„ჩახედე მეგობარს თვალებში“
ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00
ანუ დისკრიმინაცია ნატოურად?!
ანკარაში გასულ კვირას დაიწყო და უკვე დამთავრდა კიდეც „ნატოს“ 36-ე სამიტი, რომელსაც სამხრეთ კორეის პირველკაციც დაესწრო და უკრაინისაც, თუმცა არც ერთის ქვეყანა არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. მაგრამ, რაც მთავარია, სამიტი აშშ-ის პრეზიდენტმაც დააფასა და იმდენადაც კი, რომ დანარჩენ ნატოელებს განუცხადა, რომ არა ჩემი მეგობარი რეჯებ თაიფ ერდოღანი, ჩემი ფეხი არ იქნებოდა თქვენს შეკრებაზეო. თუმცა, იქვე დაგვამშვიდა როგორც სრულფასოვანი, ისე ასპირანტი ნატოელები, რომ აშშ „ნატოდან“ გასვლას არ აპირებს (დაახლოებით, ასეთი პათოსით: ჯანი გავარდეს, ჯამში ჩავარდესო, გულაცრუებული ვიყავი, მაგრამ გული მომილბაო).
ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რეალურად მოილაპარაკეს თუ არა რამეზე კამერებს მიღმა ალიანსის წევრებმა და მიწვეულმა სტუმრებმა, მხოლოდ ის ვიცით, რაც ოფიციალურად ითქვა, ანუ კამერების წინ და მათგან ყურადსაღები, ალბათ, ის იყო, რომ დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების დასრულების შესახებ გვაუწყა დანარჩენებს (ირან-აშშ-მა ისევ გაცვალ-გამოცვალეს დაბომბვები: აშშ-მა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას შეუტია, ირანმა – აშშ-ს სამხედრო ბაზებს ახლო აღმოსავლეთში, საბოლოოდ კი, ნავთობის ფასს ისევ შავი დღე გაუთენდა); კვლავ იმნაირად მოიხსენია ესპანეთი და იტალია (მათი პოლიტიკური ლიდერებიანად), კიდევ ერთხელ შეახსენა დანიას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ჰაერივით სჭირდება და უკრაინისგან დრონების შესყიდვის ამბავიც დაადასტურა (ოღონდ ჯერჯერობით რეალურ შესყიდვას პირი არ უჩანს). ამას გარდა, პარტნიორები უკრაინისთვის 70 მილიარდის გადაცემის შესახებაც შეთანხმდნენ.
თავის მხრივ, „ნატოს“ გენმდივანმა ბ-ნმა რუტემ კი განაცხადა, რომ (მომყავს ციტატა): „ჩვენ თავს ვერ დავიცავთ დოლარებით, ფუნტებით თუ ევროებით. ჩვენ გვჭირდება სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი კაცები და ქალები“. განცხადება, მე რომ მკითხოთ, უცნაურია, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, არ მგონია, ვინმე უშლიდეთ სამხედრო უნიფორმაში გამოწყობას და, რაც მთავარია – რატომ მხოლოდ ქალები და კაცები?! „ელ გე ბე ტე ქიუ“ და ასე შემდეგებმა რა დააშავეს?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





