პოლიტიკა

რატომ დამკვიდრდა ქართველ საზოგადოებაში ორი რუსეთისა და ახლა უკვე ორი დასავლეთის ილუზია

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 20.10

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

რატომღაც, ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია, რომ არსებობს ორი რუსეთი, ცხადია, ერთი – კარგი, მეორე – ცუდი. ეს მოცემულობა განვავრცეთ და დავიჯერეთ, რომ დასავლეთიც ორია, ბუნებრივია, კარგი და ცუდი, თუმცა სინამდვილეში, რუსეთიც ერთია, დასავლეთიც და ყველაფერი დანარჩენიც და ორად თუ სამად გაყოფა ფიქციაა, რასაკვირველია, იბადება კითხვა: რატომ ვცხოვრობთ ამგვარ ილუზიასა და ფიქციაში? – ამ თემას აკაკი ასათიანთან ერთად განვიხილავთ.

– საიდან მოვიტანეთ ეს გაორება?

– კარგი შეკითხვაა... ჩვენ ბევრ ილუზიასა და მითებში ვცხოვრობთ და, მათ შორის, ერთ-ერთი ესეც არის. ეს სიტყვების ერთგვარი თამაშია საკუთარი წარუმატებლობების გასამართლებლად. ორი რუსეთის ამბავი შევარდნაძის დროს დაიწყო, თუმცა მანამდეც იყენებდნენ ამ ტერმინს თავად რუსებიც. ორი რუსეთი, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სისულელეა. კი ბატონო, შეიძლება, არსებობდეს ორი კულტურა: მაღალი კულტურა, რომელსაც ქმნის ელიტა, რაც დამახასიათებელი იყო შუა საუკუნებისთვის და მასობრივი კულტურა, მაგრამ შემდეგ საზოგადოების პროგრესის პირობაზე კულტურა გახდა საყოველთაო, როგორიც დღესაა. დღეს თითქოს ყველასთვის გასაგებია „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ ხალხური „ტარიელიანი“ რომ ნახო, გული გაგისკდება, ვერაფერი გაიგეს თავის დროზე „ვეფხისტყაოსანში“, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. როგორც კიპლინგი ამბობდა, დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი – აღმოსავლეთი.

– და ისინი ვერასდროს შეხვდებიან ერთმანეთს.

– მე ვფიქრობ, ამ გაორებას თავი უნდა დავანებოთ. ადამიანიც კი, რომელიც იცვლება, ორი კი არ არის, არამედ ერთია და რაღაც ეტაპზე სხვანაირი ხდება, შეიძლება, ძველს დაუბრუნდეს ან ახალ საფეხურზე ავიდეს, ან უარესი გახდეს, მაგრამ მაინც ერთია, რომელიც იცვლება. დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა ჩვენ თვალწინ ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გადაგვარდა. უნდა ვთქვათ სიმართლე. იმ დროს, როდესაც ევროპა რჩება მსოფლიო კულტურის მწვერვალად, ეს არის ფაქტი და ამან განაპირობა ბოლო საუკუნეებში ზოგადად კაცობრიობის წინსვლა. ამას მივათვლი ბერძნებსაც, რომაელებსაც. ცალკეული მიღწევები ჰქონდა არაბულ ცივილიზაციას, განსაკუთრებით, ჩინურს, ოღონდ ეს არ ყოფილა მთელი კაცობრიობის კუთვნილება, როგორც ევროპული კულტურა. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდი ჩინელებმა მოიგონეს, დენთიც, აბრეშუმი... მაგრამ ბოლო ათწლეულებში ყველაზე თვალშისაცემი კულტურული უნაყოფობაა. ცნობილია, რომ ევროპამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მარშალის გეგმიდან მოყოლებული, ამერიკული სამხედრო ქოლგის ქვეშ იცხოვრა და თვითონ ხელს აღარ ატოკებდნენ, ამ თვალსაზრისით. არც ფულს ხარჯავდნენ, არც ემზადებოდნენ. მით უმეტეს, საბჭოეთის დაშლის შემდეგ საერთოდ მოიშალნენ, შემდეგ – რუსული იაფი ენერგომატარებლების პირობებში და იგივე შეერთებული შტატები იმეორებდა საბჭოთა კავშირის შეცდომას, ოღონდაც მოკავშირეები ჰყოლოდა და ამ მოკავშირეებთან წამგებიანი ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა. ვგულისხმობ კანადას, მექსიკას, ევროპას, ჩინეთსაც უთმობდა. ტრამპი ახლა ამას ცვლის და ეს იმ შიშის შედეგია, რომ ვიღაცები გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, რომ საბჭოთა კავშირიც ასე იქცეოდა: ოღონდ შეენარჩუნებინა იმპერია და ყველას იბამდა ეკონომიკურად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოკავშირე რესპუბლიკებს შეეძლოთ დამოუკიდებლად არსებობა, რაც დადასტურდა საბჭოეთის დაშლის შემდეგ.

– ოღონდ გაუარესდა პირობები.

– დიახ, ვარსებობთ, მაგრამ უარესად, ვიდრე მაშინ, მაგრამ ეს ცალკე თემაა. მაგალითად, მოსკოვს დოტაციაზე ჰყავდა აზერბაიჯანი, მაგრამ დღეს შევხედოთ აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიას, რომლებსაც ამადლიდნენ, დოტაციაზე გვყავხართო. წარმოიდგინეთ, ინახავდა სოციალისტურ რესპუბლიკებსაც, აღმოსავლეთ ევროპას და თავის კმაყოფაზე ჰყავდა აზიისა და აფრიკის ქვეყნები, ლათინურ ამერიკაში – კუბა. ამას ვეღარ გაუძლო და დაიშალა. იმავე გზაზე იდგა ამერიკა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ შტატებს აქვს თვითგანახლების ყველაზე მეტი უნარი და თვითგანახლება იყო ტრამპი, რომელიც შეიძლება, რაღაცით გვაღიზიანებდეს, ძალიან არასერიოზულად იქცეოდეს ან ლაპარაკობდეს, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს თვითგანახლება იყო, რეაქცია იმაზე, საითაც მიჰყავდათ ქვეყანა კლინტონიდან მოყოლებული, განსაკუთრებით, ობამას და ბაიდენი ხომ, საერთოდაც, პირდაპირ ფიზიკური გამოხატულება იყო ამ გადაგვარების. ევროპას ჯერჯერობით ეს არ ეტყობა, მაგრამ სიმპტომები იმისა, რომ ორი კი არა, იგივე ევროპა განახლდება და ისევ დაიბრუნებს რაღაც ფასეულობებს, გამოჩნდა, თუნდაც გერმანიის ადგილობრივი არჩევნების შედეგით, საფრანგეთში ლეპენის უპირობო ლიდერობით საპრეზიდენტო არჩევნებში... სხვათა შორის, ლათინურ ამერიკაშია ძალიან საინტერესო პროცესი: ჩილეში ისეთი კაცი მოვიდა, რომ მთლად პინოჩეტი არ არის, მაგრამ მთელი მისი შემადგენლობა პინოჩეტის იდეალებს დააქროლებდა და ეს პატრიოტული იდეალებია. პინოჩეტი დიდი პატრიოტი იყო, ისევე, როგორც ფრანკო, რომელმაც გადაარჩინა ესპანეთი ველურ საბჭოთა-რუსულ კომუნისტობას. იმავე ბრაზილიაში აგერ ფლავიერ ბოლსონარო პირველ ტურში ლიდერობს და იმედი მაქვს, მეორე ტურში გაიმარჯვებს... ასე მოხდა არგენტინაში – ხავიერ მილემ გაიმარჯვა, პერუში ფუხიმორის ქალიშვილმა გაიმარჯვა. ასეთი რამ ადრე არ ყოფილა, იმიტომ რომ ლათინურ ამერიკაში გაჭირვების გამო, როგორც წესი, გარეთ ეძებდნენ დამნაშავეს და ყველაფერს შეერთებულ შტატებს აბრალებდნენ და არა თავის თავს. როგორც წესი, ხომ არავინ აბრალებს არაფერს საკუთარ თავს?!

ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ევროპაში, თუმცა დასავლური ქრისტიანული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და არა, მაინცდამაინც, ევროპის. ბოლოს და ბოლოს, რუკას დავხედოთ. მაკრონი ახალი პრეზიდენტი იყო, გამოცდილება არ ჰქონდა და იმიტომაც თქვა, სხვა გეოგრაფიააო. ისევე, როგორც „ნატოს“ გენმდივნები, რომ გადადგებოდნენ, მერე ამბობდნენ, „ნატოს“ წევრი ვერ გახდებითო.

– პოსტის დატოვებამდე ყველა გვაგულიან-გვაიმედებდა.

– რა თქმა უნდა, ეს ის თივაა, ვირს რომ წინ უკიდია და როგორც კი პირს წაატანს, მაშინვე რომ გაუწევენ, რომ წინ წავიდეს, ოღონდ ჩვენ წინაც ვერ მივდიოდით. მოკლედ რომ ვთქვა, არანაირი ორი რუსეთი, არანაირი ორი ევროპა თუ ორი ამერიკა არ არსებობს. უბრალოდ, ქვეყნები იცვლება ხოლმე და ჩვენც ამას ანგარიშს უნდა ვუწევდეთ. მე ვთვლი, რომ რაღაც პერიოდი უნდა გავძლოთ და იმედი მაქვს, რომ ევროპა დაუბრუნდება თავის საწყის ფასეულობებს. იმას კი არ ვამბობ, გინდა თუ არა, ახლა დაუბრუნდეს შუა საუკუნეებს-მეთქი, დაუბრუნდება იმ ფასეულობებს, რომლებსაც ეფუძნებოდა ეს ცივილიზაცია. ასევე, იმედი მაქვს, შეერთებული შტატები დარჩება ამ გზაზე. როცა იქნება, დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი, თუმცა ისე ვატყობ, რომ ორივე ქვეყნის ლიდერისთვისაა ხელსაყრელი ომის გაგრძელება უკრაინელი ხალხის ხარჯზე. რუსებს არ ვჯავრობ, იმიტომ რომ აგრესორები არიან, მაგრამ უკრაინელი ხალხის ხარჯზე ხდება, რომ ყველა ხელს ითბობს ამ ომით. ერთადერთი ტრამპია მშვიდობის მომხრე, ისიც ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, მეტი არავინ – არც ევროპა, არც ჩინეთი. სამწუხაროდ, ასეა.... „ოცნების“ პოლიტიკა, მოსწონს ვინმეს თუ არა, სინამდვილეში რაღაცა დროში დაემთხვევა ევროპის განახლებას ან, თუ ვერ განახლდება, ხელახლა დაიბადება. ჯანსაღ ნაციებს აქვს ამის უნარი, მათ შორის, ჩვენც.

– მარტო ის რომ გამახსენდება, თბილისი რამდენჯერაა მიწასთან გასწორებული, მზარავს.

– წარმოიდგინეთ, ხალხი რომ გადარჩება და აღდგება მონღოლობის შემდეგ, თემურ ლენგის შემდეგ, ის უკვდავი ხალხია და ჩვენც უნდა გავიცნობიეროთ, რომ გვაქვს უნარი თვითგანახლების, აღდგომის... აღდგომის დღესასწაული იმიტომაც მიყვარს, იმას გარდა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მაცხოვრის დღესასწაულია, დიდი სიმბოლოა თითოეული ადამიანისა და ერისთვის, მით უმეტეს, ჩვენნაირი ერისთვის, რომელსაც რამდენჯერმე მოუწია ამის გაკეთება და ეს სწორედ ქრისტეს რწმენით მოხდა, დარწმუნებული ვარ. ასე რომ, ვნახოთ. ეს არის ხოლმე ცვლილებები, ერთი და იმავეს ცვლილება, ოღონდ არა ორი, რომლებიც ვითომ ერთმანეთს ეჭიდავებიან. ასეთი რამ საცირკო თუ საესტრადო ნომერია, ერთი კაცი, ორად გადაცმული, ვითომ რომ ერთმანეთს ეჭიდავება. ეს სისულელეა. უბრალოდ, ყოველ ერში არსებობს მაღალი და დაბალი კულტურა, ოღონდ დღეს უკვე ასე აღარ არის, დაახლოებით, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან და ჩვენთანაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მთლიანდება კულტურა, აღარ არის დაყოფა ელიტურ და ბიოკულტურად. წავიკითხოთ იტალიური ზღაპრები და დანტე, ძალიან დიდი განსხვავებაა ფასეულობებში, გამოხატვის ფორმებში, მხატვრულ ოსტატობაში. დღეს ასე აღარ არის და ახლა ჩვენც თვითგანახლების გზაზე ვართ. თვითგანახლება იყო დამოუკიდებლობის მოპოვება.

– ოღონდ ვერ გამოვიყენეთ ჯეროვნად.

– თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვითგანახლება უცებ ან ერთ თვეში, ან ერთ წელიწადში, ან 10 წელიწადში მოხდება, ცდება. მით უმეტეს, რომ ერთი წლის თავს დიდი უბედურება დაატრიალეს გარეშე ძალების დახმარებით ადგილობრივმა მონებმა. ეს პროცესია და ერთი ადამიანის ცხოვრებას მოიცავს. მაგალითად, ჩემი ცხოვრება მოიცვა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი და ბედნიერი ვარ იმით, რომ მონაწილე ვარ ამ პროცესის. უნდა ვითვალისწინებდეთ, რა მოცემულობაც არის, რა სტადიაზეა ესა თუ ის ცივილიზაცია, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების, ჩრდილო ამერიკული და ევროპული, რაც ერთი და იგივეა, ლათინურ ამერიკასთან ერთად, ანუ დასავლეთია, მაგრამ მაინც გავყოთ ამ ეტაპზე. არ ვიცი, რუსს რა დავარქვა; იქ ჩინეთია და ინდოეთია, რაც გასათვალისწინებელია.

– ჩინეთმა განიცადა, თუ განიცადა, თვითგანახლება.

– 5 000 წელია, არსებობენ და ეგ უნარი რომ არ ჰქონოდათ, ვერ მოაღწევდნენ დღემდე, თუმცა ისინი ნაკლებად მონაწილეობდნენ მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკის ნახევარს თუ არა, მესამედს მაინც შეადგენდა, სადღაც, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნემდე ჩინური ეკონომიკა, სხვათა შორის, ინდოეთისაც, შემდეგ ინდოეთი გამოშიგნეს, ახლა ხდება აღდგენა. ჩვენც იგივე პროცესი უნდა გავიაროთ, ევროპამაც და ჩანს რაღაც სიმპტომები. აი, რუსებს კი, სამწუხაროდ, არაფერი ეტყობათ და ეს სულაც არ მიხარია, იმიტომ რომ 1 000-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს მათთან. შესაბამისად, როგორ უნდა მიხაროდეს, რომ იმ 1 000 კილომეტრის ზემოთ რაღაც უბედურება ხდება?! სიმართლეს გეტყვით, ცოტა რომ მოძლიერდა მათი ეკონომიკა საშუალო ფენა გაჩნდა, 20-25 პროცენტზე ავიდა და ეს არნახული პროცენტია რუსეთისთვის. რევოლუცია 1917-ში იმიტომ მოხდა, რომ 3 პროცენტი იყო მარტო შეძლებული, განათლებული და კულტურული და დანარჩენმა ველურმა 97-მა პროცენტმა ავანტურისტი ბანდიტების, ლენინის, ტროცკისა და ნაკლებად სტალინის მეთაურობით – სტალინი გადატრიალების წინააღმდეგი იყო – რევოლუცია მოახდინეს, თუმცა ლენინი გადატრიალებას ეძახდა იმ ოქტომბერს. ამით ისარგებლა იმ ველურმა 97-მა პროცენტმა და ამას იმკიან დღეს და ამას ვიმკით ჩვენც, მისი მეზობლებიც. სანამ ცხვირთან არ მიადგა რუსი ევროპას, მანამდე ევროპელებმა ვერაფერი შეისმინეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი