პოლიტიკა

როგორ ქმნიდა პანდემიის ეფექტს მედია და ტესტირებები და რატომ უტარებენ დღემდე კლინიკებში, სხვადასხვა მიზეზით მოხვედრილ ადამიანებს კორონავირუსის ტესტებს

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 08.03, 2023 წელი

ზვიად ტომარაძე
დაკოპირებულია

მართალია, ჩვენ გვეგონა, რომ პანდემია დასრულდა, მაგრამ ამას წინათ ჯანმოს დირექტორმა განაცხადა, რომ აქვთ ყველა ბერკეტი, რომ 2023 წელს პანდემია დაასრულონ (ანუ ისევ გრძელდებაო). ამის პარალელურად, თუმცა ამირან გამყრელიძემ დაგვტოვა (ჩვენ კი არა – პოსტი დატოვა), თენგიზ ცერცვაძე ისევ კორონას ახალ-ახალ შტამებზე საუბრობს და უკმაყოფილოა აცრების ოდენობით, განსაკუთრებით, ბუსტერების. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის უცნობია, რა შედეგი გამოიღო აცრებმა (სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა) და ცნობილია ის, რომ გაქანებულმა ომმაც კი ვერ გამოიწვია პანდემიის აფეთქება (არადა, თურმე, გრძელდება), ბუნებრივია, იბადება კითხვა: რა დაუსრულებელი დაემართა კორონაპანდემიას და რატომ გაახსენდათ ის რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე მსოფლიოსა და ქართული ჯანდაცვის სისტემების მესვეურებს? – ამ თემაზე ზვიად ტომარაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– ისევ უკეთებენ „პი სი არ“ ტესტს ნებისმიერს, როდესაც კლინიკაში შედის პაციენტი, რომელსაც სულ სხვა სიმპტომები აქვს. რატომ გაიჭიმა ასე პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ იმთავითვე ითქვა ტენდენციის შესახებ: ყველა პანდემიას თან სდევდა ომი. ომი დაიწყო, მაგრამ პანდემია ისევ გრძელდებაო, ახლახან გვითხრეს. ამჯერად რის იარაღად სჭირდებათ პანდემია?

– დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო მედიაპროექტი, რის საშუალებითაც ხორციელდებოდა მედიატერორი და რომლის მთავარი ინდიკატორი იყო ტესტირება. თუ არ ჩაატარებდნენ ტესტირებას, არაფერიც არ იქნებოდა, იმიტომ რომ სეზონური გრიპები, ვირუსები, ყოველწლიურად, ძირითადად, შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში აქტიურდებოდა. მახსოვს, რომ იმ პერიოდებში ადრეც იყო გადავსებული კლინიკები, სკოლები ნახევრად ცარიელი იყო, მაგრამ მაშინ არანაირი ტესტირება არ ტარდებოდა და არც ტელევიზიებიდან არ აშინებდნენ ადამიანებს. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, კონკრეტულად რა ერთი მიზანი ჰქონდა ამას, თუმცა მე ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ვთქვი, რომ ეს ვირუსი იყო ხელოვნური და მიზანს გამოაჩენდა დრო, ანუ დასაშინებლად იყო შექმნილი, ადამიანების გასაკონტროლებლად, წამლების გასასაღებლად (ვაქცინას ვგულისხმობდი) თუ სხვა მიზნებისთვის. და დრომ, მართლაც, გამოაჩინა მათთვის, ვისაც ანალიზის უნარი შერჩა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ შეიძლება, ვერც დაუშვა ბევრმა, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტი ტარდებოდა. პანდემია დასრულდა შარშან, 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. მაშინ მთელი მედია გადაერთო ამ ომზე და, შესაბამისად, პანდემიაც დასრულდა. რაც შეეხება ტესტირებას: არაერთი სტატია გამომიქვეყნებია, რომ ჩვენს ქვეყანას ტესტების ჩატარება დღეში მილიონ ლარამდე უჯდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ეს ტესტები შემოგვქონდა და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იხდიდა ამ ფულს: ბიუჯეტი თუ მოსახლეობა თავისი ჯიბიდან, ვინაიდან ეს ფული ქვეყნიდან გადიოდა. რა თქმა უნდა, ამით ხეირობდნენ და ძალიან დიდი ფული გაკეთდა არა მხოლოდ ტესტირებაზე: სადეზინფექციო საშუალებებზე, პირბადეებზე, კოვიდსასტუმროებზე და ამის შესახებ განაცხადა ისეთმა ადამიანმა, როგორიცაა ჯანდაცვის მინისტრი, თან – ორმა მინისტრმა განაცხადა. გავიხსენოთ, რა თქვა ტიკარაძემ, როდესაც პოსტიდან მიდიოდა?! მან თქვა, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და არსებობს კლინიკები, რომელბშიც სიკვდილიანობა იყო 2-2.5 პროცენტი და არსებობს კლინიკები, რომლებშიც ლეტალობის მაჩვენებელი 15 პროცენტი იყოო. ამით პირდაპირ მიანიშნა, რომ ზოგ კლინიკაში ადამიანებს, უბრალოდ, ხოცავდნენ. სხვანაირად მისი განცხადება ვერ იხსნება. ჩვენ ისედაც ხომ ვიცით, რომ არასწორი მკურნალობით, ჯანმოს გაიდლაინებით ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც თავიანთი ფეხით მივიდნენ კლინიკებში, იქიდან ცოცხლები ვეღარ გამოვიდნენ.

– მეც ვიცი ასეთები.

– ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც სხვადასხვა დაავადება აწუხებდა, როდესაც მიდიოდა კლინიკაში, უტარებდნენ ტესტირებას, უდასტურებდნენ კოვიდს, მიუხედავად იმისა, რომ სომპტომი არ ჰქონდა და, თუკი გარდაიცვლებოდა, მონაცემი შედიოდა კოვიდსტატისტიკაში.

– და ძალიან საინტერესო ლოგიკაც გამოიკვეთა: პანდემიისას გარდაცვალების მიზეზად სახელდებოდა კოვიდი, მიუხედავად იმისა, რა ქრონიკული დაავადება აწუხებდა ადამიანს, ამბობდნენ, ის მთავარი დაავადება მეორეული იყოო, ხოლო აცრის გართულებისას სწორედ ქრონიკულ დაავადებას აბრალებდნენ მიზეზს და არა – ვაქცინას.

– ნამდვილად ასე იყო. ასევე, გავიხსენებ, ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ბატონი აზარაშვილის ორ უმნიშვნელოვანეს განცხადებას, რომელსაც ნორმალურ ქვეყანაში აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა საქმის აღძვრა. როდესაც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში ორი წლის განმავლობაში მილიარდი გაიფლანგა ცარიელ საწოლებში და მალევე მოაყოლებს, რომ კოვიდკლინიკები იქცეოდნენ არაკეთილსინდისიერად და ადამიანები გადაჰყავდათ კლინიკებში, როდესაც ამის საჭიროება არ იყო და ამაზე რეაქცია არავის ექნება, ეს ნიშნავს, რომ ფულის კეთების პროცესში ჩართული იყვნენ მაღალი ეშელონების წარმომადგენლები ან ისეთი მფარველები ჰყავთ ქვეყნის გარეთ, რომ ვერ ეხებიან. სხვა ახსნა ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას ჯანდაცვის მინისტრების განცხადებებზე არ აქვს.

– როდესაც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს იმას, რასაც ამბობს, ეს ხომ ნიშნავს, რომ მთავრობა ეთანხმება, სხვანაირად მინისტრი ამის თქმას ვერ გაბედავდა, არავის გადაახტებოდა თავზე. მაშინ ვინ იდგა ამის უკან, ვისაც მთავრობაზე დიდი ძალაუფლება აქვს?

– მინისტრიც ადამიანია და შეიძლება, მან თქვას ის, რაც არ უნდა ეთქვა და, მეორე, უფრო რეალური ვარიანტია, რომ ყველა ადამიანს აქვს სინდისი და უჩნდება სურვილი, ილაპარაკოს სიმართლე. მთავარია, რა შედეგი მოჰყვა ამ განცხადებებს. არანაირი შედეგი! ბევრი არაფერი შეცვლილა, იმას გარდა, რომ მაღალი ტრიბუნიდან მოვისმინეთ ის, რის შესახებაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვლაპარაკობდით.

– კიდევ საინტერესო დეტალია ის, რომ, თუმცა ჯანმო ამბობს, რომ წელს აპირებს პანდემიის დასრულებას, ცერცვაძე ახალი შტამებით გვაშინებს, ამას არ ახლავს თან მედიაუზრუნველყოფა, რაც გარანტირებული იყო პანდემიისას.

– დავიწყოთ იმით, რომ მათ ხელშია ტალღებიც და შტამებიც, შესაბამისად, როცა უნდათ მაშინ და რაც უნდათ, იმას იტყვიან.

– მათ ხელშია, ანუ ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობთ?

– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეუძლებელია, მათემატიკური სიზუსტით შეძლებოდათ პანდემიის ტალღების გამოცნობა ჩვენს ცნობილ ვირუსოლოგებს. ისინი, უბრალოდ, ინფორმაციას ავრცელებდნენ. სხვა ქვეყნებშიც თავიანთი გამყრელიძეები და ცერცვაძეები ჰყავდათ და იქაც ზუსტად იგივე ხდებოდა. რაც შეეხება მედიას: მედია მაინც რუსეთ-უკრაინის ომსა და სხვა თემებზეა გადართული და, მეორე – მედიაშიც გაიაზრეს, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მიხვდა, რაც ხდებოდა და, ამდენად, ცხადია, რომ მედია ამ წაგებიან პროექტს იმ ფორმით აღარ გაიმეორებს. მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მედიას ნებისმიერ საკითხში შეჰქონდა ეჭვი, ერთადერთი თემა, როდესაც ჩვენს მედიას კითხვები არ უჩნდებოდა, იყო კოვიდპანდემია. პირიქით, მავნებლური კითხვები უჩნდებოდათ. მახსოვს, როდესაც ბატონი აზარაშვილი დაინიშნა მინისტრად, მას საყვედურობდნენ, რატომ გააუქმეთ საწოლფონდები, რატომ არ არისხებთ განგაშის ზარებს, რატომ არ აწესებთ შეზღუდვებს. ანუ იმავეს განაგრძობდნენ. მეტიც, როდესაც ჩვენ ვატარებდით ხალხმრავალ აქციებს, რის გამოც ბევრი დაგეგმილი უბედურება იმ მასშტაბით არ განხორციელდა, როგორც იყო დაგეგმილი, მოვისმინეთ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, ქალბატონ თარხნიშვილის აღიარება, რომ გაოგნებული იყო ჩვენი აქციის მასშტაბით და რომ მანამდეც და მერეც მედია შეთანხმებული იყო, რომ ეს აქციები არ გაეშუქებინათ. ანუ მედია ხალხს უმალავდა ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მძლავრ საპროტესტო მუხტს. რა თქმა უნდა, მედიამ, რომელიც ამ ისტერიის მთავარი მონაწილე იყო, იცის, რომ იმავეს აგორება მათ დააზარალებს, ამიტომ ერიდებიან.

– თუმცა ჯანმოს დირექტორის განცხადება მოწმობს, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა. რა არის ამის მიზეზი? რომ ისევ გაკეთდეს ფული ტესტებში, ვაქცინაციაში? რა პოლიტიკური მიზანი შეიძლება, იდგეს ამ დაუსრულებლობაში?

– ნებისმიერი თემის, რომელიც დაიწყე, დასასრულებლად გჭირდება რაღაც, ან სტატისტიკა, ან რამე ფაქტი, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ დასრულდა. რაზე იყო აგებული ეს პანდემია? ტესტირებებზე. დღეს ტესტირებები მასობრივად აღარ ტარდება, მხოლოდ მცირე მასშტაბში, საზოგადოებაც არ იტარებს ტესტებს, იმიტომ რომ მიხვდა უდიდესი ნაწილი, რომ ეს ტესტები არაფერს აჩვენებდა და ვერც პირბადე იცავდა დაინფიცირებისგან. შესაბამისად, რაზე დაყრდნობით თქვას ჯანმომ, რომ პანდემია დასრულდა?! გარდა ამისა, არსებობს მეორე მიზეზიც: შეიძლება, ისევ აქვთ რაღაც მიზნები და, ამდენად, არ აქვთ მოტივაცია, ილაპარაკონ ის, რაზედაც საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე ჩამოუყალიბდა აზრი, ამიტომ მიჰყვებიან ძველ ვერსიას, რომ პანდემია გრძელდება.

– არსადაა სტატისტიკა, სად რამდენი აიცრა, ამის შემდეგ როგორია ინფიცირება, რა სიმძიმის და ასე შემდეგ.

– საქმეც ესაა, ვერ დებენ ამ მასალას. სამაგიეროდ, უამრავ ქვეყანაში, ამერიკაში, გერმანიაში სასამართლოები იმართება და პანდემიისას აუცრელობის გამო უკანონოდ დათხოვნილ ადამიანებს აღადგენენ და დამქირავებლებს კომპენსაციის გადახდას ავალდებულებენ. ასევე, უამრავი მასალა ქვეყნდება, რომ აცრებს არანაირი შედეგი არ მოუტანია და ის მიზნები, რასაც ისახავდა აცრები, ვერ შესრულდა. ადამიანების ძალიან მცირე ნაწილიღა დარჩა, რომლებიც არ აღიარებენ, რომ შეცდნენ. ასე რომ, ასეთ ვითარებაში არ იქნება მათთვის მოგებიანი ისევ ვაქცინის სარგებლიანობაზე ილაპარაკონ.

– პანდემიისას თქვა ბილ გეითსმა, რომ ეს პანდემია დასრულდება, მაგრამ ამის შემდეგ უფრო ვერაგი ვირუსი შემოგვიტევსო. მაინც იმუშავებს მორიგი პანდემიის სქემა?

– იმ ფორმით, რა ფორმითაც კოვიდპანდემია იყო, მუშაობა გაუჭირდება, თუმცა ისეთ დონეზეა განვითარებული თანამედროვე ტექნოლოგიები, რომ არ გამოვრიცხავ, ხელოვნურად ამჯერად ისეთი ვირუსის გავრცელება მოახერხონ მთელ მსოფლიოში, რომელიც რეალურად, კორონავირუსისგან განსხვავებით, დიდ ლეტალობას გამოიწვევს და ადამიანებს ფაქტის წინაშე დააყენებს. თორემ, თუ იგივე განმეორდა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსა და ძალიან ბევრ ქვეყანაში აღარ გაუვათ. ის ვირუსი გაცილებით საშიში იქნება და მედია და ტესტირება კი აღარ დაარწმუნებენ ადამიანებს, რომ პანდემიაა, არამედ, თუ თვალნათლივ დაინახავენ, რომ ხალხი იღუპება. აი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იმუშაოს ახალი პანდემიის სცენარმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი