პოლიტიკა

რატომ ვეძალებოდით საუკუნეების განმავლობაში ევროპას და რატომ გვარიდებდა ევროპა თავს ყოველთვის

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20 წუთის წინ

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

ძალიან დიდი ხანია, ვისწრაფვით და ვისწრაფვოდით ევროპისკენ, შუა საუკუნეებში, მეცხრამეტეში, მეოცეში, ოცდამეერთეში, თუმცა ისიც ვიცოდით, რომ ყოველთვის უმჟღავნებდნენ ჩვენს ამ სურვილს ჩვენს მტრებს. ანუ საუკუნეების განმავლობაში ვცდილობდით, დაგვემყარებინა ურთიერთობა ევროპასთან, მაგრამ არ გამოგვდიოდა, იმიტომ რომ ეს არ უნდოდათ თავად ევროპელებს. ამ ჩვენი სწრაფვისა და მათი უარის შესახებ აკაკი ასათიანი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– მიუხედავად ასეთი ცალმხრივი ლტოლვისა, რატომ ვაკლავთ თავს ევროპელობას?

– ეს ცივილიზაციური მისწრაფებაა. ერთი სარწმუნოების ხალხი ვართ და მართალია, არ ვართ ევროპელები, მაგრამ ქრისტიანული სამყაროს განუყოფელი და უძველესი ნაწილი ვართ. ევროპელები არიან ჩვენი პირიქითა ხევსურები, მოხევეები, თუშები და სვანები, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპა-აზიის საზღვარი კავკასიის ქედზე გადის.

– გეოგრაფიას თუ გავყვებით.

– დიახ, მოკლედ, ეს ცივილიზაციური სწრაფვაა, თუმცა ქრისტიანობამდეც ასე იყო, ჩვენი მეფეები, ფარსმან პირველი და ფარსმან მეორე, სხვებიც, მაინც ევროპისკენ იყვნენ, ანუ დასავლეთისკენ. ის იყო მაშინდელი ევროკავშირი, ოღონდ გაცილებით სამართლიანი და ძლიერი და სულ სხვანაირი ძალმოსილებისა და ხიბლის მქონე, მიუხედავად იმისა, რომ წარმართობისას მეტი გვაკავშირებდა ირანთან, პართელებთან, სასანიდებთან, ჩაცმულობით, ყოფით, რელიგიის ძალიან ბევრი ელემენტით. მაგალითად, ჩვენს მთაში შემორჩა ქადაგი, დასტური, რიტუალის შემსრულებლები და ეს სპარსული სიტყვებია, სპარსული მაზდეანობიდან მოდის. ასევე, შეგვიძლია, პარალელის გავლება რუსეთთან და დღევანდელ ევროპასთან, როგორც რომთან და ირანთან, თუმცა განსხვავებაც ძალიან დიდია, რომი სულ სხვა რამ იყო და ირანიც სულ სხვა რამ იყო და მაშინაც კი უფრო რომისკენ იხრებოდა არჩევანი. ეს არის რაღაც კოლექტიურ ქვეცნობიერში ჩაბუდებული ერთობის გრძნობა. ავიღოთ შუა საუკუნეები: სამ რეგიონში იწერება სარაინდო რომანები. ეს არის დასავლეთ ევროპა, ჩვენ და იაპონია. არადა ან ჩვენ რა გვაკავშირებს ფიზიკურად ევროპასთან, ან მით უმეტეს, იაპონიას – ჩვენთან და ევროპასთან. ესე იგი, სოციალური სტრუქტურა იყო ისეთი, რომ წარმოშობდა ამ მოთხოვნილებას, ანუ არსებობდა რაინდების ფენა, აზნაურთა ფენა, შუა ფენა მეფესა და ზემო არისტოკრატიასა და დაბალ ფენას შორის, რომელიც ასე ცხოვრობდა და მოითხოვდა თავისი ცხოვრების ასახვას ამ რომანებში. ცხადია, იდეალიზებულად, თუმცა ასეთი იდეალურები არც იმ სარაინდო რომანების გმირების პროტოტიპები იყვნენ და არც ტარიელი და ავთანდილი, რომლებსაც ნამდვილად ჰყავდათ თავიანთი პროტოტიპები. ანუ რაღაც ისტორიული პირობების, ფსიქოლოგიის, კოლექტიური ეროვნული მენტალობის მსგავსება იყო. იაპონელებმა რატომ შეძლეს ადვილად თავიანთი ქვეყნის მოდერნიზება ევროპულ ყაიდაზე. უცბად გარდაიქმნენ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ, რომელმაც რუსეთ-იაპონიის ომში გაანადგურა რუსეთი, რომელიც ევროპელობას ჩემულობდა. იყო კიდეც გარკვეული თვალსაზრისით, თუ იმდროინდელი რუსეთის ზედა ფენას შევხედავთ. თორემ შემდეგ ურდოდ იქცა.

ვიმეორებ, იმიტომ იყო დასავლეთი მომხიბვლელი, რომ ჯერ კიდევ ბერძნებიდან მოყოლებული არჩევანი კეთდებოდა. ფარსმან მეორე, დიდი მეფე, ძალიან ხშირად იხსენიება რომაულ წყაროებში. იმპერატორთან არ ჩავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ის უგზავნიდა საჩუქრებს და ყველანაირად ცდილობდა მისი გული მოეგო, არ ჩავიდა იმიტომ, რომ მიუხედავად განათლებისა და ბევრი დადებითი თვისებისა, ორი პრობლემა ჰქონდა: ვერაგობა და არატრადიციული ორიენტაცია და, როდესაც შემდეგ იმპერატორი მარკუს ავრელიუსის აღმზრდელი გახდა, მაშინვე ეახლა რომში და იცით, რომ ძეგლიც დაუდგეს, დიდი ამბით მიიღეს. ისტორია ზუსტად არ მეორდება, მაგრამ რაღაც ეტაპებზე თითქოს ირეკლება ახალ დროში ძველი დრო. ერეკლეს რომ რუსეთისკენ სწრაფვას საყვედურობენ, გვარამიასაც კი ეყო ჭკუა, ეთქვა, რომ მაშინ დასავლური არჩევანი იყო რუსეთი. ხომ გვახსოვს, როგორ გარემოცვაში ვიყავით?! მეორეც, თუ ვინმეს დააინტერესებს, გაიგოს, რამდენი წერილი გაგზავნა ავსტრიელებთან, სხვებთან…

– რომლებმაც შემდეგ „ჩაუშვეს“ რუსეთთან.

– რაც შეეხება „ჩაშვებას“, არავის უნდა ამის შესახებ ხმის ამოღება, მაგრამ იძულებული ვარ, ვთქვა: ჩვენით ევაჭრებოდნენ რუსეთს, ისევე, როგორც „ნატო“ და ევროკავშირი ევაჭრებიან დღეს, ესენი გვეხვეწებიან, ჩვენ კი, თქვენი ხათრით, იმიტომ რომ ანგარიშს გიწევთ, უარს ვეუბნებითო. ეს ყოველთვის სავაჭრო თემა იყო და ეს ეკარგებათ. უცბად აღმოჩნდა, რომ, კი ბატონო, თუ გინდივარ, შენთან ვარ და, თუ არ გინდივარ, აქ ვარ და როცა მოგინდება, მერე ვილაპარაკოთ. დღევანდელი მდგომარეობა ასეთია. მათ არასოდეს უნდოდათ ჩვენი მიღება, მხოლოდ ერთეულებს უნდოდათ. იტყოდა რამეს რასმუსენი, „ნატოს“ გენმდივანი და მაშინვე ჩამოდიოდა აქ აპატურაი, თანაშემწის თანაშემწე და გვარწმუნებდა, არ დაუჯეროთ, კარი ღიააო. თუმცა მაღალი დონის ხელმძღვანელები არასდროს ამჟღავნებდნენ, რომ არ გვიღებდნენ, მხოლოდ მაკრონს წამოსცდა, როდესაც ახალი გაპრეზიდენტებული იყო და ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცდილება, რუკას დახედეთ, ბოლოს და ბოლოს, სხვა გეოგრაფიააო. ევროკავშირს არ ვესაზღვრებით, „ნატოს“ ვესაზღვრებით თურქეთით, მაგრამ იქ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია მიღებაზე. ამ დაპირებებით ამ ჩრდილოელ ნადირს ახელებენ, რომელსაც იმის ჭკუა არ ჰყოფნის, მიხვდეს, რა თამაშს ეთამაშებიან.

– და ჩექმები არ უნდა მოგვიღეროს.

– ახლაც, ნახე, როგორი შთაბეჭდილება მრჩება პირადად მე და არა მარტო: არ უნდათ ჩვენი მიღება, ოღონდ ჩვენ უნდა დაგვაბრალონ. აი, ბიძინა პრესას ზღუდავსო და ამას გადმოსცემენ ის ტელევიზიები, რომლებშიც დღე და ღამე ბიძინას აგინებენ. მაგრამ არც ამათ ჰყოფნით ჭკუა, დაუძახონ, ვინც ამას ამბობს და ერთხელ მაინც აყურებინონ რომელიმე ტელევიზიას, ან „ტე ვე პირველს“, ან „ფორმულას“.

– თუმცა არ მგონია, აზრი შეიცვალონ ან შერცხვეთ.

– არანაირი სირცხვილი, ეს არის უტიფარი და თვალთმაქცი ხალხი და ყველაფერთან ერთად გონებრივი პრობლემებიც აქვთ. კაია კალასია ამის ნათელი მაგალითი. ფონ დერ ლაიენს ერთადერთი ამოცანა აქვს, ქმრისა და ახლობლების მეშვეობით, ბარემ ისარგებლოს ამ თანამდებობით. რეალურად ისინი არაფერს წყვეტენ, არც პასუხს აგებენ არაფერზე: ადამიანებად თვლიდნენ თავს, როდესაც აქ ჩამოდიოდნენ და, ბოლოს და ბოლოს, ალბათ, ოდესმე ვინმე იტყვის, რომ აქ სხვა რამეც ხდებოდა, ფინანსური თვალსაზრისით. მითქვამს და გავიმეორებ, ჩერჩილი ჰიტლერს ებრძოდა, ბრიტანეთის წინა პრემიერი კი – შალვა რამიშვილს და „პოსტ ტივი“ დაასანქცირა. ექვსი თვის გასული იყო დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან და ჩვენ გვეუბნებოდნენ, თუ ასე მოიქცევით, ევროკავშირში არ მიგიღებენო.

– მახსოვს და შეერთებული შტატებიც ასე გვეუბნებოდა.

– ჩემი სადარდებელი არ არის, მაგრამ ევროპა არის რეგიონი, რომელიც ხუთი-ექვსი-შვიდი საუკუნე იყო კაცობრიობის განვითარების ლოკომოტივი, მსოფლიო ცივილიზაციის მამოძრავებელი, ლიდერი რეგიონი და ახლა რას ჰგავს?! მაგრამ იქაც ამოასხა ყველას და იხელთეს დრო მემარცხენეებმა, ანუ იმკიან დათესილს. აი, ასეთი ვითარებაა. ჩვენი სწრაფვა როგორმე უნდა დავიოკოთ და მარტივი რამ უნდა ვქნათ, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია: აქ უნდა მოვაწყოთ იმ ტიპის ევროპული ქვეყანა, როგორი ევროპაც გვინდოდა, როდესაც ვესწრაფვოდით.

– თავის დაოკებაც პრობლემად იქცა, ვინაიდან ცუდ ტონად მიიჩნევა და ვითომ „გოიმობად“, რას ჰქვია, ევროპა არ გინდაო.

– ჩემი ახალგაზრდობიდან ვიცი, რომ „გოიმის“ თავდაცვაა, სხვას „გოიმი“ დაუძახოს. და თბილისში, როგორც წესი, გათბილისებული პროვინციალები ამბობენ ამას. პროვინციალები და არა პროვინციელები, იმიტომ რომ პროვინციელები იყვნენ გალაკტიონი და ილია ჭავჭავაძე და ვაჟა იყო პროვინციელზე პროვინციელი. პირველი თბილისელები, მგონი, სამოციანელები იყვნენ, იმიტომ რომ თბილისი მაშინ გაქართველდა და, სხვათა შორის, ლავრენტი ბერიას შემწეობით. ქალაქის თავებად აყენებდა სომეხს და ქართველი მოსახლეობა იზრდებოდა. ქართველი რომ დაეყენებინა, მოსთხოვდნენ, რომ თბილისში სომეხი მოსახლეობა გაზრდილიყო.

– ყველანი ეყრდნობიან იმ ცნობილი რეფერენდუმის შედეგებს, როდესაც 80-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი დასავლურ ინტეგრაციას, მეც ვიყავი იმ 80 პროცენტში, მაგრამ რატომ იქცა ეს მონაცემი კონსტანტად? ევროკავშირს კი არა, ჯვარდაწერილ ქმარს გავეყარე, აზრი შევიცვალე.

– ვიმეორებ, ნელ–ნელა დავლაგდებით. კარგი გაგებით, ევროპული ტიპის სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ვგულისხმობ, გასული საუკუნის 60-იანების ევროპას. საზოგადოებრივი არხი აჩვენებს ძველ ფრანგულ ფილმებს, ბელმონდოს, ვენტურას მონაწილეობით. მაშინ კარგი კინემატოგრაფი ჰქონდათ. კრიმინალზეა ფილმი და შეგშურდება, ისეთი ღირებულებებია: მეგობრობა, კაცობა, ღირსება, სიყვარული. სად არის ეს ყველაფერი ახალ ფილმებში?! არადა მხატვრული ფილმები ასახავენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. იმედი მაქვს, რომ ტრამპის, ორბანის, ვუჩიჩის წაგება, იმავე ნეთანიაჰუსი, გამოაფხიზლებს კონსერვატორებს. იმიტომ რომ დროებითი ხელისუფლებაში მოსვლის დროს ეიფორიამ შეიპყრო ისინი, იმის ნაცვლად, რომ სერიოზულად მოჰკიდებოდნენ ამ საქმეს და ტრამპია ამის საუკეთესო ილუსტრაცია: კიდევ იმის, თუ როგორ შეიძლება, კარგი და სწორი იდეები არასწორად განახორციელო ცანცარის გამო. მეორე მხრივ, თუ გამოფხიზლდებიან, ხომ კარგი, თუ არადა ჩვენ ჩვენს გზას ვადგავართ. და უნდა ვადგეთ ამ გზას; უნდა განვვითარდეთ, დავლაგდეთ, ეკონომიკურად გავიმართოთ წელში და ამის ნიშნები არის. მართალია, გაჭირვებაა, მაგრამ ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც გვაქვს, თვით ჩვენი არაკეთილმოსურნე ორგანიზაციების მიერაა აღიარებული. და ეს უსათუოდ მოიტანს თავის შედეგს. ანუ ეს საგრძნობი გახდება მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ვისაც არ უნდა არც მუშაობა, არც ხელის განძრევა და არც არაფრის კეთება, მას არაფერი ეშველება. ასეთები ყველგან არიან და ვაშინგტონშიც მყავს ნანახი. ასე რომ, მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ყველაფერს, უბრალოდ ცოტა სხვანაირად უნდა გააშუქოს, ალბათ, იმავე „ოცნებამ“, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად ნელ–ნელა ამკვიდრებს, რომ ილუზიებისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი