პოლიტიკა

რატომ იზღუდება მომავალი წლიდან სესხების გაცემა და ვის აზღვევს ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო: მოსახლეობას თუ ბანკებს

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14 წუთის წინ

იოსებ არჩვაძე
დაკოპირებულია

გავრცელებული ინფორმაციით, იცვლება სესხების გაცემის პირობები, უფრო ზუსტად, მკაცრდება და გაცილებით მეტი შემოსავალია საჭირო იმდენი სესხის ასაღებად, რაც დღეს უფრო ნაკლები შემოსავლითაცაა შესაძლებელი. რატომ გახდა აუცილებელი ამ გადაწყვეტილების მიღება: ვისზე ზრუნავს სახელმწიფო მომხმარებლზე, ბანკებზე თუ ორივეზე ერთად? – ამ თემას ეკონომიკის ექსპერტთან იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

იოსებ არჩვაძე: ზოგადად, საბანკო სისტემა, ფულად–საკრედიტო სისტემა ეს არის ეკონომიკის, ხატოვნად რომ ვთქვათ, გულსისხლძარღვთა სისტემა და დიდწილად მის ნორმალურ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული ეკონომიკის მდგრადობა და განვითარება, საზოგადოებრივი სიმშვიდე და ყველა დანარჩენი პოზიტიური ასპექტი. თუ ამ სფეროში არეულობა და დაძაბულობაა, ეს ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს: ეკონომიკასაც, პოლიტიკასაც, საზოგადოებრივ განწყობასაც და ყველა დანარჩენს... ამდენად, ამ გადაწყვეტილების პირველი პირობა იყო ის, რომ უზრუნველყოფილი იქნას საბანკო სისტემის მდგრადობა. ვგულისხმობ, რომ ყოველწლიურად იზრდება ჭარბვალიანობა. მართალია, სესხების, კრედიტების აბსოლუტური მოცულობაც იზრდება, მაგრამ ორი მილიარდის თანხა საბანკო სისტემისთვის, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, არ არის მცირე და ამიტომ ზრუნავენ საბანკო სისტემის ფინანსური მდგრადობის მისაღწევად.

– ეს თანხა რომ დაკარგეს ბანკებმა…

– დაკარგვაზე არაა საუბარი. ამ თანხიდან შეიძლება, რაღაც ნაწილი დაიკარგოს ან ამოღების პრობლემა გაჩნდეს, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, ის თანხა, რომელიც დროზე უნდა დაბრუნებულიყო საბანკო სისტემაში, არაა დაბრუნებული და ვადაგადაცილებულია, ბანკს თავის ანგარიშში ექმნება პრობლემები: თუ ვერ დაბრუნდა შესაბამისი სესხი, ბანკი ახალ კრედიტსაც ნაკლებ მასშტაბით გასცემს. გავიხსენოთ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც დონორმა ორგანიზაციებმა ბრიუსელში მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება საქართველოსთვის 4.5 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, აქედან 2 მილიარდი საჩუქარი იყო, ანუ გრანტი, დანარჩენი – შეღავათიანი კრედიტი, იმ 4.5 მილიარდიდან მილიარდი წავიდა საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარავად და მილიარდი – საბანკო სექტორის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. როდესაც იმ პერიოდში ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის მდგრადობასა და მისი კურსის უცვლელობაზე ვლაპარაკობდით, ერთ–ერთი ფაქტორი ესეც იყო. სწორედ საბანკო სისტემის მდგრადობისთვის გახდა საჭირო ამხელა სეხსების გამოყოფა.

– ვერ დავასრულე შეკითხვა: ბანკები სწორედ იმიტომ აწესებენ არაადეკვატურად მაღალ პროცენტს, რომ დააზღვიონ რისკები, ასე ხსნიან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. ესე იგი, გათვალისწინებულია ვადაგადაცილებაც და დაუბრუნებლობაც.

– ზოგადად, საქართველოში საკრედიტო რესურსის ღირებულება საკმაოდ ძვირია და ეს ცალკე საუბრის თემაა. ეს უკავშირდება საგადასახადო კულტურის დაბალ დონეს, საკრედიტო რესურსის მოზიდვას არა ადგილობრივი, არამედ გარე რეზერვებიდან, რომლებსაც თავიანთი ეკონომიკური და ფინანსური ინტერესი აქვთ. მოკლედ, მართალია, საქართველოში მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ, თუ შევადარებთ, მაგალითად, ინფლაციის ზრდის ტემპსა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების მატების ტემპს, აღმოჩნდება, რომ სურსათზე ფასების მატების ტემპი, დაახლოებით, ერთ-ნახევარჯერ აღემატება ინფლაციის ოფიციალურ მაჩვენებელს, ანუ სურსათის ფასები, საშუალოდ, უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენი საქონლის. ახლა გავიხსენოთ მასლოუს პირამიდა: ადამიანს, უპირველესად, სჭირდება თავისი კვების, ტანსაცმლის, უსაფრთხოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ამის შემდეგ გადადის უფრო მაღალ მატერიებზე და როდესაც ასეთი ტემპით იმატებს სურსათის ფასები, ჩნდება რისკი, რომ მომატებული ხელფასის და, საერთოდ, შემოსავლის უფრო მეტი წილი წავა პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და აღარ დარჩება საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ სხვა ვალდებულებების დაფარვაზე იქნას გათვალისწინებული. ამიტომ აღნიშნული მარეგულირებელი აქტი გულისხმობს, რომ პროცენტი, რომლითაც უნდა დაიფაროს სესხების მომსახურების ხარჯები, სხვა შემოსავლებთან შედარებით, პროცენტულად იყოს დაბალი, რაც უზრუნველყოფს სესხის დროში მეტ გაწელვას, მაგრამ მთლიანობაში ამცირებს რისკს, რომ სესხის ამღები არ იქნება გადახდისუნარიანი. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას.

– ესე იგი, ბანკებისთვისაა უფრო ხელსაყრელი, ბანკების რისკებს აზღვევენ.

– არა მარტო ბანკების, მსესხებლებისაც, იმიტომ რომ, თუ მაღალ პროცენტს დაგიდგენენ გადასახდელად, თქვენი შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს მის დაფარვას და თქვენ, ფაქტობრივად, გადახდისუუნარო აღმოჩნდებით. ხოლო, როდესაც ადამიანს არ აქვს საკმარისი სახსრები იმისთვის, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნებები დაიკმაყოფილოს: კვება, კომუნალური ხარჯები და ასე შემდეგ, მას უკვე აღარ რჩება ის თანხა, რომელიც უნდა წარმართოს თავისი ფინანსური ვალდებულებების დასაფარავად. გავიხსენოთ ნიკო ლორთქიფანიძის „ტრაგედია უგმიროთ“, როდესაც მშიერი ადამიანი საკუთარ შვილებსაც კი ართმევს ბოლო ლუკმას. ამიტომ თავს სინანული სჯობია ბოლო ჟამს დანანებასო. აი, ეს მომენტი მუშაობს: დავაზღვიოთ პოტენციური დაბალშემოსავლიანი მსესხებელი, რომ ის არ აღმოჩნდეს გაბზარული ვარცლის, ანუ იმ ვალდებულების წინაშე, რომლის გადახდაც მის შესაძლებლობებს აღემატება. ანუ, ფაქტობრივად, ეს მაინც უფრო დაბალშემოსავლიან სეგმენტს იცავს. მართალია, წელს, სექტემბერში, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პირველ ეტაპზე ამოქმედდება 2027 წლის პირველი თებერვლიდან მათთვის, ვისაც 2 000 ლარამდე აქვს შემოსავალი; და მათზე 25-პროცენტიანი მარჟა გავრცელდება, ანუ შემოსავლის 25 პროცენტი უნდა იყოს მაქსიმუმი საბანკო პროცენტის დასაფარავად. ბანკმა შეიძლება, ნაკლები დააწესოს, მაგრამ ამაზე მეტს ვერ დაადგენს, ხოლო მათთვის, ვისაც 2 500 ლარამდე შემოსავალი აქვთ, გადაწყვეტილება ამოქმედდება 2027 წლის პირველი სექტემბრიდან. ამჟამად მოქმედი წესით, ვისაც 2 000 ან 2 500–ლარამდე აქვს შემოსავალი, შესაძლოა, ამ თანხის 50 პროცენტიც კი ჰქონდეს ბანკში გადასახდელი კრედიტის მომსახურებისთვის, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან მხოლოდ 25 პროცენტის უფლება მიეცემა. ამ საკითხთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის, საინტერესო იქნება ის ფაქტი, რომ, თუ ამ პრინციპით მივუდგებით, მაგალითად, თბილისის მოსახლეობის შემოსავლებს, ამ საბანკო რეგულირებით, თბილისელებს აშენებული საცხოვრებელი ფართების, მათი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, მხოლოდ 45-50 პროცენტის შეძენის პოტენციალი აქვთ.

– ეს კითხვათა კითხვაა: ვისთვის აშენებენ ამდენს და ამახინჯებენ დედაქალაქს. თან, სამშენებლო ბუმია და, თან, კრედიტების გაცემა იზღუდება საქართველოს მოქალაქეებისთვის. არ ვამბობ, რომ ადამიანს, თუ გადახდის საშუალება არ აქვს, კრედიტი უნდა მისცე, მაგრამ სახელმწიფოს არ შეუძლია, დააზღვიოს თავისი მოქალაქეები?

– დაიწერა, რომ ბათუმში ბინების ნახევარზე მეტი უკვე საქართველოს არამოქალაქეებზე არის გაყიდული. თბილისში ჯერჯერობით ასე არ არის, მაგრამ, თუ ამ ტემპით გაგრძელდა, შეიძლება, რამდენიმე წელიწადში ჩვენც ამ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდეთ.

– სახელმწიფო მხოლოდ იმას ხვდება, რომ ბანკები არ დაზიანდეს? არადა ბანკებიც განზე დარჩება და სხვა დანარჩენიც, თუ ვერც ვიქენით და ვერც ვერაფერი ვიყიდეთ ამ ჩვენს ქვეყანაში. არ მგონია, ჩვენი წინაპრები იმისთვის იღვწოდნენ, რომ აქ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ეცხოვრათ კომფორტულად?

– შეიძლება ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება, თორემ არ არის გამორიცხული, რეზო მიშველაძის ერთი ნოველის გმირის მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ: სასაფლაოს დირექტორი ყიდის საფლავებს, ადგილი რომ აღარ არის, საკუთარ ღობეს მოარღვევს და საკუთარ ეზოშიც გაყიდის მიწებს საფლავებისთვის და ბოლოს, როდესაც თავად გარდაიცვლება, მისი დასაკღძალი ადგილი აღარ არის. ეს მეტაფორაა, მაგრამ ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს.

– რა ტიპის ქვეყნებშია მსგავსი კრიზისი: როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას არც შეუძლია შეძენა საცხოვრებლის და არც იმდენნი არიან, ფულიც რომ ჰქონდეთ, შეიძინონ?

– არ ვიტყოდი, რომ ჩვენ მაინცდამაინც თითით საჩვენებელი ვართ. აღნიშნული პრობლემა მეტ-ნაკლებადაა დამახასიათებელი ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია სწორედ ის, რომ საქართველოშია ეს მდგომარეობა. ჩვენ უნდა ამოვიდეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების კონცეფციიდან და ჩვენი მოქმედება საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უნდა იყოს ისეთი, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები, მისი მოსახლეობის ძირეული ინტერესები და რაც შესაძლებელს გახდის მდგრად განვითარებას. შეიძლება, ცოტა პათეტიკური ნათქვამია, მაგრამ, თუ რეალურად დავინახავთ იმ პროცესებს, რაც ხდება, ამ კუთხით უნდა აღვიქვათ ყველა პრობლემა.

– ხელისუფლება ვერ ხედავს ამ პრობლემას, არ უნდა დაინახოს. გონებრივი პრობლემაა თუ მიზანმიმართული მავნებლობა?

– არ ვიტყოდი, რომ გონებრივი პრობლემაა. ჯერჯერობით სეგმენტური ღონისძიებები ტარდება, რომლებიც ერთ მთლიან სისტემაში არ არის მოქცეული. როდესაც მძივის ასხმა გვინდა, არ არის საკმარისი ორი-სამი თვალის ერთმანეთზე გადაბმა, საჭიროა კრიალოსანივით აისხას თასმაზე. ჩვენ წინ დგას სერიოზული ამოცანა, რომ ეს ცალკეული სეგმენტური ღონისძიებები მოექცეს ერთიანი მიზნის კონცეპტში და ყველაფერი მიმართული იყოს ამისკენ. იმიტომ რომ ცალკეული სეგმენტური წარმატებები ნაკლებ გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგზე. სწორედ ამ მიმართულებით იქნება მუშაობა განსახორცილებელი. ანუ სტრატეგია უნდა იყოს ასეთი: ეროვნული უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვისკენ მიმართული ცალკეული სეგმენტური ღონისძიებები გადავაქციოთ სისტემურ ამოცანად და მაშინ პრობლემები შედარებით სწრაფად და იოლად დაიძლევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი