პოლიტიკა

გეოპოლიტიკურად მოარშიყეები

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვნებიდან ვნებამდე...

იმის მიუხედავად, რომ აშშ უკრაინას ევროპის ფინანსებით ეხმარება, თუმცა, უწინარესად, საკუთარ თავს ეხმარება, უფრო ზუსტად, საკუთარ ეკონომიკას, რფ-ის პრეზიდენტი ვლ. პუტინი მაიამიში მიიწვია, არც მეტი, არც ნაკლები, დიდი ოცეულის შეხვედრაზე.

ეს ამბავი ფართო საზოგადოებამ თვით მარკო რუბიოსგან შეიტყო და არა მხოლოდ ეს ამბავი, ამ მიწვევის მოტივებიც. სახელდობრ, ბ-ნმა რუბიომ განმარტა, რომ ეს შესაძლებლობას მისცემს რფ-ის პრეზიდენტს, არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს, არამედ სხვა ქვეყნების ლიდერებსაც ესაუბროს.

ბუნებრივია, წარმოდგენა არ მაქვს, რა აქვთ ამდენი სასაუბრო (იმიტომ რომ ორივე მხარის მოქმედება სიტყვებზე მეტყველია) და ისიც სათქმელია, რომ დიდი ოცეულის შეხვედრა ამა წლის დეკემბერში უნდა გაიმართოს, ხოლო დეკემბრამდე იმდენად დიდი დროა, რომ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს (მეორედ მოსვლის ჩათვლით).

ამას გარდა, ჯერჯერობით მიწვეულის პასუხიც უცნობია, მანამდე კი (ანუ, სანამ პასუხს შევიტყობთ) მაინც შეგახსენებთ დიდი ოცეულის შემადგენლობას ის 19 ქვეყანას (აშშ, კანადა, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, სამხრეთი კორეა, საუდის არაბეთი, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა) და 2 კავშირს მოიცავს (ევროკავშირსა და აფრიკის კავშირს, ეს უკანასკნელი კი აფრიკის 55 ქვეყანას აერთიანებს).

შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ დიდი ოცეულის შემადგენლობა ერთგვარად ფარავს ბრიქსის შემადგენლობას (ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთი აფრიკა, ბრაზილია), ამდენად, ტრამპისა და პუტინის გეოპოლიტიკური არშიყობა, ვფიქრობ, სცდება ვნების საზღვრებს და უფრო მერკანტილურია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს (ანუ რაც უნდა დაუზავდნენ ერთმანეთს), რომ ჩვენნაირებისთვის ვნებისგან თავს შეიკავებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი