რატომ გახმაურდა საერთაშორისო დონეზე ირკუტსკის ლაბორატორიიდან შავი ჭირის ბაქტერიის გაჟონვა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 20.10
რუსეთში, კერძოდ, ირკუტსკში, გავრცელებული ინფორმაციით, დაუდევრობისა თუ შემთხვევითობის გამო, შავი ჭირის ვირუსი გავრცელდა, რასაც შესაბამისი ლაბორატორიის ერთი თანამშრომელი ემსხვერპლა, ხოლო მასთან კონტაქტის მქონე ორასამდე ადამიანი კი შემოწმდა. მსგავსი ფაქტები, ალბათ, ყოველთვის და ყველგან ხდება, სადაც კი მსგავსი ლაბორატორიებია, მაგრამ საგულისხმო ის გახლდათ, რომ ამ ფაქტს მარკო რუბიოც გამოეხმაურა. მართალია, ამ თემაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, მაგრამ ცხადი იყო, რომ ეს ფაქტი საერთაშორისო დონეზე გახდა განხილვის საგანი. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, უფრო მეტი შეგვეტყო ამ ამბის შესახებ და აზრი უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს – ბესიკ ალადაშვილს ვკითხეთ.
– ზოგადად, როგორ მუშაობს მსგავსი ლაბორატორიები და პერიოდულად რატომ ჩნდება ხოლმე ინფორმაცია, რომ საიდანღაც რაღაცამ გაჟონა? ზოგადადაც, ბიოლოგიური კვლევების თვალსაზრისით, როგორი ვითარებაა სხვადასხვა ქვეყანაში?
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირკუტსკის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან, რეალურად კი ეს კვლევითი ინსტიტუტია, გამოჟონა ვირუსმა. თუ წარმოვიდგენთ რუსეთის მასშტაბებს, ეს იგივე საბჭოთა კავშირის მასშტაბია, იქ ბევრი მსგავსი ლაბორატორია და კვლევითი ინსტიტუტია. მოცულობითა და კვლევებით, ასევე, დაფინანსებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად სერიოზული სანქციებისა და ეკონომიკური პრობლემებისა, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან თანხები ყოველთვის გამოინახება სამხედრო და სხვა საიდუმლო კვლევებისთვის. რაც შეეხება თვითონ ფაქტს: მე გავაანალიზე რუსული მასმედია, იმიტომ რომ იქიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია და იქაც არის ურთიერთსაწინააღმდეგო მომენტები. თავდაპირველად, კონკრეტულად, დასახელდა ბაქტერია – შავი ჭირი, თუმცა იქაური გუბერნატორი და ოფიციოზი საუბრობს რაღაც გაურკვეველ დაავადებაზე, ანუ შესაძლოა, რეალურ ფაქტს მალავდნენ ან მასშტაბების შემცირების მცდელობა იყოს, რაც რუსეთისგან არ გამიკვირდება. საბჭოთა კავშირშიც იგივე ხდებოდა.
გავიხსენოთ ჩერნობილის ამბავი. ასევე, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში რამდენიმე ცნობილი ფაქტიც მოხდა, როდესაც ქიმიური თუ ბიოლოგიური ლაბორატორიებიდან შემთხვევით გაჟონა ვირუსებმა და ინფორმაცია დაიმალა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ამბობს, რომ ეს იყო დივერსიული აქტი. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ აბრალებს სხვა სახელმწიფოს. ხშირად მომხდარა მსგავსი უბედური შემთხვევები, თუმცა მიჩუმათდა და ადამიანების მსხვერპლიც გასაიდუმლოებული იყო. მაშინაც და დღესაც რუსეთში საიდუმლო ორგანიზაციები ამოფარებულია სხვადასხვა დასახელებაზე. ასე რომ, უპირველესად, გასარკვევია, რეალურად რა მოხდა. დავსვათ ჰიპოთეტური კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ რუსეთში მუშაობდნენ ბიოლოგიურ იარაღზე?!
– ალბათ, დასაშვებია, ისევე, როგორც ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ შტატებში, ჩინეთსა თუ სხვაგან.
– ზუსტად ეს უნდა მეთქვა, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებშიც. ისინი ამას ერთმანეთს უმალავენ. ატომური იარაღის გამოცდისგან განსხვავებით, ბირთულ იარაღს ვერ გამოცდი, იმიტომ რომ ყველა აფიქსირებს, ბიოლოგიური იარაღი არ ჩანს და მისი ფლობა სავსებით შესაძლებელია, დაიმალოს და გასაიდუმლოვდეს. მეორე კითხვაა: როგორი იყო რუსეთის ხელისუფლების რეაქცია? და, ალბათ, მესამე კითხვაც უნდა დავსვათ: რა საფრთხეს უქმნის ეს ფაქტი მთლიანად რუსეთის და თუნდაც მის მეზობელ ქვეყნებს?! და საერთოდაც, შეიცავს თუ არა საფრთხეს? სამწუხაროდ, როგორც ქიმიურ, ისე ბიოლოგიურ იარაღს დაზღვევა არა აქვს და მისი გავრცელება ხშირად დამოკიდებულია ფრინველებზე, ამინდზე, შემთხვევით სატრანზიტო მგზავრებზე, ცხოველებზე და ასე შემდეგ... ძალიან რთულია მისი გავრცელების არეალის სრული კონტროლი. რაც უნდა ობიექტურად ჩამოყალიბებული ისტორიული დამოკიდებულება გვქონდეს რუსეთთან, დარწმუნებული ვარ, არავის ვუსურვებთ, რომ ადამიანები დაიხოცონ. აქედან გამომდინარე, აქ მთავარია მასშტაბები. ბოლო ინფორმაციით, იმ ლაბორატორიის 200-მდე თანამშრომელი იყო იზოლირებული რამდენიმე დღის განმავლობაში. სახლებშიც არ უშვებდნენ, თუმცა წერია, არაფერი აღმოაჩნდათო. სამწუხაროდ, ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ერთი უბედურება სჭირს: ის მალავს სიმართლეს.
– ახლა, მგონი, ყველა სახელმწიფო მალავს სიმართლეს, გინდა ტოტალიტარული იყოს და გინდა – დემოკრატიული.
– განსხვავება ის არის, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში არის მასმედია, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები და ხელისუფლებამ რაც უნდა დამალოს ინფორმაცია, მაინც გაჟონავს, მაგრამ ტოტალიტარულ სახელმწიფოში ეს გამორიცხულია. გაიხსენეთ ჩინეთი და კოვიდის თემა. რამდენ ხანს იყო დამალული და დღემდე მალავს ჩინეთი, რა მოხდა იუჰანის ლაბორატორიაში. ასევეა რუსეთი თუ კორეა. ტოტალიტარულ ქვეყნებში სიმართლის დადგენა რთულია და ჩემი აზრით, ეს არის საფრთხის შემცველი, ჩვენ არ ვიცით, რა მასშტაბით იყო ეს გაჟონვა. გარდაიცვალა ერთი ახალგაზრდა ქალი. რადგან მსხვერპლია, მეეჭვება, რომ ამის მიზეზი მარტო სინჯარის გატეხვა და იქიდან დაინფიცირება იყოს. წესით, მოქმედი პროტოკოლით, ისინი შესაბამისი აღჭურვილობით უნდა მუშაობდნენ და იქ გათვალისწინებულია ასეთი ექსტრემალური შემთხვევებიც, თუნდაც, სინჯარის გატეხვა. სინჯარის გატეხვამ არ უნდა გამოიწვიოს დაინფიცირება. თუ დაცულია უსაფრთხოება, მით უმეტეს, პროფესიონალი თანამშრომლის. ამდენად, ამ ეტაპზე კითხვა ბევრია და მოსალოდნელი საფრთხე დამოკიდებულია იმაზე, თუ რეალურად რა მასშტაბის იყო ეს გაჟონვა.
– მასშტაბში რას გულისხმობთ?
– გაიხსენეთ, თუ არ მეშლება 2019 წლის დეკემბერი, როდესაც პირველად გავრცელდა ინფორმაცია კოვიდის ვირუსის შესახებ, მაშინ არავინ მიიჩნია ეს რეალურ საფრთხედ, მაგრამ უკვე 2020 წლის თებერვალში საქართველომდე მოაღწია. ვირუსული ინფექციურისა და ბიოლოგიური შტამების გავრცელების მასშტაბის პროგნოზი შეუძლებელია. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდა რეალურად. მაგალითად, ჩინეთის ხელისუფლება დღემდე მალავს, რა კვლევები ტარდებოდა იქ, სადანაც კოვიდის ვირუსმა გაჟონა და თვითონაც აღიარებენ, რომ უდიდესი მსხვერპლი ჰქონდათ. პირველი დარტყმა თვითონ ჩინეთმა მიიღო და დღემდე არ ვიცით მსხვერპლის რეალური რაოდენობა. აი, ეს არის საფრთხე, რომ ისევ არ მიიჩქმალოს და არ დავდგეთ სავალალო ფაქტის წინაშე.
– ჩინეთი ამ გასაიდუმლოებაში მარტო არ ყოფილა, ფაუჩის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, ანუ აშშ-ის მონაწილეობა იმ ჩინური ლაბორატორიის კვლევებში და არც ისინი ამბობენ, რა კვლევები იყო და ფაუჩი წინსწრებითაა შეწყალებული პრეზიდენტ ბაიდენის მიერ.
– იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო მაშინ. ჩინეთი და ამერიკა ერთობლივ კვლევებს ატარებდნენ. საბჭოთა სისტემას გავიხსენებ: იქ ხელისუფლების ნების გარეშე არაფერი ხდებოდა და ყველაფერს სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. ისევეა დღეს ჩინეთსა და რუსეთში. ყველა ლაბორატორია სარეჟიმო ობიექტია და იქ ჩიტი ვერ შეფრინდება. ყველაფერი ვიდეოკამერებით აღირიცხება, ჟურნალებში ჩანაწერებით, ყველანაირი ტექნიკური აპარატურით... ასე რომ, ჩემი აზრით, დივერსია და უცხო სახელმწიფოს ან სხვა ქვეყნის აგენტურის მონაწილეობის თემა გამორიცხულია. ამას ვამბობ, დღემდე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე. დღეს ვსაუბრობდი ძალიან გამოცდილ ადამიანებთან და ამ თემასაც განვიხილავდით. ზოგადად სხვადასხვა ტიპის ინფექციური დაავადებებია. სხვადასხვა შტამია. ამდენად, ჩამოყალიბებული პასუხის გაცემა, რა გზით შეიძლება, გავრცელდეს, რთულია. ალბათ, ყველას გვინდა, რომ ეს იყოს ერთჯერადი შემთხვევა და ინციდენტი ამოიუწუროს: ინსტიტუტისა თუ ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ ეს შტამი თუ ინფექციის ბაქტერია არ გავიდეს.
– როგორც რუსული მედია წერს, ინციდენტი ლაბორატორიის შიგნით მოხდა.
– შიგნით მოხდა, მაგრამ აქ მეორე მომენტიცაა: ასეთი ინფორმაცია რატომღაც გავრცელდა შიგნიდან. რუსეთის მედია აბსოლუტურად დახურულია. კონტროლდება ყველა საინფორმაციო საშუალება და უცბად ეს გავრცელდა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რუბიოს, დაუსვეს ეს კითხვა. რატომ აიწია ეს თემა საერთაშორისო დონეზე?!
– მეც ამან დამაინტერესა, თორემ არ მივაქცევდი ყურადღებას.
– დიახ, ჟურნალისტურმა ალღომ გიკარნახათ. ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება, იმავე უკრაინის ომში და, თუნდაც, დაბომბვების დროს, მაგრამ ლაბორატორიაში ერთი ადამიანის დაღუპვამ ამხელა რეზონანსი რომ გამოიწვია, არ დაგიმალავთ, ესეც დასაეჭვებელია.
– შეიძლება, რომ რუსეთის ხელისუფლებას გაევრცელებინა ყალბი ინფორმაცია, ანუ ეს დაზვერვითი ოპერაცია იყოს?
– კი ბატონო, მოდი, ესეც განვიხილოთ. ეს ვერსია რეალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფე ეს ბე-ს უკვე დამუშავებული აქვს ოპერაცია, სადაც გათვლილია ობიექტები, სუბიექტები, შედეგი, ანუ, თუ ეს ფეიქნიუსია, მაშინ შედეგი უნდა იყოს ჰიბრიდული ოპერაცია, ამ შემთხვევაში – ინფორმაციული შეტევა რომელიმე ქვეყანაზე და იმ ქვეყანას პირდაპირ უნდა დასდონ ბრალი დივერსიაში. სხვანაირად დადებით შედეგს ვერ მიიღებ. საინფორმაციო ომის მთავარი თემაა, გაავრცელო ტყუილი და სანამ გაერკვევიან, შენ მიიღო ინფორმაციული პლუსები. თუ ეს ფეიქია, სულ მალე უნდა გავიგოთ კონკრეტული მინიშნებები, ვის ან რას ბრალდება: ეს იყო შეგნებული მოქმედება რომელიღაც სპეცსამსახურების, უბედური შემთხვევა, შემთხვევითობა, დაუდევრობა, სამსახურებრივი გადაცდომა... 200 ადამიანი დატოვეს ლაბორატორიაში და გამოიკვლიეს, შეამოწმეს, ეს ნიშნავს, რომ დიდი მასშტაბის კვლევა იყო. უნდა დაველოდოთ, რა მოხდება. სხვა გზა არა გვაქვს. ხვალ და ზეგ შეიძლება, უფრო ახალი და მეტი ინფორმაცია გაჩნდეს. უფრო სხვა, ღრმა კვლევები ჩატარდეს და რაღაც მინიშნებები ან პირდაპირი ინფორმაცია გავრცელდეს რუსეთის ხელისუფლების მიერ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





