პოლიტიკა

რატომ დაიწყო ომი ირანში მსოფლიოს ლოგისტიკური ხაზების მოსაკლავად

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

ნოდარ კაპანაძე
დაკოპირებულია

აზერბაიჯანული გამოცემა trend.az წერს: „მსოფლიოში სავაჭრო მარშრუტების გადანაწილებაზე დავები გრძელდება, ამ დროს აზერბაიჯანი და საქართველო აკეთებენ იმას, რაზეც სხვები მხოლოდ საუბრობენ – ისინი საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას რეალურ შემოსავლად და გავლენად აქცევენ. ეს ქვეყნები უკვე აღარ არიან უბრალოდ პარტნიორები შუა დერეფანში, ისინი ამ მარშრუტის ხერხემლად იქცნენ.“ ამავე დღეებში საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩამოვიდა ოფიციალური ვიზიტით. სავარაუდოდ, სწორედ საქართველო-აზერბაიჯანის ტანდემზე სასაუბროდ. საერთოდაც, ამ ორი ქვეყნის პოტენციალს ყოველთვის ერთად განიხილავენ, იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე ვერ მოხდება შუა დერეფნის სამხრეთ კავკასიური მონაკვეთის რეალიზაცია. როგორ შეუძლია საქართველოს, გეოპოლიტიკური დაპირისპირებით არსებული რისკები ხეირად აქციოს? – ამ თემას სტატისტიკის სპეციალისტთან, ნოდარ კაპანაძესთან ერთად განვიხილავთ.

– მოქმედი ენერგოდერეფანიც აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობის შედეგია. ერთ პერიოდში ილჰამ ალიევი სხვაგვარად ლაპარაკობდა, თუმცა მისი რიტორიკა შეიცვალა და ამის დასტური მისი ვიზიტიცაა. რა პოტენციალი აქვს ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას?

– არ არის საჭირო ძალიან დეტალური პოლიტიკური რუკის ნახვა, გლობუსიც საკმარისია, რომ დავინახოთ, თუ სად გადის დამაკავშირებელი მაგისტრალები, ლოგისტიკური ხაზები. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რესურსებზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს ლოგისტიკას. რა თქმა უნდა, რესურსები გადამწყვეტია, მაგრამ ამ რესურსების მოძრაობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უსაფრთხო ლოგისტიკა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ და ამასთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა, მართალია, რეალური მონაცემი არ არის, მაგრამ ნავთობის ფასის 72-დან 120 დოლარამდე ავარდნამ აჩვენა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა და არის პროგნოზი, რომ შეიძლება, ბარელის ფასი 200 დოლარამდე ავიდეს, მაგრამ ასეთ ფასს, ალბათ, ეკონომიკა ვერ გაუძლებს. ამ რუკის დანახვის პარალელურად, თუ გვაქვს ზოგადი წარმოდგენა ჰელფორდ მაკინდერის ჰარტლანდის თეორიაზე, რომელსაც ზოგიერთი შეთქმულებების თეორიას უწოდებს და ზოგი კიდევ – რას, ფაქტია რომ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გავლენის მქონე მოთამაშეები პრაქტიკაში სწორედ ამ თეორიით ხელმძღვანელობენ. მოგვწონს თუ არა, ეს ასეა, რაც აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი მაგისტრალი დღეის მდგომარეობით. ეს არის, ფაქტობრივად, ერთადერთი უსაფრთხო მარშრუტი ევრაზიის კონტინენტზე, რომელიც კვეთს ევრაზიის კონტინენტს პირდაპირ, გამჭოლად, ზღვის გარეშე. ზღვას, მოგეხსენებათ, აკონტროლებს ანგლოსაქსური ბირთვი: შტატები და ბრიტანეთი. ძირითადად, შტატები, ბრიტანეთი მეცხრამეტე საუკუნეში იყო ზღვების დედოფალი, ამ აბრეშუმის გზის ჩრდილოეთის მარშრუტი, რუსეთის გავლით, უკრაინის კონფლიქტის გამო გაურკვეველი ვადითაა გაჩერებული; ბელორუსია-პოლონეთის გავლით, თითქმის საომარ ვითარებამდე მისული დაძაბულობის გამო, ასევე, თითქმის ჩაკეტილია; ბალტიისპირეთის და რუსეთის სიამტკბილობა კარგად ვიცით ყველამ. ასე რომ, ბალტიისპირეთის პორტები თითქმის მკვდარია. აღმოჩნდა, რომ პეტერბურგის პორტიც არ არის მთლად უსაფრთხო, მაგრამ პეტერბურგის გავლითაც რომ იყოს შესაძლებელი საზღვაო ვაჭრობა, ფინეთისა და შვედეთის „ნატოში“ დაჩქარებული წესით გაწევრიანების შემდეგ ბალტიის ზღვა, ფაქტობრივად, „ნატოს“ შიდა ზღვად გადაიქცა. ესე იგი, გამოდის, რომ ჩრდილოეთის მარშრუტი არ მუშაობს. საუბრობდნენ სამხრეთის მარშრუტზე, ომანის სანაპიროზე, შემდგომ საუდის არაბეთის გავლით, რკინიგზით, შემდგომ პორტი ჰაიფა და ჰაიფადან – ევროპა, მაგრამ ეს მარშრუტიც საკმაოდ მძიმე მარშრუტია. ვხედავთ, რა ვითარებაა დღეს საუდის არაბეთსა და პორტ ჰაიფაში, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში და, ამდენად, ეს მარშრუტიც გაურკვეველი ვადით დაკეტილია.

– ზანგეზურის დერეფნის პერსპექტივა?

– შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ზანგეზურის დერეფანი მკვდრადშობილი იდეაა, ვინაიდან პრობლემაა, ირანისთვის არის თუ არა მისაღები თავისი საზღვრიდან 20 მეტრის დაშორებით ამერიკული ძალების განლაგება. დაარქვეს ტრამპის გზა, მაგრამ ეს იყო ერთკვირიანი პიარეფექტისთვის და მეტი არაფერი, ვინაიდან ეს იდეა თავიდან ბოლომდე მკვდრადშობილია: ირანი ვერ დაუშვებს დიდი თურანის პროექტის ასეთი ტემპით დაძვრას. ეს მისთვის განაჩენია, ასევე, რუსეთიც არ არის დაინტერესებული ამ გზით. გარდა ამისა, ალბათ, თქვენთვის ცნობილია ანაკონდას თეორიაც, რაც რუსეთის კონფლიქტებით შემოსაზღვრას ეხება. მოგეხსენებათ, უკრაინაში ცეცხლი ანთია; შუა აზიაა წყნარად არის, მაგრამ მხრჩოლავ მდგომარეობაშია, ვინაიდან ცეცხლია ავღანეთსა და პაკისტანს შორის, აგრეთვე, ცეცხლია ირანში და რჩება ერთადერთი მშვიდობიანი კუნძული ამიერკავკასიაში – საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის სახით. აზერბაიჯან-სომხეთს შორის სულ ცოტა ხნის წინ იყო კონფლიქტი, რომელიც ახალა ჩამქრალ-მინავლებულია და მგონია, რომ ძალიან ბევრია იმის მსურველი, რომ ეს კონფლიქტი ხელახლა გაღვივდეს, იმავდროულად, არ მგონია, რომ ამისი დაშვების სურვილი ჰქონდეს ან ირანის, ან აზერბაიჯანის, ან სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებებს. ამდენად, ჩდილოეთ-სამხრეთის მარშრუტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტის გზაჯვარედინად ამიერკავკასია რჩება. რატომ არის საქართველოსა და აზერბაიჯანის ტანდემი ძალიან მნიშვნელოვანი: საქართველო აზერბაიჯანის გარეშე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამაკავშირებელი ჰაბი ვერ გახდება, ვინაიდან სწორედ აზერბაიჯანზე უნდა გამოიაროს ყველაფერმა; აქეთ – ჩრდილოეთ-სამხრეთში არის ამის შანსი, თუ მოვაგვარებთ კონფლიქტებს ცხინვალსა და სოხუმში. ამ კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება, სწორედ, აი, ამ მარშრუტებზე საუბარი იყოს. ეს არის ყველა ინტერესი. უპირველესად, რუსეთისა და საქართველოს ინტერესი და აქაც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა აზერბაიჯანი. ამდენად, აზერბაიჯანისა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მარშრუტის მუშაობისთვის. მართალია, ამ მარშრუტის გამართული მუშაობით ბევრია დაინტერესებული, მაგრამ ბევრიც – პირიქით. შესაბამისად, როდესაც ალიევი თბილისში ჩამოვიდა, ჩვენთან მაშინვე დაიწყო ცაკლეულმა გავლენის ჯგუფებმა გარეჯის თემის გახსენება. ეს კეთდება იმისთვის, რომ, თუ რაღაცა პოზიტიური ტრენდი წამოვა, თავშივე მოკვდეს.

– ვინ მართავს გავლენის ამ ჯგუფებს? ადრე რუსეთს ასახელებდნენ.

– ის ძალები, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთში ომის გააჩაღეს. ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ამ ლოგისტიკის მოკვლა, ბევრ სხვა რამესთან ერთად. ასეთი მასშტაბის მოვლენები, როგორც წესი, ცარიელ ადგილას და ერთი მიზეზით არ იწყება. ეს ადრე იწყებოდა ომები ქალის გამო, მაგალითად, ელენა რომ მოიტაცეს ტროელებმა, თუმცა, ვეჭვობ, იმ ომსაც აუცილებლად ექნებოდა რაღაც ეკონომიკური საფუძვლები. ხოლო ამ ომის ერთ-ერთი საფუძველი ლოგისტიკის მოკვლაა და ამიტომაც ის ხალხი, „დიპ სტეიტს“ რომ უწოდებენ, ანუ ძალიან დიდი გავლენის მქონე ძალები ცდილობენ, რომ აქ ეს კომუნიკაციები არ შედგეს. ამის პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპაში, რატომღაც, ამერიკელები და ბრიტანელები ტანდემში გულშემატკივრობენ პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და სლოვენიის ხაზს. კარგად თუ დავაკვირდებით: რას ჰგავს ეს?! ჰგავს ლორდ პალმერსტონის შავ კოშმარს. ლორდი პალმერსტონი მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწეობდა და მისი შავი სიზმარი გერმანული საინჟინრო ინტელექტისა და რუსული რესურსების გაერთიანება იყო. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ერთობა არ შემდგარიყო. და სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, ორივე მსოფლიო ომის მიზეზი ესეც იყო და ზუსტად ამის შედეგია მიზანი, რომ რუსეთი როგორმე იზოლირებული იყოს, მაგრამ მსოფლიო არ არის შავ-თეთრი, არც ცხოვრებაა შავ-თეთრი და არ არის ორგანზომილებიანი. არის მრავალგანზომილებიანი. მაგალითად, რაც ახლა ირანში დაიწყო, ამან მკვეთრად გაზარდა ნავთობის ფასი, მკვეთრად გაზარდა ბუნებრივი აირის ფასი და მკვეთრად გაზარდა არაორგანული სასუქების ფასი, რომლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელიც იყო კატარი. ამდენად, წარმოუდგენლად გაიზარდა რუსეთის ეკონომიკური წონა, მისი რესურსული უზრუნველყოფიდან გამომდინარე და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ, ანუ აქედან ნავთობის ნაკადების შეზღუდვამ, გადააბა ერთმანეთს რუსეთი და ჩინეთი. ეს კი არის ჰენრი კისინჯერის ღამის კოშმარი. ანუ ეს კი აქ გააჩერეს, მაგრამ, სამაგიეროდ, უნდათ თუ არა, გაიზარდა რუსეთის ეკონომიკური წონა.

რაც შეეხება ევროპას: აქ ევროკავშირი დამოუკიდებელი სუბიექტი არ არის. ევროპის ცალკეული ქვეყნები თვითონ ცდილობენ თავიანთი პოლიტიკის შემუშავებას და, მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, მაგრამ ევროკავშირი ისეთი ქმნილებაა, რომელიც, უპირველესად, გლობალისტების ინტერესებს ატარებს და სწორედ ევროკავშირის ლოცვა-კურთხევით ტარდება ევროპის ქვეყნებში თვითმკვლელი პოლიტიკა, რაც მათ აუცილებლად მიიყვანს დიდ ეკონომიკურ პრობლემებამდე. ენერგომატარებლებზე ფასების მატება ყველაზე მწვავედ ურტყამს ევროპას ისევე, როგორც ლოგისტიკის გართულება. მე, მაგალითად, არ მესმის, თუ რატომ არ უცხადებენ ეს ქვეყნები მკაფიო მხარდაჭერას შუა დერეფნის პროექტს. არადა ამ მოცემულობაში ამ დერეფანზე დამოკიდებულია არა მხოლოდ აღმოსავლეთი აზია, ჩინეთი, კორეა, იაპონია და ასე შემდეგ, არამედ შუა აზია. შუა აზიისთვის ეს არის ერთადერთი გზა დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირისათვის.

– არ მგონია, ალიევის ვიზიტი წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი. ეს ვიზიტი ამ დერეფანს უკავშირდება? და უკავშირდებოდა თუ არა ამ დერეფანს ფაშინიანის ვიზიტი უფრო ადრე?

– მე საიდუმლო ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ, რაც გვერდიდან ჩანს, არის ის, რომ ეს ვიზიტი შეიძლება, შეთანხმებული არ იყო, ვიდრე იყო. წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა, წინა დღეს დაანონსდა და, დიდი ალბათობით, სწორედ ამ საკითხებთანაა დაკავშირებული. ასე ვთქვათ, „საათები შეამოწმეს“, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება ფაშინიანის ვიზიტს: სომხეთი ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა კავკასიის რეგიონში, სადაც არის რუსეთის სამხედრო ბაზები. ფაშინიანი შეიძლება, ჩამოვიდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტის კონტექსტში საუბრისთვის. ფაქტია, სომხეთს ძალიან დაეძაბა ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენთვის კი აუცილებელია მეზობლებთან ურთიერთობა და მეზობლებთან ურთიერთობის მოგვარება. ასე რომ, ძალიან კარგია სომხეთთან და აზერბაიჯანთან აქტიური მოლაპარაკებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი