პოლიტიკა

„ჭიდაობას რა უნდა?!“

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 10 წუთის წინ

ამბები
დაკოპირებულია

ანუ არჩევნები ფრანგულად

რაკი არაფერია მუდმივი ამ მზისქვეშეთში, იმანუილ მაკრონის საპრეზიდენტო ვადაც იწურება და მისი პოლიტიკური დაისიც მეტად და მეტად შფოთიანი გამოდგა (ლამისაა, შეტორტმანდეს საფრანგეთი გამოსვლების შედეგად, ოღონდ ევროპელი ანალიტიკოსები უფრო შორსაც მიდიან, საფრანგეთი უფსკრულში იჩეხებაო) და თუმცა ძირითადი საპრეზიდენტო ჭიდილი ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენსა და ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონს შორისაა, ლეგენდარულად წოდებულმა ფრანგმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კენჭს იყრის საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

37 წლის რინერი ხუთგზის ოლიმპიური და თერთმეტგზის მსოფლიოს ჩემპიონია და თავისი გადაწყვეტილება ერსა და ბერს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით აცნობა (როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის მიერ გატკეპნილ გზას მიჰყვება). ამბობს, რომ არც მემარჯვენეა და არც მემარცხენე და, საერთოდაც, საკუთარ პერსონას ტრადიციული პარტიული დაყოფის მიღმა ხედავს, გამაერთიანებელ ფიგურადაც წარმუდგენია და მისი პოლიტიკური გზავნილები, ძირითადად, სოციალურია. როგორც თავად ამბობს, მშვიდად ვერ უყურებს, თუ როგორ ინგრევა ქვეყანა ვალების სიმძიმით და როგორ უჭირთ ოჯახებს ელემენტარული პროდუქტების შეძენა (ევროპასაც გასჭირვებია, თურმე).

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი მისალმებია ფრანგულ პოლიტიკურ ავანსცენაზე სახელოვანი სპორტსმენის გამოჩენას, მაგრამ აი, ანალიტიკოსები კი სკეპტიკურად არიან განწყობილი და აცხადებენ, რომ რინერს გამარჯვების მეტად და მეტად მცირე შანსი აქვს, თუმცა, როგორც უნდა იყოს, თავად რინერი არ გამორიცხავს, რომ 2028 წელს ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.

ბუნებრივია, წარმოდგენა არ მაქვს, რით დასრულდება ზემოხსენებული ცნობილი სპორტსმენის პოლიტიკური ვნებანი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როგორც ჩანს, არა მხოლოდ ჩვენთან, თვით შუაგულ ევროპაშიც კი ფიქრობენ, რომ „ჭიდაობას (მათ შორის, პოლიტიკურსაც) ფეხის წამოკვრის მეტი არც არაფერი უნდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი