პოლიტიკა

რატომ უნდა დაემსგავსონ ერთმანეთს ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი და როგორ აისახება მსოფლიოში თეთრკანიანთა შემცირება საქართველოზე

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 05.01, 2022 წელი

ავთანდილ სულაბერიძე
დაკოპირებულია

დედამიწაზე ადამიანთა ოთხი რასა ცხოვრობს: თეთრკანიანები, შავკანიანები (თუმცა ბოლო პერიოდია, შავკანიანის თქმა, რატომღაც, სიძულვილის ენადაა მიჩნეული), წითელკანიანები და ყვითელკანიანები. რასებს ერთმანეთისგან განასხვავებს აღმსარებლობაც და, მეტიც, ერთი და იმავე რასის წარმომადგენლებიც კი სხვადასხვა აღმსარებლობას მისდევენ. სტატისტიკური მონაცემებით, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თუმცა დედამიწის მოსახლეობა უკვე 8 მილიარდია, წესითა და რიგით, 10-11 მილიარდი უნდა იყოს, ანუ, ზოგადადაც, იკლებს დედამიწაზე მოსახლეობის ოდენობა და, მათ შორის, თეთრკანიანი ადამიანებისაც, თუმცა იზრდება მოსახლეობის ოდენობა, ეგრეთ წოდებულ, მესამე სამყაროს ქვეყნებში – რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში მცხოვრები ერები ახალგაზრდავდებიან. „ნატოს“ გერმანელი მრჩევლის, ჰაინზონის მეთოდით, დემოგრაფიული სურათის უკეთ აღსაქმელად ერთმანეთს უდარებენ ქვეყანაში 40-44 წლის მამაკაცების ოდენობას 1-4 წლის ვაჟების ოდენობას. თუ 100 მამაკაცზე (40-44 წელი) მოდის 80-ზე ნაკლები ბიჭუნა (1-4 წლის), ესე იგი, დემოგრაფიული ვარდნაა. მაგალითად, ღაზის სექტორში 40-44 წლის ყოველ 100 მამაკაცზე 1-4 წლის 464 ბიჭუნა მოდის, ავღანეთში ეს მონაცემია 403 ბიჭუნა, სომალიში – 364 ბიჭუნა, ერაყში – 351 ბიჭუნა, სირიაში – 253 ბიჭუნა. ჰაინზონის აზრით, სამხრეთის ეთნიკური პოტენციალი ევროპისთვის 750 მილიონია. რა თქმა უნდა, ის 750 მილიონი ადამიანი არ იხუვლებს და ერთბაშად მიაწყდება ევროპას საცხოვრებლად, თუმცა 50 მილიონიც საკმარისია, რომ ევროპა დასრულდეს, როგორც ევროპა. თუ ევროპელები, ევროპული ცივილიზაციის შემქმნელები უმცირესობაში აღმოჩნდებიან, ცხადია, რომ დასავლური ცივილიზაცია დასავლური ცივილიზაცია აღარ იქნება. რამდენიმე ნომრის წინ იოსებ არჩვაძესთან ინტერვიუში, ითქვა, რომ, თუკი აქამდე თბილისი მულტიეთნიკური ქალაქი იყო, აწ უკვე მულტირასობრივი ქალაქი ხდებაო. ბუნებრივია, ყველა ადამიანს აქვს ამ დედამიწაზე ღირსეულად ცხოვრების უფლება, მაგრამ, თუ ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობასაც გავიხსენებთ, ადვილი შესაძლებელია, რომ ჩვენც უმცირესობაში აღმოვჩნდეთ არც თუ შორეულ მომავალში. ამ პრობლემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს ავთანდილ სულაბერიძეს გავესაუბრეთ.

– ვისაუბროთ სუფთა სტატისტიკურ მონაცემებზე, მსოფლიოში ოთხი რასაა და თეთრკანიანები მცირდებიან სხვა რასის წარმომადგენელთა ზრდის ფონზეო. თუმცა ეს ერთი შეხედვითაც აშკარაა – თუ გავიხსენებთ ჩინეთისა და ინდოეთის მოსახლეობის ოდენობას, უკვე სამ მილიარდამდე არიან. როგორ აისახება თეთრკანიანთა რასის შემცირება ჩვენზე?

– უშუალოდ ჩვენ ეს პრობლემა ნაკლებად გვეხება, იმიტომ რომ ჩვენთან, თუმცა სხვა სახელმწიფოს მოქაალქეები ცხოვრობენ, უპირველესი პრობლემა მაინც დემოგრაფიაა, იკლებს შობადობა, იმატებს მოკვდაობის მაჩვენებელი, იმას გარდა, რომ ჩვენი ერი დაბერებულია. რაც შეეხება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს: ბევრი შეთქმულების თეორიაა, რომ ხელოვნურად მცირდება მოსახლეობა დედამიწაზე, რასაც არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ფაქტია, რომ აზიური წარმომავლობის ეთნოსები – ჩინელები და ინდოელები – მრავლად არიან დასავლეთში. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი, ფაქტობრივად, გაჯერდა ჩინელი და ინდოელი მოსახლეობით. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჯერჯერობით მსგავსი სიტუაცია არ არის. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იყო შექმნილი ჩინური უბნები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე: ერთმანეთსაც უწყობდნენ ხელს და ჩინური სახელმწიფოც უწყობდა მათ ხელს. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს ჩვენთანაც, ოღონდ თურქეთიდან და ირანიდან. ეს უკვე აშკარაა: ყიდულობენ ბინებს, ეწევიან მეწარმეობას, ინდოელებმაც მოზრდილი მიწის ნაკვეთები შეიძინეს საქართველოში. შეიძლება, ეს მცირედია სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ საქართველოსთვის მაინც დიდი მაჩვენებელია. მაგალითად, 2002-2014 წლებში 17 პროცენტითაა გაზრდილი თურქეთის მოქალაქეების წილი საქართველოში. ახლანდელი მონაცემები გვეცოდინება მორიგი აღწერისას. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ მაღალია ქართველთა საქართველოდან გადინების მაჩვენებელი, იმიტომ რომ აქ არ არის ცხოვრების ის დონე, რომელიც გვინდა, რომ იყოს. ისინი უკვე 30 წელია, ემიგრაციაში არიან, ამასობაში იცვლება მათი ბუნება, გაწყობა, ქცევა. ამასთან, არ ვიცით, როგორია ჩვენი ემიგრირებული თანამემამულეების აღწარმოებითი, ქორწინებითი ქცევა. ეს შესასწავლია, რასაც, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ჩვენ არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ არ გვაქვს დაფინანსება. ახლაც ბათუმში ვიყავი და ძლივს გამოვძებნეთ სახსრები, რომ პანდემიის პირობებში გამოგვეკითხა მოსახლეობა. შეგვესწავლა კოვიდის დროს ცალკეული ეროვნებებისა და კონფესიების წარმომადგენელთა ქცევა. ჩვენთან კონფესიები და ეროვნებები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ თვითონ ეროვნებებსაც ახასიათებთ კონფესიური თავისებურებები. მაგალითად, მართლმადიდებლებში ზოგი მორწმუნეა, ზოგი – არა, მორწმუნეთა შორის კი ზოგი დადის ეკლესიაში, ზოგი – არა. მსგავსი ვითარებაა სხვა კონფესიების მიმდევრებშიც. ასევე, საკვლევია სხვადასხვა კონფესიებში ქორწინების, შობადობის და სხვა საკითხები. მართალია, დაფინანსება ჭირს, მაგრამ მაინც დავიწყეთ იმ საკითხების შესწავლა, რაც გლობალიზაციის ფონზე მიმდინარეობს მსოფლიოში. გლობალიზაცია, ფაქტობრივად, იბრძვის ეთნიკური და რელიგიური თავისებურებების წინააღმდეგ. ამიტომაც, მაგალითად, აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შემდეგ ამბობენ, რომ საქართველოში სხვა ეთნოსისა და კონფესიის წარმომდგენლების უფლებები ირღვევა, ოღონდ არ ვიცი, საიდან მოაქვთ ეს ინფორმაცია, ასევე, თითქოს ირღვევა სქესთა უფლებები, „ელ გე ბე ტე“ თემის უფლებები. პრობლემები არის, მაგრამ არაა მასობრივი. ეს განზრახ კეთდება, რომ აირიოს სიტუაცია თითოეულ ქვეყანასა და რეგიონში და იოლად დაიმორჩილონ მთელი მსოფლიო. ომი უკვე აღარ იწარმოება ბომბებით, მან ფსიქოლოგიურ დონეზე გადაინაცვლა.

– ანუ ყველანი რომ დავემორჩილოთ ერთ წესს?

– დიახ, ერთგვაროვანი რომ გახდეს მსოფლიო. მაგალითად, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი უნდა იყოს ერთნაირი, კავკასია გახდეს ერთგვაროვანი, ერთი წესით იცხოვრონ, რომ ძველმა წესებმა, რელიგიურმა, ტრადიციულმა, უკანა პლანზე გადაინაცვლოს. ეს ძალიან მარტივი სქემით კეთდება და ეფუძნება მრავალფეროვნების გამო შუღლის ჩამოგდებას, რაც ხდება ერთგვაროვნების საფუძველი. მაგალითად, ძალიან მარტივად გააკეთა ეს რუსეთმა, როდესაც შუღლი ჩამოაგდო აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის. იქ იყო პოლიტიკური მომენტებიც, მაგალითად, სეპარატისტი ოსები დახარბდნენ თანამდებობებს. თორემ ახლაც მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს ოსებთან.

– დანარჩენ საქართველოში გაცილებით მეტი ოსი ცხოვრობს და პრობლემა არ გვაქვს, ისევე, როგორც ვლადიკავკაზში უამრავი ქართველი ცხოვრობს და ჩრდილო ოსებს მათთან პრობლემა არ აქვთ.

– რა თქმა უნდა. 2008 წელი უგუნურებით იყო გამოწვეული, თორემ ჩვენსა და ოსებს შორის აგრესია არ ყოფილა. საერთოდ, რაც უფრო მტკიცეა ეროვნებათა შორის ურთიერთობა, მით უფრო რთულია იქ გლობალიზაციის ფესვის ჩანერგვა. ვგულისხმობ დაპირისპირების გაღვივებას განსხვავებულობის გამო. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს კონფლიქტი ებრაელებთან. იმის თქმა მინდა, რომ შეგვიძლია, მივიღოთ სხვების ეთნიკური და კონფესიური განსხვავებულობა. სომხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ ჩვენთან ერთად და არც მათთან გვქონია კონფლიქტი. საქართველოში გლობალისტები მიისწრაფვიან შუღლის ჩამოგდებას ვითომ სამოქალაქო საზოგადოების შესაქმნელად გამოყოფილი დაფინანსებით. ისევ რასებს დავუბრუნდეთ: საქართველოში ერთ პერიოდში მრავლად შემოვიდნენ ჩინელები, მაგალითად, გასული საუკუნის 90-ან წლებში, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდეს, მიხვდნენ, რომ სხვა კულტურის ხალხი ვართ, რომ აქ ვერ გაასაღებდნენ თავიანთ იაფფასიან საქონელს. ხშირად დავდივარ რიკოთზე, მშენებლობაში ქართველებიც მუშაობენ, მაგრამ ხელმძღვანელები ჩინელები არიან და დისკრიმინციულია ქართველებისადმი დამოკიდებულება. ვგულისხმობ ხელფასებს. ოღონდ ამაზე ხმა უნდა ამოიღონ პროფკავშირებმა. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი გლობალური თამაშის წესებიდან. უამრავი სცენარია დაწერილი გლობალისტების მიერ – ჩვენ რაღა უნდა შეგვამცირონ, მაგრამ სხვა სცენარებიცაა. ჩვენთან სჭირდებათ თვისებრივი ცვლილება, რომ დავივიწყოთ ჩვენი ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები, იმიტომ რომ ისედაც დაბერებული მოსახლეობა ვართ, შობადობაშემცირებული, დაბერების გამო მოკვდაობის დონე ისედაც მაღალია. მათ ეს ჩვენი დემოგრაფიული პრობლემები ძალიან კარგად იციან. ქორწინებითი პრობლემებიც გლობალისტური გავლენაა – შემოვიდა სხვა ქორწინებითი ფორმა. ქორწინების ასაკმა 30 წლამდე აიწია. ეს, თავისთავად, გადაავადებს შობადობას. მოკლედ, თუ, ზოგადად, დასავლეთში, აშშ-სა და ევროპაში იზრდება სხვა რასისა და კონფესიების წარმომადგენელთა რიცხვი, ჩვენთან ეს პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის. აი, ევროპას კი, ჩემი აზრით, უფრო არაბიზაცია ემუქრება, ვიდრე ფერადკანიანთა მომრავლება. არადა, რუკას რომ დავხედოთ – თითქოს კონტინენტებზეა რასობრივი გადანაწილება. არაბები იმიტომ მიდიან ევროპაში, რომ აფრიკის ჩრდილოეთი დაპყრობილი ჰქონდათ ევროპელებს. თავიანთი ენა შეასწავლეს და, როდესაც არაბები უმუშევრები დარჩნენ, გაიხედ-გამოიხედეს, სად წავიდეთო და ვინც ფრანგული იცოდა, წავიდა საფრანგეთში, ვინც ჰოლანდიური – წავიდა ჰოლანდიაში, ასე რომ, ენამ განაპირობა რასობრივი გადანაწილება. ამერიკელებს კი თავად მიჰყავდათ ფერადკანიანები აფრიკიდან მონებად და ასწავლეს ინგლისური. ამიტომ ინგლისურენოვანი შავკანიანი მოსახლეობა უფრო მეტია მსოფლიოში. ჩინელები არავის მიუწვევია. თვითონ გადავიდნენ ამერიკის კონტინენტზე. ციმბირისკენ ვერ შევიდნენ, იმიტომ რომ სსრკ ჩაკეტილი იყო, ახლა კი ციმბირშიც მომრავლდნენ ჩინელები. მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს – დემოგრაფიას უნდა მივხედოთ. ძალიან ბევრს ლანძღავენ ეკლესიას, მეც არ მომწონს ბევრი სასულიერო პირის ქცევა, მაგრამ მხოლოდ ეკლესია თუ გადაგვარჩენს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი