პოლიტიკა

როგორ დაეხმარა „ნაცმოძრაობასა“ და „ოცნებას“ საარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 10.11, 2021 წელი

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ გავლენა მოახდინა შიდა პოლიტიკურ პროცესზე, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ამდენი ქადილის შემდეგ ის აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყო (წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, როგორც პოლიტიკოსი, საბოლოოდ ჩამოიწერებოდა, ანუ ჩამოსვლა, ჩემი აზრით, მისი ბოლო კოზირია დასავლეთისთვის საკუთარი პოლიტიკური აუცილებლობის საჩვენებლად), მაგრამ, მეორე მხრივ, ვაკვირდებით, რომ დასავლეთი ერთობ პასიურია (თუმცა, მაგალითად, ნიკა მელია ირწმუნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს დასავლელი ლიდერები არასასიამოვნო „მესიჯებს“ უგზავნიან და ამათ გამოქვეყნებასაც კი მოითხოვს). ბუნებრივია, იბადება კითხვა, ვისთვის იყო ხელსაყრელი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და, საერთოდაც, რატომაა აგებული ქართული პოლიტიკა დესტრუქციაზე, როდესაც ოპონენტი პოლიტიკოსები სახელმწიფო ინტერესის დაზიანებასაც არ ერიდებიან, ოღონდ კი ერთმანეთს უმტრონ? – ამ თემას აკაკი ასათიანთან განვიხილავთ.

– რას უკავშირებთ დასავლეთის ასეთ პასიურობას თუ ისინი მართლაც „ემესიჯებიან“ ღარიბაშვილს, ვისი ინტერესი იყო სააკაშვილის დაბრუნება და იყო თუ არა ეს სააკაშვილის ინტერესი?

- თუ თავს იტყუებენ, არ ვიცი, თორემ ფარული გზავნილების პრაქტიკა არ არსებობს. ეს შუა საუკუნეებშიც კი არ ხდებოდა. დღეს, თუ ვინმეს რამის თქმა უნდა, საჯაროდ ამბობს და სწორად შენიშნეთ, რომ დასავლეთი დუმს. ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის ოფიციალური და არაოფიციალური სტრუქტურები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველები ხმას არ იღებენ. კრინტს არ ძრავენ პოლიტიკურ პატიმრობაზე. უკეთეს შემთხვევაში ლაპარაკია მისი უფლებების დაცვაზე. ესეც პარლამენტარების, პოლიტიკური ჯგუფების დონეზე. ასე რომ, თავს ნუ მოიტყუებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ნურც ხელისუფლება, იმიტომ რომ, თუ მდგომარეობა გამწვავდა, ბევრია დადარაჯებული და შესაბამისი რეაქციაც ექნებათ, რაც არც თუ სასურველი იქნება ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება სააკაშვილს: მე მგონია, რომ მას პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების სხვა პერსპექტივა აღარ ჰქონდა, ეს დაემთხვა აქ მყოფების სურვილსაც, რომლებსაც, ასევე, არ ჰქონდათ ვითარების გამწვავების სხვა არანაირი მექანიზმი და არ არის გამორიცხული, კიდევ ვინმეს ინტერესიც იყო. შეიძლება, ჩვენი ხელისუფლების, შეიძლება, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ძალების. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ ხელიც შეუწყვეს ამ საქმეს. მე მგონია, რომ უფრო ჩამოიტყუეს.

– რატომ ჩამოიტყიუეს, რომ მისი ძალა თუ უძალობა ეჩვენებინათ?

– წინასაარჩევნოდ და მან შეასრულა ეს როლი, „ნაცმოძრაობას“ დაემატა ხმები, ყველა სხვას საგრძნობლად მოაკლდა. მათ შორის, გახარიას, ხელისუფლების მთავარ კონკურენტს, ყოველ შემთხვევაში, „ოცნებამ“ ასე ჩათვალა და რაღაც როლი შესრულდა. სხვათა შორის, სააკაშვილის ჩამოსვლა „ოცნებისთვისაც“ და „ნაცმოძრაობისთვისაც“ მნიშვნელოვანი წარმატება იყო, რადგან ორივეს ამომრჩეველი მობილიზდა. მეორე მხრივ, სააკაშვილი რომც ჩამოეტყუებინათ, ფაქტია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. მგონი, თავიდან ეჭვიც კი ეპარებოდათ, ჩამოვიდა თუ არა, თუმცა ეს კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა.

–შეძლებდა შემოსვლას სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ან საქართველოს სპეცსამსახურებში მისი გულშემატკივრების ხელშეწყობის გარეშე?

– სხვა ქვეყნებზე არ ვფიქრობ, უფრო აქაურს და თავად მისთვისაც ეს ბოლო ნაბიჯი იყო. „ოცნებას“ კი აქვს ერთი პრობლემა, ის კაპიტალი, რაც მას ჰქონდა, ანუ ინარჩუნებდნენ „ნაცმოძრაობას“, ჩვენ თუ არ ვიქნებით, ისინი მოვლენო, თანდათანობით იწურება და თითოეული არჩევნები აჩვენებს ამას. მე მგონია, რომ კალაძე გაცვალეს 43 პროცენტის გადალახვაში, თუმცა კალაძეს სერიოზულად ცუდი სამსახური გაუწია გახარიას ფაქტორმა. თავის მხრივ, გახარიას გაუწია ცუდი სამსახური სააკაშვილის ჩამოსვლამ, იმიტომ რომ ის მეტ ხმას აიღებდა, რომ არა ამომრჩევლის პოლარიზება.

– მესამე ძალისთვის ასეთ დროს არავის სცხელა ხოლმე.

– დიახ, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში 9 პროცენტი სერიოზული შედეგია. თუ ის სწორად იმოქმედებს, მისი 9 პროცენტი თუ გაიზრდება, თორემ არ შემცირდება. სხვა პარტიები კი პოლიტიკური დაფიდან, ფაქტობრივად, მოიხსნენ: ან ვინმეს უნდა შეუერთდნენ, ან თვითლიკვიდაცია გამოაცხადონ.

– თვითლიკვიდაციაო, მაგრამ ნიკა მელიამ მოადგილეობა ჩამოურიგა, მათ შორის, მამუკა ხაზარაძეს და თვით ნინო ბურჯანაძესაც კი მოუძებნა სამუშაო ადგილი მერიაში.

– ეს ის ხაზარაძეა, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეობას იმით იწყებდა, პოლიტიკურ პარტიებს არ გავიკარებ, წითელი ზოლია „ოცნება“ და „ნაცმოძრაობაო“ და ახლა თვითონ დაუდგა მოადგილედ მელიას. ეს ყველაფერი სულ ახლახან ჩვენ თვალწინ მოხდა, ამდენად, ამაზე ლაპარაკი არ ღირს. გამომდინარე მათი ადრინდელი საქმიანობიდან, რატომ ჰქონდათ ილუზია, რომ „ლელოს“ რამე შედეგი ექნებოდა, არ ვიცი. ავია თუ კარგი, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნებში ბანკირებისადმი მხარდაჭერა არსად შეინიშნება. ფაქტია, პოლიტიკა არ არის მისი საქმე. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ „ბორჯომი“ მოიპოვეს და მიჰყიდეს რუსებს. აქ უკვე ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ქვეყანას ასეთმა ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ, ზედმეტია. ისევ სააკაშვილს დავუბრუნდეთ: უნდა გითხრათ, რომ ცოტა მოულოდნელი გამოდგა ხელისუფლებისთვის და ჩემთვისაც, მისი შიმშილობა, იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვიცით სააკაშვილის მადაზე, მაგრამ ის ბოლომდე თამაშობს. და, სხვათა შორის, გარკვეულ ადამიანებს მის მიმართ გაუჩნდათ თანაგრძნობის, სიბრალულის გრძნობა. მე, საერთოდ, ვთვლი, რომ „ოცნებას“ ის თავის დროზე უნდა ჩამოეყვანა და სასამართლო პროცესი უნდა წარმართულიყო ისე, როგორც ევროპაშია, არ დაეკავებინათ, ევლო სასამართლოში, თუ გაიმართლებდა თავს, გაიმართლებდა და თუ ვერ გაიმართლებდა, ვერ გაიმართლებდა. ეს სასამართლო ისეთი ყურადღების ცენტრში იქნებოდა, რომ, რაც გინდა ხელისუფლების მორჩილი მოსამართლეები ყოფილიყვნენ, გაუჭირდებოდათ არაობიექტური განაჩენის გამოტანა. ეს უკვე დაგვიანებულია, მაგრამ, ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ჯობდა, გარეთ ყოფილიყო სააკაშვილი და ახლაც ასე ჯობია. ფაქტია, არ გაიქცევა, კონტეინერით შემოვიდა.

– მაგრამ ბოლოს თქვა, მომიტაცესო.

– ვერ გავიგე, სიმართლე გითხრათ, რის თქმას ცდილობდა იმ ჩანაწერში. როგორც ყოველთვის, მის მოქმედებებს კომიკური ელემენტი ახლავს, მაგრამ ახლა ვითარება მაინც არასასიამოვნოა. დავუშვათ, ჩამოიტყუა ხელისუფლებამ და ამან საარჩევნოდ რაღაც დადებითი როლი შეასრულა, მაგრამ ეს საქმე პლუსებში არ არის, ხვალ-ზეგ კი ამ შიმშილობის გამო შეიძლება, უარესადაც იყოს. ღმერთმა ნუ ქნას, რამე დაემართოს, ეს ვერ იქნება კარგი საქმე „ოცნებისთვის“.

– რა უნდა დაემართოს? შიმშილობამ ცუდად იმოქმედოს მის ჯანმრთელობაზე?

– მას აქვს დაავადება, თალასემია და ამასთან, ის არ არის მიჩვეული შიმშილს, ციხის გარემოს. გასაგებია, ვა-ბანკზე წავიდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, მკვეთრად გაუარესდეს მისი ჯანმრთელობა. არ მინდა ცუდი წინასწარმეტყველებები. მაგალითად, ზვიად გამსახურდიამ 1988 წელს 40 დღე იშიმშილა, დასუსტდა, გახდა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც მხნედ იყო. ადამიანი დიდხანს ძლებს, თუ მშრალად არ შიმშილობს. ცხადია, არც ქილიკის დროა, რომ დიეტაზეა და სხვა.

– გამსახურდიასთან დატოლება მუდამ აქტუალური რატომაა მისთვის?

– ცნობილი გამონათქვამია, როდესაც ტრაგედია მეორდება, კომედიად იქცევაო და ეს მოხდა ახლა ჩვენ თვალწინ, თუმცა მის ჩამოსვლას, ვიმეორებ, კომიკური ელფერი დაჰკრავდა. მაგრამ ეს კომედია შეიძლება, მართლაც გადაიზარდოს დრამატულ ამბავში და არც კი ვიცი, ვისთვის უნდა იყოს ეს ხელსაყრელი?! ან სააკაშვილს რას მისცემს, ან „ოცნებას“?! რაღაც ზღვარზე თამაშობს ორივე მხარე, თოკზე სიარული კი ისეთი რამაა, რომ, თუ ოდნავ დაგიცდა ფეხი, ამთავრებ კატასტროფით, იმიტომ რომ დამცავი ბადე, როგორიც მეოცე საუკუნის ცირკში იყო (სხვათა შორის, მანამდე არ ყოფილა), პოლიტიკამ არ იცის. ამიტომ, ვისაც ფეხი დაუცდება, ის ძალიან ცუდად დაენარცხება.

– მე ეს საკითხი, ძირითადად, იმიტომ მაღელვებს, რომ, თუ ვინმეს ფეხი დაუცდა, ეს ცუდად აისახება ჩემი სახელმწიფოს მომავალზე.

– ქვეყნისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, უსიამოვნოა. თორემ ციხეში ბევრი პატიმარია და მაშინ ყველას შიმშილობაზე ასე უნდა ვრეაგირებდეთ, რასაც ვერ ვხედავ.

– ისევ გამსახურდიას ფაქტორს დავუბრუნდები, კვლავ გამსახურდიას მომხრეების მოზიდვაზეა აქცენტი, თუ რატომ ახსენებს?

– თვითონ და მისიანები ცდილობენ, რაღაც საერთო მოუძებნონ, პარალელი გაავლონ, რომ ყველას მობილიზება მოახდინონ. მაგრამ, ვინც ახლოს არ იცნობდა, იმათაც ესმით, რომ გამსახურდია იყო კაცი სულ სხვა იდეებით და, თუ რამეს ვერ დააბრალებ „ნაციონალებს“, ეს ნაციონალისტობაა. გამსახურდიაც, მეც და მისი მიმდევრებიც ნაციონალისტები ვიყავით, ვართ და ხვალაც ვიქნებით და სულაც არ მგონია, რომ ეს სალანძღავი იყოს. ეს არის ადამიანის ჯანსაღი და ბუნებრივი მდგომარეობა, თუ ის ადამიანია. ეროვნება არ აქვს მხოლოდ ცხოველს, ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს, ისევე, როგორც კიდევ რამდენიმე თვისებით განვსხვავდებით ცხოველებისგან: ღვთის რწმენით, იუმორის გრძნობით, სამშობლოს შეგრძნებით, თორემ, სხვა მონაცემებით, ყოველ შემთხვევაში, შიმპანზესგან შორს არ ვართ და სხვა ბევრი ცხოველისგანაც, ზოგი კი ჩვენზე ბევრად ღირსეულია – მაგალითად, მგლები. ერთი სიტყვით, გამსახურდია სხვა ტიპის მოვლენაა და მსგავსება შეუსაბამოა.

– დასავლეთის დუმილს რით ხსნით?

– ეუბნებოდნენ, ოღონდ არა პირველი პირების დონეზე, არ წახვიდეო, იმიტომ რომ აქ მკვეთრი ცვლილებები არავის სჭირდება. თუ არჩევნებით რამე მოხდება, მოხდეს, ოღონდ სტაბილური ვითარება უნდა დარჩეს. მათ უნდათ, თუნდაც, 10-15 წლის განმავლობაში იყოს ისეთი სიტუაცია, რომლის გამოცნობაც შეიძლება. ვინაიდან თვითონ მსოფლიო პოლიტიკა გახდა გამოუცნობი. 90-იან წლებშიც კი მეტ-ნაკლებად რაღაც გარკვეული იყო, თუმცა საბჭოეთის დაშლამ სტაბილურობის სრული ვაკუუმი გამოიწვია მსოფლიოს ამ ნაწილში. ჩვენი ქვეყანა ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ასეთ ვითარებაში დაძაბულობის ზედმეტი კერის შექმნა, არც ჩვენი ინტერესია და არც სხვისი, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული პოლიტიკური ძალების. ზოგი ამბობს რუსეთის ინტერესიაო, მაგრამ არც მათთვის უნდა იყოს ეს ამბავი ახლა ხელსაყრელი. ამდენად, არ მგონია, რომ სააკაშვილი ვინმეს მითითებით, წაქეზებითა და ხელშეწყობით აღმოჩენილიყო საქართველოში, მე ვფიქრობ, ეს მისი გადაწყვეტილება იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი