პოლიტიკა

რატომ გააუსაქმურა ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა - სტუდენტით დაწყებული, ლექტორით დამთავრებული

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00 24.06

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ხელოვნურმა ინტელექტმა, იმას გარდა, რომ ჩაანაცვლა სწავლების პროცესი, ადამიანები მას, უბრალოდ, ესაუბრებიან და რჩევებს ეკითხებიან. ხშირად დიაგნოზების დასმასაც კი სთხოვენ და ამტკიცებენ, რომ ამ ამოცანას, მაგალითად, ჩატჯიპიტი გაცილებით უკეთ ართმევს თავს, ვიდრე ექიმი. მეორე მხრივ, პროგრამებს შეუძლია საიტების დამზადებაც, მუსიკის დაწერაც, ამღერება, კლიპის გადაღება და ასე შემდეგ და ამისთვის მხოლოდ დავალების მიცემაა საკმარისი. შესაბამისად, ადამიანები აქტიურად დაეწაფნენ ტექნიკის ამ მიღწევას და რაკი ადამის მოდგმა ცნობისმოყვარეა, ეს არცაა გასაკვირი. მაგრამ, ვფიქრობ, თანდათანობით, ადამიანს ნდობაც უმუშავდება პროგრამის მიმართ და არც ისაა გამორიცხული, უსულო პროგრამა საბოლოოდ დამხმარედან მმართველად გადაიქცეს. ნიშნავს თუ არა, რომ ეს ერთგვარი გარდამავალი პერიოდია, სანამ კაცობრიობა შეეჩვევა პროგრამასთან ურთიერთობას, რომ შემდეგ ამ პროგრამებმა, უბრალოდ, აკონტროლონ ადამიანები, ამ პროგრამებითვე გონებრივად დეგრადირებულნი, – ამ თემას ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– ხელოვნურ ინტელექტს ავტორიტეტს ახვეჭინებენ და ამიტომ გამოუშვეს ბაზარზე ამდენი უფასო პროგრამა, რომ შემდეგ მმართველობის სრულიად ახლებური სტილი შემოგვთავაზონ, როდესაც მანქანები გადაწყვეტენ ყველაფერს?

– მგონია, რომ უფრო დიდი წარმოდგენა გაქვთ ადამიანებზე, ვიდრე იმსახურებენ ან პირიქით, მე მაქვს უფრო უარესი წარმოდგენა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეაქცია მოჰყვა ხელოვნური ინტელექტის შექმნას, მასკით დაწყებული, ამბობენ, რომ ეს სახიფათო მოვლენაა და გამოსავალი უნდა მოიძებნოს მისი რეგულირებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ გამოსავალი ვერ მოიძებნა. ეს, დაახლოებით, ბირთვული იარაღის შექმნას ჰგავს. შემოქმედებითი აზარტით შექმნეს ბომბი და შემდეგ ზოგიერთმა მეცნიერმა თავიც მოიკლა. ასეა, შეყოლიება იცის პროცესმა, ოღონდ წინასწარ რთული სათქმელია, სად აღმოჩნდები ბოლოში. ამიტომ ვთქვი, რომ უფრო ჭკვიანი გვგონია კაცობრიობა, ვიდრე არის. გვგონია, რომ ყველაფერს ითვლის და გაზომილი აქვს, ამ დროს კი ხშირად უახლოესი ბარიერის დაძლევის ინტერესით მოქმედებს და არავინ იცის, რა პანორამა გადაიშლება, როდესაც ამ ბარიერს გადაახტები. ისევე, როგორც თავის დროზე გამოიგონეს რკინა, რითიც შექმნეს ხმალი; გამოიგონეს თოფის წამალი, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქვით და ჯოხებით რომ ეჩხუბათ, ნამდვილად არ შეიწირავდნენ ამდენს ქვეყნები, მაგრამ შემდეგ იმდენად გაზარდეს ეს რესურსი, რომ ბოლოს ორი ატომური ბომბიც ააფეთქეს. ამდენად, მგონია, რომ დაუფიქრებლობის პრობლემა ზოგადად დგას კაცობრიობის წინაშე და ამ პრობლემის ერთ-ერთი გამოხატულებაა ეს ხელოვნური ინტელექტიც.

– მხოლოდ დაუფიქრებლობაა ამ პროგრამებისა და რობოტების შექმნის მოტივი?

– ისინი, მართლაც, ძალიან ხელსაყრელი ინსტრუმენტია. ჩემთვის, როგორც კონკრეტული დამკვეთისთვისაა ხელსაყრელი, მაგრამ უზარმაზარი საფრთხეები იშლება. მე, როგორც ლექტორს, მხვდება სტუდენტების ნაწერები, რომლებიც გავსებულია ხელოვნური ინტელექტის ტექსტებით. რაც მთავარია, მათ არ იციან, კითხვა როგორ დაუსვან, ამიტომ ის სისულელეებს პასუხობს და ესენი ამ სისულელეებს წერენ. თან, საინტერესო ტენდენცია იკვეთება: ლექტორი სტუდენტებს ავალებს ელექტრონული ნაშრომის შესრულებას. ისინი იხმარებენ ხელოვნურ ინტელექტს და უგზავნიან ლექტორს. შემდეგ ის ლექტორი ისევ ხელოვნურ ინტელექტს ავალებს ამ ნაშრომების შეფასებას. ანუ, ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ყველა უსაქმურია. წარმოიდგინეთ, სტუდენტების ინტელექტი დადის ნულამდე ძალიან მარტივი მიზეზით. თავის დროზე ჰომეროსის ნაწარმოებები ზეპირად ახსოვდათ. „ვეფხისტყაოსანიც“ ზეპირსიტყვიერებამ მოიტანა დღემდე. ანუ, მას შემდეგ, რაც დამწერლობა გაჩნდა, მოიხსნა დაზეპირების საჭიროება. ანუ ერთი მიმართულებით რომ მიჰყავხარ პროგრესს, მეორე მიმართულებას გაკარგვინებს.

– თუმცა დამწერლობას ის პლუსი აქვს, რომ ასოების გამოყვანა მარტო ადამიანს შეუძლია და ამაზე პასუხისმგებელია ტვინის შესაბამისი უბანი, ახლა ყველანი რომ კლავიატურას ვუკაკუნებთ ან ტელეფონის ეკრანზე ვაცურებთ თითებს, ტვინის ის უბანი ატროფირდება, რაც მართლწერაზეა პასუხისმგებელი, რაც, საბოლოოდ, ტვინის დეგრადაციას გამოიწვევს.

– დიახ, ცნობილია, როგორ ავითარებს ტვინს თითებით პატარა ბურთების მოძრაობა, წერაც მიკრომოძრაობებია და, თუ ამას აღარ აკეთებს ტვინი, უფრო განუვითარებელი იქნება.

– ის ვთქვი, რომ, თუ ზეპირობის აუცილებლობა მოხსნა დამწერლობის გაჩენამ, სხვა მიმართულებით გაავარჯიშა ტვინი წერამ.

– გააჩნია, რაში ვარჯიშობს ტვინი, შემოქმედებაში დიდი მასშტაბით ვარჯიში გამორიცხულია. მაგალითად, ნიუტონი ამბობდა, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა თავსატეხების გამოყვანააო. ბუნება იყო მისთვის თავსატეხი, უნდოდა, ეს თავსატეხი გამოეცნო და შექმნა კიდეც უზარმაზარი თეორია, მაგრამ რამდენი ნიუტონი შეიძლება, ჰყავდეს კაცობრიობას?!

– მე ნიუტონი არ ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარდა ამოცანების ამოხსნა, სკოლის დამთავრების შემდეგაც კრებულებიდან ვხსნიდი ჩემი სიამოვნებისთვის.

– მეც მიყვარდა ბავშვობაში კონსტრუქტორი, სხვადასხვანაირი კონსტრუქციების აგების ეშხი მქონდა, მაგრამ დღეს კაცობრიობა ისეთი გზით მიდის, რომ ასეთი მიდრეკილებების ადგილი არ რჩება. მასას არც არასდროს ჰქონია დიდი უნარები, უნარები ჰქონდათ ინდივიდებს. რევოლუციებიც იმიტომ მოხდა, რომ თანაბრობა მოეტანა, ოღონდ ახლა იქნება არა უფლებრივი უთანაბრობა, არამედ უნარებით უთანაბრობა. ვიღაცებს შემოქმედებითი უნარები ექნება, უზარმაზარი მასები კი იქნებიან უგუნურები. ამისთვის არანაირი ხელოვნური ინტელექტის ნაფიქრი არ არის საჭირო.

– მაგრამ, რომლებიც იმ მასებს მართავენ, თავად ბრწყინვალე ტვინების პატრონები იქნებიან?

– არა, იმიტომ რომ მასის დატრიალება სტატუსის საქმეა და არა გონიერების. ექიმი რომ მეტყვის, ესა და ეს აბი დალიეო, ვსვამ, არა იმიტომ, რომ ექიმი გენიოსია, არამედ იმიტომ, რომ სტატუსი აქვს ექიმის. მე ვენდობი მის სტატუსს და მივყვები მის მითითებებს. სტატუსი აქვთ პოლიტიკოსებსაც, მაგრამ ყველა ჭკვიანია?!

– ტექნიკურმა პროგრესმა გააიოლა ადამიანის ცხოვრება და კომფორტული გახადა, მაგრამ გამოდის, რომ გონებრივ განვითარებაზე დიდად ვერ იმოქმედა?

– ადამიანმა მანქანები რომ გამოიგონა, მას შემდეგ სიარული ხომ ნაკლებად სჭირდება?! ან ტრაქტორი რომ გამოიგონა, ხელის კუნთები ხომ ნაკლებად სჭირდება?! ანუ, ტექნიკურ პროგრესის გამო რაღაცები საჭირო აღარ არის. ესე იგი, ტექნიკურად რამდენად უკეთესადაც მოამარაგებ ადამიანს, იმდენად უუნარო გახდება ის.

– ესე იგი, უფრო ჰედონიზმისკენ აქვს სწრაფვა ადამიანს, ვიდრე შემეცნებისკენ.

– შემეცნება არ არის ადამიანის საქმე.

– მაგრამ შემეცნების გარეშე ადამიანი ხომ ქვის ხანაში დარჩებოდა, ცხოველები შეახრამუნებდნენ და დაავადებები მოკლავდა.

– რამდენი პროცენტი იყო შემმეცნებელი ადამიანი?

– ცოტა, მაგრამ ყველას ცხოვრებას აუმჯობესებდნენ.

– დიახ, პირველყოფილი ადამიანებიდან დაწყებული, შემმეცნებელი ცოტა იყო.

– ის მცირე პროცენტი ემსახურებოდა დანარჩენების კომფორტსა და განვითარებას, ახლა გამოდის, რომ მცირე პროცენტი ემსახურება დანარჩენების ჩაგვრას.

– ატომური ბომბიც ხომ სხვების დასაჩაგრად გამოიგონეს?! პირველი ქვის ნაჯახიც ხომ მეორე ადამიანის მოსაკლავად გამოიყენეს?!

– მაგრამ იმ ქვის ნაჯახით ცხოველი მოკლა, რომ გადარჩენილიყო, ატომური იარაღით კი მხოლოდ ადამიანების დახოცვა უნდა.

– მაგრამ ადამიანის მოკვლის ამ საშუალებამ რამდენიმე ათეული წელი შეაჩერა ომები. პროგრესს რა პლუსიც აქვს, გასაგებია, მაგრამ არ ვიცი, ადამიანს ექნება თუ არა პროგრესით გამოწვეული მინუსების განეიტრალების უნარი. სწავლებას, ფაქტობრივად, აზრი დაეკარგა. ცოდნას ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვეღარ ამოწმებენ. იცვლება განათლებისა და ცოდნის მიღების ყველა სისტემა. კატასტროფა რომ არ მოხდეს, უცხოელები ხშირად იძლევიან რეკომენდაციას, შემოქმედებითი ამოცანები მიეცითო, მაგრამ კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ ადამიანი ცოდნას ვერ დააგროვებს მხოლოდ შემოქმედებითი კითხვებით. მაგალითად, პიკასო გენიალურად ხატავდა ასლებს და ამის შემდეგ გახდა პიკასო. ჩვენ კი მხატვრობა საერთოდ მივაგდეთ და მარტო იმას ვუყურებთ, ვინ უკეთ ხატავს კუბიკებს. ანუ ხელოვნებამაც განიცადა პროგრესის პარადოქსული გავლენა.

– თან, მხატვრები თვითონ ქმნიდნენ ფერებს, გამძლე ფერებს, ფენა-ფენა ადებდნენ და ვიზუალურ სივრცეს ქმნიდნენ.

– დიახ, ახლა უნიტაზს დადგამენ და ამბობენ, ხელოვნებაო. ანუ საგამოფენო დარბაზში რომ დადგამ უნიტაზს, ხელოვნებაა, ხოლო, სახლში თუ წაიღებ, უნიტაზია.

– ადამიანები, ერთი მხრივ, ვშტერდებით და, მეორე მხრივ, ვხვდებით ზედმეტნი?

– ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს. მთელი პრობლემა ის არის, რომ დემოკრატიის მამებმა სავსებით ბუნებრივად არ გაითვალისწინეს ბევრი რამ, იმიტომ რომ მაშინ არ იყო. მაგალითად, არ გაითვალისწინეს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება ავტომატურად სწორი არ არის, ამ დროს კი სწორედ უმრავლესობას ეყრდნობა მთელი დემოკრატია. ხალხი ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, უმრავლეს შემთხვევაში ტყუვდება, იმიტომ კი არა, რომ ვინმე ატყუებს, თვითონ ტყუვდება. სამედიცინო დიაგნოზს ხალხი ხომ ვერ სვამს? ვერა, იმიტომ რომ არ იცის. მაგრამ ქვეყნის მართვას რატომღაც ვანდობთ ხალხს, რომელმაც არ იცის ქვეყნის მართვა. მართალს ამბობდა ჩერჩილი, რომ დემოკრატია საუკეთესო არ არის, მაგრამ მასზე უკეთესი კაციბრიობას არაფერი გამოუგონებიაო. ვფიქრობ, წინ წამოიწევიან დიდი ნაციები, როგორებიცაა ინდოეთი, ჩინეთი და ისინი მართვის ახალ წესს შემოიტანენ, რომელიც არც ჩვენ ვიცით, როგორი იქნება და არც მათ იციან. ყოველ შემთხვევაში, ის დიდი ქვეყნები არ ეყრდნობიან უმრავლესობის პრინციპს, ვერც დაეყრდნობიან, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა ძალიან მრავალრიცხოვანი და ჭრელია.

– აღმოსავლეთის დასავლეთზე დომინირების ერა ახლოვდება?

– შესაძლოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი