ნავთობდიზელის დილემა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 19.10
ანუ წასაკლავი ქათმობის ევროპრეტენდენტი
ისე მოხდა, რომ ირანში მიმდინარე ომის, ანუ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვისა და რუსეთის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის გამო საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ამიტომაც აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელებს რეზერვების გახსნა მოსთხოვა, თუ არადა ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა. მაშასადამე, ვაშინგტონმა ევროპაზე ზეწოლა გააძლიერა, რამაც შედეგად ის გამოიღო, რომ G7-ს წევრები თავიანთი სტრატეგიული მარაგებიდან 100 მილიონი ბარელი ნავთობისა და დიზელის გამოყოფას დაყაბულდნენ.
უცხოელო ანალიტიკოსები გვარწმუნებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი ინფლაციის შეჩერება და ენერგოფასების დაწევაა და, ასევე, ევროპული წარმოების გადარჩენა (პირადად მე მეეჭვება, დონალდ ტრამპს ეგზომ კეთილშობილური მოტივები ამოძრავებდეს): დიზელის ფასის უკონტროლო ზრდამ შესაძლოა, ევროპულ ტრანსპორტს, ლოგისტიკასა და მრეწველობას მძიმე დარტყმა მიაყენოსო.
მთავარი მიზეზი მაინც ის მგონია, რომ აშშ თავის რესურსს ზოგავს, იმიტომ რომ უკვე დაუხარჯავს საკუთარი სტრატეგიული ნავთობრეზერვების დიდი ნაწილი, ახლა კი უნდა, რომ ევროკავშირმაც იტვირთოს ეს მძიმე ტვირთი.
მეორე მხრივ, რაკი რუსეთი დიზელის ექსპორტის აკრძალვას ევროპაზე ენერგეტიკული ზეწოლის იარაღად იყენებს (უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიშების მიტანის პარალელურად), თავის მხრივ, აშშ ზეწოლის საკუთარ საშუალებებს ააქტიურებს და ევროპელებს რეზერვების გახსნას აიძულებს.
და თუმცა იმედოვნებენ, რომ ფასების ხელოვნურად დაწევა რუსეთსა და ირანს ნავთობისა და დიზელის გაყიდვიდან დიდი მოგების მიღებას შეუზღუდავს (ამ ფულს ომის დასაფინანსებლად იყენებენო). გუმანი მკარნახობს, რომ აშშ ევროპის კიდევ უფრო კუთხეში მიმწყვდევას ცდილობს და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამჯერად ევროკავშირია იმ წასაკლავი ქათმის როლში, რისთვისაც ჩვენ მუდამდღე ვყავართ გამზადებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





