რატომ არ აქვს ბავშვისთვის შეკითხვის დასმის უფლება დაუტრენინგებელ პირს, პოლიციელით დაწყებული და ადვოკატითა და მოსამართლით დამთავრებული
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 09.09
ბავშვთა უფლებები ადამიანთა უფლებების შემადგენელი ნაწილია, თუმცა მაინც განსხვავებული. ამდენად, საინტერესოა, რა უფლებები აქვთ ჩვენს ქვეყანაში ბავშვებს, ჯეროვნად იცავს თუ არა მათ უფლებებს სახელმწიფო, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც მოშლილია საერთაშორისო სამართალი, რაც, თავისთავად, არცთუ სასიამოვნო მოვლენაა, იმიტომ რომ, სხვა რომ არაფერი, არსებობდა ინსტანციები, რომლებიც სიმართლისა თუ სამართლიანობის დადგენას ემსახურებოდნენ, თუ შენს ქვეყანაში დაგჩაგრავდნენ ან სხვა ქვეყანა შენს ქვეყანას დაჩაგრავდა. ადვოკატთან, პოდკასტ „ადვოკატის ხმის“ წამყვანთან, ელზა ჯმუხაძესთან ერთად ვისაუბრებთ ამ პრობლემაზე:
– ზოგადად, რაკი ბავშვები ადამიანები არიან, მათი უფლებები დაცულია, მაგრამ ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კანონები კიდევ უფრო სპეციფიკურია. ამდენად, ამ ტიპის კანონმდებლობა გამოყოფილია და, ამ მხრივ, მოწესრიგებული ვითარებაა. გვაქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც განმარტავს, რომ, თუ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს 14 წელს მიღწეული პირი და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, როგორ უნდა გავასამართლოთ და ეს პროცედურა ბევრად განსხვავდება სისხლის სამართლის კოდექსისგან. გაცილებით მსუბუქი და ჰუმანურია. ასევე, არსებობს ბავშვთა უფლებების შესახებ კანონი, რომელიც ეხება სამოქალაქო კუთხით ბავშვის უფლებების დაცვას: როგორ უნდა იყოს დაცული ბავშვი, როგორ უნდა იყოს მოსმენილი და, თუ ლაპარაკობს და ელემენტარული აზრის გამოთქმა შეუძლია, ერთი წლის ბავშვიც რომ იყოს, მის აზრს აქვს მნიშვნელობა. მაგალითად, განქორწინებების დროს ბავშვს აუცილებლად უნდა მოუსმინონ, რომ გავიგოთ, დედასთან უნდა ცხოვრება თუ მამასთან. განქორწინების დროს უფრო მეტად დედები ცდილობენ, რომ არ გაუშვან ბავშვი მამასთან, რადგან მან სხვა ცოლი მოიყვანა, მაგრამ, თუ შენი ყოფილი ქმარი არ მოგწონს და მას გაეყარე, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ის ბავშვის მამა აღარ არის?! ზოგადადაც, დედობისა და მამობის უფლების ჩამორთმევა მარტივი არ არის, თუმცა შესაძლებელია დედისა და მამის უფლების შეზღუდვა. მაგალითად, დედისა და მამის თანხმობის გარეშე ბავშვს პასპორტს ვერ აუღებ. მაგრამ, თუ რომელიმე მშობელს უნდა, რომ ბავშვი წაიყვანოს, მაგალითად, „დისნეილენდში“ ან ბავშვი ცეკვაზე დადის და გასტროლზე უნდა წავიდეს, მაგრამ მამა არ აძლევს უფლებას დედას, რომ აუღოს ბავშვს პასპორტი – ასეც ხდება ხოლმე ერთმანეთის ჯიბრით – შეიძლება, სარჩელი შეიტანო სასამართლოში, რომ ამ ნაწილში მამას შეეზღუდოს უფლება ან, პირიქით, დედას. ასეთ საკითხებს ეს ორი კანონი აწესრიგებს. ამას გარდა, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები, გაეროში არის ბავშვთა უფლებების კომიტეტი. რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს: ბავშვთა საქმეები ცალკე არ არის გამოყოფილი, მაგრამ, რადგან ბავშვი მოქალაქეა, თუ მისი უფლებები ეროვნულ სასამართლოში ვერ იქნა რეალიზებული, მართალია, ბავშვი ვერ დაწერს სტრასბურგის სარჩელს, მაგრამ ადვოკატის მეშვეობით შეუძლია, საქმის წარმოება სტრასბურგშიც. ბავშვს საქართველოშიც აქვს უფლება, აღძრას საქმე ადვოკატის მეშვეობით. არსებობს სარჩელის ადაპტირებული ფორმები, რომლის შევსებაც ბავშვს შეუძლია, თუ წერა-კითხვა იცის. ანკეტას ჰგავს: რა გქვია, რა გვარი ხარ, რა მოხდა... მსგავსი მარტივი კითხვებია და სასამართლო ვალდებულია, გაარჩიოს საქმე.
– ეს ნამდვილად არ ვიცოდი, ძალიან საინტერესო ამბავია.
– და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა კანონი, რომელმაც ძალიან კარგად დაალაგა არასრულწლოვნის კუთვნილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. 2020 წლამდე, თუ ბავშვს დედამ ან მამამ აჩუქა ბინა, ან წილი საწარმოში, ან ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება, ამ ქონების განმკარგავი შეიძლებოდა, ყოფილიყო დედა, მამა ან ბავშვის წარმომადგენელი. ბუნებრივია, დედ-მამას არ სჭირდება ბავშვის უფლებების წარმოსადგენად მინდობილობა და, თუ დედა ან მამა გადაწყვეტდა, რომ ბავშვის საკუთრება გაეყიდა, დაეგირავებინა, ბანკში ჩაედო, გაექირავებინა და ასე შემდეგ, მას ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ 2020 წლის პირველი სექტემბრიდან კანონმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ სასამართლოს უნდა დავუმტკიცოთ, თუ რატომ ვაკეთებთ ამას, რომ ეს ბავშვის ინტერესია და მხოლოდ სასამართლოს ნებართვით შეიძლება, განხორციელდეს ბავშვის ქონებისადმი ესა თუ ის ქმედება. თუ ბავშვს დედ-მამა არ ჰყავს, იგივე წესი ვრცელდება სხვა მეურვეებზე. ამდენად, ბავშვის ქონებას მშობლები ასე იოლად ვეღარ ჰკიდებენ ხელს.
მე პირადად მქონდა 2017 წელს დაწყებული საქმე, რომელსაც მიუსწრო ამ კანონმა. ბავშვის გამოსახლებას ითხოვდნენ ბინიდან. დავიფიცე, თუ ამ საქმეს მოვიგებდი, ვიცეკვებდი სასამართლოს წინ. მართლაც, ასე მოხდა და მთიულურის ერთი-ორი ილეთით ჩამოვუარე სასამართლოს. ბინა იყო არასრულწლოვნის სახელზე, მამა გარდაცვლილი ჰყავდა და ბავშვს სიცოცხლეშივე გადაუფორმა უძრავი ქონება. ბავშვი მეექვსე თუ მეშვიდე კლასში სწავლობდა. დედა ჰყავდა იოლად მიმნდობი და გულუბრყვილო, წესიერი ადამიანი. ისე მოხდა, რომ ამ ოჯახში მათ გარდა ცხოვრობდა დედის ძმა, ბავშვის ბიძა, შშმ პირი. თაღლითებმა საჯარო რეესტრიდან ამოიღეს ინფორმაცია – ეს საჯარო ინფორმაციაა, ამ ბინისა და მისი არასრულწლოვანი მეპატრონის შესახებ. მივიდნენ დედამისთან და უთხრეს, შშმ პირი გყავთ სახლში, რომელიც გარეთ ვერ გამოგყავთ, ბავშვს კომპიუტერი არ აქვს, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციიდან ვართ, გიყიდით ამ ნივთებს და მოგიტანთო. თუ თანახმა ხართ, წამობრძანდით, განცხადება დაწერეთ და დაგეხმარებითო. ჩასვეს ეს ქალი მანქანაში და თბილისიდან რუსთავში წაიყვანეს, ვითომ თავიანთი ორგანიზაციის ოფისში, ლაპარაკით დაბრუებული შეიყვანეს ნოტარიუსთან, მიაცემინეს გენერალური მინდობილობა და ზუსტად ერთ კვირაში ბინა უკვე გადაიყიდა მესამე პირზე.
– უკვე კეთილსინდისიერი მყიდველი გამოჩნდა.
– დიახ და იმ მესამე პირმა დააყენა გამოსახლების საკითხი. ეს საქმე მოვიგეთ და რამდენიმე თვის წინ ამ გოგონას სახელზე დარეგისტრირდა მისი ქონება. ზემოხსენებული კანონი რომ არ ამოქმედებულიყო, ამას ვერ შევძლებდით. შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან კარგად არის დაცული ბავშვების უფლებები, შეიძლება, ითქვას, ზედმეტადაც. უკვე გაიგეს ბავშვებმა, მამამისმა თუ დაუყვირა, შეუძლიათ, უჩივლონ. ანუ ერთი უკიდურესობიდან მეორეში აღმოვჩნდით. ასე რომ, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ნაკლები საჭიროება გვაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში დავიწყოთ ბავშვის უფლებების დაცვა, რომლებიც აქ დაირღვა.
– მე თავად შევესწარი ასეთ ამბავს და გამიკვირდა, ჩვენთან მოქმედი კანონით, ბავშვს შეუძლია, უარი თქვას დედასთან ან მამასთან ცხოვრებაზე. ბავშვის ნების გარეშე ვერავინ აიძულებს მას, იცხოვროს, თუნდაც, მშობლებთან.
– 2020 წელს ამოქმედდა კანონი, რომელზეც მოგახსენეთ, მანამდეა მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში და, თუმცა მე საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი ვარ, როგორც კი ზემოხსენებული კანონები ამოქმედდა, ცალკე სერტიფიკატი მოგვთხოვეს, იმიტომ რომ კანონები, რომლებიც ბავშვებს ეხება, განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულების ჩამონათვალი იგივეა. მაგალითად, ბავშვების შემთხვევაში არის ვალდებულება, რომ ერთი მეოთხედით შევუმსუბუქოთ სასჯელი; ასევე, თუ ზრდასრულის შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ადამიანი 9 თვეზე მეტ ხანს დატოვო წინაწარ პატიმრობაში, თუ დანაშაულს ვერ უმტკიცებ, არასრულწლოვნის შემთხვევაში ეს ვადა შემცირებულია 6 თვემდე.
ყველა, ვინც საქმეშია ჩართული, რომელიც არასრულწლოვანს ეხება – პოლიციელით დაწყებული, მოსამართლე, ადვოკატი, პროკურორი, სოციალური მუშაკი – უნდა იყოს დატრენინგებული ბავშვთა უფლებებში. თუ ეს სერტიფიკატი არ გაქვს, უფლებაც არ გაქვს, კითხვა დაუსვა ბავშვს.
– როდესაც ბავშვი ახლო ნათესავებს, ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ თავიანთთან, ეს რა ტიპის დანაშაულია? არის ეს იძულება?
– დიახ და პოლიცია ვალდებულია, რომ აღძრას საქმე. პოლიციას და პროკურატურას აუცილებელი ვალდებულებაა, რომ აღძრას საქმე, იმის მიუხედავად, დაზარალებული პირი ჩივის თუ არა, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ დანაშაული შეეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ხელების გადაგრეხვა და მსგავსი ქმედებები არ არის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ასეთ შემთხვევაში პროკურატურას არ აქვს ვალდებულება, რომ თვითონ, საჩივრის არარსებობის პირობებში დაიწყოს გამოძიება, მაგრამ, დაინტერესებულ პირს, ბავშვით დაწყებული და მეზობლით დამთავრებული, რომელიც ხედავს, რომ ბავშვს წასვლა არ უნდა და მიათრევენ, აქვს უფლება, მოითხოვოს საქმის აღძვრა. მეტიც, თუ ამას ხედავ და არ რეაგირებ, ესე იგი, ფარავ დანაშაულს. აუცილებლად უნდა აღიძრას საქმე. მაგალითად, არსებობს სასამართლოს განჩინება, რომ მამამ უნდა წაიყვანოს ბავშვი შაბათ-კვირას ან ნახევარი არდადეგები მასთან უნდა იყოს. მშობლები მორიგდნენ, მამასაც უნდა და დედასაც, რომ ბავშვი წავიდეს მამასთან, მაგრამ საქმის განხილვის პროცესში ერთვება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და მოსამართლე აუცილებლად ეკითხება ბავშვს, ეთანხმება თუ არა ბავშვი ამ გადაწყვეტილებას. იმას გარდა, რომ ამოწმებენ საცხოვრებელ პირობებს. მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია, რომ ნახოს, სად ცხოვრობს მამა, აქვს თუ არა პირობები, რომ ბავშვი დააძინოს და მოაწესრიგოს. მაგალითად, მამამ მოითხოვა, რომ წაეყვანა შვიდი წლის გოგონა, რომელსაც სჭირდება დაბანა და შეიძლება, არ მისცენ ამის უფლება, იმიტომ რომ შვილი გოგონაა. იმის თქმა მინდა, რომ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.
– შეიძლება, ისეთი რამ მოხდეს, რომ ბავშვს არ უნდა ცხოვრება არც დედასთან და არც მამასთან და უნდა, ვთქვათ, ბებიასთან?
– დიახ, თუ დედ-მამა გაყრილია და სასამართლოომ დაადგინა, ვისთან უნდა იყოს ბავშვი, ეს არ ეხება ბებიასა და პაპას. ეს ახალი საქმეა. ბებია-ბაბუას აქვს უფლება, აღძრან სარჩელი, ჩაერთვება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და ის გაარკვევს, რატომ არ უნდა ბავშვს დედასთან და მამასთან და რატომ უნდა ბებიასთან. ერთი სიტყვით, ძალიან სასიამოვნოა, რომ ბავშვებს აქვთ ხმა და ამ ხმას ისმენს სახელმწიფო. ჩემს კოლეგასთან ერთად მაქვს პოდკასტი: „ადვოკატის ხმა“ და კოლეგებთან ერთად საკმაოდ საინტერესო სამართლებრივ თემებზე ვსაუბრობთ, მათ შორის, ბავშვების უფლებებზეც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





