დავეწიოთ და გავუსწროთ
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00
ანუ ზემოდან ქვემოთ თუ ქვემოდან ზემოთ?!
მართალია, უნგრეთის ახალი პრემიერი, ზოგადად, ევროკავშირისა და, კონკრეტულად, უკრაინისთვის, სულაც, არ აღმოჩნდა ვიქტორ ორბანზე ნაკლები, მაგრამ გაირკვა, რომ მეტად სოციალურადაა ორიენტირებული. კერძოდ, ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით, მმართველი პარტია სახელმწიფო ხარჯებისა და თანამდებობის პირებისთვის დაწესებული შეღავათების შემცირებას გეგმავს. სახელდობრ, პარლამენტის წევრების საბაზისო ხელფასი იქნება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე 1.8-ჯერ მეტი (მანამდე, ანუ მადიარამდე საშუალო ხელფასი 3-ზე მრავლდებოდა).
მეტიც, კიდევ უფრო შემცირდებაო მაღალი რანგის პარლამენტარების ხელფასები, იმიტომ რომ ეს უკანასკნელები საბაზისო ხელფასთან შედარებით მაღალ დანამატებს იღებენ. მეტი თვალსაჩინოებისთვის, გეტყვით, რომ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარე, დაახლოებით, 56 000 ლარს იღებს, ამ ცვლილებებით კი, 36 320 ლარს მიიღებს. თავად პრემიერ-მინისტრის ხელფასი, როგორც თავად აცხადებს, დაახლოებით, 36 360 ლარამდე ჩამოქვეითდება, რაც აქამდე არსებულზე, დაახლოებით, 38 000-48 000 ლარით ნაკლებია.
ამასთან, მნიშვნელოვნად მცირდება ხალხის რჩეულთა საწვავისა და მობილური ტელეფონის ხარჯების ანაზღაურება; აგრეთვე, მგზავრობის და სასტუმროს ხარჯები, გავრცელებული ინფორმაციით. ბ-ნი მადიარი აქ არ აპირებს შეჩერებას და უახლოეს ხანში ქალაქის მერების ხელფასებსაც „დაერევა“.
ბუნებრივია, ხალხს ყველა ქვეყანაში გულზე ესალბუნება, თუკი ზემოთ მყოფების მატერიალური მდგომარეობა გაუარესდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენთანაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც მოიწონებენ უნგრეთის პირველკაცის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა პირადად მე, სიმართლე გითხრათ, ის მირჩევნია, ზემოთ კი არ მოაკლდეთ ხელფასები, არამედ სწორედ იქ, ზემოთ, ისე იშრომონ და იჩუქონ, რომ აქ, ქვემოთ, ხელფასებით გადავუსწროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





