რატომ არეგულირებს სახელმწიფო უმაღლესი განათლების ღირებულებას და არ არეგულირებს მედიკამენტებისა და სურსათის ფასებს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00
ხელისუფლებამ ჯერ მედიკამენტების გაიაფებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა შემდგომ, უფრო მეტიც, თურქეთიდან შემოტანილი იაფიანი მედიკამენტებიც გაქრა ფარმაცევტული კომპანიების აფთიაქებიდან. სურსათის გაიაფება კი იმით დასრულდა, რომ სუპერმარკეტებმა გარკვეული პროდუქტების გაიაფების შესახებ დააანონსეს და გაუგებარია, მხოლოდ სუპერმარკეტები აძვირებენ პროდუქციას? სად დაიკარგა ადგილობრივი მეწარმეებისა და იმპორტიორების წილი? – ამ თემას ეკონომიკის ექსპერტთან, ლია ელიავასთან, ერთად განვიხილავთ.
– რამ დააბრმავა კონკურენციის სააგენტო, რაკი ვერ ხედავს, რომ სააფთიაქო ქსელებში ფასდაკლების დღეებიც მსგავსია და ფასდაკლებული მედიკამენტების ფასებიც? ხომ გასაგებია, რომ ფასდაკლების დღეებშიც წამლები დიდი ფასნამატით იყიდება, ანუ არაფასდაკლების დღეებში მომხმარებელი, ფაქტობრივად, დაყაჩაღებულია.
– რაც შეეხება აფთიაქების პოლიტიკას გარკვეულ დღეებში ფასდაკლებების შესახებ: ეს არანაირად არ ამცირებს მათ შემოსავალს. პირიქით, მათი დაკვირვებით, არის დღეები, როდესაც კლიენტების რაოდენობა მცირეა. შესაბამისად, მცირე ფასდაკლების ხარჯზე ისინი უფრო მეტ კლიენტს იზიდავენ, რომელიც ფასდაკლებულ წამალთან ერთად სხვა წამალსაც ყიდულობს და აფთიაქი მაინც მოგებული რჩება. ამიტომ, თქმა იმისა, რომ სააფთიაქო ქსელები ზრუნავს მოსახლეობისთვის ფასების ხელმისაწვდომობაზე, მეტისმეტად გადაჭარბებულია. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსტრატეგია. საერთოდაც, სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, ცივილიზებულ ქვეყნებში წამლების ფასი მეტწილად რეგულირდება იმით, რომ წამლების გარკვეულ ნაწილს ანაზღაურებს სახელმწიფო ბიუჯეტი, სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში. შესაბამისად, სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს, რომ არ გახარჯოს ბევრი ფული ბიუჯეტიდან და არ მისცეს კერძო კომპანიებს ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების საშუალება, ანუ თავიდან აიცილოს ბიუჯეტის ძარცვა. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების ფასების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეგულირება მიღებული სტანდარტია.
რაც შეეხება სუპერმარკეტებს: სუპერმარკეტები ცენტრალურ რგოლად იმიტომაა მიჩნეული ფასწარმოქმნაში, რომ საქონლის იმპორტიორი კომპანია ძალიან ცოტაა. ეს არის საკმაოდ დიდი და ძლიერი კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ სახელმწიფო სტრუქტურებზე ან შეზრდილები არიან სახელმწიფო სტრუქტურებს. ეს ხშირი მოვლენაა ჩვენნაირ ღარიბსა და ინსტიტუციურად განუვითარებელ ქვეყნებში. შესაბამისად, თქმა იმისა, რომ კონკურენციის სააგენტო ვერ ხედავს კარტალური გარიგების ნიშნებს იმპორტიორებს შორის, უკვე არცაა კანონის სფერო, არამედ უფრო ლიბერალური შეხედულებების შედეგია. უცხოეთიდან შემოსული იმპორტირებული საქონელი, იცით, რომ, არ არის დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით წარმოშობის ქვეყანაში, ანუ შემოდის შედარებით იაფად, მაგრამ, როდესაც ის სავაჭრო ქსელში ნაწილდება, იბეგრება საკმაოდ მაღალი დღგ-თი, ადრე იყო 20 პროცენტი, ახლა 18 პროცენტია. ეს ძალიან მაღალი გადასახადია, რომელსაც იხდის მოსახლეობა. გარდა ამისა, თვითონ სავაჭრო წერტილებსაც სჭირდება თავიანთი მოგების წილი. ამიტომ იმპორტირებული საქონლის ღირებულებას ისინი ხშირად ამატებენ 100-150-200 პროცენტსაც კი. აი, აქ სავსებით შესაძლებელია, რაღაც ჩარჩოების შემოღება. მაგალითად, ისეთის, რომ საქონელზე ზედნადები ფასი არ უნდა აღემატებოდეს 20-30-50 პროცენტს. ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია, მაგრამ დამარეგულირებელი კანონი აუცილებლად უნდა არსებობდეს, რომელსაც შემდეგ უნდა დაეყრდნოს ანტიმონოპოლიური სამსახური. ასეთი კანონმდებლობა საქართველოში არ არის და, დიდი ვარაუდით, არც იქნება, ისევ და ისევ, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა არის ინსტიტუციურად ძალიან ნაკლებ განვითარებული, ამ თემას შეიძლება, შევხედოთ სხვა კუთხითაც, რომლითაც, ალბათ, უყურებენ მოვაჭრე ბიზნესმენები. იუსტიციის სახლის მომსახურების ტარიფები ბოლო ორ წელიწადში ლამის გასამმაგდა.
– გაუგონარი ფასებია სახელმწიფო მომსახურებისთვის.
– დიახ და ეს არის სახელმწიფოს მონოპოლიის სფერო. ასევე, სახელმწიფოს მონოპოლიის სფეროა რკინიგზა და იქ ფასები გაზარდა ორჯერ, ანუ 100 პროცენტით და ზოგ მიმართულებაზე – უფრო მეტადაც კი. სახელმწიფო რეგულირების სფეროა 112-ის სამსახურიც, რომელმაც, აგრეთვე, გაზარდა ფასები და მობილურებიდან ორმაგ თანხას ჭრის თავისი მომსახურებისთვის. ფაქტობრივად, სახელმწიფომ ანახვა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ფასების გაზრდა არა 5 და 10, არამედ 100 პროცენტით. ამ ყველაფერს მარტო ჩვენ კი არ ვხედავთ, არამედ ხედავენ ბიზნესმენებიც, რომლებიც შემდეგ თავიანთ თავს უფლებას აძლევენ, გაზარდონ ფასები. რაც შეეხება რეგულირებას: იქ, სადაც სახელმწიფო დაინტერესებულია, გამომდინარე, დავუშვათ, სოციალური მიზნებიდან, ფასებს არეგულირებს. მაგალითად, ასეთი სფეროა უმაღლესი განათლება, სადაც ფასები აბსოლუტურად დარეგულირებულია და უმაღლესი განათლების მიღების ღირებულება არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმა. კიდევ არის სფეროები, სადაც ფასებს არეგულირებს სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეუძლია, დაარეგულიროს ფასები და თანაც. უმტკივნეულოდ. მეორე მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებული რეგულაციის სფეროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მაგრამ ის არეგულირებს ფასებს მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სოფლის პროდუქციაზე, ჩვენი ადგილობრივი წარმოება კი საკმაოდ მწირია და, ძირითადად, შემოდის უცხოეთიდან. და როგორ შეიძლება, დარეგულირდეს უცხოეთიდან შემოსული პროდუქციის ფასები? რა თქმა უნდა, საბაჟო გადასახდელებით, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო იმდენად სუსტი, ღარიბი და დაუცველია, რომ მას ყველა თითს უქნევს. ასე რომ, დამოკიდებულები ვართ სხვა ქვეყნებზე, ამიტომ აქ რეგულირება, ფაქტობრივად, გამორიცხულია. მაგალითად, თურქეთში თუ გაგვინაწყენდებიან და საქართველოში არ გამოუშვებენ თავიანთ პროდუქციას, ფაქტობრივად, შიმშილი დაიწყება, ანუ პრობლემა ძალიან ბევრია და ამ პრობლემების გადაჭრა ჯერჯერობით არ მესახება ახლო მომავალში. ეს სავაჭრო ბიზნესი იმდენადაა შეზრდილი სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ რამე რადიკალური ზომების მიღება იმისთვის, რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს შიმშილს ან არასრულფასოვან კვებას ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
– რით ხსნით, რომ ამ ცუდ ფონზე სახელმწიფო ზრდის ჯარიმებსაც?
– ჯარიმების ზრდა ავტოსაგზაო შემთხვევების, მოძრაობის წესების დარღვევის გამო ემსახურება ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას, ზუსტად ისევე, როგორც საჯარო რეესტრის მომსახურების ფასების ზრდა. სახელმწიფო ბიუჯეტი განიცდის თანხების ნაკლებობას და უკვე აღარავის აინტერესებს ადამიანების სოციალური მდგომარეობა. ანუ ფული სჭირდებათ და ეს ფული ამოაქვთ მოსახლეობის ჯიბეებიდან. რა თქმა უნდა, ცუდი მაგალითია ფასების ზრდა. რაღაცნაირად მაინც უნდა იყოს დასაბუთებული და საზოგადოებისთვის მიწოდებული ისე, რომ მათაც გაიზიარონ მთავრობის პოზიცია, რომ, თუ მართლაც სახელმწიფო ბიუჯეტს სჭირდება ამდენი თანხა, ჩვენ მზადა ვართ ჩვენი საფულეებიდან ამოვიღოთ ფული და გადაგიხადოთ. სახელმწიფოს მიერ ფასების ზრდა ძალიან ცუდი პრაქტიკაა და ის დღეს არ ჩამოყალიბებულა. ასე იყო წლების განმავლობაში, დაწყებული 1990-იანებიდან, როდესაც საქართველოში შემოვიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და უზარმაზარ სესხებს გამოყოფდა. მათი პირველი მოთხოვნა გადასახადების ზრდა იყო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს შემდგომ შეძლებოდა გადაეხადა დავალიანებები. ასე რომ, ეს ტრადიცია მოდის და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მთავრობა იქნება, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს პრაქტიკა უცვლელი დარჩება, ვინაიდან საქართველო, გავიმეორებ, ინსტიტუციურად ძალიან სუსტი, განუვითარებელი, ღარიბი ქვეყანაა; აქ სოციალური დაცვის მექანიზმები არის საკმაოდ სუსტი, ანუ არ არის საკმარისი. სახელმწიფო ხარჯების გაწევას მხოლოდ ჯანმრთელობაზე, თუ ეს ჯანმრთელობა არ შენარჩუნდება, აზრი ეკარგება. სახელმწიფო იგებს, თუ გადასახადები დიდია, ამით მეტი შემოსავალი შედის ბიუჯეტში, მაგრამ იმავდროულად, არასრულფასოვანი კვების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის ზარალი ისევ და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტით ნაზღაურდება. ამ პროცესებს დარეგულირება სჭირდება, სახელმწიფოებრივი აზროვნება; კარგი სიტყვაა ერისკაცობა და ცოდნა იმისა, თუ რა უნდა გააკეთო, რომ შენი ერი აყვავდეს.
– გასაგებია, რომ სახელმწიფოს სჭირდება ბიუჯეტი ფუნქციონირებისთვის, მაგრამ, როდესაც პატარა შპს და უმსხვილესი კომპანია იდენტურ გადასახადებს იხდის, ეს ნორმალურია? გაუზარდონ მსხვილ კომპანიებს გადასახადები ბრუნვებისა და მოგების ადეკვატურად და აღარ მოუწევთ სახელმწიფო სერვისების გაძვირებითა და ჯარიმებით ფულის ამოღება მოსახლეობისგან.
– ეს არის კონტროლის პრობლემა. ეს არის ფინანსთა სამინისტროს პრობლემა, რომელიც ძალიან ზერელედ უყურებს დეკლარაციებს, რომლებსაც ავსებს ბიზნესი. წლიდან წლამდე ეს უცვლელი მაჩვენებლები, რატომღაც, არ ბადებს კითხვის ნიშნებს ფინანსთა სამინისტროსთვის.
– აძლევენ საშუალებას, სახელმწიფოს მოპარონ ფული, ანუ დაუმალონ ეს მწირი გადასახადებიც კი?
– მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს კეთდება მიზანდასახულად. შესაძლებელია, რომ ეს პროცესი, უბრალოდ, მიშვებულია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ფულის ძალიან დიდი ბრუნვაა, ბიზნესსუბიექტების მოგების მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, გადასახადებიც არის ძალიან დაბალი. მაგალითად, საბანკო სექტორში მილიარდები ტრიალებს, ზოგჯერ ტრილიონები, მაგრამ გადასახადები ძალიან პატარაა. ესეც განუვითარებელი ქვეყნის პრობლემაა და ამ პრობლემის გადაწყვეტა, როგორც გითხარით, იმ ბაზისით, რომელიც არსებობს სახელმწიფო მართვაში, რომელიც არსებობდა და იარსებებს, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
– მაშინ რატომ გვპირდება ხელისუფლება, რომ ამას გააიაფებს, იმას გააიაფებს? ეს იმას ჰგავს, ბრმას ცოლი მოუკვდა და არ უთხრათო, ვერ მივხვდებით, რომ არ იაფდება?
– ხალხი ბევრ რამეს ხვდება, მაგრამ საჯარო სამსახურის სპეციფიკა ისაა, რომ ხალხს არ მისცეს უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება. ალბათ, მათ ახსოვთ გამონათქვამი, რომ არის ტყუილი, არის დიდი ტყუილი და არის პოლიტიკა. გენიალური სიტყვებია. ამიტომ მნიშვნელოვანია, შექმნა ილუზია იმისა, რომ რაღაცასაც აკეთებ, ცდილობ. თან, თქვენ იცით, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი არის ძალიან ნელი და მოუქნელი. იდეები გადის რამდენიმე სტადიას და სანამ ხელმძღვანელობამდე მივა, დიდი დრო სჭირდება. ანუ ეს ხანგრძლივი პროცესია და დადებითი შედეგი ნამდვილად არ არის გარანტირებული.
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ფარმაცევტული კომპანიები, ბანკები, მსხვილი იმპორტიორები იმდენად ძლიერები არიან, რომ ხელისუფლება შეიძლება, შეარყიონ, თუ ის მათ დისკომფორტს შეუქმნის?
– ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: დიახ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





