პოლიტიკა

რა საფრთხის შექმნა შეუძლია თურქეთს სამხრეთ კავკასიაში არეულობის შემთხვევაში დიდი თურანის პროექტითა და ყარსის ხელშეკრულებით

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17 წუთის წინ

ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიის არეულობის სცენარი კვლავაც აქტუალურია, ბუნებრივია, საინტერესოა, მოვლენების ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, როგორ შეიძლება, გამოიყენოს ჩვენმა მეზობელმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა, თურქეთმა დიდი თურანის პროექტი და, რაც მთავარია, ყარსის ხელშეკრულება, რომელიც მას აჭარის დაკავების უფლებას აძლევს. ამ თემას ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.

– საფრთხეების გაანალიზება ერთგვარი პრევენციაა, განვიხილოთ მოვლენების უარესი სცენარით განვითარების ვერსიები.

– მოცემულ შემთხვევაში ჩვენი უსაფრთხოების პერსპექტივა უახლოესი, დავუშვათ, 20-30 წლის განმავლობაში არასგზით არ შეიძლება, დავუკავშიროთ არც დიდი თურანის იდეას და არც ყარსის ხელშეკრულებას. როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, ისე რეგიონში არსებული ამჟამინდელი და პერსპექტივაში მოსალოდნელი გართულების გათვალისწინებით, ყარსის ხელშეკრულება სპეციფიკური დოკუმენტია. შესაბამისად, ის არ ითვალისწინებს უფლებებს ექსტრემუმის შემთხვევაში მის დამდებ მხარეებს შორის. ეს ხელშეკრულება დაიდო 1921 წლის ოქტომბერში თურქეთსა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის რუსეთის მონაწილეობით. ხელშეკრულება, როგორც ამას მიუთითებენ ამ მიმართულების სპეციალისტები, არ ითვალისწინებს ვადას.

– დიახ, უვადოა და რატიფიცირებული საქართველოს მიერ, თუ არ ვცდები, 1994 წელს.

– ეს ხელშეკრულება, მიუხედავად გარკვეული სპეციფიკური მომენტებისა, არ ითვალისწინებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეცვლას, თუმცა ყველამ ვიცით, როგორ წარიმართა ამიერკავკასიის სამი რესპუბლიკის მომავალი. 1922 წლიდან ისინი უკვე იყვნენ სამოკავშირე სახელმწიფოს, დე-ფაქტო სამოკავშირე სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის, სუბიექტები და ეს ყველაფერი ხდება ამიერკავკასიის, როგორც ერთიანი სივრცის გათვალისწინებით და ამაზე დაყრდნობით. ამდენად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ხელშერულება არ არის ვადიანი და არ ითვალისწინებს მისი პირობებით გათვალისწინებული საკითხების გადახედვას და ეს ყველაფერი დადასტურდა გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში, როდესაც საქართველოსა და თურქეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, სადაც საზღვრების დაფიქსირების კუთხით მოხსენიებულია ყარსის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადგინდა საზღვარი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. აქედან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ ეს ხელშეკრულება ძალას დაკარგავს, მაგრამ ვითარების გართულება, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება. შესაბამისად, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და თქვენ სწორად დასვით აქცენტი, რა მოხდება, თუ აირია სიტუაცია და სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტები გაჩნდა, რაც გამორიცხული არ არის ამ ახალ დროში, როდესაც საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, შეჩერებულია მთელი რიგი მიმართულებით და არენაზე წინ გამოდის ძალა. ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია რამის გამორიცხვა, მით უმეტეს, რომ თურქეთი დიდი ქვეყანაა და მოცულობითი არმია ჰყავს, კარგად შეიარაღებული და აღჭურვილი და მას აქვს თავისი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს არ არის მარტო საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობის საკითხი. აქ, გვინდა თუ არა, შემოდის რუსეთის ფაქტორი და ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა მოხდება რუსეთში, რა დამოკიდებულება ექნება რუსეთს თურქეთთან, დასავლეთთან, ევროკავშირთან და ასე შემდეგ.

– 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერდოღანი ჩავიდა მოსკოვში და სწორედ ამიტომაც არ დაიბომბა ბათუმის პორტიო და ესეც ყარსის ხელშეკრულებით თურქეთისთვის მინიჭებულ უფლებებს დაუკავშირეს.

– დიახ, გავიხსენებ 2008 წლის ომის პერიოდს, როდესაც აურზაური დაიწყო და ყველამ, თურქეთმაც და რუსეთმაც, დაიწყო ყურება აჭარისკენ. მოგეხსენებათ, აჭარა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია, მით უმეტეს, როდესაც ბათუმში, ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ტურისტული სეგმენტი ძალიან პერსპექტიულია. ამას თუ დავამატებთ მთლიანად შავი ზღვის სანაპიროს – ქობულეთი ძალიან პერსპექტიულია ამ თვალსაზრისით, თუ ომმა და უბედურებამ ხელი არ შეგვიშალა, განვითარების დიდი პერსპექტივაა. თავის დროზე, მაგისტრალებიდან გამომდინარე, კრიტიკული და სკეპტიკური დამოკიდებულება გამოვხატე, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს, როგორც ტურისტული ზონის, დანიშნულების მიმართ, იმიტომ რომ, როდესაც იქ მაგისტრალები გადის, ნავთობი იტვირთება, მაგალითად, სუფსაში, იქვე ყულევის ტერმინალია, ვითარდება ფოთი და შენდება ანაკლია, ზღვის ტურისტული ფაქტორის დონეზე, სათანადო კოეფიციენტებით, შენარჩუნება, რთული ჩანდა, მაგრამ გავიდა დრო და დრომ დაადასტურა, რომ ჩემი სკეფსისი ამ შემთხვევაში უსაფუძვლო იყო. პირიქით, დღეს ბათუმში ბუმია და მიმდებარე რეგიონშიც, გურიას ვგულისხმობ, მათ შორის, ივანიშვილის წინა ინვესტიციების შედეგადაც, სერიოზული წინსვლაა. აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთ რეგიონზეა ლაპარაკი და მის უდავო მარგალიტზე, აჭარაზე, თავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ სიტუაცია აირევა, კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება, თუ ვინ შეასწრებს აჭარაში. იმიტომაც გავიხსენე 2008 წელი. რუსეთსაც აქვს თავისი არგუმენტები და თურქეთსაც. აჭარის მოსახლეობა, რა თქმა უნდა, პირველი ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ ამ რეგიონის ოსმალეთის მიერ დაპყრობის შემდეგ, სამი საუკუნის განმავლობაში ისლამი გავრცელდა და დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობაც მუსლიმი იყო. მართალია, ათეისტურმა პერიოდმა ეს ფაქტორი შეასუსტა, მაგრამ შემდეგ ილია მეორის მოღვაწეობამ აჭარაში ქრისტიანობა გაავრცელა და ამჟამად უკვე მოსახლეობის ორი მესამედი მართლმადიდებელი ქრისტიანია. მუსლიმი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად თურქეთმა მოითხოვა ავტონომიური სტატუსი და ეს სტატუსი ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დროს იქნა გათვალისწინებული და აჭარას ავტონომია მიენიჭა. ამ არგუმენტს ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ წარმოადგენს თურქების პრეტენზიას ამ რეგიონზე, მაგრამ ჩვენი უწმიდესი პიროვნულად სწორად მიუდგა ამ საკითხს, იმიტომ რომ თურქეთი დამოუკიდებლობის პერიოდში გვჭირდებოდა, როგორც გასასვლელი დანარჩენ სამყაროსთან და ევროპასთან დასაკავშირებლად. ამდენად, მისი, თუნდაც, უსაფუძვლო პრეტენზიებისთვის ანგარიშისგაუწევლობა არ იქნებოდა სწორი. ამიტომ აჭარაში ეროვნული მუხტი სულ იზრდებოდა. იქ ბევრი ახალგაზრდა წაიყვანეს თურქეთში ისლამურ სასწავლებლებში, ბევრი მათგანი დაბრუნდა და ქართველი მუსლიმების თემი დღეს საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ისინი სწრაფად მრავლდებიან დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, საკმაოდ შეკრული თემია და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

– მე ვერ ვიტყოდი თქვენსავით დარწმუნებით. არ მინდა გვარების დასახელება. არიან ადამიანები, მუსლიმი ქართველები აჭარიდან, რომლებიც ძალიანაც აშკარად ცდილობენ თურქეთის ინტერესების გატარებასა და აჭარის დანარჩენი საქართველოდან ჩამოცილებას და საკმაოდ ანტიქართულ განცხადებებაც აკეთებენ და ანტიქართულ ქმედებებსაც სჩადიან.

– თუ ჩვენ მუშტების მოღერებას დავიწყებთ ჩრდილოეთით და სამხრეთით…

– მე არც ვამბობ, რომ მუშტები უნდა მოვუღეროთ. საფრთხე უნდა გავანეიტრალოთ.

– მე არ მაქვს დიდი ტრიბუნები და დიდად ვერ გავაგონებ ვერავის ვერაფერს მაგრამ, თუ ვინმემ ყურადღება მიაქცია და ჩვენს მედიას საკმაოდ სკურპულოზურად სწავლობენ, იქნებ ანგარიში გაგვიწიონ და მიხვდნენ, რომ მე სხვანაირადაც შემეძლო, მეპასუხა. თუ საქართველოში იქნება ბევრ საკვანძო საკითხზე შეჯერებული ერთიანი პოზიციის მქონე საზოგადოება და, რა თქმა უნდა, ეს აისახება პოლიტიკური პარტიების პროგრამებში, მიზნებში, ამოცანებში და ჩვენი ოფიციოზის გადაწყვეტილებებში. გარე ჩარევა ისეთი ფენომენია, რომ შენ მას ვერაფრით აკრძალავ, მით უმეტეს, როდესაც შენ ხარ ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გასასვლელი და დამაკავშირებელი სამხრეთსა და ჩრდილოეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამას თავის დროზე რჩეულიშვილი უსვამდა ხაზს. ამით ხარ აქტუალური და ეს ასეა ისტორიულად, გამყინვარების პერიოდიდან მოყოლებული და, განსაკუთრებით, ახალ დროში. ამდენად, როდესაც ასეთი ადგილი გიჭირავს, სულ ყურადღების ცენტრში ხარ და თუ ჭკუით იქნები, შენს ეროვნულ ინტერესებს, თუ ღვთის მადლიც დაერთო, შეინარჩუნებ და განახორციელებ. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ისტორიის გაკვეთილებს არა მარტო ქართველები, არამედ საერთოდ არავინ ითვალისწინებს. ჩვენს სამოსახლოზე, მოყოლებული პირველი ათასწლეულიდან, უამრავმა გადაიარა და, მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით ერთიანი, ძლიერი ქართული სახელმწიფო: ჯერ იბერია, მერე საქართველო; ჯერ კოლხეთი, მერე საქართველო. ეს ყველაფერი ერთია გენეტიკურად და ამას გენეტიკას მეცნიერების უახლესი კვლევებიც ადასტურებს. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და ამას რომ გაითვალისწინებ, გავლენა ბუნებრივია. როგორ გინდა, რომ თურქეთი, ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკა არა მარტო ჩვენს სამეზობლოში ან ირანი, მიუხედავად ზოგადი წნეხის ქვეშ ყოფნისა და თეოკრატიისა, არ იყოს ფაქტორი საქართველოში, არ ახდენდეს ზეგავლენას შიდა პროცესებზე?! ხელისუფლება სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ეს ზეგავლენები ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს. იგივე ეხება რუსეთსაც: დღეს ჩვენი ოცნებაა, რომ ის აღარ იყოს, დაიშალოს და დაქუცმაცდეს, იმიტომ რომ რუსეთის იმპერია პროგრესს ნაკლებად განასახიერებს. თვითონ კი სჯერათ, რომ მესამე რომი არიან და მეორე კონსტანტინეპოლი, მაგრამ მთლად ასე არ არის. მართალია, გვითხრა, სხვათა შორის, ძალიან ჭკვიანმა კაცმა, ბენდუქიძემ, წარმოიდგინეთ, რომ კავკასიონს გადაღმა არის ზღვაო, მაგრამ გინდა ზღვა იყოს და გინდა ოკეანე, რუსეთი კიდევ 100 წელს მაინც იქნება რეგიონული პოლიტიკის ფაქტორი. ამიტომ უნდა გაითვალისწინო. მაგალითად, სომხებმა არ გაითვალისწინეს, თუმცა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან რუსეთი იყო მათი არსებობის შენარჩუნების მთავარი ფაქტორი. ისევ თურქეთს რომ დავუბრუნდე: ურთიერთობა მჭიდროა განსაკუთრებით, თურქული კაპიტალის, თურქული ბიზნესის აქტივობა საქართველოში, რაც, ასევე, მთავრობის გასარკვევი საკითხია: არის თუ არა თანაზომადი ქართული ბიზნესის აქტივობასთან თურქეთში. ხშირად მომყავს ეს მაგალითი: როდესაც ქართველებმა თურქეთში ლიმონათი შეიტანეს, არ მისცეს გაყიდვის უფლება. შემდეგ მისცეს, მაგრამ გააფრთხილეს, მეტი პარტია აღარ შემოიტანოთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ლიმონათიო. არადა ურთიერთობა ორმხრივ სასარგებლო უნდა იყოს, მაგრამ, ვეჭვობ, რომ ამის შესახებ ვინმე საუბრობდეს ჩვენი მთავრობიდან ან დიპლომატებიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი