, ამიტომაც ეს ირიბი გავლენა ყოველთვის იგრძნობოდა და იგრძნობა ქართულ პოლიტიკაში – ზოგჯერ მკაფიოდ, ზოგჯერ – შეფარულად, მაგრამ ეს გავლენები მაინც არსებობდა, არსებობს და იარსებებს ყოველთვის, სანამ რუსეთი ჩვენი მეზობელი იქნება. ასეთივე გავლენები აქვს საქართველოზე სხვა ქვეყნებს, ჩვენს სამეზობლოს, მათ შორის, ისეთ დიდ მოთამაშეს, როგორიც არის თურქეთი. თურქეთი გახლავთ „ნატოს“ წევრი ქვეყანა და ის და აზერბაიჯანი ქმნიან ტანდემს და გავლენაც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ნათლად აისახება საქართველოს არა მარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაზეც. ამდენად, ჩვენთვის დღეს მთავარია ბალანსის შენარჩუნება. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ყველა მეზობლის ინტერესები საქართველოში და ისინი შევუთავსოთ საქართველოს ინტერესებს, ანუ ვიცოდეთ, რამდენად უთანხმდება მათი იმპერიული ზრახვები ჩვენს ინტერესებს. რუსეთი საუკუნეების განმავლობაშია იმპერია და ყოველთვის ასეთად იარსებებს. რაც შეეხება თურქეთს: იყო ერთ დროს იმპერია, მაგრამ ის დაიშალა და ახლა მიმდინარეობს მისი, ეგრეთ წოდებული, იმპერიული სწრაფვების გამოკვეთა. ამასთან, სხვა მოთამაშეებიც არიან რეგიონში – ისეთი დიდი სტრატეგიული მოთამაშეები, როგორებიც არიან შეერთებული შტატები და ჩინეთი და ამ ბოლო დროს გამოჩნდა ინდოეთიც.
– რაში გამოიხატება ინდოეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში?
– ეს ინტერესი ნათლად გამოჩნდა ბრიქსის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც ახლახან გაიმართა ინდოეთში. ინდოეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები ნათლად მიანიშნებდა, რომ სამხრეთ კავკასიაზე გადის ჩრდილოეთ-სამხრეთის გზა, ჩინური ინიციატივის – „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ – პარლელურად. ეს არის ამ ორი გზის მთავარი კვეთის ადგილი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. სხვათა შორის, ამ პროექტის ამოქმედებაზე უკვე მიმდინარეობს დიპლომატიური სამუშაოები, რაც გულისხმობს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩამოყალიბებას და ის ვერაფრით აუქცევს გვერდს საქართველოს. ამიტომ აქ არის რუსეთის ინტერესიც და იმ ქვეყნების ინტერესიც, რომლებიც ამ მარშრუტში მოიაზრებიან, მათ შორის, სომხეთის და შესაძლებელია, აზერბაიჯანისაც, ირანისაც და ყველა იმ ქვეყნის, რომელთა გავლითაც შესაძლებელია, ამოქმედდეს სამხრეთის ეს უმნიშვნელოვანესი სახმელეთო დერეფანი.
– თუმცა მათ შეუძლიათ კასპიის ზღვის გამოყენებაც ერთმანეთთან დასაკავშირებლად?
– რატომ არის საჭირო სახმელეთო დერეფნის ამოქმედება? იმისთვის, რომ მოხდეს საზღვაო დერეფნების დივერსიფიკაცია, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სხვა ტვირთებიც, მაგრამ, განსაკუთრებით, ენერგორესურსები, ძირითადად, საზღვაო დერეფნებით გადაადგილდება, იმავე ევროპისა თუ ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. ინდოეთი ვახსენე და ინდოეთისთვის ენერგომატარებლები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მას არ აქვს ნავთობი და ის ნავთოპროდუქტების, მათ შორის, რუსული ნავთოპროდუქტების ერთგვარი გადამამუშავებელი და შემდეგ ექსპორტიორია სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის ევროპაში, ინდოჩინეთის სხვა ქვეყნებში, ჩინეთშიც. ასე რომ, აქ ყველას ინტერესი ჩანს და უმნიშვნელოვანესი იქნება შემდგომი 10 წლის განმავლობაში ამ პროექტისკენ გადადგმული ნაბიჯები. ყველა ეკონომიკური შეთანხმება, რომელზეც საუბარი იყო ბრიქსის ეკონომიკურ ფორუმზე, სულ ცოტა ხანში ბრიქსის სამიტზე იქნება განხილული. ინდოეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს ესწრებოდნენ წარმომადგენლები ეგვიპტიდან, საუდის არაბეთიდან, გაერთიანებული ემირატებიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბრაზილიიდან და ასე შემდეგ. ეს ქვეყნები აწარმოებს მსოფლიო ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტს.
– შევადაროთ დიდი შვიდიანის ქვეყნების იმავე მაჩვენებელს.
– დიდი შვიდიანის ქვეყნების იგივე მაჩვენებელი 17-18 პროცენტია, რომელთა ეკონომიკური თანამშრომლობა, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იმართება და, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთიც იღებს მონაწილეობას. ამას აღვნიშნავ, რადგან ხსენებულ ეკონომიკურ ფორუმზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბრიქსის ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობისას გამოიყენებენ მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალურ ვალუტას. ეს უმნიშვნელოვანესი დარტყმაა დოლარზე, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს დოლარის კურსის ვარდნა და მძიმე ეკონომიკური დარტყმა, მიაყენოს არა მარტო დასავლეთს, არამედ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მიბმული არიან დოლარზე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს და ბრიტანელები იძულებულები იქნებიან, რომ ჩინეთთან ივაჭრონ საკუთარ ეროვნულ ვალუტაში, გამოიყენონ ან იუანი, ან საკუთარი ეროვნული ვალუტა. მე მხოლოდ ერთი მაგალითი მომყავს, მაგრამ ესეც აჩვენებს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება, მოჰყვეს შეერთებული შტატების დოლარის გავლენის შესუსტება ბრიტანეთში.
– რა საშუალებები აქვს და თუ აქვს ეს საშუალებები ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ შეინარჩუნოს დოლარის პრივილეგირებული მდგომარეობა?
– თეთრი სახლი დღეს საგონებელშია, იმიტომ რომ მათ ამ პროცესის შეჩერება აღარ შეუძლიათ და მათთვის გავლენის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა, გავლენა იქონიონ სავაჭრო გზებზე და, შესაბამისად, მათი ეკონომიკა და სარგებელი აგებული იყოს ზუსტად აქედან მიღებულ შემოსავლებზე. აი, ეს ხდება დღეს მსოფლიოში და მიმდინარე ომები სწორედ ამის გამოძახილია. იმ ეკონომიკურ ფორუმზე ითქვა, რომ ერთი ჰეგემონის ეპოქა დასრულდა მსოფლიოში, შეერთებულ შტატებს გულისხმობდნენ და ეს გადაიზარდა მრავალპოლარულ დაპირისპირებაში. ესე იგი, ფაქტობრივად, მსოფლიო გავლენის სფეროების გადანაწილების გარკვეულ ეტაპზე გადავიდა და ნათლად იკვეთება ერთგვარი დაჯგუფება შეერთებული შტატების ირგვლივ და, მეორე მხრივ, ბრიქსის წევრების სახით.
– შესაბამისად, გამოდის, რომ რუსეთი დაინტერესებულია, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანმა გაიაროს საქართველოზე და, ესე იგი, ჩვენ გვაქვს ხელჩასაჭიდი მოლაპარაკების მაგიდასთან.
– ამიტომაც, ადრე თუ გვიან, დადგება რუსეთთან პირდაპირი დიალოგის საკითხი, იმიტომ რომ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება იძულებული იქნება, როგორც უნდა პროდასავლურადაც იყოს განწყობილი, დაიწყოს მოლაპარაკებები, რომ ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, ეკონომიკურმა განვითარების ტემპებმა არ იკლოს და შესაბამისად, შენარჩუნებული იქნას და უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ბევრადაა დამოკიდებული ხელისუფლებაზე და იმ გარემოზე, რომელიც შეიქმნება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახდენთ მაქსიმალურ ზეგავლენას მიმდინარე პროცესებზე. ბობოლა სახელმწიფოები, ბუნებრივია, თავიანთი რესურსებიდან და სამხედრო პოტენციალიდან გამომდინარე, მაინც წყვეტენ მსოფლიოს ბედს. ამდენად, მოგვიწევს ამ რეალობის გათვალისწინება და მე ვფიქრობ, დღევანდელი სიტუაციის შესაბამისად, გვაქვს შანსი, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობის ის მდგომარეობა, რაც ხელისუფლების ცვლილებამ მოუტანა ქართველ ხალხს და განვითარების საშუალება მისცა. ამდენად, თუ სწორი გზით წავა ქვეყანა და მისი ხელისუფლებაც შესაბამისად იმოქმედებს, შესაძლებელი იქნება არა მარტო განვითარების ამ ტემპების შენარჩუნება, არამედ, ამასთან ერთად, ტერიტორიული პრობლემების მოგვარება.
– მარტო რუსეთის სურვილი ხომ არ არის საკმარისი, ცხინვალი და სოხუმიც უნდა იყოს თანახმა.
– ზემოთქმულიდან გამომდინარე, თვითონივე წარმოიშვება იმ რეგიონებში ისეთი ვითარება და, ამასთან, დამიჯერეთ, რუსეთს გააჩნია საამისო ბერკეტები და, თუ ამ პროექტში სხვა ქვეყნების ინტერესებიც იქნა, ისინიც მიიღებენ მონაწილეობას. ამ პროექტით თურქეთიც მიიღებს სარგებელს და მაშინ თურქული ზეგავლენაც მიმართული იქნება იმისკენ, რომ აღარ იყოს შავი ზონები საქართველოსა და რუსეთს შორის, ზოგადად, კავკასიის რეგიონში. და სამხრეთ კავკასიაში ვითარება იყოს პროგნოზირებადი – გასაგები იყოს, რა პოლიტიკა იქნება ნაწარმოები ამ ტერიტორიებზე. ასეთ შემთხვევაში არავის ინტერესი აღარ იქნება სეპარატისტული მოძრაობა ამ რეგიონში. ამის ნათელი მაგალითი იყო აზერბაიჯან-სომხეთის, რომელიც ვნახეთ – ვიცით, როგორ გადაწყდა ტერიტორიული პრობლემა, ზუსტად შექმნილი საგარეო ვითარებიდან გამომდინარე. ამდენად, ეს ეტაპი ჩვენ აუცილებლად დაგვიდგება და ეს ძალიან მალე მოხდება, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ამ კონგლომერატის ჩამოყალიბება.
– ბრიქსს გულისხმობთ?
– დიახ, რასაც ჰქვია ბრიქსი და მის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი. იქ იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ჩინეთის პრეზიდენტმა პირდაპირ უთხრა პუტინს, რომ ამ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხში ტერიტორიული სუვერენიტეტი და საზღვრების ხელშეუხებლობა უმნიშვნელოვანესი უნდა იყოსო. გარდა სხვა რამეებისა, ჩვენთვის ესეც, გარკვეულწილად, კარგი მესიჯია, იმ გაგებით, რომ შესაძლებელია, საკვანძო, დიდმა ქვეყნებმა ზეგავლენა იქონიონ აი, იმ პროცესში, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია, ვინაიდან ეს ოფიციალურად იქნა დეკლარირებული ისეთი დიდი სახელმწიფოს მიერ, როგორიც არის ჩინეთი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





