პოლიტიკა

გაგრძელდება თუ არა „დემოკრატების“ გამარჯვების შემდეგ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ექსპორტი ამერიკიდან და ორი სქესის 200 გენდერად დაშლა

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 21 წუთის წინ

სოსო მანჯავიძე
დაკოპირებულია

ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებში „დემოკრატების“ გამარჯვებამ, მაგალითად, ირანის ხელისუფლებას იმედი ჩაუსახა, რომ ომი დასრულდება, სხვები იმას ჩივიან, როდის და რით დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ჩვენ კი, სავარაუდოდ, ის უფრო გვაშფოთებს, ისევ ქალი და მამაკაცი დარჩება დედამიწაზე, ანუ ორსქესიანობა, თუ კვლავ ორასამდე გენდერად დავიშლებით? – ამ თემებზე სოსო მანჯავიძე გვესაუბრება.

– რა პროცესია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა უკვე ჩანს, რომ კაცობრიობა უკვე იმ დონემდე მივიდა, გენდერების ამბავიც კი აშშ-ის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

– შეერთებულ შტატებში მოხდა ის, რაც გამოიწვია სრულიად წარმოუდგენელმა ორწლიანმა პერიოდმა, რომელიც დაკავშირებული იყო ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებების სრულ იგნორირებასთან, ანუ იმის იმედთან, რომ ის დაპირებები არავის გაახსენდებოდა და იმ რიტორიკასთან, რომელიც თან ახლდა ტრამპის მოქმედებებს. როგორც ვნახეთ, ტრამპის ამ სტრატეგიამ არ გაამართლა და ამერიკელებმა გააკეთეს ის, რომ ტრამპის „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე, ხოლო „დემოკრატების“ ამომრჩევლები სრულად გამოცხადდნენ. ასევე, ბევრი ის ადამიანი, რომლებიც უბრალოდ, აგრესიულად განეწყო ტრამპის მოქმედებებისადმი, მივიდა საარჩევნო უბნებზე და შემოხაზეს „დემოკრატები“, რაც წარმოუდგენელი იყო იმ სიგიჟეების შემდეგ, რაც „დემოკრატებმა“ ამერიკელ ხალხს თავს მოახვიეს, იმავე სრულიად ტრაგიკომიკური გენდერული ფორმების დანერგვის, ბავშვების სქესის შეცვლის, სკოლებში გენდერნეიტრალური ტუალეტების დანერგვის, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მამაკაცების ტრანსგენდერ ქალებად გამოყვანისა და ამგვარი ყველა სიგიჟის მხარდაჭერის ფონზე, რაც, ზოგადად, სხვა თუ არაფერი, არის კაცობრიობის, ყველა კულტურისა და ადამიანის დაცინვა. ყველა, ვინც ამას მხარს უჭერს, რა თქმა უნდა, არის მსხვერპლი იმ მიზანმიმართული მოქმედების, რასაც ადამიანის სახის დაკარგვა ჰქვია.

– ესე იგი, უნდა ველოდოთ ახალ გენდერულ აფეთქებებს?

– გაიმარჯვა „დემოკრატების“ იმ ფლანგმა, რომელსაც იგივე ტრამპი ეძახის რადიკალ მემარცხვენე კომუნისტებს, ამდენად, უნდა ველოდოთ „დემოკრატიული პარტიისთვის“ დამახასიათებელი მთელი ამ არანორმალურობების თაიგულის კვლავ გადაფრქვევას მთელ მსოფლიოზე. უპირველესად, შეერთებულ შტატებზე და შემდეგ – მთელ მსოფლიოზე. ვიმეორებ, იქ ისეთმა რადიკალმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომლებსაც ასეთი კიდევ უფრო რადიკალური პროექტები აქვთ.

– ესე იგი, ობამას მიერ თავის დროზე დაანონსებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ექსპორტი არათუ გაგრძელდება, გაძლიერდება?

– დიახ და ფერადი რევოლუციებისა და რეჟიმების ცვლილებების მცდელობები. ეს არის „დემოკრატების“ პირდაპირი მოქმედების პროგრამა. ჯერჯერობით მათ, მართალია, კონტროლი აიღეს ორივე პალატაზე, მაგრამ პრეზიდენტის ფიგურა მაინც საკმაოდ ძლიერია. ამას გარდა, მათ არ მიეცემათ დაუბრკოლებლად თავიანთი პროგრამის განხორციელების საშუალება, სანამ თეთრი სახლი „რესპუბლიკელებს“ უჭირავთ. ამიტომ, ერთი მხრივ, ჩვენ უნდა ველოდოთ ბრძოლის გაგრძელებას, შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას შეერთებულ შტატებში, ხოლო, მეორე მხრივ, „დემოკრატები“ შეეცდებიან, არ დაუშვან ახალი ომის ესკალაცია ირანთან, იმიტომ რომ ირანისადმი „დემოკრატები“ ტრადიციულად ნაკლებად აგრესიულები არიან, ვიდრე „რესპუბლიკელები“, სამაგიეროდ, შეეცდებიან უკრაინის მეშვეობით რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებების გაძლიერებას. ანუ ეს ორი ძირითადი ტენდენცია იქნება. ასევე, „დემოკრატები“ გაცილებით აგრესიულად არიან განწყობილნი სი ძინ პინისადმი. ასე რომ, ამ მიმართულებითაც უნდა ველოდოთ დაძაბულობის ზრდას.

– მთლიანობაში თუ შეიცვლება ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური კურსი? სულ გვესმოდა, რომ აშშ-ს მართავს ინსტიტუციები და არა პერსონები. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრეზიდენტი. ტრამპის პრეზიდენტობასაც ეს კონტექსტი აქვს?

– არასწორი ტერმინოლოგიაა. ამა თუ იმ ადამიანის, „რესპუბლიკელისა“ თუ „დემოკრატის“ გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში გამოხატავს ელიტებს შორის ბრძოლის შედეგებს. იქაც მიმდინარეობს შიდა ბრძოლა და არსი ისაა, თუ რომელი სტრატეგიაა უმჯობესი ამა თუ იმ ელიტური ჯგუფისთვის და, მათ შორის, შეერთებული შტატების, როგორც ამ ელიტური დაჯგუფების ბუდისთვის, ცენტრისთვის. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს ერთპოლუსიანი სამყაროსთვის ბრძოლა თავის მოკავშირეებთან ერთად და ცენტრალური ძალისხმევის ვექტორი აქეთ უნდა იყოს მიმართული; მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა, რითიც დაიწყო ბატონმა ტრამპმა, ძალისხმევის ვექტორი უნდა მიიმართოს ახალი მონროს დოქტრინის განხორციელებისკენ, რომ შტატებმა კონტროლი აიღოს ამერიკის ორივე კონტინენტზე, თავისი გრენლანდიიანად. უნდა გააკონტროლონ პანამის არხი, კანადა და ასე შემდეგ. ელიტები ებრძვიან ერთმანეთს და მათ განსხვავებული სტრატეგია აქვთ, რაც გამოხატულია ამერიკის პოლიტიკური ბრძოლის შედეგებში. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ეს ყველაფერი თეატრია და არანაირი შიდა წინააღმდეგობები არ არსებობს.

– დონალდ ტრამპის ქცევა საკუთრივ მისია თუ ისე იქცეოდა და იქცევა, როგორც საჭირო იყო?

– ტრამპი იქცეოდა, როგორც ტრამპი, მით უმეტეს, რომ ასაკი აქვს და მისი პათოლოგიური ნარცისიზმი კიდევ უფრო ეგზოტიკური ფორმებით გამოვლინდა, რამაც ამერიკის ელექტორატის დიდი ნაწილის ჭინჭრის ცხელება გამოიწვია, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ასეთი ტრაბახი: მაგალითად, ირანი 10-ჯერ დაამარცხა; უკრაინის ომი, სათვალავი ამერია, იმდენჯერ შეწყვიტა, ამასთან, განუწყვეტელი ბაქიბუქი და ყველას ლანძღვა ძალიან მძიმედ მოქმედებდა. მით უმეტეს, უხამსად გამოხატული, რაც არ შეესაბამებოდა არც პრეზიდენტობის ფორმას და არც მის ასაკს. როდესაც მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თავს თავისი წყენებისა და უამრავი შინაგანი პრობლემის რეალიზების უფლება მისცა. ამან ამერიკილებს დაავიწყა ბაიდენისა და მისი გუნდის სიგიჟეები და ხმა ისევ „დემოკრატებს“ მისცეს. აი, ეს მოხდა.

– იგეგმება ტრამპის, პუტინისა და სი ძინ პინის შეხვედრა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინის შესახებ, აქვს ფასი ამ აქტივობებს?

– პუტინი 20 წელია, ხელისუფლებაშია, სი ძინ პინიც, დაახლოებით, ამდენი ხანია და მას წინ კიდევ აქვს წლები სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლებაში ყოფნისა. მოგეხსენებათ, რომ რვაწლიანი შეზღუდვა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე გაუქმდა და ქვეყნის მმართველი, ფაქტობრივად, იმპერატორად გადაიქცა. ეს მიანიშნებს, რომ ამ ადამიანების რაღაცაზე ხელის მოწერა გარკვეულ სტაბილურობას გამოხატავს, მაგრამ შეერთებული შტატების, განსაკუთრებით, მისი ბოლო პერიოდის საგარეო პოლიტიკური აქტები და მოქმედებები ყოველთვის იწვევს უნდობლობას, იმიტომ რომ არავინ იცის, ვინ არის გარანტორი, იქნება თუ არა ვალიდური ესა თუ ის ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატების ხელისუფლების სათავეში სხვა ელიტა მოვა.

– სომხეთზე გამავალი, ეგრეთ წოდებული, ტრამპის გზა ძალაშია და ჩვენდამი არსებული ტაიმ-აუტიც?

– ტრამპის გზის გახსნის შემთხვევაში ირანი ფეხების დამსხვრევით დაიმუქრა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რძალო, შენ გეუბნები, მულო, შენ გაიგონეო. ცხადია, ირანი არ დაუშვებს ამ გზის ამოქმედებას, თუ ის სტაბილური სახელმწიფო იქნა და ვერ დაამხეს და გაანადგურეს ირანის რეჟიმი და ვერ დაშალეს ირანი.

– და ეს შეიძლება, ჩვენს რეგიონში ახალი კონფლიქტის წყარო გახდეს.

– კონფლიქტი ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, თუ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში პირდაპირ არ ჩაერთვებიან ამერიკელები და ისრაელი ან რომელიმე დიდი სახელმწიფო. ირანის შეიარაღებულ ძალებს რა პრობლემები ექნებათ, რომ, დავუშვათ, ამ გზის მუშაობას ხელი შეუშალონ?! არანაირი. ვინმეს წარმოუდგენია ამ გზის ირანის თანხმობის გარეშე გაყვანა?! ფეხების დამსხვრევა იმით გამოიხატება, რომ გადმოსხამენ ერთ კორპუსს და სარაკეტო დარტყმას მიაყენებენ.

– კონფლიქტში ეს ვიგულისხმე.

– მათთვის ეს, თავისი მასშტაბით, სრულიად უმნიშვნელო სამხედრო ოპერაციაა. ჩვენ ვხედავთ, რა დღე დააყარა ირანმა 22 ამერიკულ ბაზას იმავე რეგიონში და ვხედავთ, რომ ამერიკული ხომალდები ირანის სანაპიროებს 1 000 კილომეტრზე ვერ უახლოვდებიან და უფრო შორს დაცურავენ. სომხეთი კი პირდაპირ ესაზღვრება და ვიმეორებ, თუ ირანი ირანი იქნა, როგორ წარმოგვიდგენია, რომ მისი თანხმობის გარეშე გავიდეს ეს გზა?! უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანი და რუსეთი მოკავშირეები არიან და ძალიან ახლო მოკავშირეები და არც თუ იოლი მოსალაპარაკებელი ქვეყნები. აქვთ ძალიან ხისტი პოზიციები, ჩინეთთან აქვთ ახლო ურთიერთობა. შესაბამისად, რეგიონის ქვეყნებს უნდა ჰქონდეს რეალისტური შეხედულება ძალთა განლაგებაზე რეგიონში, ძალიან მძიმეა მათი ხვედრი, ვინც არარეალისტურად უდგება, ზოგადად, სამხედრო ძალთა განლაგებას თავის სამეზობლოში და აქვს ილუზიები, რომ ვიღაც 9 000 ან 2 000 კილომეტრიდან მათ გამო თავს გაწირავს და გამოაგზავნის, მით უმეტეს, ამ რეგიონში შეიარაღებულ ძალებს. გასაგებია, რომ ეს ძალები დაინტერესებული არიან პროქსი-ძალების არსებობით თავიანთი სტრატეგიული მოწინააღმდეგის ზურგში. მაგალითად, როგორც ტრამპს აქვს ქურთების იმედი და, ასევე, აზერბაიჯანის, რომ, როდესაც ისინი გენერალურ დარტყმას განახორციელებენ ირანზე, ისინი ააფეთქებენ ირანს ჩრდილოეთიდან და გაფანტავენ მის ძალებს. უნდა ველოდოთ საქართველოში სიტუაციის დაძაბვის მცდელობის გააქტიურებასაც, იმიტომ რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობების კონტროლი ძალიან დიდ პერსპექტივას აძლევს ამ პროექტის ავტორებს იმავე აზერბაიჯანზე ზეგავლენისა და შემდეგ შუა აზიაზე, ამ უზარმაზარ რეგიონზე თავის გავლენების გაზრდის თვალსაზრისით. ამიტომ, ეს პროცესები სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი