პოლიტიკა

რატომ გამოაცხადა პენტაგონმა, რომ დიდი ომისთვის მზადაა და რის გამო შეიძლება, იქცეს საქართველოს კონსტიტუციის 78–ე მუხლი თურქეთის მიერ აჭარის დაკავების ან რუსეთის მიერ ჯარების შემოყვანის საბაბი

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 33 წუთის წინ

რევაზ კარანაძე
დაკოპირებულია

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ახლახან თქვა, რომ 1 000 დღეში მზად უნდა იყვნენ ომისთვის, თავის მხრივ, პენტაგონიც აცხადებს, რომ მასშტაბური ომისთვის ემზადებიან, იმის პარალელურად, რომ აშშ–ის პრეზიდენტი შუამავლებს აგზავნის პუტინთან, რომ უკრაინის ომი, თუ არ მოამთავრებენ, გაყინონ მაინც. რას ნიშნავს ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები და განცხადებები და ვისზეა ისინი გათვლილი? – ამ თემას პოლიტეკონომისტ რევაზ კარანაძესთან ერთად განვიხილავთ.

– ვისთვის ან რისთვის კეთდება ეს განცხადებები; ან სამშვიდობო ძალისხმევას რა მიზანი აქვს, თუ ომით აშინებენ რუსეთს, თუ მაინც ირანის დაშინებაა მიზანი? ვიცით, რომ ტრამპმა ისრაელელებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ნეთანიაჰუს და ბოლომდე ებრძოლონ ირანს.

– ბრიტანეთი ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდა და ღიმილის მომგვრელია ის, თუ როგორ უნდა ებრძოლოს ბრიტანეთი რუსეთს ან ევროპა როგორ უნდა ებრძოლოს რუსეთს, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე?! ევროპის უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა დღეს ამერიკის იმედზეა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები იქით ცდილობს, რომ რუსეთთან ააწყოს ურთიერთობა. ჩვენ ვნახეთ, რომ მოუხსნეს სანქციები, რაც კიდევ უფრო გაზრდის და გააძლიერებს რუსეთის ეკონომიკას, რადგან რუსეთმა ამასობაში აღმოსავლეთში ალტერნატიული ბაზრებიც მონახა.

– გაირკვა, რომ ბრიტანეთმა მაისში მოუხსნა რუსული ნავთობიდან წარმოებულ დიზელის საწავავს ემბარგო.

– დიახ, აქედან გამომდინარე, ეს განცხადება, ვფიქრობ, მხოლოდ განცხადებისთვის არის, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს მსგავსი განცხადებები ჯერ კიდევ ბორის ჯონსონის პრემიერმინისტრობის დროიდან, რომლის შემდეგაც ბრიტანეთმა, მგონი, 250 მილიონი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. უკრაინის ომის დაწყებიდან თითქმის სულ გვესმის ომის მზადებისკენ შეძახილები, მათ შორის, გერმანიისგანაც, პოლონეთისგანაც, თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა, რა თქმა უნდა, უკან იხევს. არ უნდა დაგვავიწყდეს ლავროვის განცხადება, რომ ბრიტანეთი პატარა კუნძულია და მისი ჩაძირვა მარტივი არისო. ამდენად, მგონია, რომ ბრიტანეთის ეს განცხადება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვისაა გაკეთებული და ნაკლებად ემსახურება რეალობას, იმიტომ რომ ბრიტანეთი თავისი წარმოებით, ეკონომიკის მასშტაბითა და თავისი შიდა პრობლემებით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ შოტლანდია და ირლანდია ცალკე უნდა გავიდნენ ინგლისისგანო, ვისთან იწყებს ომს, არ ვიცი. შეიძლება, ამერიკასთან – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს: ყველა ვარაუდობს, რომ ომი ირანთან განახლდება და გასულ კვირას, ეგრეთ წოდებული, მექას პაქტის შეთანხმების სამივე ლიდერის წარმომადგენელი, თურქეთის, პაკისტანის და საუდის არაბეთის, თეირანში ჩავიდნენ. ამდენად, პენტაგონის განცხადებები, ალბათ, უფრო ახლო აღმოსავლეთზეა გათვლილი და ნაკლებად – რუსეთზე, იმდენად ჩიხია ამერიკაში ფასების გამო. მათ უწევთ, უფრო ძვირი გადაიხადონ ყველაფერში საწვავის გაძვირების გამო და არ დაგვავიწყდეს, რომ რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი ჩინეთში აწარმოებს იარაღის დიდ ნაწილს. ასე რომ, ამერიკამ ჩინეთისგან უნდა იყიდოს საკუთარი იარაღი და ეს იქნება გაცილებით ძვირი. შესაბამისად, ჩაკეტილი წრეა ეს, ეგრეთ წოდებული, ვაჭრობის ჯაჭვი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა ამბობდა, რომ წინასაარჩევნოდ ან ცეცხლი შეწყდება, ან პირიქით შეიძლება, რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას არჩევნების წინ. აი, ეს პროცესი მიდის.

– თუ უკრაინაში ომი გაიყინა, აუცილებლად სხვაგან უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესის თავისებურებაა მასშტაბური ცეცხლის ერთდროული კერები. ამდენად, ცეცხლის შეწყვეტა ჩვენთვის კარგია თუ ცუდი? ჩვენთვის როგორი სცენარია უფრო მოსახერხებელი?

– ყველაზე კარგი სცენარია, რომ საერთოდ არ არსებობდეს ომები და იყოს მშვიდობა, მაგრამ ამ მოცემულობაში ჩვენნაირი მცირე ქვეყნისთვის ყველაზე კარგი სცენარია, თუ ჩვენგან ჩრდილოეთ და ჩვენგან სამხრეთ არის ომის კერები, ჩვენ შეგვიძლია, ძალიან დიდი მოგება ვნახოთ აქედან და ზეწოლაც განვახორციელოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრს დასჭირდება კავკასია თავისი ინტერესებისთვის და ბევრს შეიძლება, კავკასია დასჭირდეს არა მხოლოდ თავისი ინტერესებისთვის, არამედ იმისთვის, რომ გამოიყენოს ეს შუა დერეფანი. აქედან გამომდინარე, რაღაც თვალსაზრისით, სიმართლე გითხრათ, მომგებიან მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ამას ჭკვიანური გამოყენება უნდა; უნდა განვაგრძოთ მიუმხრობლობა. ეს არის ჩვენი მთავარი პრივილეგია. როდესაც ნეთანიაჰუმ რეგიონის პრეზენტაცია გააკეთა, სადაც კავკასიაც ჰქონდათ აღნიშნული, მინიშნებული იყო ქვეყნები, რომლებიც ემხრობიან სუნიტურ ბლოკს, შიიტურ ბლოკს; ისრაელის მხარეს არიან, ისრაელის წინააღმდეგ არიან და, ასევე, ნეიტრალური ქვეყნები. საქართველო და სომხეთი შეყვანილები არიან ნეიტრალური ქვეყნების სიაში.

– ეს მიუმხრობლობა აშკარად ჩანს ჩვენი მხრიდან და, აქედან გამომდინარე, აკეთებენ დასკვნას, თუ მათთვისაა ხელსაყრელი, რომ საქართველოს სახით არსებობდეს ნეიტრალური კუნძულისმაგვარი?

– ირან-ისრაელის კონფლიქტში ნამდვილად ნეიტრალური პოზიცია გვიჭირავს, უკრაინის კონფლიქტში არ ვერევით, თუმცა, ჩვენი განცხადებებით, მაინც პროდასავლურ კერად აღგვიქვამს რუსეთი, გვინდა თუ არ გვინდა და მისი დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა პატარა სანქციებით გამოიხატება, თუნდაც, რამდენიმე კომპანიისადმი საქართველოდან. ამდენად, გააჩნია კონფლიქტს. ჩვენ თუ რეალური ნეიტრალურობა გვინდა, ცოტა სხვანაირად უნდა მოვიქცეთ, ჩვენი კონსტიტუცია კი ჯერჯერობით ამის უფლებას არ გვაძლევს.

– ეს 78-ე მუხლი ჩვენთვის ფორმალური ჩანაწერია და ეჭვი მაქვს, მათთვისაც, ვინც მას კითხულობს, თუ მას მაინც აქვს რაღაც დატვირთვა, რაც ანეიტრალებს საქართველოს ხელისუფლების ნეიტრალურ პოლიტიკურ განცხადებებს?

– უკრაინის მაგალითი ავიღოთ: რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინამ საერთოდ ამოიღოს თავისი კანონმდებლობიდან მისწრაფება „ნატოსადმი“. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის, როგორც ჩანს, აქვს ასეთ რაღაცებს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ის მსგავს ჩანაწერებს განიხილავს, როგორც სამომავლო საფუძველს საიმისოდ, რომ მის მეზობელ ქვეყნებს, ჩვენ თუ უკრაინას, გვექნება ლეგალური საფუძველი, რომ „ნატოსკენ“ ან ევროპისკენ გავიხედოთ. განსაკუთრებით, „ნატოა“ რუსეთის მთავარი პრობლემა და მთავარი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ნეიტრალურობა ხშირ შემთხვევაში არ არის ჩემი განცხადება, რომ ნეიტრალური ვარ. ამა თუ იმ ქვეყნის ნეიტრალურობა არის, უპირველესად, მისი მეზობლების შეთანხმებაა, რომ გაღიარეს, როგორც ნეიტრალური ქვეყანა.

– მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება უკრაინის ომი, შესაძლებელია, რომ რუსეთმა ჩვენკენ მომართოს აგრესია, გამომდინარე, თუნდაც, იმ საკონსტიტუციო ჩანაწერიდან? ჯერჯერობით მოითხოვს, რომ თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გავაფორმოთ სოხუმთან და ცხინვალთან და ეგრეთ წოდებული, საზღვრის დელიმიტარიზაცია-დემარკაცია დავიწყოთ. ეს მინიშნებებია, ანუ პირველი ნაბიჯი, რის შეუსრულებლობას შეიძლება, მოჰყვეს აქ ჯარის შემოყვანა?

– ჩვენ 2008 წელს ისეთ ხაფანგში გავეხვიეთ და ისეთი პოლიტიკური შეცდომები დავუშვით, რამაც ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიგვიყვანა და ძალიან სამწუხაროა, რომ, ჩვენი წინა ხელისუფლების ძალისხმევით, ჩვენი ტერიტორიების ოფიციალური აღიარება გახადა შესაძლებელი. საბაბი მისცეს მოსკოვს, რომ ოფიციალურად ეღიარებინა სამაჩაბლო და აფხაზეთი. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გამო არ მოხდა წინა ხელისუფლების, როგორც რეჟიმის გასამართლება და დასჯა. მიუხედავად იმისა, ეს ცნობიერად გააკეთეს თუ არაცნობიერად, აშკარაა, რომ მათ მიერ 2008 წელს დაშვებულ შეცდომას რუსეთი გამოიყენებს ზეწოლის საშუალებად და ჩვენ ამას მოვიმკით კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ, რომ არავინ დაგვეხმარა და არც არავინ დაგვეხმარება, რამე რომ მოხდეს. უკრაინასაც კი ამადლიან დახმარებას, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატები და კიევის ოლქის ზომის ტერიტორია რომ გაქვს, გასაგებია, რომ შენ არავინ დაგეხმარება. ამდენად, აფხაზეთი და სამაჩაბლო მუდმივად იქნება ვაჭრობისა და ზეწოლის საშუალება. აი, ესაა ყველაზე დიდი ტრაგედია – ამ ზეწოლის ქვეშ ვიქნებით სულ.

– ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენ ახლა ორმხრივი ზეწოლის ქვეშ ვართ. დაახლოებით, ისეთივე სიტუაციაა შექმნილი და ეს დაიწყო შევარდნაძის პერიოდიდან, როგორიც იყო ამასიის ზავის პერიოდში: ამჯერად დასავლეთისა და ჩრდილოეთის სახით და გასათვალისწინებელია თურქეთის ფაქტორიც, რომელსაც ყარსის ხელშეკრულებით, აქვს აჭარის დაკავების უფლება, აქ რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. ამდენად, ყველასთვისაა ხელსაყრელი აქ არეულობა?

– ვერ გეტყვით, ვისთვისაა ხელსაყრელი, მაგრამ ნამდვილად არ არის ხელსაყრელი ჩვენთვის, ოფიციალური თბილისისთვის და თურქეთის ფაქტორიც ძალიან მაშინებს, იმიტომ რომ ამერიკა შორს არის, თურქეთი „ნატოსაც“ წარმოადგენს და „ნატოს“ სახელით შეიძლება, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგას. აქედან გამომდინარე, ძალიან საშიშია, რომ საქართველო არ გახლიჩონ ორად თურქებმა და რუსებმა. ნამდვილად დიდი სიფრთხილე გვმართებს. მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ, ოდნავ მოდუნების უფლებაც არ გვაქვს, თან, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ არავინ გავაღიზიანოთ. სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში ძალა აღმართს ხნავს და მთელი ის შეთანხმებები, რაც იცავდა მსოფლიოს მესამე მსოფლიო ომისგან, თითქმის ჩამოშლილია. თბილისს თავისი გამოწვევები აქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, კავკასიის სამი სახელმწიფო სულ სხვადასხვა მიმართულებით იხრება. რეგიონის ერთიანი განვითარების ხედვა არ არსებობს და ეს ძალიან ცუდია ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულებისასაც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო სხვადასხვა ძალისკენ იხრებოდა: ჩვენ – გერმანიისკენ, სომხეთი – ბრიტანეთისკენ, აზერბაიჯანი – ოსმალეთისკენ და ბოლოს, ბაქო ბრიტანეთის მიერ ოკუპირებული აღმოჩნდა, ისევე, როგორც ჩვენი ბათუმი.

– და შემდეგ – სამივე წითელი რუსეთის მიერ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი