პოლიტიკა

რატომ ებრძვის ევროკავშირი გააფთრებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00

გიორგი ანდრიაძე
დაკოპირებულია

ის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა და პოლიტიკოსები ერჩიან საქართველოს ეკლესიას, ახალი ამბავი არ არის, რადგან მათი განცხადებები პირდაპირ შეიცავს, როგორც თავად უწოდებენ ხოლმე, სიძულვილის ენას. ბუნებრივია, იბადება კითხვა, რას ერჩიან საქართველოს ეკლესიას ევროპარლამენტარები? მით უფრო, რომ სულ ახლახან საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელმა დაადასტურა ზეწოლის ფაქტები. გაუგებარია მათ მიერ საქართველოს ეკლესიის რუსეთის ეკლესიის ფილიალად მოხსენიება, თითქოს ქრისტეში ეროვნება, როგორც ასეთი, არსებობდეს. ამ თემაზე თავის აზრს თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე გაგვიზიარებს, რომელიც, იმავდროულად, 2002 წელს დაარსებული ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორია.

– რამ განაპირობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი ასეთი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ევროპელების მხრიდან?

– ლაპარაკი არ არის მარტო ეკლესიაზე, ლაპარაკია ქართველ ერსა და მის მსოფლმხედველობაზე. ქართველი ერის ხალხის ცხოვრების წესს, ქცევას განაპირობებს ეკლესიური მსოფლმხედველობა და ეს ახალი არ არის. სხვათა შორის, ყოველთვის, ისტორიულად, როდესაც საქართველოსთან ჰქონდათ პრობლემა, პრობლემა ჰქონდათ, უპირველესად, საქართველოს ეკლესიასთან. ანუ ეკლესია, ქრისტიანობა ქმნის ქართველი ერის მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს. ამდენად, აი, ეს ცხოვრების წესია მათთვის შეუსაბამო. ევროსტრუქტურებში, ასე ვთქვათ, ევროამერიკულ სივრცეში, ჰომოსექსუალიზმი გაცხადებულია ნორმად. ამას იმიტომ გამოყოფ, რომ ყველაზე ნათელი მაგალითია, თუმცა სხვა უამრავი დეტალიცაა. ანუ ის, რაც ჩვენთვის არის ანომალია და სასიცოცხლოდ მიუღებელი, მათთვის ნორმაა. მათ უნდათ, რომ ქართველმა საზოგადოებამ ამ წესით იცხოვროს და ეს ნორმა მიიღოს. ეკლესიას კი არ შეუძლია ამის დათმობა, რადგან ეკლესია აღარ იქნება, თუ, ღმერთმა დაიფაროს, ვინმე წავა რამე ტიპის კომპრომისზე. ქრისტე ღმერთმა სავსებით ნათლად დაწერა ეს „სახარებაში“, რაც, თავის დროზე, ევროპისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

– დიახ და არც რომის პაპი მიესალმება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, მაგრამ რომის კათოლიკურ ეკლესიას არ ებრძვიან?

– ეს ხდება ფორმალურად, ანუ რომის პაპი განცხადებას აკეთებს და დამთავრდა, საქართველოში კი ქართული ეკლესია, ფაქტობრივად, იცავს ამისგან. ეს ტალღა შეაჩერა მასობრივმა გამოსვლებმა. თორემ საქართველოშიც მიიღებდნენ ამ კანონს, ისევე, როგორც საბერძნეთში გაიტანეს და მიიღეს, რაც არ ნიშნავს, რომ საბერძნეთში მართლმადიდებლობა დაემხო და ყველას ის აზრი აქვს, მაგრამ მაინც დაკანონდა. ჩვენთან ხალხის ორგანიზებული და აქტიური პროტესტი არ აძლევს საშუალებას, რომ დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა კავშირი. ევროპაში ეკლესია აკეთებს განცხადებას და მისი აქტიურობა მთავრდება განცხადებით. შეშფოთებას გამოხატავს ხოლმე რომის პაპი, ხოლო პროცესი მიდის თავისი გზით. საქართველოში შეიძლება, ყველა არ დადის ეკლესიაში და უმეტესობა არ არის ეკლესიური, შეიძლება, მარხვასაც არ იცავდეს, მაგრამ სულის სიღრმეში არის ქრისტიანულად, მართლმადიდებლურად მცხოვრები ადამიანი. ეკლესია ცხოვრების წესში აქვს და ამას თავისდაუნებურად იცავს. სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ კომპრომისის გზა არ არსებობს სარწმუნოებაში. ეს განაპირობებს ზეწოლას ეკლესიაზე, იმიტომ რომ, ალბათ, სხვა არანაირი ძალა არ აჩერებს ამ პროცესს. იცით, რომ ახლახან შეიცვალა ხელისუფლების პოზიცია, თორემ ხელისუფლება წინა წლებში აძლევდა ნებართვას, ჩაეტარებინათ „პრაიდი“. ერთადერთი ეკლესია იყო ამის წინააღმდეგი, ოღონდ ის არ იდგა მიტინგების სათავეში. გვიცავდა მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა და აი, ამის შეცვლა უნდათ, რაც არის ზეწოლის მიზეზი. სხვათა შორის, ზეწოლის ერთ-ერთ ბერკეტად იყენებენ ფსევდოფსიქოლოგიურ სკოლებს, მანამდე სექტებს იყენებდნენ. დღეს კი ძალიან მომრავლდა ფსევდოფსიქოლოგიური სკოლები და საზოგადოებისთვის ძნელად გასარჩევია, უნდა ენდონ თუ არა მათ. დაამკვიდრეს ფსევდოფსიქოლოგიური სკოლები, რომლებიც მოედო ჩვენს საზოგადოებას, უტარებენ ტრენინგებს ახალგაზრდებს, ქალბატონებს, ძირითადად, დიასახლისებს და იქ ავრცელებენ ამ იდეოლოგიას. მინდა, ჩვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ ჰომოსექსუალიზმი ამოღებულია დაავადებების ჩამონათვალიდან, ევროპაში ერთიანი თარიღი არ არსებობს, რადგან სხვადასხვა ორგანიზაციამ და კლასიფიკაციის სისტემამ სხვადასხვა დროს მიიღო ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპებია 1973 წელი, როდესაც American Psychiatric Association-მა ჰომოსექსუალობა ამოიღო ფსიქიკური აშლილობების სიიდან, 1990 წლის 17 მაისს კი იგივე გაიმეორა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, სწორედ ამიტომ აღინიშნება 17 მაისი, როგორც International Day Against Homophobia, Biphobia and Transphobia. ევროპის ქვეყნების უმეტესობაც ამ ორგანიზაციების კლასიფიკაციას იყენებს, ამიტომ 1990 წელი მიიჩნევა იმ საკვანძო მომენტად, როდესაც ევროპულ სამედიცინო პრაქტიკაში ჰომოსექსუალობა აღარ განიხილებოდა დაავადებად. საქართველოშიც არის ფსიქოლოგიური სკოლები, რომლებიც ამ იდეოლოგიას შეფარვით ატარებენ. ეს არის თვითმარქვია სკოლები, რომელთა მიზანია, საზოგადოებაში ფარულად დათესონ ჰომოსექსუალიზმისა და თავისუფალი სექსუალური ცხოვრებისადმი ლიბერალური განწყობა. ჩვენ ეკლესიის გარეთ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ იდეოლოგიას ეკლესიის შიგნითაც ავრცელებენ. ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ არანაირი საბაზისო განათლება ფსიქოლოგიაში, სამ და ექვსთვიანი კურსების გავლის შემდეგ მასობრივად ურიგებენ სერტიფიკატებს.

– როდესაც მე ვსწავლობდი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაშინ გვასწავლიდნენ, რომ კაცობრიობის 4 პროცენტი იბადება გადახრებით, სხვა შემთხვევები არის შეძენილი, ვინაიდან გარემო აყალიბებს გარკვეულ ჩვევებს. როგორც დაარწმუნებ ადამიანის შვილს, იმას მიიღებს ნორმად. ადამიანის ნაშიერი მხოლოდ ადამიანების გარემოცვაში სწავლობს ლაპარაკს და სიარულს, სხვანაირად ვერა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლოგიურად შეუძლია.

– თან, ხდება ამის რეკლამირება.

– დიახ და ეს ახლად გამომცხვარი ფსიქოლოგები და ვითომ ფსიქოთერაპევტები პაციენტებს აძლევენ მზამზარეულ რჩევებს გარედან და, ფაქტობრივად, უპირისპირებენ დედას, მშობლებს. არადა ფსიქოთერაპევტი უნდა დაგეხმაროს, თავად გააცნობიერო პრობლემა და გარედან არაფერი უნდა მოგახვიოს თავს.

– ეს დამოკიდებულება შეიცვალა და მასობრივად მიმდინარეობს ჰომოსექსუალიზმისა და გარყვნილების დანერგვა. ამ ფსევდოფსიქოლოგიასა და კლასიკურ ფსიქოლოგიას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც წამალსა და საწამლავს შორის. წამალში სამკურნალო დოზაა. საწამლავში კი – იმდენად დიდი, რომ იგივე ნივთიერება სიკვდილს იწვევს.

– ამდენი წლის განმავლობაში რატომ არ აკეთებდა საპატრიარქო განცხადებას ზეწოლის შესახებ და რატომ ითქვა ახლა?

– როგორც გითხარით, ხელისუფლება წინა წლებში „პრაიდების“ ჩატარების ნებას რთავდა. ახლა, საბედნიეროდ, ეს მხარდაჭერა არ არის. მთლიანად შეიცვალა მიდგომა და ეკლესიას ხელი ეწყობა. არ ვიცი, იცით თუ არა, სკოლებში უკვე ოფიციალურადაა შესული ეკლესია. ეს არის სახელმწიფო პროგრამა, სკოლებში შექმნილია კლუბები, არიან მოძღვრები. ეკლესია უკვე ოფიციალურად ქადაგებს სკოლებში, რომ ჰომოსექსუალიზმი ზნეობრივი გადახრაა. ადრე ეკლესია ტაძრებში ქადაგებდა ამას, იმიტომ რომ ომს ვერ გამოუცხადებდა ხელისუფლებას და თავის წიაღში მოქმედებდა მრევლთან. ახლა კი, როდესაც შეიცვალა ხელისუფლების მიდგომა, აშკარად ითქვა, როგორი წნეხის ქვეშ იყო ჩვენი ცხონებული პატრიარქი და ჩვენი ეკლესია. ჯერჯერობით ვერ ამბობენ ხმამაღლა, რომ ეკლესიის შიგნით არიან შემოგზავნილი ეს ფსევდოფსიქოლოგები, რომლებიც ცდილობენ მღვდლების განწყობის შეცვლას, რომ სასულიერო პირებს, მათ შორის, უმაღლეს სასულიერო პირებს ჩამოუყალიბდეთ შემწყნარებლური ლიბერალური დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმისა და სხვა ზნეობრივი ცოდვების მიმართ. ბუნებრივია, მათ ისედაც არავინ ერჩის, მაგრამ მუშაობენ, რომ ჩვეულ ამბად იქცეს „პრაიდის“ ჩატარება, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, შემდეგ ამას მოჰყვება შვილად აყვანის დაკანონება. აი, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან მიზნისკენ და ეკლესიაა ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც ამისგან ინსტიტუციურად იცავს.

– ძალიან უცნაური მიდგომაა: ეკლესიას აქვს დოგმები, მცნებები, მრუშობა და მეძაობაც ცოდვაა, თუ ამას არ ეთანხმები, ნუ იქნები მრევლი. ისევეა ჰომოსექსუალიზმიც და ნებისმიერი სხვა ცოდვაც. ალოგიკური და არანორმალურია, მოითხოვო ცოდვების ჩამონათვლის შეცვლა.

– ეკლესია ამ ადამიანებს არ უკუაგდებს, მათთვის კარს ყოველთვის ღიას ტოვებს სინანულისთვის. საქმეც ისაა, რომ უნდათ ამის ნორმად დაკანონება, ეკლესია ყველას იღებს – მემრუშეებსაც, მეძავებსაც, მემთვრალეებსაც... ამიტომ ვამბობ, იბრძვიან მსოფლმხედველობის, ღირებულებების წინააღმდეგ, იმიტომ რომ იმ დასავლურმა ფსევდოფსიქოლოგიურმა წრეებმა ეს გამოაცხადეს ნორმად. პირად საუბარში რომ ჰკითხოთ, შეიძლება, არ გითხრათ, რომ ეს ნორმაა, მაგრამ, თუ ტელეეთერში ჰკითხავთ, ამ ფსევდოფსიქოლოგიური სკოლის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ანომალია. იტყვიან, რომ ნორმაა. ჩვენთან მოდიან ამ, ეგრეთ წოდებული, ფსიქოთერაპევტების მსხვერპლები, ეს არის შარლატანობა და ფულის მახე და როგორც გითხარით, ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ მათ უკვე შემოაღწიეს ეკლესიის შიგნით. ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენთან მოვიდა მამაკაცი, რომელიც დადიოდა, აი, ტელევიზიებში რომ სხედან, მათგან ერთ-ერთთან, იმ მიზეზით, რომ ცოლთან ჰქონდა სექსუალური პრობლემები. ეგრეთ წოდებულმა, ფსიქოთერაპევტმა ურჩია, სხვა ქალთან ეცადა ურთიერთობა, მამაკაცმა უპასუხა, რომ სცადა და იქაც იგივე პრობლემები ჰქონდა, მაშინ სცადე მამაკაცთან და შემდეგ ისევ ქალებზე გადმოერთეო. იმ ადამიანმა დროულად გაიაზრა და წამოვიდა. შემდეგ ჩვენს ცენტრში მოვიდა. 2002 წელს ჩვენი ცენტრი იმიტომ შევქმენით საუნივერსიტეტო დონეზე, რომ ეს ხალხი დავიცვათ.

– ქართულ ეკლესიას რა ნიშნით არქმევენ რუსულს? კომიკურია, ვინაიდან ქრისტეში საერთოდ არ არის ეროვნება.

– რუსული უკვე დემონიზირებული ტერმინია. სიღრმისეულად ვერ გეკამათებიან, იმიტომ რომ წააგებენ, ამიტომ ეს იარლიყი მასაზეა გათვლილი, რომ მოახდინონ ეკლესიის დემონიზაცია. რუსი ხარ, იმიტომ რომ არ იღებ მამათმავლობის დაკანონებას, რაც ჩემი საყვარელი ევროპის სანუკვარი სურვილია. მათ არ აინტერესებთ, რა თქვა მაცხოვარმა, იმიტომ რომ იქ ვერ მოგიგებს, ამიტომ უნდა გაგაშაოს, მოგაწებოს იარლიყი. მათ აღიზიანებთ, რომ იცავ ზნეობრივ ნორმებს. უბრალოდ, ღვთის მადლია ამ ქვეყანაზე და იმიტომ ვართ დაცული, თორემ როგორ უნდა შეებრძოლოს ამ პატარა ქვეყნის პატარა ეკლესია ამხელა ძალას, მას უფალი და ღვთისმშობელი რომ არ იცავდნენ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი