პოლიტიკა

რატომ სჭირდება ევროკავშირს საქართველო, როგორც მსხვერპლი რუსეთისთვის შესაწირავად

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ბიძინა გიორგობიანი
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის ურთიერთობა სადო-მაზოხისტურს დაემსგავსა. მხარეები ერთმანეთის გაკიცხვით არიან დაკავებული და ამ პროცესს, თითქოს, ბოლოც არ უჩანს და ისინი ამით თითქოს ერთგვარ სიამოვნებასაც კი იღებენ (რაკი არ ეშვებიან ერთმანეთს). რაც ყველაზე საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2028-2030 წლებისთვის ევროკავშირი შეიცვლება, ანუ გამოსწორდება, ხოლო ევროკავშირი, თავის მხრივ, იმავეს იმედოვნებს და ძალ-ღონეს არ იშურებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად. სად მიგვიყვანს ერთიანობის მსურველთა ეს უცნაური წინააღმდეგობა? – ამ საკითხზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური და საერთაშორისო მდივანი, ბიძინა გიორგობიანი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– რა სცენარს მიჰყვებიან მხარეები და რის იმედით?

– „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ ევროკავშირში გამოსწორდებიან და ამის შემდეგ სიხარულით მიგვიღებენ, ხოლო ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება დაამხოს რევოლუციით. აი, ასეთი დამოკიდებულებაა დღეს და არ მგონია, რომ მომავალ ათწლეულებში ეს შეიცვალოს, იმიტომ რომ ევროკავშირის ის ბიუროკრატია, რომელიც ბრიუსელშია, დიდი ხნითაა და ძლიერია. ევროკავშირის პოლიტიკური სისტემები ისეა აწყობილი, რომ იქ პატრიოტული პარტიები ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ. ვერავინ მოვა ხელისუფლებაში ისე, რომ რომელიმე ერთმა პარტიამ მიიღოს უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, არ უნდა ველოდოთ, რომ ცოტათი კარგი ბიჭები მოვლენ ხელისუფლებაში და შემდეგ მათთან დავამყარებთ ურთიერთობას.

– რა მოტივი აქვს მაშინ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროპისკენაა და რა მოტივი აქვს ევროკავშირის ხელისუფლების განცხადებებს, რომ საქართველოს მათ გვერდით ხედავენ?

– ხელისუფლებას მაინც ლიბერალური-დემოკრატიული შეხედულებები აქვს, ეკონომიკაც ლიბერალური ეკონომიკური მოდელითაა მოწყობილი და ინერციით მოდიან გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-ანების შეხედულებებიდან, რომ ევროკავშირი არის აბსოლუტური სიკეთე; რომ ევროკავშირი არის რაღაც ისეთი ორიენტირი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს საქართველოსთვის. მათი წინასაარჩევნო დაპირებებიც ყოველთვის ევროკავშირთანაა დაკავშირებული და შესაბამისად, ისინი ამბობენ იმას, რაც ერთხელ თქვეს. ანუ, რადგან ერთხელ თქვეს, რომ ევროკავშირში უნდა შევიდეთ, ჩვენ ამას არ დავთმობთ არასდროსო და აღარ ითვალისწინებენ რეალობას. რაც შეეხება ევროკავშირის მოტივაციას: თუ რატომ აქვთ საქართველოსადმი ამგვარი დამოკიდებულება. ტელეეთერებითაც ბევრი მითქვამს, თქვენთანაც და გავიმეორებ, ევროკავშირს უნდა, რომ საქართველო იყოს მისი ნების შემსრულებელი მარიონეტული სახელმწიფო, რომელიც ჩაატარებს თვითშეწირვის რიტუალს – შეეწირება რუსეთთან უთანასწორო ბრძოლას და ამით მოიგებს ევროკავშირის ბიუროკრატია, რითიც ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს თავის ამომრჩეველს, თუ რა ცუდია რუსეთი, როგორ გადათელა საქართველო და, ბუნებრივია, არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევა საქართველოს ამ დროს. აი, ასეთი ინტერესებია. ეს არის პათოლოგიური დამოკიდებულება ორივე მხრიდან, რაც არ იხსნება ლოგიკური და პრაგმატული პოლიტიკის თვალსაზრისიც. ევროკავშირის მხრიდან ინტერესია, რომ სჭირდებათ ვიღაც, რომელსაც შესწირავენ საკუთარ მიზნებს და ევროპა ყოველთვის ასე ცხოვრობდა, ამით გამდიდრდა და მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ ყოველთვის პატარა ქვეყნებისადმი. მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, რადგან იქ სიკეთე და სიუხვეა, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპა და ევროპის ქვეყნები კონტინენტს, დაახლოებით, 500 წელია, ძარცვავენ. მთელი მსოფლიოს ნაძარცვი ქონებაა თავმოყრილი ევროკავშირში როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე მუზეუმებში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა, საქართველოშიც ევროპა იყოს, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო დამოუკიდებელია, სულ რაღაც, 35 წელია და ის ევროპა, რომელიც უნდათ საყიდლებზე ჩასულებს, შენდებოდა სისხლსა და ძვლებზე და ძარცვავდნენ მსოფლიოს ოთხ კონტინენტს. ეს არის ის სურათი, რაც ხდება. საქართველო, რა თქმა უნდა, ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი და ბურჯია და, თუ ევროპაში ქრისტიანული კულტურა აღარ იქნება, მაშინ ვერ გავხდებით იმ ევროპის ნაწილი, რომელ ევროპასაც აქედან ვიღაცები შეჰნატრიან.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ, საქართველოს ხელისუფლება გულწრფელად იმედოვნებს ევროკავშირის თვისებრივ შეცვლას, თუ შერწყმის ეს სურვილი, უბრალოდ, პოლიტიკური მანევრია?

– ჩვენი პარტიის პოზიცია, როდესაც სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციაზეა ლაპარაკი, ილუზორულსა და არარეალისტურ მიზანს, რომელსაც შედეგი ვერ მოჰყვება, მხარს არ ვუჭერთ. არ უჭერთ მხარს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი იყოს ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. მით უფრო, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გამოაცხადა, რომ აღარ აპირებენ აღმოსავლეთით გაფართოებას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა სახელმწიფომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოსცა სახელმწიფო დოკუმენტი – სახელმწიფოს სტრატეგია, რომელზეც შავით თეთრზე წერია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. სხვანაირად როგორ უნდა გვითხრან სათქმელი?! რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებას: ევროკავშირს იმდენად დიდი და გადაულახავი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები შეექმნა, რომ გაფართოების პოტენციალი, განსაკუთრებით, აღმოსავლეთის მიმართულებით, არ აქვთ. მესამე არგუმენტი ის არის, რომ საქართველო კონტინენტურად არ ეკუთვნის ევროპას. საქართველო არის წინა აზია და ეს რამენაირად უნდა შევუშვათ თავებში და დავიჯეროთ. მეოთხე არგუმენტია, რომ საქართველოს ევროკავშირთან საზღვარი არ აქვს. მეხუთე არგუმენტი – საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური პარტნიორები არიან ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსია, ჩინეთი და, როგორც კი საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ამ ქვეყნებთან ვაჭრობა დაექვემდებარება დაბეგვრის ისეთ სისტემას, როგორიც დღეს აქვთ, მაგალითად, რუსეთის ფედერაციასა და ლუქსემბურგს ერთმანეთთან ვაჭრობისას. აქვე მინდა, გითხრათ, რომ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში შემოსული ხორბლის 100 პროცენტი შემოდის რუსეთიდან. მანამდე რაღაც ნაწილი უკრაინიდან შემოდიოდა. ენერგომატარებლების 100 პროცენტი შემოდის აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან და მცირე ნაწილი შემოდის რუმინეთიდან. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ასევე, ჩვენი პროდუქციაც იყიდება იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩამოვთვალე. ასეთია რეალობა. ამდენად, რაც უნდა ბევრი ვიტიროთ, ევროპა მინდაო, ამ გეოგრაფიას ვერ შევცვლით. ეს არ არის დამოკიდებული პოლიტიკოსებზე, არც ვინმეს ნებაზე. გეოგრაფია არის მუდმივი. მას ვერ შეცვლი და ყველა გონიერი პოლიტიკოსი იმეორებს დაუსრულებლად, რომ გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ვიმოქმედოთ ჩვენი მდებარეობიდან, მიზნებიდან და ჩვენი მომავლის საუკეთესო პერსპექტივიდან გამომდინარე. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა, მეზობლებს შორის ურთიერთობის, ეკონომიკური კავშირების, პოლიტიკური ტოლერანტობის და არა ურთიერთდაპირისპირების მოედანი, რაც უნდათ, რომ მოაწყონ საქართველოში. წარმოიდგინეთ, ხვალ რომ დანარჩენი საქართველო „ნატოში“ მიიღონ, როგორც ჯეიმს აპატურაი გვპირდებოდა და აფხაზეთი და ცხინვალი რომ რუსეთის სამხედრო ბაზებით იყოს გადაძეძგილი, გამოვა, რომ საქართველო რუსეთსა და „ნატოს“ შორის პირდაპირი შეხებისა და პირდაპირი კონფრონტაციის ტერიტორია იქნება, ისევე, როგორც უკრაინა და გადაიქცევი მეორე უკრაინად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უკრაინელებს უკან დასახევი ოპერატიული სივრცე აქვთ, ჩვენ კი არ გვაქვს.

– არის თუ არა მისაღები გეოპოლიტიკური დაპირისპირების მხარეებისთვის ჩვენი ნეიტრალიტეტი?

– 35 წელია, ვმუშაობთ, რომ როგორმე „ნატოში“ შევიდეთ. მოდი, ხუთი წელი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ნეიტრალიტეტი აღიარონ ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფოებმა. ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს. არათუ 35 წელი, 10 წელიც რომ გვემუშავა, საქართველოს რომ ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსი მიეღო, მეტი წარმატება და უსაფრთხოების მეტი გარანტიები გვექნებოდა, ვიდრე დღეს გვაქვს. ამდენად, რაც დიდხანს გავაგრძელებთ ქარის წისქვილებთან ბრძოლასა და ჰორიზონტის მიუღწეველი და არარეალური მიზნისკენ სირბილს, მით უფრო დავშორდებით რეალობას.

– რა საფრთხე შეიძლება, გველოდოს ამ ეტაპზე ამ უცნაური პოლიტიკური თამაშით საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის, მით უფრო, რომ ამ თამაშში უკვე ჩათრეული თუ აყოლილია სომხეთიც?

– არმენოლოგი არ ვარ და სომხეთის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ძალიან არასერიოზულია ნიკოლ ფაშინიანის ფლირტი ევროკავშირთან და სხვა რაღაც გაერთიანებებთან, მაშინ, როდესაც სომხეთს ეკონომიკური ზრდა აქვს რუსეთთან ვაჭრობის ფონზე. რუსეთში სომხეთიდან დაუბეგრავად შედის საქონელი, იმიტომ რომ ევრაზიის კავშირის წევრია, ხოლო სომხეთში დანარჩენი მსოფლიოდან შედის ის საქონელი, რომელიც რუსეთში სანქცირებულია და აშენდნენ ამით. ამ დროს ნიკოლ ფაშინიანი ხან რაღაც მიმებს იღებს და ხან TikTok-ის პატარა ვიდეოებს საკუთარი ამომრჩევლებისთვის წარსადგენად და მისი ეს ფლირტი ევროკავშირთან უფრო არასერიოზულია, ვიდრე ქართველების. ამიტომაც იყო ჩასული იქ და უთხრა, იქნებ საქართველოსთან დაალაგოთ სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებულიო. ანუ მათი სჯერათ, რომ, თუ ევროკავშირი ოდესმე მიიღებს საქართველოს, შემდეგ ისინიც შევლენ ევროკავშირში. ამდენად, ისინი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, ვიდრე ჩვენ.

– 1921 წლის განმეორების სცენარის ალბათობა როგორია, თუ რამე გამოსავალი არ მოვიფიქრეთ?

– ეს სამი სახელმწიფო ვერაფერს მოიფიქრებს, თუ საერთაშორისო შეთანხმება არ შედგა სამხრეთ კავკასიის შესახებ. მათ არ აქვთ საამისო პოტენციალი: არც ეკონომიკური, არც სამხედრო და არც პოლიტიკური. ეს უნდა იყოს ძალიან დიდ მოთამაშეებს შორის შეთანხმება, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, თურქეთი, ირანი და ჩინეთი. და მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უნდა გასცეს ადეკვატური პასუხი ამ სამმა სამხრეთკავკასიურმა ქვეყანამ. ევროკავშირი აქ ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს. მაგრამ, თუ დარჩება დიდ პოლიტიკურ დაფაზე ერთიან მოთამაშედ, ეს ჩვენთვის ხელსაყრელია, იმიტომ რომ სუსტი და დაუძლურებული ევროკავშირი არ გვაძლევს ხელს, ვინაიდან შუა დერეფანი, რომელიც კავკასიაზე უნდა გავიდეს, შუა აზიიდან და ჩინეთიდან, ევროპაში მიემართება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი