პოლიტიკა

როგორ გამოათაყვანებს და გადააჩვევს აზროვნებას ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 13:00 10.04

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

იმთავითვე, როდესაც რობოტ სოფიას დაატარებდნენ ქვეყანა-ქვეყანა, ზედაც, პრესკონფერენციებს უმართავდნენ, იყო გასაგები, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს გვარიანად გაასულელებდა. ამჟამად ერთგვარ გატაცებად იქცა იმის გარკვევა, თუ როგორ ხედავს ხელოვნური ინტელექტი ამა თუ იმ პრობლემას; როგორ წარმოუდგენია ესა თუ ის ადამიანი, არადა ხელოვნური ინტელექტი პროგრამაა და ისე და ის წარმოუდგენია, როგორც და ვის მიერაცაა დაპროგრამებული. აშკარაა, რომ ადამიანების დაზომბების მორიგი მეთოდი რობოტების, ანუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა. ამ საკითხს რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

–რატომ მოგვწონს ადამიანებს ზომბირება? ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ადამიანების გამოსულელების საქმეში?

– საკმარისია, ხელოვნურმა ინტელექტმა ცუდი რამ უთხრას ადამიანებს, დადგება ასეთი დროც, მომგონს მოუკითხავენ მას. ჰოროსკოპები ხომ კარგად იყიდება?!

– დიახ, მაგრამ გართობასავით არაა?

– მე მგონი, აქაც გართობის ფორმა აქვს მიღებული და დიდად სერიოზულად არ უყურებენ ხელოვნური ინტელექტის შეფასებებს. სერიოზულად უყურებენ სტუდენტები, როდესაც თემა აქვთ დასაწერი და ხელოვნურ ინტელექტს აძლევენ დაკვეთას.

– ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, შენ ვერ აკეთებ და ხელოვნური ინტელექტი ამოგიხსნის, დაგიწერს. ეს ადამიანის ტვინის გაზარმაცებისკენაა მიმართული?

– დიახ, რა თქმა უნდა, კომპიუტერმა ისედაც ხომ ცუდი როლი შეასრულა, მაგ მხრივ?! თუმცა ცივილიზაციამ ცუდი როლის შესრულება კიდევ უფრო ადრე დაიწყო. გაიხსენეთ. ჰომეროსის პოემები ზეპირსიტყვიერი იყო და გადაეცემოდა მეხსიერებით.

– „ვეფხისტყაოსანი“ ხომ ზეპირსიტყვიერებამ შემოგვინახა?

– დიახ. აბა, წარმოიდგინეთ, ვინმე დაიმახსოვრებს დღეს ამხელა ტექსტს?! დღეს ოჯახის წევრების ტელეფონის ნომერს ვერ იმახსოვრებენ. რაც მეტად გადავიდა მეხსიერების ფუნქცია კომპიუტერზე, მით მეტად დაუსუსტდა ადამიანს ეს უნარი. სათვალეს რომ გაიკეთებ, თვითონ თვალი აღარ იბრძვის მხედველობის გაუმჯობესებისთვის. ხოლო, რაც არ იბრძვის, როგორც წესი, ის ჩლუნგდება. კომპიუტერმა ძალიან ცუდი როლი შეასრულა, იმ მხრივაც, რომ წერას გადაგვაჩვია, კალიგრაფიას.

– ეს დიდი პრობლემაა: ცხოველები და ფრინველებიც სწავლობენ აკრეფას, მხოლოდ ადამიანს შეუძლია ასოების გამოყვანა და რადგან არ ვწერთ, ტვინის შესაბამისი უბანი ატროფირდება, რამაც, საბოლოოდ, შეიძლება, ტვინის დეგრადაცია გამოიწვიოს.

– დიახ, თათის დარტყმას სწავლობს ცხოველიც. არადა ხელის მანიპულაციის უნარი აზროვნებასთან პირდაპირაა დაკავშირებული. შესუსტდება მანიპულაციის უნარი და დასუსტდება ფსიქიკური აქტივობა: აზროვნება, მეხსიერება... ასაკიანებს ავარჯიშებენ ხელების მანიპულაციებით. ჩინური ხელის ვარჯიშები მანიპულაციურია – პატარა ბურთებით ავარჯიშებინებენ თითებს, ძველი ჩინური ვარჯიშია. იმიტომ რომ ხელის განვითარებას ტვინთან აქვს კავშირი. თუ ხელი არ ვითარდება, არც ტვინი ვითარდება და ახლა ამას ემატება ის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა თავის თავზე აიღო ტექსტის შედგენის ფუნქციაც. ესე იგი, თუ აქამდე მხოლოდ მეხსიერება ზარალდებოდა: შევდიოდით ინტერნეტში, წიგნებს ვნახულობდით, ამოვკრეფდით ტექსტებს და ვწერდით თემას, ახლა ამოკრეფაც აღარაა საჭირო, ხელოვნური ინტელექტის გადამკიდე. ხელოვნური ინტელექტი ამოკრეფს, რასაც ჩათვლის საჭიროდ და ადამიანს ამ პროდუქციას შესთავაზებს. ჯერ ადამიანის ამოკრეფილი რა იყო და პროგრამის მიერ ამოკრეფილი რაღა იქნება?!

– არადა ნაშრომის წერისას მნიშვნელოვანია, შენ როგორ ხედავ ამა თუ იმ საკითხს, რას მიიჩნევ მნიშვნელოვნად, როგორ დაინახავ. ამით ხომ შენი აზროვნება, შენი ხედვა ვლინდება?

– რა თქმა უნდა. ხელოვნურ ინტელექტს ინტელექტი სიმბოლურად ჰქვია. მთელი პრობლემა ისაა, რომ, რასაც თქვენ ამბობთ, სიახლის დანახვა, შემოქმედებითობა, ადამიანის თვისებაა, მაგრამ ყველა ადამიანსაც კი არ აქვს ეს უნარი. მცირე პროცენტს აქვს. დანარჩენები ფონს გადიან კალკულატორისმაგვარი ინტელექტის ხარჯზე. ახლა უკვე შემოქმედებითი უნარი მცირე პროცენტს ექნება, მაგრამ დანარჩენებთან ხომ მოკვდება ეს უნარი?! და ჩაკვდება შემოქმედობითობის ის ხარისხიც კი, რაც სასურველია, რომ ჰქონდეს ყველას, მაგრამ არ აქვს. ამდენად, გამორჩეული შემოქმედებითი აზროვნების მქონეებსაც აღარ ექნებათ იმ ხარისხის შემოქმედებითი აზროვნება, რაც დღემდე ჰქონდათ. ადამიანის აზროვნება ნელ-ნელა წავა დეგრადაციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ავტორები თვლიან, რომ აზროვნების ავტომატურ ოპერაციებს გააკეთებს ეს პროგრამა, ხოლო შემოქმედებითს – ადამიანი. მაგრამ, თუ ადამიანები არ გაავარჯიშე შემოქმედებაში და გააზარმაცე სამუშაოს კეთებაში, საიდან გაჩნდებიან შემოქმედებითი ტიპები?! ასე რომ, მგონი, დეგრადაციის ახალ ეტაპზე გადავა მოსახლეობის დიდი ნაწილი. შეიძლება, არის მოსახლეობის მცირე ნაწილი, რომლებიც ელიტურ წრეებში აღმოჩნდება და იქნებიან იდეების გენერატორები. მათ შორის, სულელური იდეების გენერატორები.

–ადრე განათლება დიდგვაროვანთა უპირატესობა იყო. ბოლო საუკუნეებში განათლება უფრო და უფრო ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა ის, რომ ადამიანთა უმეტესობა ისევ გაუნათლებლობისკენ წავა? უკან ვბრუნდებით?

– იმდენად ხელმისაწვდომი გახდება, რომ უნარებს დაკარგავ – ინფორმაციის მოპოვების, გააზრების უნარს. ახლა ხომ აღმოაჩინეს, რომ ქართველ ბავშვებს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ...

– არადა ასეა, რაც ეს კვლევები ტარდება.

– დიახ და ეს სიზარმაცის შედეგია. ტვინია გაზარმაცებული და ამიტომ ვერ გამოაქვთ შინაარსი ტექსტიდან. და ამ ხელოვნური ინტელექტის გადამკიდე, ტვინის გაზარმაცება იქნება ქრონიკული მთელი პლანეტის მასშტაბით.

– იდეის დონეზე, ხელოვნური ინტელექტი იმაზეცაა გათვლილი, რომ დაშტერებული ადამიანები იოლად გვმართონ?

– ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი, რაზეა გათვლილი, მაგრამ, ფაქტია, შედეგი ის იქნება, რომ ადამიანების უფრო უაზრო მასა დაგროვდება. თუმცა, მეორე მხრივ, არის კანონი, თუ რამე ტექნიკური მომწიფდა, მხოლოდ იმიტომ, რომ საფრთხეს მოიტანს, ვერ გააჩერებ. ატომურ იარაღზე საშინელი რა იქნებოდა, მაგრამ ის მაინც შეიქმნა, ვინაიდან, თუ რამის შანსი არის, ის მოხდება. ანალოგიურად, რადგან მომწიფდა ხელოვნური ინტელექტის რესურსი, ეს რესურსი ამუშავდებოდა და ვერც გავაჩერებდით, რაც უნდა მძიმე შედეგი მოეტანა. თუმცა, ცხოვრებას ახასიათებს, როდესაც რაღაც ერთ მხარეს გადაიხრება, მეორე მხარეს გადახრისკენ უბიძგებს კაცობრიობას. ახლა უნდა დავაცადოთ, რა მოხდება.

– ამ ფონზე რამდენად მართებულია, პირველკლასელებისთვის ლეპტოპების დარიგება?

– ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ. დიახ, მაიმუნსაც აქვს უნარი, დააჭიროს კლავიატურას თითი და ასე ასწავლიან მაიმუნს ადამიანთან კომუნიკაციას. მაიმუნის მდგომარეობაში ბავშვობიდანვე იქნება ადამიანი: ის ვერ დაწერს თავის სახელსაც კი, მაგრამ კლავიატურასთან შეეძლება მუშაობა, იმიტომ რომ კალამი და ქაღალდი კომპიუტერით ჩაანაცვლეს. ალბათ, უარესი მდგომარეობა იქნება მომავალში, თუმცა გამოსავალი არ არის ამ მოვლენის ნეგატიური მხარეების ამოტივტივება. მაგრამ ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის მისი შემოვლის გზები. მთელ მსოფლიოშია პრობლემა, რომ მობილური ტელეფონი გადაიქცა მიჯაჭვულობის ერთ-ერთ ფორმად; კომპიუტერული თამაშებიც პრობლემაა, მაგრამ ვერ ჭრიან პრობლემას.

– არ უნდა შექმნილიყო კომპიუტერული თამაშები და არ იქნებოდა პრობლემა.

– დიახ, რომ შეიქმნება, მერე ვეღარ აგვარებ. კომპიუტერულმა თამაშებმა აზარტული თამაშების ადგილი დაიკავეს. არადა, რამდენი საუკუნეა, აზარტული თამაშები არსებობს, ცუდია, ოღონდ ვერაფერს უხერხებენ. ასე რომ, აქვს კაცობრიობას თავისი ავადმყოფური მიღწევები, რომლებსაც შეიძლება, ნაკლი უფრო ბევრი აქვს, ვიდრე ჩვენ დღეს ვხედავთ, მაგრამ ასეთია ეს კაცობრიობა. ახლა ახალი ავადმყოფობა დაემატება, ეგრეთ წოდებული, ხელოვნური ინტელექტი, როგორც აკვიატებისა და მიჯაჭვულობის ფორმა.

– ერთ დღესაც რომ გაითიშოს ინტერნეტი, რა დაემართება ადამიანს?

– მერე, ალბათ, ნელ-ნელა გაახსენდება, რომ ადამიანია. ამავე დროს, ადამიანების დიდი ნაწილი, მაგალითად, ისრაელის კიბუცები გადიან ურბანული ცივილიზაციიდან და ამის მსგავსი ტალღები გაჩნდება მათში, რომლებიც აპროტესტებენ ასეთ ცხოვრებას, მაგრამ რამდენი დარჩება ასეთი გამპროტესტებელი, არავინ იცის. შედეგი იქნება ის, რომ გაიზრდება ადვილად დასაზომბებელი ადამიანების და, შესაბამისად, ზომბირებულების რიცხვი.

– მოდი, კარგად განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რას ნიშნავს ზომბირება?

– ზომბირების მაგალითად მომყავს ჰიპნოზი, სომნაბულა... მთვარეული რომ წამოდგება, სიზმარში რასაც ხედავს, ის ჰგონია სინამდვილე, გარემოში რაც ხდება, იმას ვერ ამჩნევს. სიზმარში ხედავს, რომ სეირნობს ბაღში ბილიკზე, ამ დროს, სინამდვილეში, აივნის მოაჯირზე დადის, რომ გააღვიძო და აჩვენო, სად არის, შიშისგან გადავარდება. ზომბირებული არსებაა ის, ვინც რეალობას ვერ აღიქვამს, ადვილად პროგრამირდება და ამ პროგრამას მერე მანქანასავით ასრულებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი