რატომ განახორციელა სადაზვერვო გაფრენა საქართველოს ცაზე გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა და რის გამო გაახმოვანა ეს ინფორმაცია გერმანიის ელჩმა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20 წუთის წინ
ახლახან საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს ცაზე – ღია ცის პროგრამის ფარგლებში – სადაზვერვო ფრენა განახორციელა და, ზედაც, მოგვამადლეს, რომ ეს ყოველივე საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტიაო, თუმცა ამ ფრენას სინამდვილეში სულ სხვა მიზნები ჰქონდა, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბევრი არაფერია დასაზვერი.
ვინ ზვერავს ამ ჩვენს ცას და სად ვართ ამ დროს ჩვენ? ჩვენ თუ ვზვერავთ რამეს და როგორ შეიძლება, იყოს აღქმული ამ ჩვენს ცაზე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების დაზვერვითი ოპერაცია ან რატომ გაახმაურა ეს ფაქტი ასე საზეიმოდ ამ დაძაბულ ვითარებაში გერმანიის ელჩმა? – ამ საკითხზე თავის მოსაზრებას უსაფრთხოების ექსპერტი კოტე ფორჩხიძე გაგვიზიარებს.
– ალბათ, კანონიერად დაზვერეს გერმანელებმა გარემო ჩვენი საჰაერო სივრციდან, ადრე თუ ზვერავდნენ გერმანელები ან სხვები ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი ციდან რეგიონს და რა პრობლემები შეიძლება, შეუქმნას მსგავსმა ქმედებებმა თბილისს?
– საინტერესო შეკითხვაა. სიმართლე გითხრათ, დღეს არ ველოდი ამ შეკითხვის დასმას. ეს ფაქტი მოხდა საქართველოს ცაზე და სადაზვერვო-სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავმა განახორციელა სადაზვერვო ფრენა. როგორც ვიცი, ეს ინფორმაცია პირველად გაავრცელეს დასავლეთის ქვეყნებმა, იმიტომ რომ გამაღიზიანებელია ასეთი ქმედება მას მერე, რაც რუსეთმა კავკასიის ცა ჩაკეტილად და თავის სივრცედ გამოაცხადა. გახსოვთ პუტინის განცხადებები ახალი ტიპის შეიარაღების იმავე გიმრის ბაზაზე განთავსებისა და თავისი განზრახვების შესახებ. ეს ყველაფერი განპირობებულია იმ გაღიზიანებით, რაც რუსეთის ამერიკავკასიური პოლიტიკის გამოძახილად შეიძლება, ჩაითვალოს. ისმის შეკითხვა, რატომ განახორციელა ეს ფრენა გერმანიამ, მაშინ, როდესაც არსებობენ სხვა ქვეყნები, იგივე ჩვენი მეზობელი თურქეთი?! ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც სულ არ სჭირდება ასეთი ფრენების განხორციელება, ისედაც იღებს სადაზვერვო ინფორმაციას.
– ისედაც გვზვერავს ხმელეთიდან, ადგილზე.
– ამდენად, ეს, ალბათ, უფრო მაპროვოცირებელი ფაქტი იყო. აინტერესებდათ, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას საქართველოში, რას განაცხადებდნენ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობები. რომ ვიცოდეთ, ასეთი ფრენები წინასწარი შეთანხმებით ხორციელდება. შესაბამისად, ასეთი ფრენების ხასიათის შესახებ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ინფორმირებული თავდაცვის სამინისტრო და, ალბათ, შესაბამისი განკარგულებაც გაიცა. ასე რომ, ძალიან რთული პრობლემის წინაშე შეიძლება, დადგეს არა მხოლოდ ჩვენ შეიარაღებული ძალები, არამედ მთლიანად ქვეყანა. თან, რა საჭირო იყო ამისი თქმა, ისედაც ხომ გაიგებდა ყველა?! მაგრამ ეს გაკეთდა რუსეთის გაღიზიანების მიზნით. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ფაქტები გახშირდება საქართველოს საჰაერო სივრცეში და არა მარტო საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, საზღვაო აკვატორიაშიც. ვიცით, რომ „ნატოს“ წარმომადგენლობითი სტრუქტურები დღესაც არიან საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ ძალიან საფრთხილო თემაა და პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას. ამდენად, ყველა, ვისაც ხელეწიფება და უპირველესად, ხელისუფლებას უნდა ხელეწიფებოდეს, რომ აღნიშნულ თემატიკას მკაცრად მიუდგეს, ვინაიდან შესაძლოა, ეს რამე განზრახვას უკავშირდებოდეს ან იმ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს იმავე „ნატოს“ წევრ ქვეყნებთან. არსებობს რაღაც ფორმატები, რომლებიც ითვალისწინებს მსგავს ვალდებულებებს, რომელთა უგულებელყოფა შეიძლება, ცალმხრივად შეუძლებელი გახდეს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან.
– ესე იგი, არ გვქონდა უფლება, უარი გვეთქვა?
– შესაძლებელია, ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ფორმატში ხორციელდებოდა ან ჰქონდა თუ არა მსგავს ფრენებს ადრე სისტემატური ხასიათი და ასე შემდეგ?! თუ ცოტა შორს გადავინაცვლებთ, მაშინ, როდესაც ავღანეთში იყო კონფლიქტური სიტუაცია, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალები, „ნატოს“ წევრი ქვეყნებისა და, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ხომალდების ფრენა საქართველოს ცაზე ნებადართული იყო და რუსეთსაც ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს თქვენს გადაცემებშიც და „თბილისელებთან“ საუბრისასაც, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს ოკუპაცია დაიწყო, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთისა და დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოიტანა და განათავსა საჰაერო თავდაცვის სისტემები და ზოგ შემთხვევაში „ეს 300-ები“ ჩანაცვლდა „ეს 400-ებით“ და ეს სისტემები სრულად ფარავდა საქართველოს საჰაერო სივრცეს და რუსეთს არა მხოლოდ კავკასიის საჰერო სივრცის კონტროლის საშუალებას აძლევდა, არამედ ახლო აღმოსავლეთის ნაწილისაც. ასე რომ, შესაძლოა, სწორედ ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების რეაგირებაზე ყოფილიყო გათვლილი ეს სადაზვერვო ფრენა: დააფიქსირებდა თუ არა, როგორ დააფიქსირებდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა რუსეთიდან, როგორ გაღიზიანდებოდა რუსეთი, რა განცხადებებს გააკეთებდა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არსებითი და სერიოზული განცხადებები რუსეთის მხრიდან არ ყოფილა.
– თუმცა რუსეთმა იცის ხოლმე დაგვიანებითი რეაქციები, ინახავს ამ ბრაზს და მოგვიანებით რეაგირებს.
– ამ სადაზვერვო ფრენას უფრო პროპაგანდისტული ხასიათი აქვს და საინტერესოა, რომ სწორედ გერმანიის შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ. ხომ გახსოვთ გერმანიის კანცლერის ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს მისამართით?! როგორ ერეოდნენ და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში?! ამდენად, ეს ერთიანი ჯაჭვია. ეს ერთგვარ ჩხვლეტას უფრო ჰგავს, ანუ მინიშნებას, რომ შესაძლებელია ევროპული და რუსული დაპირისპირების ეპიცენტრმა უკრაინიდან გადმოინაცვლოს სხვა მიმართულებითაც. ასეთ ადგილად მოიაზრებენ ამიერკავკასიას. ასე რომ, ამის მთავარი ადრესატი შესაძლოა, იყოს რუსეთი, იმიტომ რომ საქართველოში არაფერია დასაზვერი. ისედაც ზეპირად იციან, რომელი საჰაერო-სადაზვერვო სისტემები გვაქვს და როგორი შეიარაღებული ძალები გვყავს ან რა ინტერესი უნდა ჰქონდეს გერმანიას ისეთი, რომ ასეთ სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდეს საქართველოს ტერიტორიაზე?!
– გამოდის, რომ ახლა ციდან ეცდებიან რუსეთის პროვოცირებას, რაც ჩვენთვისაცაა მინიშნება, გინდათ თუ არა, უნდა ჩაერთოთ ამ დაპირისპირებაშიო?
– დაახლოებით ისეთი თემაა. ნებისმიერი პროფესიონალი ამ ტიპის ფრენას არასერიოზულად აღიქვამს, იმიტომ რომ ამას არ აქვს სამხედრო დანიშნულება და არც სადაზვერვო, სამაგიეროდ, აქვს ბევრი პოლიტიკური მდგენელი. გაიხსინეთ ლაიფციგის ინციდენტი, სხვა ინციდენტები; განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავდა წერტილოვანი დარტყმების განხორციელებას იმ მწარმოებელი ქარხნების ტერიტორიაზე, რომლებიც უკრაინას იარაღს მიაწვდიდნენ. ასევე, გაიხსენეთ განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი გადახედავს იმ შედეგებს, რაც გამოიწვია გერმანიის გაერთიანებამ. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ შესაძლოა, გადაიხედოს გერმანიის დღევანდელი დამოუკიდებლობა. დღეს რუსეთი და გერმანია ერთმანეთთან ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ და რუსეთის მთავარი ინტერესია გერმანიის გამოყენება თავისი ნავთობრესურსების ევროპაში მისაწოდებლად. ხოლო რა არის გერმანიის ინტერესი?! გერმანიის ინტერესია, გაუმკლავდეს იმ დაძაბულობას, რაც ქვეყნის შიგნით აქვს. ვგულისხმობ „ალტერნატივა გერმანიის“ გააქტიურებას და მათ გარკვეულწილად გამარჯვებას არჩევნებში, რომელიც ისეთ პროცესად გადაიქცა, რომლის უკან მობრუნებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია და ამას გერმანიის მთავრობა ხვდება. ამიტომ საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს იმის ჩვენებას, რომ გერმანიას ძლიერი ხელისუფლება ჰყავს, მაგრამ ეს არ გამოსდით და საპირისპირო შედეგს იღებენ. სხვაგვარად ამ სადაზვერვო ფრენის გაანალიზება შეუძლებელია. ვიმეორებ, რა უნდა დაზვერონ საქართველოში, როდესაც საქართველოა გადაქცეული უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურების საჭიდაო მოედნად?! ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს უამრავი ქვეყნის სპეცსამსახური: მათ შორის, თურქეთის, არაბული ქვეყნების, რუსეთზე აღარაფერს ვამბობ, ბრიტანეთისა და ასე შემდეგ. მათი ინტერესი საქართველოს წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ისინი ერთმანეთს ებრძვიან. ჩვენს ტერიტორიაზე ერთმანეთის წინააღმდეგ აწარმოებენ სადაზვერვო საქმიანობას.
– ეს ფაქტი, შეიძლება ითქვას, ერთგვარი შეთავაზებაც არის რუსეთისთვის: ახლა პოლიგონად გამოვიყენოთ საქართველო და სამხრეთ კავკასია?
– გარკვეულწილად, ტერიტორიის მონიშვნაა. მათ ჰგონიათ, რომ საქართველოში აქვთ ის დასაყდენი, რაც საშუალებას მისცემთ, გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ, რომ მეტად გააღიზიანონ. ის მანქანა აამუშაონ, რაც მუშაობდა, როდესაც სკურპულოზურად ცდილობდნენ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის გაღვივებას. ეს შეიძლება, არ ყოფილიყო პირდაპირი კონფლიქტი, ვგულისხმობ ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებს, სადაც შეიძლებოდა, გაჩაღებულიყო ცეცხლი. თუმცა, ჩვენი და უკრაინის მასშტაბების შედარება შეუძლებელია: სად 4 მილიონამდე მოსახლეობა და სად 48-მილიონიანი ქვეყანა?! მით უმეტეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების დონისა და უდიდესი რესურსების გათვალისწინებით. ჩვენ ორი დღის განმავლობაში თუ შევძლებდით ომის წარმოებას და ამის ნათელი მაგალითია 2008 წლის აგვისტო. მაშინ თუ ხუთ დღეს გაძლო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, დღეს, როდესაც რუსეთის სამრეწველო-სამხედრო კომპლექსმა განვითარების მაღალ ტემპებს მიაღწია, ის ხუთი დღეც არ დასჭირდებათ. მე არავის ვაშინებ, უბრალოდ, უნდა ვიყოთ რეალისტები და რეალურად შევაფასოთ ვითარება. არავის იმედი არ უნდა გვქონდეს, მხოლოდ ჩვენი თავისა და ვთქვათ, დიპლომატიური ნიჭის იმედად უნდა ვიყოთ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მოჰყვება ქართველ კაცს.
– მეც იმის იმედი მაქვს, რომ გენეტიკური მეხსიერება და ჩვევა იმუშავებს, რადგან ქართველი დიპლომატები ნაკლებად მეიმედებიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





