ჰორმუზის რისხვა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:00
ანუ ჩასახუტებელი
ჰორმუზის სრუტე ისევ და ისევ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია დედამიწელების თავზე, იმიტომ რომ აშშ-ც კუნთებზე იყურება, ისრაელიც და ირანი ხომ იყურება და იყურება (ვგონებ, მხოლოდ მე ვუჭვრეტ ვარსკვლავებიან ცას); ნავთობტანკერები კი მოწყენილები დგანან ჰორმუზის შემოგარენში და ელიან. რას? რა თქმა უნდა, გახსნას. მოდი და, ნუ დაელოდები, როდესაც ჩინეთი, სწორედაც რომ, ჰორმუზის სრუტეში გამავალ ნავთობზეა დამოკიდებული და, თუ გულზე ხელს დავიდებთ, მათ შორის, ამის გამოც დაერივნენ თელ-ავივი და ვაშინგტონი თეირანს.
ასეა თუ სხვაგვარად, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი დაიმუქრა, ჩვენს უკითხავად ჰორმუზის სრუტეში თევზი ვერ შეცურდებაო, შეერთებული შტატები, არც მეტი, არც ნაკლები, გააფრთხილა (პერიფრაზი ჩემია), ჩემს გემებს ბუზი არავინ აუფრინოს, თორემ მწარედ ვანანებთო (და თუმცა ვარსკვლავებიანი ცის სიმშვიდეს დამირღვევენ, არ უნდა იყოს ურიგო მათი შერკინების ცქერა).
უფრო ზუსტად ჩინელმა მინისტრმა ბრძანა შემდეგი: „ჰორმუზის სრუტეში ჩინური გემების წინააღმდეგ ნებისმიერი ამერიკული პროვოკაცია წითელი ხაზის გადაკვეთად მიიჩნევა და ჩვენ ვუპასუხებთ ყველაზე მკაცრი სამხედრო ზომებით.“
ცხადია, არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ერთი ან მეორე, მაგრამ დონალდ ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, ჰორმუზის სრუტე გახსნილად გამომიცხადებიაო; მეტიც, დასძინა, სი ძინპინს რომ შევხვდები, ამ ამბით გახარებული აუცილებლად ჩამეხუტებაო. მშვენიერი პერსპექტივაა, ოღონდ იმედია, ეს ჩახუტება რაღაც უფრო ღრმაში არ გადაიზრდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





