როგორ ყვლეფს სამედიცინო სექტორი ბიუჯეტსა და საქართველოს მოქალაქეებს და როდემდე გაუძლებს პაციენტების ჯიბეები ამ წნეხს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
საქართველოში სამედიცინო სფერო ბიზნესად იქცა, ხოლო პაციენტები ფულის საჭრელ მანქანად. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები არსებობს და ქრონიკული დაავადებების მქონეთათვის, ისევე, როგორც სოციალურად დაუცველებისთვის, აუცილებელი მედიკამენტები უფასოდაა ხელმისაწვდომი, ჯანდაცვის სექტორი ახერხებს, რომ უკიდეგანოდ ყვლიფოს როგორც ბიუჯეტი, ისე მოქალაქეთა ჯიბეები. როდემდე გაუძლებს ამ წნეხს პაციენტების ჯიბე? – ამ თემაზე ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლია ელიავა გვესაუბრება.
– ეს სფერო, ჩვეულებრივ, ყველგან ფულის საჭრელი მანქანაა თუ დამახასიათებელია განვითარების იმ დონისა და ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ?
– სახელმწიფო მართლაც ბევრს აკეთებს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის და ამას ვამბობ ყოველგვარი პათოსის გარეშე. უზარმაზარი თანხა იხარჯება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, ხორციელდება სოციალური სამედიცინო პროგრამები ასაკოვანი და შშმ პირებისთვის. ამდენად, საყვედურის თქმა სახელმწიფო პროგრამების მიმართ მე ნამდვილად არ შემიძლია. იმასაც დავამატებდი, რომ სამედიცინო დაწესებულებები ხშირად მიმართავენ არცთუ პატიოსან მეთოდებს, რომ, რაც შეიძლება, მეტი ფული გამოსცინცლონ სახელმწიფო ბიუჯეტს. ჯანდაცვის სამინისტრო შეძლებისდაგვარად ავლენს ასეთ შემთხვევებს და შეაქვს სპეციალური კორექტივები კანონმდებლობაში, რომ მსგავსი თაღლითობები არ განმეორდეს. განვმარტოთ, რა ტიპის თაღლითობაზეა საუბარი: მაგალითად, ზედმეტად გაწეული სამედიცინო მომსახურება, რომელიც უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ. ერთი კლინიკისთვის შეიძლება, დიდი თანხა არ არის, მაგრამ, როდესაც ამას ყველა აკეთებს, ეს ძალიან სერიოზული თანხაა. სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე, მაგრამ რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს – სამწუხაროდ, მსოფლიოში ფეხი მოიკიდა ჰიპოკრატეს და არა პარაცელსიუსის მედიცინის მიმდინარეობამ, რომელიც გულისხმობს განსხვავებულ მიდგომას პაციენტების მიმართ. ჰიპოკრატეს მიდგომამ იმდენად შეიცვალა ფორმები და მეთოდები, რომ, ფაქტობრივად, სერიოზულ ბიზნესად იქცა. და თქვენ იცით, რომ ნებისმიერი ბიზნესი, განსაკუთრებით, დიდი, ხდება აბსოლუტურად უმოწყალო. ჩვენ, მოსახლეობა, სამედიცინო სფეროსთვის აღარ ვართ პაციენტები, ჩვენ ვართ კლიენტები. ხოლო კლიენტებს როგორ ექცევიან? ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი თანხა დაახარჯვინონ.
– და იმავდროულად, სახელმწიფოსგანაც მეტ თანხას იღებენ.
– მაგრამ თუ სახელმწიფო მეტ-ნაკლებად იცავს თავს, ანუ ბიუჯეტს, ჩვეულებრივ მოკვდავებს ამის გაკეთება არ შეგვიძლია, ორი ძირითადი მიზეზით. პირველი ეს არის შიში ავადმყოფობის წინაშე და მეორე – უცოდინრობა საკუთარი ავადმყოფობისა, ანუ აბსოლუტური მინდობა ექიმისადმი. ეს სამედიცინო მუშაკებს, ეგრეთ წოდებულ, დაუსჯელობის სინდრომს უჩენს და ისინი თავის თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ, რაც აისახება როგორც პაციენტის ჯანმრთელობაზე, ასევე მის ჯიბეზე.
– დავაკონკრეტოთ.
– სამედიცინო დაწესებულების მიერ კლიენტის გაფცქვნაში პირველი ადგილი უჭირავს ანალიზებს. ექიმთან რომ მიდიხარ, რას ითხოვს ის? ანალიზებს. რა თქმა უნდა, ანალიზები ნამდვილად საჭიროა, იმიტომ რომ ეს ექიმს ეხმარება სწორი დიაგნოზის დასმასა და შემდგომ სწორი მკურნალობის დანიშვნაში. მაგრამ ამ ყოველ საჭირო ანალიზს ზედ მოჰყვება ისეთი, რომელიც აბსოლუტურად არაინფორმატიულია, მაგრამ პაციენტს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა უჯდება. მარტივ მაგალითს მოვიტან: ვთქვათ, ადამიანს აქვს ბაქტერიული ინფექცია, გააკეთებინებენ 100-ლარიან ანალიზს, რომ გაარკვიონ, რა ბაქტერიაა, თუმცა უმეტესწილად ამას აზრი ეკარგება, იმიტომ რომ არსებობს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, რომლებიც ყველა სახეობის ბაქტერიას სპობენ. მეორეა, კატეს დანიშვნა ისეთ ორგანოებზე, რომლებზეც ნაკლებად ინფორმატიულია და არაფრის მომცემი. ხშირი პრობლემაა, განსაკუთრებით, ასაკოვანი ადამიანების კუნთში ანთებითი პროცესი და რა ანალიზიც უნდა გაუკეთო, მკურნალობის მეთოდი არის ერთი და იგივე, განურჩევლად იმისა, რას აჩვენებს ან აჩვენებს თუ არა რამეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. იმას გარდა, რომ ეს არის ზედმეტი დასხივება პაციენტისთვის. მით უმეტეს, თუ კონტრასტი შეჰყავთ, რაც დამატებით სირთულეებს უქმნის ადამიანის ორგანიზმს. ეს მეთოდი ზედმეტ დანახარჯებს იწვევს, არადა მკურნალობა არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რა ანალიზს ჩაიტარებს პაციენტი და რა პასუხი ექნება. აგრეთვე, პრობლემაა თავად ექიმის დანიშნულება. ჩემი მეგობრის მაგალითს მოვიყვან: კენჭის გავლა ჰქონდა, მოუარეს, დაეხმარნენ, მაგრამ კენჭის გავლამ ბუნებრივად გაუფუჭა შარდის ანალიზი და დაუნიშნეს უამრავი ანტიბიოტიკი და სხვა სახეობის წამლები. მე ვურჩიე, არ დაელია და რამდენიმე დღეში განმეორებით ჩაეტარებინა ანალიზი, რადგან ყველა პარამეტრი წამლების გარეშეც გასწორდებოდა. ასეც მოხდა, არადა დანიშნული წამლები რომ მიეღო, შესაძლებელია, იმ წამლების გვერდით მოვლენების გამო სხვა გართულებები ჰქონოდა.
აი, ამიტომ ვახსენე ჩვენი საუბრის დასაწყისში პარაცელსიუსისა და ჰიპოკრატეს მედიცინა. ეს ორი განსხვავებული მიდგომაა პაციენტებისადმი. პარაცელსიუსი შუა საუკუნეების ნოვატორი მედიკოსი იყო. მისი მიდგომა გულისხმობს ადამიანისადმი ინდივიდუალურ დამოკიდებულებასა და პაციენტსა და ექიმს შორის ნდობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. სამწუხაროდ, ჰიპოკრატეს მედიცინაში, რომელიც დღესაა გავრცელებული მსოფლიოში, ეს ინდივიდუალური მიდგომები ქრება. ექიმთან რომ მიდიხართ, ის თავის კომპიუტერში ხსნის გაიდლაინს, ანუ სახელმძღვანელოს, შეჰყავს თქვენი მონაცემები, სიმპტომები, შეიძლება, არც კი შეგხედოთ სახეზე და იქიდან გამოჰყავს დიაგნოზი და მკურნალობის მეთოდები. ამდენად, ამის შემხედვარე ჩნდება კითხვა, მაშინ რას სწავლობენ ისინი შვიდი წლის განმავლობაში, თუ ყველაფერი უკვე გამზადებული აქვთ უცხოური გაიდებით?! ანუ პროფესიონალიზმის დაბალი დონეც იწვევს პაციენტებში უნდობლობის ხარისხის ზრდას.
– სხვათა შორის, ექიმი ვალდებულია და ეს ჩვენი კანონმდებლობით უზრუნველყოფილია, პაციენტს აუხსნას, რატომ უნიშნავს ამა და ამ სახის მკურნალობას და რა შედეგს ელის. მე ყოველთვის ვახსნევინებ, რას რატომ მინიშნავენ, რაც უმეტესობას არ მოსწონს. მიუხედავად ამისა, მათ დანიშნულებას ხან ვეთანხმები, ხან არა. იმიტომ რომ, თუმცა მე არ ვარ ექიმი, საქმე ეხება ჩემს ჯანმრთელობას, ჩემს სხეულსა და ჩემს სიცოცხლეს. ამიტომ მე უნდა დამარწმუნოს, რომ ეფექტიან მკურნალობას მინიშნავს და შედეგზე პასუხისმგებელია.
– გეთანხმებით, მაგრამ ექიმისთვის სულ ერთია, თქვენ მისთვის ხართ სტატისტიკური ერთეული, ერთი კლიენტი სტატისტიკურ ამონაკრებში. ასე რომ, განსაკუთრებით, თერაპევტები პაციენტებს უდგებიან ძალიან ფორმალურად, განსხვავებით ქირურგებისგან, სადაც რეალურად საქმე კეთდება, ანუ რეალურად ეხმარებიან ადამიანს ფიზიკურ დონეზე, ხოლო მედიკამენტოზური მკურნალობა უფრო ყავაზე მარჩიელობას ჰგავს: თუ ამ წამალმა არ უშველა და რაღაც დაუზიანა, მეორეს დაუნიშნავს და იმ დაზიანებულსაც უმკურნალებს. ამას ემატება სამედიცინო დაწესებულებების არაფორმალური ურთიერთობები ფარმაცევტულ კომპანიებთან და არა მარტო წამლის მწარმოებლებთან, არამედ შემომტანებთანაც, რის შედეგადაც რეკლამა ეწევა კონკრეტულ პრეპარატს, მაგალითად, „ავერსს“ აქვს თავისი ფარმაცევტური წარმოება. შემოაქვთ წამლები, აქ ფუთავენ და ცდილობენ, რომ გაყიდონ. გასაგებია, რომ ეს ბიზნესია და „ავერსის“ კლინიკას თუ მიმართავთ, უპირველესად, სწორედ იმ წამლებს დანიშნავენ, რომლებსაც თავად აწარმოებენ. იმას არ ვამბობ, რომ „ავერსის“ წამლები ცუდია, მაგრამ ეს ბიზნესდამოკიდებულება არასასიამოვნო ნალექს ტოვებს პაციენტში. პაციენტს ურჩევნია, ანალოგიური წამალი, მაგრამ შედარებით უფრო იაფი, იყიდოს. თუ დაკვირვებიხართ, ექიმებს მაგიდაზე უდევთ სარეკლამო ფურცლების დასტები, რომლებიც არეკლამებენ ამა თუ იმ პრეპარატებს, განსაკუთრებით, მალამოები უყვართ, ანუ პრეპარატი, რომელიც არც გიშველის და არც გავნებს. დიახ, შეგვიძლია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ექიმს ან, როგორც თქვენ ბრძანეთ, გამოვკითხოთ, რისთვის არის ესა თუ ის პრეპარატი, რა უკუჩვენებები აქვს, რა შედეგი მოაქვს, მაგრამ პაციენტისთვის, რომელიც რაიონიდან ჩამოდის, ასეთი შედავება ექიმთან მიუღებელია. ამიტომ ისინი ყველაფერზე თანხმდებიან უსიტყვოდ, ანუ, თუ ექიმმა თქვა, ღმერთმა თქვა. და, სამწუხაროდ, ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ფულის ხაფანგში.
– მე მაინც მგონია, რომ პაციენტებმაც უნდა იაქტიურონ და სახელმწიფოს თუ შეუძლია ამის დარეგულირება?
– სახელმწიფოს შეუძლია, ჩამოაყალიბოს და ჩამოაყალიბა კიდეც ნორმები, თუ როგორ უნდა ექცეოდნენ ექიმები პაციენტებს, მაგრამ ამ ნორმების გაკონტროლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. იმიტომ, რომ საჩივრების უმეტესობა სამედიცინო დაწესებულებების წინააღმდეგ უკავშირდება მხოლოდ სერიოზულ ნეგატიურ შედეგს. უფრო ხშირად, როდესაც ლეტალური შედეგია. იმის გამო, რომ მკურნალობის შედეგად ზიანი ადგება რომელიღაც ორგანოს, ნაკლებად მიმართავენ, ამას გარდა, ამ დროს აუცილებელია მცირე საბაზისო სამედიცინო განათლება მაინც, რომ მიხვდე, როდესაც ერთ თითს მკურნალობ, მეორე რომ გიზიანდება. როდესაც ამას ვერ ხვდები, ვერ იჩივლებ.
– მე მგონია, რომ სახელმწიფო ნაკლებად ზრუნავს დაავადებების პრევენციაზე, ანუ არ არის ჯეროვნად განვითარებული პირველადი ჯანდაცვის სფერო. ეს ფინანსურადაც შეუმსუბუქებდა ტვირთს და უფრო ჯანსაღი მოსახლეობაც ეყოლებოდა.
– ნორმალურ საზოგადოებაში ადამიანები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ აუცილებლად გადიან სამედიცინო შემოწმებას. ამას სახელმწიფო ვერავის დაავალებს, მაგრამ სახელმწიფო პროპაგანდის გაწევა, რომ ადამიანმა ყოველ წელიწადს უნდა გაიაროს პროფილაქტიკური დათვალიერება, ჩაიტაროს ანალიზები და ექიმს გაესინჯოს, განვითარებულ ქვეყნებში მიღებული პრინციპია, იმიტომაც არის, რომ იქ შედარებით ნაკლებია მძიმე დაავადებები და უფრო ადვილად იკურნება. ანუ დაწყებით სტადიაზე რაღაც პრობლემის პოვნა და მისი განკურნება ბევრად უფრო იოლია. საქართველოში, სამწუხაროდ, ასეთ დამოკიდებულება არ არის ფართოდ გავრცელებული და ამას აქვს თავისი მიზეზები. ყველაზე მთავარი მიზეზია არაინფორმირებულობა. მეორე მიზეზია ის, რომ ასეთი პროცედურების გავლა თანხა ღირს და ადამიანებს უჭირთ თანხების გამონახვა ანალიზებისა და ექიმთან ვიზიტებისთვის. ანუ ეს არის ფინანსური პრობლემაცა და სოციალურიც. მესამე მნიშვნელოვანი მიზეზია დაავადების გამოვლენის შიში, ანუ, თუ სირაქლემასავით ქვიშაში ჩავრგავ თავს, არაფერი მეცოდინება და უსაფრთხოდ ვიქნები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





