პოლიტიკა

რატომ უდგას ქართულ სახელმწიფოს არსებობის პრობლემა და როგორ უნდა დასძლიოს ახალგაზრდობამ ნარკოდამოკიდებულება, გაუნათლებლობა და ფიზიკური მოუმზადებლობა

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

სახელმწიფოს მთავარი რესურსი ადამიანია და ამ მხრივ, ჩვენს სახელმწიფოს არც თუ სახარბიელოდ აქვს საქმე: ერთი მხრივ, ძალიან მცირეა მოსახლეობის საერთო, ისედაც მცირე რაოდენობაში, 17 წლამდე ბავშვები და მოზარდები, მეორე მხრივ, არც თუ ცოტა ახალგაზრდაა ნარკოტიკების მომხმარებელი და, მესამეც – ფერტილური ასაკის მოსახლეობა გადის ქვეყნიდან უკეთესი ცხოვრების იმედით (თუმცა, თუ საკუთარს არ მოახმარ შენს ენერგიას, არც სხვას სჭირდები და არც შენი გექნება). ამის პარალელურად, ვერც განათლების დონით დაიკვეხნიან თაობები, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინსტანციურად და საკუთარი ძალებითაც კი არის შესაძლებელი ცოდნის დაუფლება და გაღრმავება. ამდენად, ფიზიკურად რაოდენობა არ გვყოფნის, მენტალურად, ნარკოტიკების გამო, დამძიმებული ვითარებაა და გონებრივი შესაძლებლობებიც სავალალოა, ეს კი ბადებს ეჭვს, რომ უბრალოდ, აღარ გვექნება რესურსი, რომ სახელმწიფო შევინარჩუნოთ. ამ პრობლემებზე ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით.

– საკითხი რთულია. ჩვენ ვიცით ჩვენი ქვეყნის ისტორია და არც ისე მარტივი ისტორია გვქონდა. ისტორიულად პრობლემები უფრო მეტიც იყო, ვიდრე დღესაა. დღეს ფიზიკურად არსებობის პრობლემა ისე მკაფიოდ არ დგას, როგორც ადრე იდგა, მაგრამ ქვეყანა უწევდა ანგარიშს ამ რეალობას და ომისთვის, ბრძოლისთვის ბავშვობიდან ემზადებოდა ქართველი. მართვის სტრუქტურაც ამას იყო მორგებული. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თამარის დროს უკვე კარავი გვქონდა – დემოკრატიის ელემენტები, ღმერთის ერთგულება იყო მთავარი. ღმერთი და სამშობლო გაიგივებული ჰყავდა ქართველს. რადგან ქართველი ციხესიმაგრის პრინციპით ცხოვრობდა და ვიყავით კიდეც ციხესიმაგრე, ამიტომ ბრძოლა ამ ციხესიმაგრის ფარგლებში საკვების მოპოვება, ანუ მიწაზე მუშაობა იყო ჩვენი ძირითადი პროფილი. ოღონდ ციხესიმაგრე უნდა ყოფილიყო მონარქის გარშემო, მონარქის ნებაზე უნდა ამოქმედებულიყვნენ ყველანი ომის დროს. დემოკრატიული ჯარი არ არსებობს, ჯარი ყოველთვის ავტორიტარულია, იმიტომ, რომ ბრძოლას სჭირდება არადემოკრატიული მართვა.

– თუმცა მონარქი ყოველთვის წინა ხაზზე იბრძოდა, ეს ქართული, ევროპული და იაპონური ფეოდალიზმის დამახასიათებელი ნიშანი იყო.

– დიახ, წინა ხაზზე იდგა, როგორც მებრძოლი და ამავე დროს თავად იყო სტრატეგიც. შემდეგ ევროპამ გაყო სტრატეგია და ბრძოლა, ჩვენთან ესეც არ გაყოფილა. და დღეს, თუკი დღევანდელობას გადავხედავთ, ბევრი რამ გვაქვს დასაფიქრებელი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ თავისი თავი საქართველომ არ განსაზღვროს ისე, როგორც ადრე ჰქონდა განსაზღვრული. აღარ უნდა იცხოვროს იმ პრინციპებით, რითიც ადრე ცხოვრობდა. მეორე მხრივ, ნარკომანიის ცდუნება ყოველთვის არსებობდა. აღმოსავლეთთან გვქონდა ურთიერთობა. იქ მაშინაც იყო გავრცელებული ნარკოტიკები და საქართველოს ელიტა იყო მომხმარებელი, მაგრამ ნარკოტიკების ფართოდ მოხმარების პრობლემა არ იდგა. წარსულისგან განსხვავებით, დღეს ეს პრობლემა გაჩნდა. ამდენად, დღეს კონცეპტუალურად უნდა ჩამოყალიბდეს საქართველო. ამის სტიქიურად ჩამოყალიბებას საუკუნეები სჭირდება. სხვათა შორის, იაპონია იყო მსგავს მდგომარეობაში და განაგრძობდა თავისი იმ ხასიათით, იმ წესით ცხოვრებას, რაც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა, აგრესიული იყო სხვების მიმართ, მაგრამ შემდეგ ზედმეტი მოუვიდა, ასე გადააწყდა ამერიკასაც და შედეგად მიიღო ორი ატომური ბომბი. სწორედ ამის შემდეგ დაფიქრდა იაპონია, რომ რაღაც არასწორად ხდებოდა მის მენტალიტეტში. სწორედ ამის შემდეგ გააუქმეს სამურაის ინსტიტუტი. ანუ ის ინსტიტუტები ჩააქრეს, რომლებიც უკვე ზედმეტი იყო თანამედროვე ცხოვრებისთვის. გააძლიერეს მუშაობის კულტი. დაიწყეს დასავლეთიდან წარმოების გადმოტანა, მუშაობის რეჟიმი გაამკაცრეს, გაუთანაბრეს რელიგიურობას. იმდენადაც კი, რომ, როდესაც დილას ქარხანა მუშაობას იწყებდა, შესასვლელთან იკრიბებოდნენ და ხმამაღლა ლოცულობდნენ ფირმის დირექტორატის მრავალჟამიერისთვის. ანუ ერთმანეთს შეარწყეს თავიანთი რელიგიურობა და მუშაობის უნარი და მუშაობის უნარი იქცა ბრძოლის უნარის გაგრძელებად და შედეგად მივიღეთ იაპონია, რომელიც მანქანების ბაზარზე ამერიკას უწევს კონკურენციას. და ეს მოხდა ორი ატომური ბომბის ჩამოვარდნის შემდეგ.

– ფაქტობრივად, „ბომბები“ ჩვენც მოგვხვდა: გვყავს აგრესიული, ნარკომანიისკენ მიდრეკილი ახალგაზრდობა, რომლებიც ვერ დაიკვეხნიან განათლებით, მოტივაციით, შრომა-გარჯისკენ მიდრეკილებით. ქუჩებში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ეს.

– აბა, სოფლებში გაიარეთ, მაგასაც ვერ ვნახავთ.

– დიახ, სოფლები საერთოდ უკაცრიელის შთაბეჭდილებას ტოვებს.

– დიახ და აუცილებელი არ არის, რომ, მაინცდამაინც, ბომბი მოგვხვდეს, მაგრამ რაღაც მძიმე კრიზისი, ეტყობა, საჭიროა. იაპონია შეიძლება, იქამდეც დაფიქრებულიყო, სწორედ მიდიოდა თუ არა, იმიტომ რომ იმ პერიოდში კაცობრიობისა და იაპონიის განვითარება სხვადასხვა ხაზიც მიდიოდა, ოღონდ მაინც არ დაფიქრდა იაპონია, იმიტომ რომ, როდესაც არაფერი ტრაგიკული არ ხდება, ადამიანები თავს არ იწუხებენ და ცხოვრების წესის შეცვლა უჭირთ. მეორე მხრივ, გვაქვს ჩინეთის მაგალითი. ჩინეთს სულ არაფერი მოხვედრია, არც ბომბი და არც ომი და არც იაპონიის მსგავსი ნგრევის პრეცედენტი ყოფილა, მაგრამ ჩინეთი ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო. დენ სიაოპინის რეფორმებმა შემოატრიალა და დააყენა პროგრესის იმ გზაზე, რომელმაც ჩინეთი აქცია მსოფლიოს პირველ ან მეორე ქვეყნად. ოღონდ დენ სიაოპინი ხელისუფლებაში იყო და შეეძლო ამ ტიპის რეფორმების გატარება. ამდენად, ამ ტიპის რეფორმები შეიძლება, გაატაროს ხელისუფლებამ, ოღონდ ეს უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეფორმები, გადახვევების გარეშე ან უნდა მოხდეს რაღაც ტრაგედია და შემდეგ ამ ტრაგედიას დაემორჩილება მთელი საზოგადოება. ვიმეორებ, რომ აუცილებელია, საზოგადოება დაემორჩილოს ქვეყნის მართვის კონცეფციას. დღეისთვის არც ასეთი მორჩილების მზაობა ჩანს საზოგადოებაში – ყველას მიაჩნია, რომ, რადგან დემოკრატია გქვია, ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც სიამოვნებს და, მათ შორის, მიიღოს ნარიკოტიკები.

– მკვიდრდებოდა მიდგომა: ჩემი სხეულია და მინდა, მოვიხმარო ნარკოტიკი.

– შესაბამისად, როდესაც არც კონცეფციებია ხელისუფლებიდან, რომ დაისვას ქვეყნის გადარჩენის საკითხი, ატომური ბომბის ჩამოვარდნა არ გვემუქრება მაგრამ გვემუქრება დემოგრაფია. ატომური ბომბი ჯობია კიდეც, იმიტომ რომ ტრაგედიას უცბად დაინახავ. დემოგრაფია მატყუარა ტრაგედიაა: გკლავს, ოღონდ არ ჩანს, რომ გკლავს. ეს არის ჩუმი სიკვდილი და ჩვენთვის საკმაოდ რეალური პერსპექტივა. დღეს მე ვერ ვხედავ ვინმეს ვერც ხელისუფლებაში და ვერც ოპოზიციაში, ვინც გრძნობს ამ ჩუმი სიკვდილის მოახლოების საფრთხეს და აქვს რამე მონახაზი, თუ როგორ შეიძლება, დავაღწიოთ თავი ამ საფრთხეს.

– საზოგადოებას რატომ აქვს თავი ჩარგული ქვიშაში და სრულიად უაზრო საკითხებზე ხარჯავს ენერგიას, ვერ ხედავენ, რომ ახალგაზრდობას პრობლემები აქვს? ვერ ხედავენ ოჯახებში, რომ ეღუპებათ შვილები?

– უსიამოვნო რამეს ვიტყვი: საზოგადოების იმედი ნუ გექნებათ. ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ საზოგადოებაზე, როგორც სუბიექტზე, რომ აი, საზოგადოება დაფიქრდება თუ არ დაფიქრდება; გააკეთებს თუ არ გააკეთებს ამას და ამას; გადაარჩენს თუ არ გადაარჩენს ქვეყანას... არადა საზოგადოებას არ აქვს უნარი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ამიტომაც გაჩნდა პოლიტიკა, პარტიები, გაჩნდნენ პოლიტიკოსები, ანტიკური დროიდან მოყოლებული, იმიტომ რომ საზოგადოება ვიღაცას უნდა გაჰყვეს. აბსტრაქტულად არ მოქმედებს, უნდა გამოიჩეკოს ვიღაც, ვინც გააკეთებს მონახაზს, თუ საით წავიდეს ეს საზოგადოება და, თუ საზოგადოება დათანხმდება მის პროექტს, მან პროექტი უნდა წარადგენოს. ამან შეიძლება, მართლაც სასწაულები მოახდინოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ გადაწყვიტა რაღაც. ვიღაცამ გადაწყვიტა და შემსრულებელი გახდა საზოგადოება. აი, ასეთია ზოგადი პრაქტიკა, თუმცა შემდეგ ყველა ამბობს, რომ საზოგადოებამ გააკეთა ეს ამბავიო, მაგრამ, რეალურად, ასე არ არის. ამას აკეთებს პიროვნება. ომები ვახსენეთ და, რა თქმა უნდა, ომში კაცები იბრძვიან და ისინი იმარჯვებენ ან მარცხდებიან, მაგრამ მხედართმთავარი თუ არ იქნა, ომი შეიძლება, წააგონ.

– ჩვენ 2008-ში ვნახეთ, რომ ჯარი მზად იყო საბრძოლველად, მაგრამ სარდლობა გაიქცა.

– დიახ და წავაგეთ. იმიტომ რომ თავგანწირული ჯარიც კი ომის მოგების გარანტიას ვერ მოგცემს. არ არის ჯარის თავგანწირვა გამარჯვების გარანტია. ამისთვის საჭიროა მეთაურები: მეთაურები ჯარში, მეთაურები პოლიტიკაში, მეთაურები მეცნიერებაში. ლიდერის გარეშე არ გამოდის ადამიანთა ცხოვრება კი არა, ცხოველთა ცხოვრებაც კი. თუნდაც პოლიტიკის გარეთ არსებული ლიდერების, შეიძლება ითქვას, აზრის ლიდერების გარეშე. ილია, მაგალითად, პოლიტიკოსი არ იყო, მაგრამ ილია იყო. აი, ასეთი აზრის, ერის სულიერი ლიდერები თუკი გამოჩნდებიან, ეს უკვე ძალიან დიდი საქმე იქნება. ერის სულიერი ცხოვრების ლიდერი იყო პატრიარქი და რომ დაინახა დემოგრაფიული პრობლემის არსებობა, გააკეთა ის, რაც გააკეთა – მონათვლის სისტემა შემოიღო და ამით მოკლე ხანში ძალიან დიდი ნახტომი გაკეთდა დემოგრაფიაში, შემდეგ ჩაქრა, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება თავის თავზე აიღო პატრიარქმა. მან იმოქმედა, არა როგორც საეკლესიო პირმა, არამედ, როგორც საზოგადოებრივმა მოღვაწემ. არც ჩანს ასეთი ტიპის მოღვაწეები, არც სულიერი და არც პოლიტიკური ცხოვრების მეთაური ჩანს ისეთი, ვინც იტყვის, რა პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პერსპექტივაში თავიდან ავიცილოთ ცუდი შედეგი. არც ოპოზიცია ფიქრობს, საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა, როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ. ოპოზიცია საერთოდ არ ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს, ხელისუფლებაში რომ მოვა, გარდა იმისა, რომ ივანიშვილს ჩამოახრჩობს.

- და ქონებას ჩამოართმევს.

- ეს ხომ აუცილებელია. ამდენად, ამ მდგომარეობაში ვართ ახლა, ჯერჯერობით, არც დენ სიაოპინი გვყავს და პრობლემები ნელ-ნელა გვეპარება, როგორც ჟანგი ეკიდება ხოლმე ლითონის კონსტრუქციას.

- მიხეილ ჯავახიშვილი წერს, როდესაც ხალხს გმირი სჭირდება, ის, თუნდაც, ფუღუროდან გამოვარდებაო.

- ვერ დავეთანხმები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ფუღუროდან გამოვარდნილი გმირებით ბევრი ცუდი საქმე მომხდარა ისტორიაში, ასეთია ჰიტლერის მაგალითი...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი