პოლიტიკა

რა ორლესული მახვილის როლისთვის ამზადებენ აშშ და „ნატო“ სომხეთს და რატომ არის არაბუნებრივი სომხეთის რუსეთთან დაპირისპირება

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 22:00 25.06

შოთა თხელიძე
დაკოპირებულია

სომხეთის არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა არც ისე დამაჯერებლად, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა. მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი მაინც ისაა, რომ ამ არჩევნებმა სომეხი საზოგადოების ორად გახლეჩა აჩვენა, რაც, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ დაინტერესებული ძალები უფრო იოლად შეძლებენ მართვას. რა ტენდენციები გამოავლინა სომხეთის არჩევნებმა, რატომ დებენ მასზე ფსონს ევროკავშირი და აშშ და შეასრულებს თუ არა სომხეთი „ტროას ცხენის“ როლს სამხრეთ კავკასიაში? – ამ თემებზე თავის მოსაზრებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი შოთა თხელიძე გაგვიზიარებს.

– სომხეთის საზოგადოების პოლარიზაცია როგორი სასტარტო მდგომარეობაა იმ გეოპოლიტიკური პროცესებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს რეგიონზე?

– დავიწყებ იმით, რომ გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, სომხეთის საზოგადოება რომ პოლარიზაციის პროცესს დაიწყებდა, გამომდინარე იმ მოვლენებიდან და პოლიტიკიდან, რასაც ფაშინიანი ატარებდა თავისი გასული ორი მმართველობის განმავლობაში. მოგეხსენებათ, იყო ყარაბაღის ორი ომი, როდესაც სომხეთმა დაკარგა ტერიტორია, მართალია, ის ოფიციალურად სომხეთის ტერიტორია არ ყოფილა, თუმცა სომეხი ხალხი ასეთად აღიქვამს ყარაბაღს. დაახლოებით, 140 000 დევნილია ამ რეგიონიდან, რასაც ემატება პოლიტიკური რეპრესიები, ოპოზიციური ლიდერების დაკავებები. რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოკლეს კიდეც. ამდენად, ეს მოვლენები, ბუნებრივია, აჩენს ამ წინააღმდეგობასა და პოლარიზაციას. ბოლოს კი, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ეს უკვე ძალიან ცხადი გახდა. მაგალითად, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი დადიოდა, მოსახლეობა ხშირად მას არ იღებდა, უბრალოდ, არ ელაპარაკებოდნენ. ასეთია ზოგადი სურათი. თუმცა ეს პოლარიზაცია გამოწვეულია არა რიგითი შიდა პოლიტიკური პრობლემით, ეს იქნება კორუფცია ან სხვა რამ, არამედ ეს არის დაპირისპირება თვითონ სახელმწიფოს ეგზისტენსის შესახებ. სომეხთა ნაწილი ფიქრობს, რომ სომხეთის სახელმწიფოს არსებობის საფრთხე უდგას, მეორე ნაწილის აზრით კი – პირიქით, მოქმედი პრემიერის პოლიტიკა არის მომავლის პოლიტიკა, ანუ მომავალი სომხეთის პოლიტიკა, რომელმაც უნდა გადაიაზროს წარსული. აი, ამ ორ იდეას შორის არის დაპირისპირება, ამიტომ არის ეს პოლარიზაცია მნიშვნელოვანი. მისი გადატვირთვა ან განეიტრალება საკმაოდ რთული იქნება იმიტომ, რომ, როგორც ვთქვი, ეს არ არის დაპირისპირება რიგითი საკითხების გამო, შიდა პოლიტიკურის, ეკონომიკურის ან სოციალურის. ეს არის ქვეყნის არსებობის გამო დაპირისპირება. დიახ, ფაშინიანმა ამ არჩევნებში მიაღწია წარმატებას, თუმცა წინა არჩევნებთან შედარებით წარუმატებლობაა, იმ გაგებით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. ფაშინიანის წარმატება მაინც იმის გამოხატულებაა, რომ სომხურმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა კონსოლიდაცია. 20-მდე პარტია იყრიდა კენჭს. თუ ოპოზიცია სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ასეთ დროს 16 და 17 პარტია არ უნდა იყოს ოპოზიციური. შეიძლება, რაღაც ბლოკი შექმნა, გაერთიანდე. თავად ოპოზიციაში იყო ფრაგმენტაცია და ოპოზიციური ლიდერების მიმართ მოსახლეობას, რომლებიც ფაშინიანს არ უჭერენ მხარს, აქვს გარკვეული სკეფსისი. მაგალითად, არ არის დიდი სიმპათიები, თუნდაც, რობერტ კოჩარიანის, ყოფილი პრეზიდენტის, მიმართ, არც იმავე გაგიკ ცარუკიანის მიმართ. რაც მე მახსოვს, 20-25 წელიწადია, პოლიტიკაშია; არის ადგილობრივი ოლიგარქი და აქვს მხარდამჭერთა ურყევი ბაზა, რომელიც არ მცირდება, თუმცა ვერ ზრდის მხარდაჭერას და სწორედ ეს არის ოპოზიციის პრობლემა. ერთადერთი, ვინც მოახერხა მხარდაჭერის კუმულაცია, ეს იყო სამველ კარაპეტიანი, შედარებით ახალი სახე სომხეთის პოლიტიკაში.

– კარაპეტიანი რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსია, ესე იგი, ამ ნიშნით გაიზარდა მისი ელექტორატი?

– მისი ძირითადი მიმართულება იყო უსაფრთხოების საკითხი, ანუ სომხეთის დაბრუნება ტრადიციულ ფორმატში, რუსეთთან მოკავშირეობა. როგორც ვთქვი, მან მოახერხა საკუთარი მხარდაჭერის კაპიტალიზაცია, იმის ხარჯზე, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერა არ ჰქონდა. შესაბამისად, ადამიანთა უმრავლესობამ ოპოზიციაში ეს კანდიდატი არჩია, თუმცა, როგორც ვთქვი, ოპოზიცია საკმაოდ დაქსაქსული იყო, რის გამოც ბევრი ხმა დაიკარგა. სომხეთში 4-პროცენტიანი ზღვარია და ის საკმაოდ ბევრმა პარტიამ ვერ გადალახა.

– ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ სომხეთის სცენარი ძალიან ჰგავს საქართველოში გამოყენებულ სცენარს. ეს მიანიშნებს, რომ, ამ სცენარის ავტორის აზრით, საქართველოში წარმატებით განხორციელდა ის და ამიტომ სომხეთშიც იმუშავებს, თუ იქნებ სომხეთში უფრო წარმატებული აღმოჩნდესო?

– თუ ფერად რევოლუციას გულისხმობს, ჰგავს... დიახ, ჩემთვისაც საკმაოდ უცნაურია სომხეთის შემთხვევა, იმ თვალსაზრისით, რომ ფერადი რევოლუციების პროექტი გასაგები და ლოგიკური იყო, თუნდაც, საქართველოს შემთხვევაში, უკრაინის შემთხვევაში, მოლდოვის შემთხვევაშიც, თუმცა იქ არ მომხდარა რევოლუცია, არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება. ამ ქვეყნებს ჰქონდათ კონფლიქტები რუსეთთან. ზოგადად, ფერადი რევოლუციების პროექტი ანტირუსული გეოპოლიტიკური პროექტია, მაგრამ სომხეთის შემთხვევა არის უცნაური, იმიტომ რომ სომხეთს საერთოდ არაფერი აქვს საკონფლიქტო რუსეთთან. როდესაც ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სომხეთის სახელმწიფოს არსებობა მოაზრებულია რუსეთთან ტანდემში, ანუ, როდესაც რუსეთს შეეძლო დახმარება, მაშინ იქმნებოდა სომხური სახელმწიფოები ბოლო საუკუნეების განმავლობაში. მით უმეტეს, დღეს. გადავხედოთ ნებისმიერ პარამეტრს. სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, სომხების მთავარი დიასპორა რუსეთშია, მთავარი გადმორიცხვები რუსეთიდანაა, მთავარი იმპორტი და ექსპორტი რუსეთშია, მთავარი ენერგომიმწოდებელი რუსეთია. სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას ფლობს რუსული კომპანიები, იქნება ეს რკინიგზა თუ ენერგომატარებლები. ასევე, რუსეთი იცავს თურქეთ-სომხეთის საზღვარს, ასევე, ის იცავდა აქამდე აზერბაიჯანთან საზღვარსაც. არ დაგვავიწყდეს, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთი, ფაქტობრივად, ორენოვანი ქვეყანაა. თითქმის ყველამ იცის რუსული ენა. იმდენადა შერწყმულია რუსეთთან ეს ქვეყანა, რომ ვერ ვხვდები, რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს. ამდენად, ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ ფაშინიანი სრულად დასავლური პროექტია, რომლებსაც სხვა გეგმები აქვთ ფაშინიანისა და სომხეთისადმი. ლიბერალიზაცია არ არის მიზანი, ეს ყოველთვის არის საშუალება. თუ რა არის მიზანი, ამის შესახებ შეგვიძლია, მოგვიანებით ვისაუბროთ. აქვე გავიხსენებ, რომ, როდესაც უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, სომხეთს თითქმის 200 და მეტპროცენტიანი საბიუჯეტო ზრდა ჰქონდა. ესეც გამომდინარეობდა რუსეთთან სანქციების არიდებით ვაჭრობიდან. ანუ, ფაშინიანს რომ ბოლო წლებში ეკონომიკური დადებითი ბალანსი აქვს, ესეც რუსეთის დამსახურებაა. ასე რომ, პარადოქსულია ფაშინიანის ეს პოლიტიკა.

– მიზანი შეიძლება, იყოს სომხეთის ტროას ცხენად გამოყენება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ დაპირისპირების ფონზე?

– შეერთებული შტატები ხშირად საკუთარ მოკავშირებს არ ინდობს, თუკი მისი ინტერესი არის გასათვალისწინებელი და გასატარებელი. ამჟამად სომხეთი დასავლეთისთვის აღიქმება ყოფილ პრორუსულ ძალად, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყანად და მათი მთავარი ორიენტირი, ალბათ, ეს არის „ნატოს“ კონტროლის გაფართოება კასპიის ზღვამდე და შემდგომ – ცენტრალურ აზიამდე. ზანგეზურის დერეფანზეც ამ იდეის ფარგლებშია საუბარი. „ნატოს“ უნდა, რომ კონტროლის რკალი შეიქმნას რუსეთის სამხრეთში და დღეს უკვე ირანის ჩრდილოეთში. ამდენად, უკვე ორმაგი დატვირთვა აქვს სამხრეთ კავკასიას, იმიტომ, რომ მას ექნება ორმაგი ხანჯლის ფუნქცია; ცეცხლოვანი რკალი უნდა იყოს სამომავლოდ როგორც რუსეთისთვის, ისე ირანისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ირანის კონფლიქტი არ დასრულდა თავის დროზე.

– სამხრეთ-კავკასია განიხილებოდა ერთ-ერთ ცხელ წერტილად უკრაინასთან და ახლო აღმოსავლთთან ერთად, რაკი ვერ მოხერხდა ამ მიზნის მიღწევა თბილისისა და ბაქოს მეშვეობით, ერევნითაა გამიზნული ამ პროექტის განხორციელება?

– სომხეთის რუსული გავლენიდან გამოსვლითა და რუსეთთან წინააღმდეგობით რა ზიანს აყენებენ რუსეთს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. რუსეთთან სამხედრო კონფლიქტს სომხეთი ვერ აწარმოებს. უბრალოდ, არ აქვს საზღვარი; სომხეთის ეკონომიკა იმ დონის არ არის, რომ არნახულ სარგებელს ნახულობდეს რუსეთი, პირიქით, ამიტომ ეს უფრო ჰგავს ბრძოლას გავლენებისთვის, პრესტიჟისთვის. თუმცა სამომავლოდ, ჩემი აზრით, სომხეთი შეიძლება, უფრო ირანის წინააღმდეგ გამოიყენონ. მაგალითად, შეიარაღების განლაგებისთვის და ასე შემდეგ. ესეც ჰიპოთეტური დაშვებებია, თუმცა არ უნდა გამოვრიცხოთ თურქეთ-აზერბაიჯანის ინტერესები, რომელთაც სურთ დერეფნის გახსნა და, საბოლოოდ, ამ დერეფანზე სრული კონტროლის დამყარება. იმ მემორანდუმით, რომელიც შარშან, ზაფხულში, გაფორმდა, ეგრეთ წოდებულ ტრამპის გზას ვგულისხმობ, შეერთებულ შტატებს აქვს 74-პროცენტიანი წილი. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაში არ გადადის, უბრალოდ, შეერთებული შტატები ლიზინგით გადასცემს კერძო კომპანიებს იმ ტერიტორიას, იქნება ეს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თუ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო მოქმედებებისთვის, თუმცა იქ ნახსენებია, რომ შეერთებულ შტატებს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, გაყიდოს, ანუ გადაყიდოს არაამერიკულ უცხოურ საერთაშორისო კომპანიებზე. დიდი ალბათობით, მალაიზიიდან და ჰოლანდიიდან არავინ ჩამოვა, ალბათ, ისევ თურქეთი ან აზერბაიჯანი შეიძენს ამ შესაძლებლობებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს, რომ იმ გზაზე სრულ კონტროლს დაამყარებენ თურქეთი და აზერბაიჯანი.

– მე ვერ ვიგებ, რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი აშშ-ისთვის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირისთვის, თუ თურქეთი პირდაპირ დაუკავშირდება აზერბაიჯანს და იქიდან – ოთხ შუა აზიურ თურქმენულ ქვეყანას.

– თურქეთი მაინც „ნატოს“ წევრი ქვეყანაა. თურქული სპეცსამსახურები, დაზვერვა დაკავშირებულია ბრიტანულსა და შეერთებული შტატების დაზვერვასთან, ანუ თურქეთი მაინც დასავლური ძალოვანი სისტემის კონტროლქვეშაა და მასზეა დაქვემდებარებული. შესაბამისად, არ აქვს თავისუფლად მანევრირების შესაძლებლობა. ის მაინც იმ პოლიტიკას გაატარებს, რასაც ეტყვიან. ამით თვითონაც სარგებელს ნახავს და სარგებელს ნახავს „ნატოც“ და ორმაგო სარგებელია, თუკი საერთო სივრცე შეიქმნება. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცენტრალური აზია საკმაოდ დიდი რესურსების მქონე რეგიონია, ამიტომ მათ სურთ რუსეთის კონტროლს გარეთ არსებული რაღაცა სივრცე, თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ, საიდანაც შეიძლება, გადაიზიდოს ეს რესურსები... გამოყენების ბევრი საშუალება შეიძლება, მოინახოს. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანის მოკავშირე სახელმწიფოა ისრაელი, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს, მაგალითად, ირანისადმი. მოკლედ, ამ დერეფნის შექმნა არის როგორც ევროპისა და შეერთებული შტატების, ისე ისრაელის ინტერესი, თუმცა მის გახსნას აფერხებს დღეს არსებული კონფლიქტი ირანთან. თუ ეს კონფლიქტი არ გადაიჭრება დასავლეთის სასარგებლოდ, ეს დერეფანი, უბრალოდ, არ გაკეთდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი