პოლიტიკა

რისხვა ევროპარლამენტურად

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 22.10

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „ნასოსი უნდა მისცე“?!

ისე მოხდა, რომ ამ ეტაპზე ამ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში დასავლეთი აბსოლუტურ სიკეთედ აღიქმება (საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ) და რუსეთი – აბსოლუტურ ბოროტებად (იმავე ნაწილისთვის), ხოლო მეორე ნაწილისთვის რუსეთია აბსოლუტური სიკეთე, შესაბამისად, დასავლეთი – აბსოლუტური ბოროტება (სავარაუდოდ, სამხრეთული ბუნების გამო შუალედურ მდგომარეობებსა და ფერებს არ ვცნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ფრიად და ფრიად მზიანი და ფერადი ბუნება გვაქვს).

ამდენად, საზოგადოების ერთ ნაწილს გულს მოეფონა ევროპარლამენტის რეზოლუცია (თუმცა სავალდებულო არ არის), რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაათავისუფლის მიხეილ სააკაშვილი, დაუწესოს სანქციები რუსეთს, ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და, რა თქმა უნდა, გადაიხედოს კანონები დაფინანსების გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. რეზოლუციის მიღებამდე საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდარბაზში გამომსვლელი დეპუტატები (განსაკუთრებით, ბობოლა-ბობოლა) სულ ნაპერწკლებს ყრიდნენ, ისე ჩანდნენ შეშფოთებულები საქართველოში დემოკრატიის ჩამოლაბორანტებით, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კოლეგებს მოუწოდებდნენ, არ ჩარეულიყვნენ სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში, მაგრამ ისინი აშკარად უმცირესობას შეადგენდნენ (ხოლო უმცირესობის აზრი, მოგეხსენებათ, მხოლოდ მაშინაა პრიორიტეტული, როდესაც აწ უკვე „ელ გე ბე ტე ქიუ პლუსად“ წოდებულ თემს ეხება), მაგრამ, ასეც რომ იყოს, მაინც გულს ესალბუნება, რომ ევროპარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა.

ბუნებრივია, საზოგადოების ერთი ნაწილი (დასავლეთი აბსოლუტური სიკეთეაო) აღფრთოვანდა ევროპარლამენტართა ეგზომ უფროსი ძმისეული დაცაცხანებით, ხოლო მეორე ნაწილს (რუსეთია აბსოლუტური სიკეთეო) ნოყიერი საზრდო მიეცა, კიდევ ერთხელ გაეთათხა დასავლეთი და სანამ ჩვენი საზოგადოება აწ უკვე რეზოლუციის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო ერთმანეთის უშვერი ლანძღვა-გინებით იყო გართული, პირადად მე გამიჩნდა ეჭვი (აი, რეზოლუციით რომ შეგვაგონეს, აუცილებლად უნდა დაუწესოთ რუსეთს სანქციებიო, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნები ისეთი გაცხოველებით ვაჭრობენ რუსეთთან, გული შეგიღონდება ჭეშმარიტ მედასავლეთეს), რომ ევროპარლამენტარები, უბრალოდ, ვერ ძლევენ იმ ანეკდოტის შთაბეჭდილებას (თუმცა არ ვიცი, ვინ უამბო), სვანი რომ მოითხოვს მძღოლისგან, რომელსაც არ აქვს „ნასოსი“, უნდა მისცე „ნასოსიო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა