რატომ ვერ დგინდება ქართველი ბაგრატიონების წინაპარი ბოლო 6 000 წლის განმავლობაში, მათი წარმოშობის ადგილი და რატომ არ იკვლევენ და ასაჯაროებენ სომხები ბაგრატუნების ჰაპლოჯგუფს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 29.12, 2021 წელი

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ბაგრატიონების გენეტიკური კოდი არ ემთხვევა საქართველოში გავრცელებულ გენეტიკურ კოდებს. ფაქტი, უდავოდ, საინტერესოა, თუმცა გადმოცემით ვიცით, რომ ჩვენი ბაგრატიონები თავს დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად მიიჩნევდნენ. რით იხსნება ასეთი გენეტიკური სხვაობა? - ამ თემაზე ქართული გენეტიკური პროექტის ხელმძღვანელ კახი სახლთხუცესს გავესაუბრეთ.
კახი სახლთუხუცესი: უპირველესად, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ საქართველოში ქართული, ჩეჩნური, ინგლისური თუ სხვა გენების ჯგუფი არ არსებობს. უბრალოდ, გავრცელებულია გენების ესა თუ ის ჯგუფი და მათი სიხშირით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რა უფრო დამახასიათებელია ამა თუ იმ დღევანდელი ეთნოსისთვის. უკვე გამოკვლეულია 1 000-ზე მეტი ქართველის გენი და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არის გენების, დაახლოებით, ხუთიოდე ჯგუფი და კიდევ მრავალი სხვა ჯგუფი, რომლებიც ახასიათებთ დღევანდელ ქართველებს. ბაგრატიონებს კი თავიანთი ჯგუფი აქვთ და ეს ჯგუფი ყველა არსებული ჯგუფისგან განსხვავებულია, ამით ნამდვილად უნიკალურია მათი გენები. თუმცა ისტორიული წყაროებიდან ისიც ვიცით, რომ ისინი მაინც მოსულები იყვნენ. ზოგიერთის აზრით, პართიიდან, ზოგის აზრით, ბაგრატიონები ებრაული წარმოშობის იყვნენ და დავით მეფესთან კავშირის გადმოცემა თავად ბაგრატიონების ლეგენდაც გახლდათ, თავიანთ ტიტულატურაში ამას ყოველთვის ხაზს უსვამდნენ. ასე რომ, დღეს ჩვენს მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ბაგრატიონი მოსულია და მისი გენების ჯგუფი არ ემთხვევა დანარჩენი ქართველებისას, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისინი საქართველოში, სულ მცირე, 1 500 წელია, ცხოვრობენ და უკვე ყოველმხრივ ქართველები არიან. თუნდაც, წმინდა ბიოლოგიური თვალსაზრისით რომ ვთქვათ, არავისზე ნაკლები ქართველები არ არიან. დღეს, როდესაც გენეტიკაზე ვსაუბრობთ, ამას აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი. მეტიც – მაიკოპის კულტურის ნაშთების კვლევისას ერთი ბაგრატიონის წინაპრული ხაზის მქონე ნაშთი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის წინათ გამოქვეყნდა პალეო დნმ-ანალიზის შედეგები. ნაშთი 5 000 წლისაა. ეს ადასტურებს რომ მინიმუმ ეს პერიოდი ბაგრატიონების წინაპრები უკვე იყვნენ ჩრდილო კავკასიაში.
– მხოლოდ ქართველებისგან განსხვავდება მათი გენების ჯგუფი თუ ზოგადად?
– ყველასგან განსხვავდებიან, ჩვენ გამოვიკვლიეთ მათი, ფაქტობრივად, ყველა შტო, ვინც დღემდე მოაღწია, ასევე, გამოკვლეულია მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის ბაგრატიონების ძვლებიც და ყველა კვლევა ერთ შედეგს გვაჩვენებს. მოგეხსენებათ, ჰაპლოჯგუფებს ლათინური სახელებისა და ციფრების კომბინაციით აღნიშნავენ და ბაგრატიონების ჰაპლოჯგუფია QL939. საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანია გენეტიკურად ტესტირებული, საქართველოში უკვე – 1 000-ზე მეტი. სხვა გვარის ადამიანს არც საქართველოში და არც სხვაგან არ ამოსვლია ეს ჰაპლოჯგუფი. 6 000 წლის წინათ კი საერთო ნათესავი ჰყავდათ ერთ ინგლისელთან, ერთ ჩეხთან და ერთ ესპანელთან. ანუ საერთო წინაპარი მათ ჰყავდათ ერების წარმოშობამდე, ანუ პრეისტორიულ ხანაში, დღეს კი ეს ცალკე მდგომი ჰაპლოჯგუფია და ჩვენს რეგიონში, გინდა – მუხრანელი, გინდა – დავითიშვილი, გინდა – გრუზინსკი თავისი ჰაპლოჯგუფით ბაგრატიონია.
– ანუ დავით ბაგრატიონიც ნამდვილი ბაგრატიონია?
– დიახ. როგორც ვიცი, თავად დავითს კვლევა არ გაუვლია, მაგრამ მისი ძმები და სხვა ბევრი მუხრანელიც გამოკვლეულია, ყველა ერთმანეთის ნათესავია და მათი გენების ჯგუფი ემთხვევა ერთმანეთს. ამდენად, მუხრანელების წარმომავლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მათი მონაცემები, ასევე, ემთხვევა მეთვრამეტე საუკუნის ბაგრატიონების ნაშთების ანალიზის შედეგს. დავით მუხრანელი-ბაგრატიონიც ნამდვილი ბაგრატიონია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ლაშა-გიორგისა და დავით სოსლანის შთამომავლობაზე. ანუ საუბარია თამარის შემდეგ ქართველი მეფეების ჰაპლოჯგუფებზე. დავით აღმაშენებლის, ბაგრატ მეოთხის, მანამდელი ბაგრატიონების წარმომავლობა, სამწუხაროდ, არ ვიცით. მაგრამ დავით სოსლანისა და ლაშა-გიორგის შთამომავლების ყველა შტო გამოკვლეულია და როგორც გითხარით, დავითიშვილების, მუხრანელების, გრუზინსკების და მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის ბაგრატიონების ნაშთების მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. შესაბამისად, ასპროცენტიანი უეჭველობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ისინი არიან ლაშა-გიორგის შთამომავლები. სხვანაირად ამდენი ადამიანის გენების ჯგუფის დამთხვევა შეუძლებელი იქნებოდა.
– დავით აღმაშენებლის ნაშთის გამოკვლევა რატომაა შეუძლებელი, იმიტომ რომ წმიდანადაა შერაცხული?
– არა, პირიქით, მართლმადიდებელი წმიდანების ძვლებიცაა გამოკვლეული, მაგალითად, ლუკა მახარებლის ნეშტიც კია გამოკვლეული. სამწუხაროდ, მისი მხოლოდ დედისეული ხაზის ანალიზი გაკეთდა და ჩვენთვის ღირებული შედეგი ვერ მოგვცა. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ წმიდანების ძვლების ანალიზიც შესაძლებელია. დავით აღმაშენებლის შემთხვევაში პრობლემაა, რომ ზუსტად არ ვიცით, სად არის დაკრძალული. რაც მიჩნეულია მისი დაკრძალვის ადგილად, იქიდან შუა საუკუნეებში გადაასვენეს, თორემ ეს იქნებოდა შესანიშნავი მონაცემები. ასევე, არ ვიცით, სად არის ძველი ბაგრატიონების საფლავები. ამბობენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზეო, თუმცა დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყვით.
– სხვა ქვეყნებშიც ხომ იყო მონარქია და იქაც ასეთი განსხვავებაა მონარქებისა და მოსახლეობის გენების ჯგუფებს შორის?
– სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა. სადაც ისტორიული წყაროებით ვიცოდით, რომ მონარქები სხვა ქვეყნიდან მივიდნენ იმ ქვეყანაში ან სხვა ქვეყნიდან მიიწვიეს მეფე, ვინაიდან მხოლოდ დედოფალი იყო დარჩენილი, რაც ბრიტანეთში ხშირად მომხდარა, იქ არის განსხვავება. რადგან არისტოკრატია, ძირითადად, ერთმანეთზე ქორწინდებოდა, ისინი ერთგვარად ცალკე დგანან გენეტიკური კოდით. ძალიან ბევრი სამეფო და არისტოკრატიული ოჯახის წევრების ნაშთია გამოკვლეული, მაგრამ ჩვენი მსგავსი სიტუაცია არსადაა, რომ 6 000 წლის განმავლობაში ნათესავი არ არსებობდეს თავადაზნაურობაშიც კი. ბოლოს და ბოლოს, უკანონო შვილები ჰყავდათ მონარქებს, რომლებსაც არ ჰქონდათ სამეფო უფლებები, მაგრამ იღებდნენ თავადობას. ბაგრატიონებთან ასეთი შემთხვევაც კი არ გამოკვეთილა. არადა ევროპაში ხშირია ასეთი შემთხვევა. გადმოცემით იცოდნენ, რომ მეფის შთამომავები იყვნენ, უკანონო შვილის ხაზით და, მართლაც, გენეტიკურმა კვლევებმა ეს დაადასტურა, რომ, მაგალითად, ვიღაცის ათი თაობის წინანდელი წინაპარი ნამდვილად იყო ნორვეგიის მეფე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მსგავსი არაფერია.
– ანუ ჩვენი ბაგრატიონების უკანონო შვილების შთამომავლებიც კი არ გვყავს?
– დიახ, არ გვყავს და მართლაც, გასაოცარი ფაქტია. თეორიულად, წესით, უნდა იყოს, მაგრამ უკვე ამდენი ადამიანია ტესტირებული და ერთი შედეგიც არ ამოსულა.
– ნუთუ ასე მორალურად მდგრადები იყვნენ ჩვენებური ბაგრატიონები?
– მე მაინც იმედი მაქვს, რომ, ადრე თუ გვიან, გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით ათი წელია, ეს კვლევები ტარდება და მსგავსი შედეგი არ გვაქვს. ერთადერთი აღმოჩნდა სომეხი ბაგრატიონი, რომლის წინაპრებიც ცხოვრობდნენ თურქეთში, მაგრამ მან იცის, რომ ბაგრატიონი იყო და ქართლ-კახეთის რომელიღაც გამძევლებული უფლისწულის შთამომავალია, რომელიც შემდეგ თურქეთში გასომხდა და არზრუმიდან გადმოვიდნენ. მსგავსი შემთხვევა ბევრი გვქონია ისტორიულად, რომ მძევლად წაყვანილი უფლისწულები ჩარჩნენ და მათი რომელიღაც შთამომავლის გენების ჯგუფი ემთხვევა ბაგრატიონებისას, მაგრამ მათ იციან, რომ ბაგრატიონები არიან.
– ბაგრატუნებთან რა ხდება? იკვლევენ სომხები?
– სომხები ატარებენ გენეტიკურ კვლევებს და ამისთვის ძალიან ბევრ თანხასაც ხარჯავენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. მათი პროექტის ხელმძღვანელობასთან გვისაუბრია – უამრავი ბაგრატუნი და ბაგრატუნიანია, „ფეისბუქზეც“ შეგიძლიათ, ნახოთ, მაგრამ მათ სერიოზულად არც განიხილავენ სომხეთში, ვინაიდან მიიჩნევა, რომ მათი გვარი ყალბია და აიღეს მეცხრამეტე საუკუნეში. რაც შეეხება სომეხი ბაგრატუნების ნაშთების ტესტირებას: ამის შესახებ არანაირი კვლევა არ არის, თუმცა, წესით, უნდა იყოს.
– ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ სომხები სულ გვედავებიან, რომ ქართველი ბაგრატიონები, სინამდვილეში, ვითომ, სომეხი ბაგრატუნები არიან. ერთი ბაგრატუნის ნეშტი მაინც როგორ არ გამოიკვლიეს? ან იკვლევენ და შედეგს არ ამხელენ?
– რატომ არ იკვლევენ, არ ვიცი, თუმცა, შეიძლება, იკვლევენ და არ ამბობენ. თუ მხოლოდ თვითონ გამოიკვლიეს და ისეთი შედეგი ვერ მიიღეს, როგორსაც ელოდნენ, შეიძლება, მალავენ, მაგრამ მაინც ვერ დავაბრალებ.
– მესმის, მაგრამ, როდესაც არის საშუალება, გამოიკვლიო და არ იკვლევ, ცოტა საეჭვოა.
– დიახ. ამასთან, ჩვენი ბაგრატიონების ჰაპლოჯგუფი სომხეთის ტერიტორიაზე საერთოდ არ გვხვდება, გარდა იმ ერთი გასომხებული ბაგრატიონისა, ვინც ქართლ-კახეთის ბაგრატიონების შთამომავალია. თუ ლაშა-გიორგიმდე ბაგრატიონები იყვნენ სომხები ან პართიელები, კი ბატონო, დადონ შედეგი და განვიხილავთ, მაგრამ ჯერჯერობით სრული სიჩუმეა.
– „პი სი არ“ ტესტის შემქმნელი ამბობს, რომ ეს ტესტი არის გენეტიკური მასალის აღების საშუალება, პანდემიის დაწყებისთანავე ყურში მომხვდა პაატა იმნაძის სიტყვები: ჩვენი გენეტიკური მასალა გავგზავნეთ ამერიკის შეერთებულ შტატებშიო. როგორ შეიძლება გენეტიკური მასალის გამოყენება?
– გენეტიკური ინჟინერიის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გენეტიკური კოდის ცოდნით შესაძლებელია ათასნაირი ბიოლოგიური იარაღის შექმნა, რაც იქნება ამა თუ იმ ადამიანისა თუ ეთნოსის წინააღმდეგ. თეორიულად ეს შესაძლებელია და ხდება კიდეც, ალბათ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ, თუ ვინმეს ამის გაკეთება უნდა, „პი სი არის“ გარეშეც გააკეთებს. სისხლის ანალიზს რომ იკეთებთ, თქვენ, ხომ, არ იცით, სად მიდის თქვენი სისხლი?! ან თმას რომ იჭრით, იმ თმიდანაც, ხომ, არის შესაძლებელი გენეტიკური მასალის აღება?! სამწუხაროდ, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ამისგან თავს ვერ დავიზღვევთ. გავიმეორებ: შესაძლებელია, რომ გენეტიკური მასალით შეიქმნას ბიოლოგიური იარაღი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ქმნიან კიდეც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან