განხეთქილების დერეფანი?!
ავტორი: ნინო ხაჩიძე 25 წუთის წინ
ანუ ხელმოწერადამშვენებული გზა
მას შემდეგ, რაც პენტაგონმა გაგვიმხილა, რომ დიდი ომია მოსალოდნელი (თუმცა, არ დაუზუსტებია, ვისთან საომრად ექავებათ რაკეტები), შემთხვევით თუ განზრახ, სომხეთის ეროვნულმა კრებამ სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ პროექტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
მიხვდებოდით, რომ საქმე ზანგეზურის დერეფანს ეხება, რომელმაც აზერბაიჯანი თავის ავტონომია ნახიჭევანსა და, ზედაც, თურქეთს უნდა დააკავშიროს და მოწყვიტოს ირანის სახმელეთო გზა ჩრდილოეთისკენ.
ეროვნულ კრებას პროექტი სომხეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა არარატ მირზოიანმა წარუდგინა და ის 63 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს სომეხი ხალხის რჩეულებმა.
შეგახსენებთ, რომ ამ პროექტის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა ამა წლის ივნისში მოაწერეს ხელი და მას აშშ-ის მხრიდან მარკო რუბიოს ხელმოწერა ამშვენებს, ხოლო სომხეთის მხრიდან – ზემოხსენებული ბ-ნ მირზოიანისა.
თუ გავიხსენებთ, რომ სომხეთში – იქით რუსეთის სამხედრო ბაზებია, ქვემოდან კი – ირანი, რომლის ხელმძღვანელობაც იმთავითვე აცხადებდა, რომ არ დაუშვებს, ეგრეთ წოდებული, ტრამპის გზის ამოქმედებას და ამის გამო მზადაა, სისხლი დაღვაროს და, ზედაც, დავამატებთ, რომ დონალდ ტრამპმა ისრაელელებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ ნეთანიაჰუსთვის (თუმცა, ისრაელის მოქმედი პრემიერის პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება ვერ მოიპოვა და ვერც უმრავლესობა, ანუ ვერ შეძლებენ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას) და გაეგრძელებინათ ბრძოლა ირანთან და პენტაგონის განაცხადსაც შევუპირისპირებთ, დიდი ალბათობით, სამხრეთ კავკასიის გარშემო არეულობის ყულფი ვიწროვდება, რაც დიდი ვერაფერი პერსპექტივაა სამომავლოდ, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სამი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს საგარეო ვექტორები კვლავაც ერთმანეთსაა აცდენილი, რაც რეგიონს საზარბაზნე ხორცობისთვის იდეალურ სამწვადედ ხდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





