კომპრომატის მადლი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 11:43
ანუ გამოუთქმელი სიხარულით შეპყრობილები
რაოდენ უცნაური თუ საცნაური უნდა იყოს, ჩვენებურები ფრიად გამეცადინებულები ადევნებდნენ თვალს უნგრეთში მიმდინარე არჩევნებს და ოპოზიციური გულები გამოუთქმელი სიხარულითაც შეფრთხიალდა, რა შეიტყვეს, რომ ორბანი დამარცხდა და მადიარმა გაიმარჯვა.
შეფრთხიალდა, ვინაიდან დარწმუნებულები ბრძანდებოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში მოკავშირე დაკარგა, თუმცა სიხარული, ვაი რომ, ნაადრევი აღმოჩნდა, ვინაიდან ახლად არჩეულმა მადიარმა რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელების სურვილიც გამოთქვა (იაფი გაზი თბილია) და არც ის დაუმალავს, რომ არც უკრაინის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს (მადიარს ვინ ჩივის, მერციც იმავე აზრზეა). თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან, უნდა თუ არა, ამ შემთხვევაში უნგრელი პოლიტიკოსი სწორედ უნგრელების ინტერესებს გამოხატავს. რაც, როგორც ჩანს, ფრიად უცხო ხილია ჩვენებური პოლიტიკური სპექტრისთვის, რადგან ისინი სიყვარულ-სიძულვილის საბედისწერო პარადიგმაში ფორიაქობენ.
ამასობაში კი გაირკვა, რომ ბ-ნი მადიარის ყოფილი ცოლი ორბანისდროინდელი იუსტიციის მინისტრი იყო (მაშინ ჯერ კიდევ მოქმედი ცოლი) და 2024 წელს მან, პრეზიდენტ ნოვაკთან ერთად, ხელი მოაწერა, ბავშვებზე მოძალადის გათავისუფლებაზე. რის გამოც ორივენი გადადგნენ თანამდებობებიდან. სწორედ ამ სკანდალის ფონზე დაუწყია აწ გამარჯვებულ მადიარს ორბანის მთავრობის კრიტიკა და გამოუქვეყნებია აუდიო-ჩანაწერი, რომელზეც მისი აწ უკვე ყოფილი ცოლი (მაშინ იუსტიციის მინისტრი) ლაპარაკობდა მაღალი დონის კორუფციაზე, რომელიც ორბანის გარემოცვაში იყო, თურმე, გამეფებული.
ცოლმა ქმარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, მაგრამ თავად მადიარმა, ამ ძვირფასი კომპრომატით შეიარაღებულმა, პოლიტიკური პარტია დააარსა და არა მხოლოდ ორბანის მთავარი ოპოზიციონერი გახდა, არამედ უკვე – უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც.
მოკლედ, ამ აუდიოჩანაწერმა შეიწირა ორბანის სკამიო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ოღონდ შემდეგ უფრო საკუთარი ხალხის ინტერესებით მოქმედებენ და არა უცხოთა კარნახით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





