პოლიტიკა

რატომ ამყარებს ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიას ყველგან, სადაც ნავთობის მარაგებია

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00

იოსებ არჩვაძე
დაკოპირებულია

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ირანის ნავთობისა და სპარსეთის ყურის დაპატრონების სურვილს აშშ ასე იოლად არ დათმობს და არც ირანი აპირებს დათმობებზე წასვლას, ამდენად, სანამ ეს დავა გადაწყდება, იბადება კითხვა, ამჟამად ვინ ვის ნავთობსა და გაზს მოიხმარს, რა ფასად და, შესაბამისად, ვინ აღმოჩნდა მომგებიან მდგომარეობაში შექმნილი ვითარების გამო? – ამ თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ვენესუელის ნავთობის მითვისების, ასევე, ირანის ნავთობისა და გაზის მითვისებისა და სპარსეთის ყურეში მოძრავი ნავთობის გადაზიდვის წილში ჩაჯდომის სურვილების განხორციელების მცდელობების შედეგად ვინ რით იხეირა?

– მახსენდება პრეზიდენტ ბუშისდროინდელი ანეკდოტი, ბუშს წარუდგენენ ანგარიშს, რომ ზანზიბარში აღმოაჩინეს ნავთობის ძალიან დიდი მარაგი და ბუში ეუბნება: სასწრაფოდ უნდა გავაგზავნოთ ჯარი დემოკრატიის დასამყარებლადო. შტაბის უფროსი გაკვირვებულია, მაგრამ დემოკრატია არც ჩრდილოეთ კორეაში არ არის და იქ რატომ არ აგზავნით ჯარებსო. მათ ნავთობი არ აქვთ, რად უნდათ დემოკრატიაო.

– გამოქვეყნდა ტრამპის 1987 წლის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ვერ ხვდება, რატომ არ არის ირანის ნავთობი აშშ-ის საკუთრება, ჩვენ ძალიან გვჭირდებაო. როგორც ჩანს, ახლა ამ „ხარვეზს“ ასწორებს.

– ის ბიზნესმენია და ყველაფერს უყურებს ბიზნესის მენეჯმენტისა და ძალის პოზიციებიდან და არა სახელმწიფოებრივი ხედვით. ძალა მაქვს და მართალი ვარ, დაახლოებით, ასეთი მიდგომაა.

– ესე იგი, ძალის სამართალი და სახელმწიფოებრივი ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება?

– ყველაფერი შეფარდებითია. ძალა უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ სამართლიანობას და რაღაც სისტემურ დამოკიდებულებას და გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს კვირაში ცხრა პარასკევის მიხედვით. პოეტის ფრაზის პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ: ნავთობი ნავთობზე მეტია, იმ გაგებით, რომ მასზე დიდწილადაა დამოკიდებული მსოფლიო პოლიტიკის ტემპერატურა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მსოფლიოში ყოველდღიურად, დაახლოებით, 104-105 მილიონი ბარელი ნავთობი იწარმოება, საიდანაც 45-50 მილიონი ბარელი გადის ექსპორტზე, ანუ მთლიანი წარმოების ნახევარზე ოდნავ ნაკლები, თუმცა ეს მაჩვენებელიც იზრდება. მაგალითად, ბოლო 15 წლის განმავლობაში ნავთობის წარმოება, დაახლოებით, 42 პროცენტით გაიზარდა. რას ნიშნავს ეს? იმავე პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა მსოფლიო ეკონომიკის მოცულობა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ყოველი მილიონი დოლარის წარმოებისათვის სულ უფრო და უფრო ნაკლები ნავთობი იხარჯება. ბოლო მაჩვენებლით, დაახლოებით, 20-დან 25 პროცენტამდე შემცირდა ნავთობის წილი.

– უხეშად ვიტყვი: ნავთობი აღარ არის საჭირო ფულის გასაკეთებლად?

– ყოველ შემთხვევაში, გაჩნდა კონკურენცია ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ატომური ელექტროსადგურების სახით. მსოფლიოში, დაახლოებით, 220 სახელმწიფო და ტერიტორიული წარმონაქმნია, არაღიარებულსა და ნახევრად აღიარებულ ქვეყნებსა და ტერიტორიებსაც ვგულისხმობ, მაგრამ ნავთობს აწარმოებს 103-104 ქვეყანა. ზოგიერთი ერთ წელიწადს აწარმოებს, შემდეგ წყვეტს. აქედან დღეში ერთ მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი იწარმოება, დაახლოებით, 75 ქვეყანაში. მათ შორის, საქართველო 1983-1984 წლებში წელიწადში 3 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებდა და საქნავთობის მაშინდელი თავმჯდომარე ბატონი რევაზ თევზაძე სოციალისტური შრომის გმირის წოდებითაც კი დააჯილდოეს. შედარებისათვის, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის, ბოლო წლებში, აზერბაიჯანში, დაახლოებით 16-დან 18 მილიონ ტონამდე ნავთობს აწარმოებდნენ წელიწადში და უკვე ავიდნენ 27 მილიონ ტონამდე. ეს ნიშნავს, რომ თითქმის იმდენივეს აწარმოებს, რამდენსაც ისეთი გიგანტური სახელმწიფოები, როგორიც არის გაერთიანებული სამეფო და ინდონეზია. ნავთობთან დაკავშირებით არის კიდევ ის მომენტი, რომ მწარმოებლები და მომხმარებლები ყოველთვის არ ემთხვევიან ერთმანეთს: მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა მსოფლიოში ნავთობის წარმოების მიხედვით, მსოფლიო წარმოების 20 პროცენტი მასზე მოდის, მაგრამ, რადგანაც დიდი მომხმარებელია, ექსპორტზე დიდი რაოდენობა არ გააქვს. თავისი წარმოების, დაახლოებით, 20-25 პროცენტამდე. ექსპორტით პირველ ადგილზეა საუდის არაბეთი, რომელსაც შეერთებულ შტატებთან შედარებით, ნაკლები წარმოება აქვს, მაგრამ მასზე თითქმის ორჯერ მეტი გააქვს. ამიტომაც მსოფლიო ბაზრის ფასებზე საუდის არაბეთის გავლენა საკმაოდ დიდია. ამინდს ტრადიციულად ქმნის საუდის არაბეთი და მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ფასწარმოქმნაში. თავის დროზე, ანუ გასული საუკუნის 80-იან წლების მეორე ნახევარში, საბჭოთა კავშირის კოლაფსში, ანუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების დაგდებაში საუდის არაბეთმა დიდი როლი შეასრულა. ასე რომ, თუ ავიღებთ მოხმარებასა და წარმოებას შორის კავშირს ნავთობის მწარმოებელ ათ უდიდეს ქვეყანაში, მათგან მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს წარმოებაზე მეტი მოხმარება. ესენი არიან ამერიკა და ჩინეთი. ჩინეთი ოთხჯერ მეტ ნავთობს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს; ამერიკის შეერთებული შტატები კი, დაახლოებით, ერთ-ნახევარჯერ მეტს. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები უმეტესწილად თავის ნავთობს მოიხმარს და ექსპორტზე ვერ გააქვს იმდენი, რამდენსაც, ალბათ, ისურვებდა.

– ამიტომ დაეპატრონა ვენესუელის ნავთობს და ახლა ირანის ნავთობის კონტროლზე უჭირავს თვალი?

– არა მარტო ეს მიზეზი იქნებოდა. შემთხვევით არ ვახსენე, რომ ნავთობი ნავთობზე მეტია და ის არის პოლიტიკური ზეწოლისა და ზემოქმედების იარაღი მსოფლიოში, რომელსაც არანაკლები წონა და გავლენა აქვს და შეიძლება, უფრო მეტიც, ვიდრე, მაგალითად, ოქროს რეზერვების ფონდს. ამდენად, ნავთობი სულ უფრო და უფრო მეტად იძენს სტრატეგიული რეზერვისა და საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის როლს. სპარსეთის ყურის კრიზისი ახსენეთ და ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ, თუ იმ გზით ვერ მიიღებენ ნავთობს, წარმოება გაჩერდება. ქვეყნებს საკმარისად დიდი რეზერვები აქვს დაგროვილი, ხოლო მსოფლიოში აღმოჩენილი ნავთობის ტექნიკურად შესაძლებელი მარაგები, რომელთა მოპოვება ხვალვე შეიძლება, ოღონდ ბაზარზე მოთხოვნა არსებობდეს, არც მეტი, არც ნაკლები, 47-ჯერ აღემატება, მაგალითად, 2025 წელს მოხმარებული ნავთობის მოცულობას. ვახსენე, რომ მსოფლიოში 80-მდე ქვეყანაა, რომელთა ნავთობის ყოველდღიური მოპოვება ერთ მილიონ ბარელზე მეტია. ამიტომ იმის თქმა, რომ ბაზარი პირწმინდად მონოპოლიზებულია, არ შეიძლება. ოლიგოპოლიური ბაზრის ნიშნებზე კიდევ შეიძლება საუბარი, თუმცა მონოპოლიური მდგომარეობა არც იქ არის. თანაც, არსებობს ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები, მაგრამ მსოფლიოში ნავთობის მარაგი კი არ მცირდება, არამედ იზრდება. შედარებისთვის მოვიტან ასეთ მაგალითს: ბოლო 15 წლის განმავლობაში ნავთობის მოპოვება გაიზარდა თითქმის ნახევარჯერ და იმავე პერიოდში ნავთობის რეზერვები გლობალური მასშტაბით გაიზარდა 13-ჯერ. ანუ მოხმარებაც იზრდება და ტექნოლოგიების განვითარების შედეგად რეზერვებიც იმატებს. ასე რომ, ამ მხრივ, მსოფლიოს საფრთხე არ ემუქრება. მეტსაც გეტყვით, პანდემიის დროს, მოგეხსენებათ, მსოფლიო ეკონომიკა დაპაუზდა და ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. იყო პერიოდი, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ნავთობი მსოფლიო ბაზარზე, დაახლოებით, 10-დან 30 დოლარამდე დაეცა. ხოლო ერთ დღეს, რაც ისტორიული თარიღია, კერძოდ, 2020 წლის 20 აპრილს ნავთობის უარყოფითი ფასი დაფიქსირდა. მართალია, რამდენიმე საათით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ოღონდ ვინმე დათანხმებოდა და მწარმოებელი მზად იყო, გადაეხადა. გადავსებული იყო რეზერვები, ნავთობის გადამზიდავი საშუალებები და არ იცოდნენ, სად წაეღოთ ეს ნავთობი. ასეთი მდგომარეობაც იყო, ამდენად, იმაზე ფიქრი, რომ მსოფლიოს ნავთობის კრიზისი ემუქრება, გადაჭარბებულია.

– ახლა, როდესაც რეზერვები არ გახსნილა, არც ახალი საბადოები გახსნილა, არც ახალი მარშრუტებია, ანუ ლოგისტიკა არაა დალაგებული, ვინ არის მოგებული? ვისი ნავთობი და გაზი იყიდება უკრაინის ომისა და სპარსეთის ყურის კრიზისის გათვალისწინებით?

– ყველა იმ მწარმოებლის, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ოპერირებენ. ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, კანადა, ერაყი. ერაყს დიდი მოცულობის ნავთობი გააქვს ექსპორტზე, მისი წილი მსოფლიო ექსპორტში, დაახლოებით, 8 პროცენტია. აქ კიდევ ერთი მომენტია, რომელიც 2026 წელს ნაკლებად შეეხება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ნავთობის ფასებმა მოიმატა და თუ სპარსეთის ყურის კრიზისის დაწყებამდე ბარელი, დაახლოებით, 70 დოლარი ღირდა, ახლა 100 დოლარი ღირს. ჩვენ, ძირითადად, იმპორტზე ვართ დამოკიდებული და მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ერთი დოლარით გაძვირების შემთხვევაშიც, წელიწადში, დაახლოებით, 12 მილიონით მეტის გადახდა მოგვიწევს. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს 70-დან 100 დოლარამდე გაზრდა. ეს უკვე ნიშნავს, რომ წელიწადში 360 მილიონი დოლარით მეტი უნდა გადავიხადოთ იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტების იმპორტში. თან, 100 დოლარი ბარელზე არ არის მიჯნა. 2008 წელს აგვისტოს ომზე ვიყავით კონცენტრირებული, მაგრამ იმავე პერიოდში მსოფლიო ბაზრებზე რეკორდულად მაღალი ფასი დაფიქსირდა – 147 დოლარი. თუ დღევანდელი ფასებით გადავიანგარიშებთ, დოლარიც ხომ განიცდის ინფლაციას, არის 220 დოლარი, ანუ 2008 წელთან შედარებით, ნავთობი, დაახლოებით, 48 პროცენტით არის გაძვირებული.

– რა დამატებითი შემოსავალი მოუტანა აშშ-ს ვენესუელური ნავთობის მითვისებამ და ჰორმუზის სრუტის წილში ჩაჯდომის სურვილი რას მოუტანს?

– რაც დაიწერა, ეს იყო ერთჯერადი კომპენსაცია – დაახლოებოთ, 3-3.5 მილიარდ დოლარამდე მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამასთან, ვენესუელის ნავთობი, ზოგადად, საკმაოდ მძიმე ნავთობია. მის გადამუშავებას სპეციალური ტექნოლოგია სჭირდება და მეტი დამატებითი ინვესტიციები. უფრო კარგი ხარისხის ნავთობი აქვს ირანს, რუსეთს – გროზნოს მიდამოებში; ბაქოს ნავთობს გარკვეულწილად ჯობია – ეს სპეციალისტების აზრია. ჩვენ დამოკიდებული ვართ ამ გლობალურ პროცესებზე. და თუ აქამდე ინფლაციის ძირითადი მაფორმირებელი იყო მოთხოვნის ინფლაცია, ანუ, თუ ხელფასები და შემოსავლები იზრდებოდა, ამის ხარჯზე მოთხოვნაც მატულობდა და მოთხოვნის ზრდა იწვევდა ინფლაციას, ახლა პროპორციები შეიცვალა და ინფლაციის ჩვენს მაჩვენებელში პროპორცია მოთხოვნის ინფლაციის კომპონენტებსა და ხარჯების ინფლაციას შორის ამ უკანასკნელის წილის გაზრდით იქნება წარმოდგენელი, ანუ ფასები გვეზრდება უფრო მეტად იმიტომ, რომ დამატებითი ხარჯების გაწევა მოგვიწევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი